ვის ნორმებს შეგიძლიათ ენდოთ?
ვის ნორმებს შეგიძლიათ ენდოთ?
აფრიკაში პირველად მყოფი ადამიანი გაოცებული იყო მამაკაცის ხილვით, რომელიც გაჭიმული იდგა გზის ერთ მხარეს. შენიშნა, რომ კაცი ყოველ რამდენიმე წუთში ფეხებს აცურებდა და ოდნავ გადაინაცვლებდა ერთ მხარეს. მხოლოდ მოგვიანებით მიხვდა აფრიკის სტუმარი, რა იყო ამგვარი მოქმედების მიზეზი? სინამდვილეში, ის ტელეგრაფის ბოძის ჩრდილში დარჩენას ცდილობდა. შუადღისას მზის პოზიციის ცვლასთან ერთად ჩრდილიც ნელ-ნელა იცვლიდა თავის მდგომარეობას.
ჩრდილის მსგავსად ადამიანთა საქმეებიცა და ნორმებიც ცვალებადია. ამის საპირისპიროდ, იეჰოვა ღმერთი, „ნათელთა მამა“, უცვლელია, „რომელთანაც, — წერდა მოწაფე იაკობი, — არ არის ცვლილება და არც ჩრდილი ცვალებადობისა“ (იაკობი 1:17). ებრაელმა წინასწარმეტყველმა მალაქიამ თვით ღვთის განაცხადი ჩაწერა: „მე, უფალი, არ ვიცვლები“ (მალაქია 3:6). ესაიას დღეებში მცხოვრებ ისრაელებს ღმერთმა უთხრა: „შენს სიბერემდე მე იგივე ვარ და მოხუცობამდე მე გატარებ, მე შეგქმენი“ (ესაია 46:4). ამიტომ დროის მდინარება არ ცვლის ჩვენს რწმენას ყოვლისშემძლის აღთქმების მიმართ.
გაკვეთილი რჯულიდან
როგორც იეჰოვას აღთქმებია სანდო და უცვლელი, ისე ბოროტსა და კეთილთან დაკავშირებით მისი ნორმები. ენდობოდით თუ არა ვაჭარს, რომელსაც ორი საწონი აქვს და მათგან მხოლოდ ერთია ზუსტი? რა თქმა უნდა, არა. მსგავსად ამისა, „მრუდი პინები სისაძაგლეა უფლისთვის, სწორი საწონი — სასურველი“ (იგავნი 11:1; 20:10). ისრაელებისთვის მიცემულ რჯულში იეჰოვამ ასეთი მითითებაც ჩააწერინა: „ნუ იცრუებთ ნურც სასამართლოზე, ნურც ზომა-წონაში და ნურც საწყაოში. სწორი სასწორი, სწორი საწონები, სწორი ეფა, სწორი პინი უნდა გქონდეთ. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანეთ“ (ლევიანნი 19:35, 36).
აღნიშნული მითითების შესრულებამ ისრაელებს ღვთის კეთილგანწყობა და დიდი მატერიალური კეთილდღეობა მოუტანა. მსგავსად ამისა, იეჰოვას უცვლელი სტანდარტების ანუ ნორმების მიყოლა არა მარტო ზომა-წონის საკითხში, არამედ ცხოვრების ყველა სფეროში, მასზე მინდობილ თაყვანისმცემლებს კურთხევებს მოუტანს. ღმერთი აცხადებს: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი“ (ესაია 48:17).
რატომ ეცემა დღეს ნორმები?
ბიბლია მიუთითებს დღეს ნორმების დაცემის მიზეზზე. საღვთო წერილის ბოლო წინგი „გამოცხადება“ აღწერს ზეცაში ომს, რომლის შედეგებიც დღემდე მოქმედებს მთელ კაცობრიობაზე. მოციქული იოანე წერდა: „შეიქნა ცაში ომი: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ გველეშაპს. შეებრძოლნენ გველეშაპი და მისი ანგელოზები, მაგრამ ვერ გაუძლეს და აღარც ადგილი აღმოჩნდა მათთვის ცაში. გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია, მთელი წუთისოფლის მაცდუნებელი. და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად“ (გამოცხადება 12:7—9).
