წინ, საბოლოო გამარჯვებისკენ!
წინ, საბოლოო გამარჯვებისკენ!
„აჰა, თეთრი ცხენი და ზედ მხედარი, რომელსაც ჰქონდა მშვილდი და მიცემული ჰქონდა გვირგვინი. და გამოვიდა გამარჯვებული და რათა გაიმარჯვოს“ (გამოცხადება 6:2).
1. რა მომავალი მოვლენები იხილა ხილვაში იოანემ?
ღვთის შთაგონებით მოციქულმა იოანემ შეძლო დაახლოებით 1 800 წლის შემდგომ მოსახდენი მოვლენების დანახვა და ქრისტეს მეფედ აღზევების აღწერა. იოანესთვის აუცილებელი იყო რწმენა, რათა ხილვაში ნანახი დაეჯერებინა. დღეს ჩვენ გვაქვს იმის აშკარა მტკიცება, რომ ეს ნაწინასწარმეტყველები გამეფება 1914 წელს მოხდა. რწმენის თვალით ვხედავთ იესო ქრისტეს, რომელიც გამოდის „გამარჯვებული და რათა გაიმარჯვოს“.
2. როგორი იყო სამეფოს დამყარებაზე ეშმაკის რეაქცია და რის დამადასტურებელია ეს?
2 სამეფოს დამყარების შემდეგ, სატანა ზეციდან გადმოგდებულ იქნა, რამაც კიდევ უფრო აამოქმედა და გააშმაგა ის, მაგრამ მის მცდელობას არავითარი წარმატება არ მოჰყოლია (გამოცხადება 12:5). მისმა რისხვამ წუთისოფლის მდგომარეობა ძალზე კრიტიკული გახადა. ადამიანთა საზოგადოება, როგორც ჩანს, დაქუცმაცებას განიცდის. იეჰოვას მოწმეებისთვის კი ეს იმის აშკარა დადასტურებაა, რომ მათი მეფე სრული ‘გამარჯვებისკენ’ მიიწევს.
მიმდინარეობს ახალი ქვეყნიერების საზოგადოების ფორმირება
3, 4. ა) რა ორგანიზაციული ცვლილებები მოხდა ქრისტიანულ კრებაში სამეფოს დამყარების შემდეგ და რატომ იყო ეს აუცილებელი? ბ) ესაიას წინასწარმეტყველების თანახმად, რა სარგებლობა მოიტანა ამ ცვლილებამ?
3 სამეფოს დამყარებისთანავე დადგა ქრისტიანული კრების აღდგენის დრო; ახლა მას მეტი სამეფო პასუხისმგებლობები ჰქონდა და მეტად შეესაბამებოდა პირველი საუკუნის ქრისტიანთა კრების ნიმუშს. ამგვარად, 1938 წლის 1 და 15 ივნისის „საგუშაგო კოშკში“ გარჩეული იყო, როგორ უნდა განხორციელებულიყო ქრისტიანული ორგანიზაციის მართვა. მოგვიანებით, 1971 წლის 15 დეკემბრის ერთ-ერთ სტატიაში — „ხელმძღვანელი საბჭო განსხვავდება იურიდიული კორპორაციისგან“ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია იყო მოცემული დღევანდელი ხელმძღვანელი საბჭოს შესახებ. 1972 წელს ადგილობრივ კრებებში დასახმარებლად და ხელმძღვანელობის გასაწევად დანიშნულ იქნა უხუცესთა საბჭო.
4 სათანადო ზედამხედველობის აღდგენამ დიდად განამტკიცა ქრისტიანული კრება. ამას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ ხელმძღვანელმა საბჭომ, თავიანთ მოვალეობებთან დაკავშირებით მითითებები მისცა უხუცესებს და ისინი სამართლებრივ საკითხებში მოამზადა. თანდათანობითი განვითარება, რომელიც ღვთის მიწიერი ორგანიზაციის ორგანიზაციული საკითხების ცვლილებებსა და მის დადებით შედეგებს მოიცავდა, ნაწინასწარმეტყველები იყო ესაიას 60:17 „სპილენძის ნაცვლად ოქროს მოგიტან და რკინის ნაცვლად მოგიტან ვერცხლს, ხეების ნაცვლად — სპილენძს და ქვების ნაცვლად — რკინას. შენს განმგებლად მშვიდობას გავხდი და ზედამხედველად — სიმართლეს“. ეს დადებითი ცვლილებები ღვთის კურთხევა და იმის მაჩვენებელი იყო, რომ ღმერთი იწონებდა მათ, ვინც მთელი ენთუზიაზმით მხარს უჭერდა მის სამეფოს.
