არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იზრუნეთ ქვრივ-ობლებზე მათ გასაჭირში

იზრუნეთ ქვრივ-ობლებზე მათ გასაჭირში

იზრუნეთ ქვრივ-ობლებზე მათ გასაჭირში

ძნელი არ არის იმის შემჩნევა, რომ ისეთ წუთისოფელში ვცხოვრობთ, რომლისთვისაც უცხოა სიყვარული. როდესაც მიუთითებდა, თუ როგორები იქნებოდნენ ადამიანები „უკანასკნელ დღეებში“, მოციქულმა პავლემ დაწერა: „საზარელი ჟამი დადგება, ვინაიდან ადამიანები იქნებიან თავმოყვარენი. . . მოძულენი“ (2 ტიმოთე 3:1—3). რაოდენ ჭეშმარიტია ეს სიტყვები!

თანამედროვე ზნეობრივი კლიმატი ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია იმისა, რომ მრავალ ადამიანში თანაგრძნობა მოიკოჭლებს. ადამიანებს უფრო და უფრო ნაკლებად აინტერესებთ სხვების კეთილდღეობა და ზოგჯერ ეს საკუთარი ოჯახის წევრებზეც კი ვრცელდება.

ეს არაკეთილსასურველ გავლენას ახდენს მრავალზე, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო გაჭირვებულ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ. ქვრივ-ობოლთა რიცხვი განუწყვეტლივ იზრდება ლტოლვილთა გადაადგილების შედეგად თავშესაფრის ძიების, ომებისა და სტიქიური უბედურებების გამო (ეკლესიასტე 3:19). „ომმა 1 მილიონზე მეტი [ბავშვი] დააობლა ან ოჯახს ჩამოაშორა“, — აღნიშნულია „გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდის“ ცნობაში. თქვენთვის უცნობი არ არის აგრეთვე, რომ ძალიან დიდია მარტოხელა, მიტოვებული ან განქორწინებული დედების რიცხვი, რომლებიც საშინელ სირთულეებს აწყდებიან და ოჯახის ჭაპანს მარტო ეწევიან. მდგომარეობას ისიც ამწვავებს, რომ ზოგ ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური კრიზისია, რის გამოც ამ ქვეყნების მოქალაქეთა უმეტესობას უკიდურეს სიღარიბეში უწევს ცხოვრება.

თუ ყოველივე ამას გავითვალისწინებთ, არსებობს რაიმე იმედი გასაჭირში ჩაცვენილთათვის? როგორ შეიძლება ქვრივ-ობოლთა ტანჯვის შემსუბუქება? ოდესმე აღმოიფხვრება ეს პრობლემა?

სიყვარულით აღსავსე მზრუნველობა ბიბლიურ დროში

ქვრივ-ობოლთა ფიზიკურ და სულიერ მოთხოვნილებებზე ზრუნვა ყოველთვის ღვთისადმი თაყვანისცემის განუყოფელი ნაწილი იყო. მარცვლეულის ან ხილის მოსავლის აღებისას, ისრაელებს არ უნდა აეკრიფათ უკან მორჩენილი მოსავალი. ის ‘მდგმურებისა და ქვრივ-ობლებისთვის’ უნდა დაეტოვებინათ (მეორე რჯული 24:19—21). მოსეს რჯულში კონკრეტულად იყო აღნიშნული: „ქვრივსა და ობოლს ნუ დაჩაგრავ“ (გამოსვლა 22:21—23). ქვრივ-ობლები, რომლებზედაც ბიბლიაშია საუბარი, შედარებით ღარიბები იყვნენ, რადგან ქმრისა და მამის, ან ორივე მშობლის დაკარგვის შემთხვევაში, ოჯახის სხვა წევრები, შესაძლოა, მარტო რჩებოდნენ და უკიდურესი გაჭირვების ატანა უწევდათ. პატრიარქმა იობმა განაცხადა: „მიხსნია გაჭირვებული, შველას რომ ითხოვდა, და ობოლი, შემწე რომ არ ჰყავდა“ (იობი 29:12).

ქრისტიანული კრების დაფუძნებიდან მოყოლებული, მშობლების ან ქმრის დაკარგვის შედეგად შეჭირვებულებსა და გასაჭირში ჩაცვენილებზე ზრუნვა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის დამახასიათებელი თავისებურება იყო. ასეთი ადამიანების კეთილდღეობით ძალზე დაინტერესებული მოწაფე იაკობი წერდა: „წმიდა და შეუბღალავი სამსახური ღვთისა და მამის წინაშე ისაა, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი წუთისოფლისაგან“ (იაკობი 1:27).

ქვრივ-ობოლთა მოხსენიების გარდა, იაკობმა დიდი მზრუნველობა გამოავლინა ღარიბთა და შეჭირვებულთა მიმართაც (იაკობი 2:5, 6, 15, 16). მოციქულმა პავლემაც მსგავსი ყურადღებიანობა გამოიჩინა. როდესაც მან და ბარნაბამ სამქადაგებლო საქმიანობის დავალება მიიღეს, მათთვის მიცემულ სხვა დარიგებებს შორის ისიც იყო, რომ ‘ხსომებოდათ ღატაკები’. ამის „შესრულების მოშურნეც ვიყავი“, — სუფთა სინდისით შეეძლო ეთქვა პავლეს (გალატელთა 2:9, 10). ქრისტიანული კრების დაფუძნებიდან ცოტა ხნის შემდეგ ამ კრების საქმიანობის შესახებ აღნიშნული იყო: „არავინ იყო მათ შორის გაჭირვებული. . . და თითოეულს უნაწილდებოდა, ვისაც რა სჭირდებოდა.“ (საქმეები 4:34, 35). დიახ, ძველ ისრაელში ქვრივ-ობლებსა და გაჭირვებულებზე ზრუნვის ღონისძიება ქრისტიანულ კრებაშიც გადმოვიდა.