რა მოჰყვა მაშინვე ამ ომს? იოანე განაგრძობს: „აბა, იმხიარულეთ, ცანო და თქვენ, ვინც მათში მკვიდრობთ! ვაი, მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა“ (გამოცხადება 12:12).
„ვაი მიწას“ მაშინ დაატყდა თავს, როდესაც 1914 წელს I მსოფლიო ომი დაიწყო; ამ ომით დასრულდა ეპოქა, რომლის ნორმებიც ძალიან განსხვავდებოდა დღევანდელი ნორმებისგან. „პირველი მსოფლიო ომი (1914—1918) ჰგავს გადამწვარი მიწის ზოლს, რომელიც იმ დროს ჩვენი დროისგან გამოყოფს — აღნიშნავს ისტორიკოსი ბარბარა ტუკმანი. — ამდენი ადამიანის სიცოცხლის შეწირვამ, რომლებსაც შეეძლოთ წლების განმავლობაში ეცოცხლათ და ეშრომათ, რწმენის დაკარგვამ, იდეების შეცვლისა და მოლოდინის არგამართლების განუკურნებელმა ჭრილობებმა, ომმა, ომამდელ და შემდგომ ეპოქებს შორის ფიზიკური და ფსიქოლოგიური უფსკრული წარმოშვა“. მსგავს აზრს გამოთქვამს სხვა ისტორიკოსი ერიკ ჰობსბამი: „1914 წლიდან განვითარებულ ქვეყნებში შეინიშნება იმ ზნეობრივი ნორმების დეგრადაცია, რომლებიც მოცემულ პერიოდში ნორმალურად ითვლებოდა. . . ძალზე რთულია ჩასწვდე ამ [დეგრადაციის] მასშტაბებს, რომლებიც ჩვენდა სამწუხაროდ, უფრო და უფრო იზრდება; უკან მიაბრუნო ის, რასაც ჩვენი წინაპრები მეცხრამეტე საუკუნეში ყველაფერზე ნების დამრთველ ნორმებს დაარქმევდნენ“.
თავის წიგნში „ჰუმანურობა — მეოცე საუკუნის ზნეობის ისტორია“ ავტორი ჯონათან
გლოვერი აღნიშნავს: „ჩვენი დროის ერთ-ერთი თავისებურება ზნეობრივი კანონის გაქრობაა“. თუმცა სკეპტიკურად არის განწყობილი ზნეობრივი კანონის ზებუნებრივი წარმომავლობის მიმართ (რადგან დასავლეთის ქვეყნებში რელიგია კნინდება), ის შემდგომ გაფრთხილებას იძლევა: „მათ, ვისაც არ გვწამს რელიგიური ზნეობრივი კანონის, მაინც უნდა გვაღელვებდეს მისი გაქრობის ფაქტი“.დღეს ნდობის გამტყუნება — იქნება ეს კომერციაში, პოლიტიკასა თუ რელიგიაში, პირად თუ ოჯახურ ურთიერთობებშიც კი — და მისი საშინელი შედეგები ეშმაკის ბოროტებით აღსავსე გეგმის ნაწილია, რომელიც მან იმ მიზნით დაისახა, რომ დედამიწის მკვიდრთ „ვაი“ დაატეხოს თავს. სატანას განზრახული აქვს ბოლო წუთამდე იბრძოლოს და თავისთან ერთად მოსპოს ყველა, ვინც ღვთის ნორმების თანახმად ცხოვრებას ცდილობს (გამოცხადება 12:17).