5. ა) როგორი იყო სატანის რეაქცია იეჰოვას მიერ თავისი ხალხის კურთხევაზე? ბ) ფილიპელთა 1:7-ის თანახმად, როგორი რეაგირება მოახდინა იეჰოვას ხალხმა სატანის რისხვაზე?
5 სამეფოს დამყარების შემდეგ თავისი ხალხისადმი ღვთის სიყვარულით აღსავსე მზრუნველობა და მათთვის გაწეული ხელმძღვანელობა სატანისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მაგალითად, 1931 წელს ქრისტიანთა ამ პატარა ჯგუფმა საჯაროდ განაცხადა, რომ მხოლოდ ბიბლიის მკვლევარები არ იყვნენ. ესაიას 43:10-ის თანახმად, ისინი იეჰოვას მოწმეები გახლდათ! დამთხვევა იყო ეს თუ არა, ეშმაკმა მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტო დევნების ტალღა გაავრცელა. ისეთ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ჩვეულებრივ რელიგიური შემწყნარებლობით არის ცნობილი, მაგალითად, შეერთებულ შტატებში, კანადასა და გერმანიაში, მოწმეებს არა ერთხელ მოუწიათ თაყვანისმცემლობის თავისუფლების შესანარჩუნებლად იურიდიულ ბრძოლაში მონაწილეობა. 1988 წლისთვის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეთა შესახებ 71 საქმეს გადახედა; ამ საქმეთა ორი მესამედი მოწმეების სასარგებლოდ გადაწყდა. დღეს მთელ მსოფლიოში იურიდიული ბრძოლები ისევე გრძელდება, როგორც ეს პირველ საუკუნეში იყო, რათა ‘დაეცვათ კეთილი ცნობა და კანონიერად დაეფუძნებინათ’ (ფილიპელთა 1:7, აქ).
6. აკრძალვებმა და შეზღუდვებმა შეუშალა თუ არა ხელი იეჰოვას მოწმეთა წინსვლას? მოიყვანეთ მაგალითი.
6 მეოცე საუკუნის 30-იან წლებში, II მსოფლიო ომის დაწყებამდე, დიქტატორულმა მთავრობებმა აკრძალეს ან შეზღუდეს იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა გერმანიაში, ესპანეთში, იაპონიასა და სხვაგან. მაგრამ 2000 წელს მხოლოდ მოხსენიებულ ამ სამ ქვეყანაში ღვთის სამეფოს თითქმის 500 000 აქტიური მქადაგებელი იყო. ეს რიცხვი თითქმის ათჯერ აღემატება მქადაგებელთა რიცხვს, რომელიც მთელ მსოფლიოში 1936 წელს იყო! ცხადია, აკრძალვები და შეზღუდვები ხელს არ უშლის იეჰოვას ხალხს იმაში, რომ თავიანთი მძლე წინამძღოლის, იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით, წინ იარონ.
7. რა ღირსშესანიშნავი მოვლენა მოხდა 1958 წელს და რა რადიკალური ცვლილებები აღინიშნა მას შემდეგ?
7 ამ წინსვლის დიდებული გამოვლინება იყო 1958 წელს ნიუ-იორკში ჩატარებული უდიდესი კონგრესი, რომლის მსგავსიც იეჰოვას მოწმეებს არასოდეს ჰქონიათ; ეს იყო საერთაშორისო კონგრესი, „ღვთის ნება“, რომელსაც 253 922 ადამიანი ესწრებოდა. 1970 წლისთვის ზემოხსენებულ სამ ქვეყანაში, ეგრეთ წოდებული აღმოსავლეთ გერმანიის გარდა, მოწმეების საქმიანობა კანონიერად დაუშვეს. მაგრამ მოწმეების საქმიანობა ჯერაც აკრძალული იყო უზარმაზარ საბჭოთა კავშირსა და იმ სახელმწიფოებში, რომლებსაც ვარშავის ხელშეკრულება აერთიანებდა. დღეს ამ ყოფილი კომუნისტური ბლოკის სახელმწიფოებში ნახევარ მილიონზე მეტი აქტიური მოწმეა.
