არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

თუ გავითვალისწინებთ იეჰოვას მზადყოფნას, რომ გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე ცოდვები მიუტევოს ადამიანს, რატომ არის აუცილებელი, რომ ქრისტიანმა კრების უხუცესებთან აღიაროს ცოდვა?

დავითისა და ბათშებაყის შემთხვევიდან ჩანს, რომ იეჰოვამ დავითს სერიოზული ცოდვა მიუტევა, რადგან მან გულწრფელად მოინანია. როდესაც მასთან წინასწარმეტყველი ნათანი მივიდა, დავითმა გულახდილად აღიარა: „შევცოდე უფალს“ (მეორე მეფეთა 12:13).

მაგრამ იეჰოვა არა მარტო შემცოდველის გულწრფელ აღსარებას ისმენს და პატიობს მას, არამედ სიყვარულით აღსავსე ღონისძიებებსაც მიმართავს, რათა დაეხმაროს შემცოდველს სულიერ გამოჯანმრთელებაში. დავითს ასეთი დახმარება წინასწარმეტყველმა ნათანმა აღმოუჩინა. დღეს ქრისტიანულ კრებაში არიან სულიერად მოწიფული მამაკაცები, უხუცესები. მოწაფე იაკობი განმარტავს: „არის თქვენს შორის ვინმე [სულიერად] ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი და ილოცონ მათზე და ნელსაცხებელი სცხონ უფლის სახელით. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს. უფალი წამოაყენებს მას და, თუ რამ ცოდვები ჩაუდენია, მიეტევება“ (იაკობი 5:14, 15).

გამოცდილ უხუცესებს ბევრის გაკეთება შეუძლიათ ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც სინდისის ქენჯნა აყენებს შემცოდველს. ისინი ცდილობენ ისევე მოექცნენ მას, როგორც იეჰოვა ექცევა შემცოდველს. მათ არ სურთ იყვნენ უხეშები, რაც უნდა მკაცრად დასჯას იმსახურებდეს ადამიანი. პირიქით, ისინი დაუყოვნებლივ, თანაგრძნობით ითვალისწინებენ შემცოდველის საჭიროებებს. ისინი მოთმინებით ცდილობენ შემცოდველის აზროვნების გამოსწორებას ღვთის სიტყვის გამოყენებით (გალატელთა 6:1). მაშინაც კი, როდესაც შემცოდველი თავისი ინიციატივით არ აღიარებს ცოდვას, ის შეიძლება მაინც აღიძრას მოსანანიებლად უხუცესებთან საუბრისას, როგორც ეს დავითმა გააკეთა ნათანთან შეხვედრის დროს. ამგვარად, შემცოდველს უხუცესების მხარში ამოდგომა ცოდვის ხელმეორედ ჩადენისა და იმ სერიოზული შედეგებისგან იცავს, რომლებიც გულქვა შემცოდედ ჩამოყალიბებას მოსდევს (ებრაელთა 10:26—31).

რა თქმა უნდა, ადვილი არ არის სხვების წინაშე აღიარო შენი სასირცხვილო საქმეები და მიტევება ეძებო. ეს შინაგან ძალას მოითხოვს. მაგრამ მოდი ერთი წუთით დავფიქრდეთ საწინააღმდეგო მოქმედებაზე. ერთმა მამაკაცმა, რომელმაც კრების უხუცესებს თავისი სერიოზული ცოდვა არ გაუმხილა, თქვა: „ისეთ ტკივილს ვგრძნობდი გულში, რომელიც არ მშორდებოდა. ვცდილობდი უფრო მეტი მექადაგა, მაგრამ სინდისი მაინც მქენჯნიდა“. ის ფიქრობდა, რომ ლოცვაში ღმერთთან თავისი ცოდვის აღიარება საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ეს აშკარად არ იყო ასე, ის ისევე გრძნობდა თავს როგორც მეფე დავითი (ფსალმუნი 50:10, 13). რამდენად უკეთესია, მივიღოთ იეჰოვას გულთბილი დახმარება, რომელსაც ის უხუცესების მეშვეობით გვთავაზობს.