არის რაიმე გამოსავალი, არსებობს რაიმე საშუალება, რომელიც გადაჭრის ნდობის არგამართლების პრობლემას? მოციქული პეტრე გვპასუხობს: „ჩვენ მისი [ღვთის] აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე“ (2 პეტრე 3:13). ამ აღთქმის ნდობა შეიძლება, რადგან ღმერთს არა მარტო ძალა შესწევს თავისი განზრახვის შესასრულებლად, არამედ ამის გარანტიასაც გვაძლევს. ნებისმიერ ‘სიტყვასთან დაკავშირებით, რომელიც მისი პირიდან გამოდის’ იეჰოვა აცხადებს: „ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე“. მართლაც რომ შეიძლება ენდო ამ აღთქმას! (ესაია 55:11).
ღვთის ნორმების თანახმად ცხოვრება
ცვალებადი და უარესობისკენ მიმავალი ნორმების მქონე წუთისოფელში იეჰოვას მოწმეები დიდ ძალ-ღონეს ახმარენ იმ ნორმების თანახმად ცხოვრებას, რომლებიც ბიბლიაშია მოცემული. შედეგად, ისინი უმრავლესობისგან განსხვავდებიან, რითაც ხშირად სხვების ყურადღებას იპყრობენ და მათი დაცინვის ობიექტები ხდებიან.
ლონდონში ჩატარებულ კონგრესზე იეჰოვას მოწმეთა ერთ მომხსენებელს ტელერეპორტიორმა ჰკითხა — არიან თუ არა იეჰოვას მოწმეები სინამდვილეში ქრისტიანები? მოწმემ უპასუხა: „დიახ, სწორედ ასეა, რადგან ჩვენ იესოს ვბაძავთ! როცა წუთისოფელი გაჟღენთილია ეგოიზმით, ჩვენ იესო ქრისტეს მივიჩნევთ ჭეშმარიტებისა და სიცოცხლის გზად. გვწამს, რომ ის არის ძე ღვთისა და არა სამების ნაწილი, რადგან ჩვენი ბიბლიური გაგება განსხვავდება დამკვიდრებული და ცნობილი რელიგიების სწავლებისგან“.
ამ ინტერვიუს ტელევიზიით BBC-ის არხით გადაცემის შემდეგ, რეპორტიორმა დასძინა: „ბევრი რამ გავიგე იმის შესახებ, თუ რატომ მოდიან და აკაკუნებენ ჩვენს კარზე იეჰოვას მოწმეები. არა მგონია, სადმე მენახოს ერთად თავმოყრილი ასე სასიამოვნოდ ჩაცმული 25 000 ადამიანი, რომლებიც შესანიშნავად იქცეოდნენ“. გარეშე დამკვირვებლისგან მართლაც რომ კარგი შეფასებაა, და აღიარებაა იმისა, რომ ღვთის უცვლელი ნორმების დაცვა გონივრულია!
მოგიწოდებთ წაიკითხოთ თქვენი ბიბლია და გაეცნოთ ღვთის ნორმებს, რომლებიც მასშია მოცემული, თუმცა ზოგს შეიძლება საკუთარი ნორმების თანახმად ცხოვრების იდეამ უკუაგდებინოს ეს განზრახვა. ნუ დაკმაყოფილდებით ზერელე გამოკვლევით. ყურად იღეთ მოციქულ პავლეს გაფრთხილება: „ნუ დაემსგავსებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება — კეთილი, სასურველი და სრულყოფილი“ (რომაელთა 12:2). ესტუმრეთ თქვენთან ახლოს მდებარე სამეფო დარბაზს და გაეცანით მოწმეებს. ნახავთ, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც ენდობიან ბიბლიურ აღთქმებს და ღვთისადმი ნდობას მისი ნორმების თანახმად ცხოვრებით ავლენენ.
პირად ცხოვრებაში ღვთის უცვლელი და საიმედო ნორმების დაცვა ნამდვილად კურთხევებს მოგიტანთ. გამოეხმაურეთ ღვთის მოწვევას: «ნეტავ ყურადგეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი სიმრთელე [„მშვიდობა“, აქ] და ზღვის ტალღებივით — შენი სიმართლე» (ესაია 48:18).
[სურათები 5 გვერდზე]
დღეს ნდობა არ მართლდება კომერციაში, პოლიტიკასა თუ რელიგიაში და არც ოჯახურ ურთიერთობებში.