8. რა მოჰყვა შედეგად იეჰოვას მიერ თავისი ხალხის კურთხევას და ამასთან დაკავშირებით რა აღინიშნებოდა 1950 წლის „საგუშაგო კოშკში“?
8 იეჰოვას მოწმეები ღმერთმა რიცხობრივი ზრდით აკურთხა, ვინაიდან ისინი ‘განაგრძობდნენ პირველ რიგში [„სამეფოსა“, აქ] და [ღვთის] სიმართლის ძიებას’ (მათე 6:33). პირდაპირი გაგებით შესრულდა ესაიას წინასწარმეტყველება: «მცირე ათასად გადაიქცევა და უმრწემესი — ძლიერ ხალხად. მე, უფალი [„იეჰოვა“, აქ] თავის დროზე დავაჩქარებ ამას» (ესაია 60:22). მაგრამ ეს პროცესი ჯერ არ დამთავრებულა! მხოლოდ გასული ათწლეულის განმავლობაში სამეფოს მმართველობის შესახებ აქტიურად მქადაგებელთა რიცხვი დაახლოებით 1 750 000-ზე მეტით გაიზარდა. ისინი ნებაყოფლობით გახდნენ იმ ჯგუფის წევრები, რომელთა შესახებაც 1950 წლის „საგუშაკო კოშკში“ აღნიშნული იყო: «ღმერთი ახლა კრებს ახალი ქვეყნიერების საზოგადოებას. . . [ახალი ქვეყნიერების] ეს ბირთვი გადაიტანს არმაგედონს. . . აღნიშნული ადამიანები გახდებიან მსოფლიო სცენაზე თეოკრატიულად ორგანიზებული „ახალი მიწის“ წარმომადგენლები, რომლებსაც თეოკრატიულ საკითხებში გამოცდილება ექნებათ». სტატია ასე მთავრდება: „მაშ, როგორც ახალი ქვეყნიერების საზოგადოებამ, წინ გავწიოთ ყველამ ერთად!“.
9. როგორ აღმოჩნდა იეჰოვას მოწმეების მიერ წლების განმავლობაში ნასწავლი საქმეები სასარგებლო?
9 დროთა განმავლობაში, ახალი ქვეყნიერების საზოგადოებამ, რომელიც გამუდმებით იზრდება, შეიძინა ცოდნა, რაც ძვირფასია დღეს, და შეიძლება არმაგედონის შემდეგ აღდგენითი სამუშაოების ჩატარებისასაც ფასდაუდებელი აღმოჩნდეს. მაგალითად, მოწმეებმა ისწავლეს დიდი კონგრესების ორგანიზება, უბედურებაში ჩავარდნილი თანამორწმუნეებისთვის დაუყოვნებლივ დახმარების აღმოჩენა და შენობების სწრაფად აგება. ამ საქმეებმა მრავალი აღაფრთოვანა და იეჰოვას მოწმეთა მიმართ პატივისცემის გრძნობა გაუჩინა.
ცუდი შთაბეჭდილებების შეცვლა
10, 11. მოიყვანეთ იმის მაგალითი, თუ როგორ ეცვლებათ იეჰოვას მოწმეებზე ცუდი შთაბეჭდილება.
10 მაგრამ ჯერაც არიან ადამიანები, რომლებიც იეჰოვას მოწმეებს საზოგადოებისგან ჩამორჩენილებად მიიჩნევენ. ამის მიზეზი კი, ძირითადად, მოწმეების მიერ ბიბლიის საფუძველზე მიღებული პოზიციაა ისეთ საკითხებში, როგორიცაა: სისხლის გადასხმა, ნეიტრალიტეტი, მოწევა და ზნეობრიობა. მაგრამ, რაც დრო გადის, ხალხი უფრო და უფრო აღიარებს, რომ იეჰოვას მოწმეთა შეხედულებები ყურაღდებას იმსახურებს. მაგალითად, ერთმა პოლონელმა ექიმმა იეჰოვას მოწმეთა ოფისში დარეკა და აღნიშნა, რომ მან და მისმა კოლეგებმა რამდენიმე საათი დაუთმეს სისხლის გადასხმის შესახებ დებატებს. ამ დისკუსიის შესახებ სტატია დაიბეჭდა პოლონეთის ერთ-ერთ გაზეთში „დზენიკ ზახოდნი“. „პირადად მე ძალიან ვწუხვარ, რომ მედიცინაში სისხლს მეტისმეტად იყენებენ, — აღნიშნა ერთმა ექიმმა. — ასე გაგრძელება არ შეიძლება და ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიღაცამ უკვე წამოიწყო ამ მიმართულებით მოქმედება. დიდი სიამოვნებით მივიღებდი ამ საკითხზე დამატებით ინფორმაციას“.
