არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნორმები იცვლება, ნდობას არ ამართლებენ

ნორმები იცვლება, ნდობას არ ამართლებენ

ნორმები იცვლება, ნდობას არ ამართლებენ

ინგლისის მეფე ჰენრი I-ის დროს (1100—1135) ერთ იარდად „მეფის ცხვირის წვერიდან გაწვდენილი ხელის ცერამდე მანძილს“ მიიჩნევდნენ. რამდენად ზუსტი იყო ეს საზომი მეფე ჰენრის ქვეშევრდომთათვის? ერთადერთი საშუალება, რითაც მათ ზომის სიზუსტეში დარწმუნება შეეძლოთ, ალბათ, მონარქთან მისვლა გახლდათ.

დღეს საზომი ერთეულები უფრო ზუსტად არის განსაზღვრული. ამგვარად, მეტრი არის მანძილი, რომელსაც სინათლე გადის ვაკუუმში 1/299792458 წამში. ეტალონი ზუსტი რომ იყოს, გამოყენებული სინათლის ტალღის სიგრძე უცვლელია და მას განსაკუთრებული სახის ოპტიკური კვანტური გენერატორით ასხივებენ. თუ აქვს ამისათვის საჭირო დანადგარი, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეამოწმოს, შეესაბამება თუ არა მის მიერ გაზომილი სიგრძის ერთეული სიგრძის იმ ერთეულს, რომლითაც სხვები სარგებლობენ.

მაგრამ საზომი ერთეულის სტანდარტის, ანუ ნორმის, ოდნავ შეცვლამ შეიძლება გაურკვევლობა გამოიწვიოს, რის გამოც ყოველ ღონეს ხმარობენ დადგენილი ეტალონის დასაცავად. მაგალითად, ბრიტანეთში მასის საზომი ერთეული არის პლატნა-ირიდიუმის საწონი, რომელიც ერთი კილოგრამია. ეს საწონი ზომა-წონათა საერთაშორისო ბიუროში ინახება. მასის ეტალონზე სატრანსპორტო საშუალებებით გაბინძურებული ჰაერის დალექვის შედეგად ის ყოველდღიურად უფრო და უფრო მძიმდება. მაგრამ ეს საწონი ანუ ცილინდრი, რომელიც მასის მსოფლიო ეტალონია, ინახება მინის სამი ხუფის ქვეშ, სევრის (საფრანგეთის) ზომა-წონათა საერთაშორისო ბიუროს მიწისქვეშა სათავსოში. ამ ეტალონის მასაც კი მიკროსკოპული დონის გაბინძურების გამო უცვლელი არ არის. დღემდე მსოფლიო მეტროლოგებმა ვერ შემოიღეს უფრო მდგრადი სტანდარტი.

თუმცა მცირე ცვლილება საშუალო დონის ადამიანს უმნიშვნელოდ ეჩვენება, სტანდარტების სრული შეცვლა დაბნეულობას გამოიწვევდა. ბრიტანეთში მასის დადგენილი სტანდარტების (გირვანქა და უნცია) მეტრულ (კილოგრამი და გრამი) სტანდარტებად შეცვლამ დიდი უნდობლობა გამოიწვია და არც თუ უსაფუძვლოდ. ზოგი მაღაზიის არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა ისარგებლა იმით, რომ ხალხი არ იცნობდა ამ ახალ სისტემას და მომხმარებელს ატყუებდნენ.

ოჯახური ცხოვრებისა და ზნეობრიობის ნორმები

რა შეიძლება ითქვას ოჯახური ცხოვრებისა და ზნეობრივი ნორმების ცვლილებასთან დაკავშირებით? ასეთი ცვლილებების შედეგი შეიძლება ბევრად უფრო საზიანო აღმოჩნდეს. თანამედროვე ცნობები ოჯახების ნგრევის, განურჩევლად ყველასთან სქესობრივი კავშირებისა და ბავშვებზე საყოველთაოდ გავრცელებული ძალადობის შესახებ მრავალს თავზარსა სცემს და იმის დამადასტურებელია, რომ ზნეობრივი ნორმების დაკნინების პერიოდში ვცხოვრობთ. ოჯახები, სადაც მხოლოდ ერთი მშობელია, ბავშვების ჰომოსექსუალისტების მიერ გაზრდა და მათზე საშინელი სქესობრივი ძალადობა, რომელიც ადგილობრივი მთავრობის ხელშეწყობით ხდება, არის შედეგები იმისა, რომ ხალხმა მიღებულ ნორმებს ზურგი აქცია. ადამიანები ხდებიან უფრო და უფრო „თავმოყვარენი. . . მოძულენი. . . კეთილის მოძულენი. . . უფრო სიამეთა მოყვარულნი, ვიდრე ღვთისა“ (2 ტიმოთე 3:1—4).

ზნეობრივი ნორმების დაცემა და ნდობის უგულოდ გამტყუნება ძალიან მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. არც ისე დიდი ხნის წინათ, ჩრდილოეთ ინგლისის ქალაქ ჰიდეში ყველასათვის ცნობილი გახდა ექიმის ეთიკის აბსოლუტური იგნორირების ფაქტი; ამ ქალაქის მკვიდრი მოსახლეობა „პატივს სცემდა და ენდობოდა“ თავიანთი ოჯახის ექიმს. მაგრამ ამ ექიმმა, სამწუხაროდ, მათი ნდობა არ გაამართლა. როგორ? სასამართლო პროცესიდან მოწოდებულ ცნობაში აღნიშნული იყო, რომ ოჯახის ერთი ექიმის მიზეზით, მდედრობითი სქესის, სულ მცირე, 15 პაციენტი გარდაიცვალა. მალე პოლიციამ კვლავ გადახედა ამ საქმეს და ნახა, რომ ამ ექიმის ხელი 130 სხვა ადამიანის სიკვდილშიც ერია. თუ რამდენად არ გაამართლა ნდობა ამ ექიმმა, მხოლოდ მისი დანაშაულის დამტკიცებისა და განაჩენის გამოტანის შემდეგ გამოჩნდა. ციხის პერსონალიდან ორს, რომელთა დედების სიკვდილიც შეიძლება ამ ექიმის მიზეზით ყოფილიყო განპირობებული, მოვალეობა შეუცვალეს; ასე რომ, მათ არ მოუწევდათ ამ სამარცხვინო პატიმარზე ზრუნვა. გასაკვირი არ არის, რომ ამ შემთხვევის გაშუქებისას „დეილი ტელეგრაფმა“ ეს ოჯახის ექიმი „საშინლად ბოროტ ექიმად“ მოიხსენია.

ვის შეიძლება გულდაჯერებით ენდოთ მაშინ, როდესაც ხედავთ, რომ ცხოვრების ასე მრავალ სფეროში ნორმები იცვლება და კნინდება? სად შეგიძლიათ ისეთი უცვლელი ნორმების პოვნა, რომლის მიღმაც ისეთი ძალაუფლების მქონე პირი დგას, რომელსაც მათი დაცვის ძალაც შესწევს? ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად მომდევნო სტატიას მივმართოთ.