11 გასულ წელს ჩატარებულ კონფერენციაზე ევროპის, ისრაელის, კანადისა და შეერთებული შტატების წამყვანმა მედიკოსებმა განიხილეს მასალა, რომელიც ექიმებს პაციენტისთვის სისხლის გადაუსხმელად მკურნალობაში დაეხმარებოდა. შვეიცარიაში ჩატარებულ ამ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულების საპირისპიროდ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი სინამდვილეში შედარებით უფრო მაღალი იყო იმ პაციენტებში, რომლებმაც სისხლი გადაისხეს, ვიდრე მათში, რომლებსაც უსისხლო მკურნალობა ჩაუტარდათ. საერთოდ, მოწმე პაციენტები საავადმყოფოებიდან უფრო ჩქარა ეწერებიან, ვიდრე ისინი, რომლებიც სისხლს ისხამენ; ეს მკურნალობის ხარჯებსაც ამცირებს.
12. მოიყვანეთ მაგალითი, თუ როგორ გამოთქვეს გამოჩენილმა ადამიანებმა დადებითი თვალსაზრისი იეჰოვას მოწმეების მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის შესახებ.
12 მრავალი დადებითი თვალსაზრისი გამოითქვა იმასთან დაკავშირებითაც, რომ იეჰოვას მოწმეები ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ მეორე მსოფლიო ომის წინ და მის განმავლობაში, როდესაც ისინი ნაცისტების საშინელი თავდასხმის ძირითადი სამიზნეები ხდებოდნენ. იეჰოვას მოწმეების მიერ გადაღებულ ვიდეო-ფილმზე „იეჰოვას მოწმეების სიმტკიცე ნაცისტური თავდასხმის წინააღმდეგ“, რომლის პრემიერაც 1996 წლის 6 ნოემბერს რავენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკში შედგა, მრავალი დადებითი თვალსაზრისი გამოითქვა. 1998 წლის 18 აპრილს სისასტიკით სახელგანთქმულ ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში მსგავსი ღონისძიების ჩატარებისას ქვემო საქსონიის პოლიტიკური განათლების ცენტრის დირექტორმა დ-რ ვოლფგანგ შელმა აღიარა: „კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი შემაცბუნებელი ფაქტი ის გახლავთ, რომ იეჰოვას მოწმეებმა ბევრად უფრო გადაჭრით უკუაგდეს ნაციზმი, ვიდრე ქრისტიანულმა ეკლესიამ. . . მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას ვგრძნობთ იეჰოვას მოწმეების სწავლებისა თუ რელიგიური ენთუზიაზმის მიმართ, ნაცისტური რეჟიმის დროს მათ მიერ გამოვლენილი სიმტკიცე პატივისცემას იმსახურებს“.
13, 14. ა) მოულოდნელად როგორი საღი აზრი იქნა გამოთქმული ადრინდელი ქრისტიანების სასარგებლოდ? ბ) მოიყვანეთ ღვთის ხალხის სასარგებლოდ გამოთქმული აზრები.
13 როდესაც გამოჩენილი ადამიანები ან სასამართლო გადაწყვეტილებები საკამათო საკითხებში იეჰოვას მოწმეებს უჭერენ მხარს, ამან შეიძლება შეცვალოს მოწმეებზე წინასწარ შექმნილი აზრი და, შესაძლოა, მოწმეების შესახებ შედარებით დადებითი თვალსაზრისი განავითაროს. ეს, ხშირად ხელს უწყობს იმას, რომ მოწმეები ელაპარაკონ მათ, რომლებიც მანამდე არასოდეს მოუსმენდნენ. ამიტომ იეჰოვას მოწმეები მიესალმებიან ასეთ მოქმედებას და ნამდვილად აფასებენ მას. ეს პირველ საუკუნეში იერუსალიმში მომხდარ მოვლენებს გვახსენებს. როდესაც სინედრიონს, იუდეველთა უმაღლეს სასამართლოს, მთელი ენთუზიაზმით ქადაგებისთვის ქრისტიანთა განადგურება სურდა, გამალიელმა, ‘რჯულის მოძღვარმა და ხალხის მიერ პატივდებულმა’ კაცმა, გამაფრთხილებელი სიტყვები წარმოთქვა: „კაცნო ისრაელიანნო, დაფიქრდით ამ ხალხზე, რას უპირებთ მათ. . . ჩამოშორდით ამ ხალხს და მოეშვით მათ, ვინაიდან, თუ კაცისაგან არის ეს ზრახვა ანდა საქმე, ჩაიფუშება. ხოლო თუ ღვთისაგან არის, მაშინ თქვენ ვერ ჩაფუშავთ მას და, ვაითუ, ღვთის მოწინააღმდეგენი აღმოჩნდეთ“ (საქმეები 5:33—39).
14 გამალიელის მსგავსად, არც ისე დიდი ხნის წინათ, გამოჩენილმა ადამიანებმა იეჰოვას მოწმეთა რელიგიური თავისუფლების სასარგებლოდ გაბედულად ილაპარაკეს. მაგალითად,,რელიგიისა და მრწამსის თავისუფლების საერთაშორისო აკადემიის ყოფილი თავმჯდომარე ყველას მოუწოდებს: „რელიგიური უფლებები არ უნდა შეილახოს და რელიგია არ უნდა იქნეს უარყოფილი მხოლოდ იმიტომ, რომ მისი სწავლება საზოგადოებას არ მოსწონს ან არატრადიციულია“. ლაიპციგის უნივერსიტეტის პროფესორი, რელიგიათმცოდნე მართებულ კითხვას სვამს გერმანიის მთავრობასთან დაკავშირებით, რომელიც უფლებამოსილია აწარმოოს ეგრეთ წოდებული რელიგიური სექტების გამოკვლევა: „კრიტიკული თვალით რატომ უნდა გადაისინჯოს მხოლოდ რელიგიური უმცირესობები, მაგრამ არა ორი დიდი ეკლესია [რომის კათოლიკური და ლუთერანული ეკლესიები]?“. პასუხი ადვილად შეგვიძლია ვიპოვოთ ერთი გერმანელი ოფიციალური პირის განაცხადში: „ეჭვგარეშეა, ეკლესიის ფანატიკოსი წევრები კულისებიდან კარნახობენ მთავრობას, თუ რა აკეთონ“.
ვისგან უნდა მოველოდეთ შვებას?
15, 16. ა) რატომ იყო გამალიელის შესაძლებლობები შეზღუდული? ბ) როგორ იყო კიდევ სამი გავლენიანი პირის იესოს სასარგებლოდ მოქმედების შესაძლებლობები შეზღუდული?
15 გამალიელის სიტყვები მხოლოდ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქმე, რომელსაც ღმერთი უჭერს მხარს, შეუძლებელია ჩაიფუშოს. ადრინდელი ქრისტიანებისთვის, ეჭვგარეშეა, სასარგებლო იყო გამალიელის მიერ სინედრიონის წინაშე გამოსვლა, მაგრამ მათ არ დავიწყებიათ ისიც, რომ თავისი მიმდევრების დევნის შესახებ იესოს სიტყვებიც ჭეშმარიტი იყო. გამალიელის ნათქვამმა რელიგიური წინამძღოლები შეაჩერა და ამ უკანასკნელთ ხელი აიღეს ქრისტიანების განადგურების გეგმაზე, მაგრამ ამას მთლიანად არ მოუსპია მათდამი მკაცრი მოპყრობა, რადგან ბიბლიაში ვკითხულობთ: „დაუჯერეს მას [გამალიელს]. დაუძახეს მოციქულებს, სცემეს და უბრძანეს, რომ აღარ ელაპარაკათ იესოს სახელით, და გაუშვეს ისინი“ (საქმეები 5:40).
16 პონტოელმა პილატემ ვერავითარი დანაშაული ვერ იპოვა იესოში და მის გათავისუფლებას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ (იოანე 18:38, 39; 19:4, 6, 12—16). სინედრიონის ორი წევრის, — ნიკოდემოსისა და იოსებ არიმათიელის — რომლებიც იესოს მიმართ კეთილად იყვნენ განწყობილი, შესაძლებლობებიც კი შეზღუდული იყო და ვერ შეძლეს ხელი შეეშალათ სასამართლოსთვის იესოს წინააღმდეგ მოქმედებაში (ლუკა 23:50—52; იოანე 7:45—52; 19:38—40). იეჰოვას ხალხის დასაცავად ადამიანთა მოქმედება — რა აღძვრებითაც უნდა იყოს ის გამოწვეული — შეზღუდულია. წუთისოფელს ისევე სძულს ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრები, როგორც ქრისტე შეიძულეს. სრულ შვებას მხოლოდ იეჰოვა მოგვგვრის (საქმეები 2:24).
17. რა რეალისტური თვალსაზრისი აქვთ იეჰოვას მოწმეებს, მაგრამ რატომ არ სუსტდება კეთილი ცნობის ქადაგების შესახებ მათი გადაწყვეტილება?
17 რეალისტური თვალსაზრისიდან გამომდინარე, იეჰოვას მოწმეები უნდა მოელოდნენ დევნის გაგრძელებას. წინააღმდეგობა მხოლოდ მაშინ შეწყდება, როდესაც სატანის სისტემა საბოლოოდ განადგურდება. დევნა თუმცა არასასიამოვნოა, მაგრამ მოწმეებს სამეფოს შესახებ ქადაგების მოვალეობის შესრულებისგან ვერ აკავებს. ამაში გასაკვირი არაფერია, მათ ხომ ღმერთი უჭერს მხარს? ისინი თავიანთი მამაცი წინამძღოლის, იესო ქრისტეს, სათანადო მაგალითს შეჰყურებენ (საქმეები 5:17—21, 27—32).
18. რა სირთულეები ელის ჯერაც იეჰოვას ხალხს, მაგრამ, მათი ღრმა რწმენით, როგორ დასრულდება ყოველივე ეს?
18 ჭეშმარიტი რელიგია თავიდანვე სასტიკ წინააღმდეგობას წააწყდა. მალე ის გახდება გოგის, სატანის, მთელი ძალით შემოტევის ობიექტი, სატანისა, რომელიც ციდან გადმოგდების შემდეგ, დამცირებულ მდგომარეობაშია. მაგრამ ჭეშმარიტი რელიგია გადარჩება (ეზეკიელი 38:14—16). სატანის ხელმძღვანელობით ‘მთელი მსოფლიოს მეფეები’ „შეებრძოლებიან კრავს“, მაგრამ „კრავი გაიმარჯვებს მათზე, ვინაიდან ის არის უფალთ უფალი და მეფეთ მეფე“ (გამოცხადება 16:14; 17:14). დიახ, ჩვენი მეფე წინ, საბოლოო გამარჯვებისკენ, მიიწევს და მალე ‘გაიმარჯვებს’. რამხელა პატივია მასთან ერთად სიარული და იმის ცოდნა, რომ მალე იეჰოვას თაყვანისმცემლებს ვერავინ შეეწინააღმდეგება და ღვთის ხალხი იტყვის: „ღმერთი ჩვენთვის არის“! (რომაელთა 8:31; ფილიპელთა 1:27, 28).
შეგიძლიათ განმარტოთ?
• რა გააკეთა იეჰოვამ ქრისტიანული კრების განსამტკიცებლად სამეფოს დამყარების შემდეგ?
• რა გააკეთა სატანამ ქრისტეს სრული გამარჯვების დასაბრკოლებლად და რა შედეგი მოჰყვა ამას?
• რა გაწონასწორებული თვალსაზრისი უნდა გვქონდეს არა მოწმეების მხრიდან ჩვენთვის სასარგებლო მოქმედებაზე?
• რას გააკეთებს მალე სატანა და როგორი იქნება შედეგი?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 18 გვერდზე]
კონგრესები იეჰოვას ხალხის წინსვლის დამადასტურებელია.
[სურათები 20 გვერდზე]
II მსოფლიო ომის დროს იეჰოვას მოწმეების ნეიტრალურ პოზიციას დღესაც დიდება მოაქვს იეჰოვასთვის.