რა თქმა უნდა, გაწეული დახმარება შეზღუდული და თითოეული კრების შესაძლებლობის შესაბამისი იყო. ფულს უმიზნოდ არ ხარჯავდნენ და დახმარება მართლაც გაჭირვებაში მყოფთ ეწეოდათ. არც ერთ ქრისტიანს არ უნდა ესარგებლა უპატიოსნოდ ამ ღონისძიებით და კრებას არავითარი ზედმეტი ტვირთი არ უნდა დასწოლოდა. ეს აშკარად ჩანდა პავლეს დარიგებაში, რომელიც 1-ლი ტიმოთეს 5:3—16-შია ჩაწერილი. აქედან თვალნათლივ ჩანს, რომ, თუ გაჭირვებულის ნათესავებს შეეძლოთ დახმარების აღმოჩენა, მათ უნდა შეესრულებინათ თავიანთი მოვალეობა. გაჭირვებაში მყოფი ქვრივებიც უნდა ყოფილიყვნენ გარკვეული მოთხოვნების შესაბამისნი იმისათვის, რომ დახმარებოდნენ. ყოველივე ამაში კი ჩანს იეჰოვას გონივრული ღონისძიებები, რომლებიც გაჭირვებულებზე ზრუნვისთვის დააფუძნა. მაგრამ ჩანს, რომ გაწონასწორებულობაც აუცილებელი იყო, რათა ბოროტად არავის გამოეყენებინა გამოვლენილი სიკეთე (2 თესალონიკელთა 3:10—12).

ქვრივ-ობლებზე ზრუნვა დღეს

გაჭირვებულთა მიმართ მზრუნველობის გამოვლენასა და დახმარებასთან დაკავშირებული პრინციპები, რომლებსაც ღვთის მსახურები წარსულში იყენებდნენ, დღესაც მოქმედია იეჰოვას მოწმეთა კრებაში. იესოს სიტყვების თანახმად, ძმური სიყვარული ქრისტიანობისთვის დამახასიათებელი თავისებურებაა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:35). თუ ვინმე გასაჭირშია ან სტიქიური უბედურების თუ ომისა და სამოქალაქო კონფლიქტის მსხვერპლი გახდა, მსოფლიო საძმოს დანარჩენი წევრები ყოველ ღონეს ხმარობენ გაჭირვებული თანამორწმუნეებისთვის სულიერი და მატერიალური დახმარების აღმოსაჩენად. მოდი განვიხილოთ თანამედროვეობის ზოგიერთი მაგალითი, საიდანაც ჩანს, თუ რა კეთდება ამ მიმართულებით.

პედროს ბუნდოვნად ახსოვს დედა, რომელიც მაშინ მოუკვდა, როდესაც თვითონ სულ რაღაც წლინახევრის თუ იქნებოდა. ხუთი წლის ასაკში ბიჭს მამაც გარდაეცვალა. ასე დაობლდნენ პედრო და მისი ძმები. მამასთან, სანამ მოკვდებოდა, იეჰოვას მოწმეები დადიოდნენ და ამგვარად დაიწყეს მან და მისმა ყველა უფროსმა ძმამ ბიბლიის საშინაო შესწავლა.

პედრო ჰყვება: „მომდევნო კვირასვე დავიწყეთ კრების შეხვედრებზე დასწრება. ძმებთან ურთიერთობის შედეგად, ვიგრძენით ის სიყვარული, რომელსაც ჩვენდამი ავლენდნენ. კრება თავშესაფარი იყო ჩემთვის, რადგან ძმები და დები ჩემს მიმართ ისეთ სიყვარულსა და სითბოს ავლენდნენ, თითქოს ჩემი მშობლები იყვნენ“. პედრო იხსენებს, თუ როგორ მიიწვია ერთ-ერთმა ქრისტიანმა უხუცესმა სახლში, ისაუბრა და დაისვენა იმ ოჯახთან ერთად. „ბევრი სასიამოვნო მოგონება მაქვს“, — ამბობს პედრო, რომელმაც ქადაგება 11 წლის ასაკში დაიწყო, 15 წლისა კი მოინათლა. კრების წევრების დახმარებით მისმა უფროსმა ძმებმაც მნიშვნელოვნად წაიწიეს წინ სულიერად.

განვიხილოთ დევიდის მაგალითიც. მისმა მშობლებმა, როდესაც ერთმანეთს დაშორდნენ, ის და მისი ტყუპისცალი და მიატოვეს. ბავშვები პაპა-ბებიამ და დეიდამ გაზარდეს. „როდესაც წამოვიზარდეთ და მივხვდით, თუ რა მდგომარეობაში ვიყავით, დაუცველობისა და მწუხარების გრძნობამ მოგვიცვა. ვგრძნობდით, რომ რაღაც საყრდენი გვჭირდებოდა. დეიდა იეჰოვას მოწმე გახდა და მისი წყალობით ჩვენც ვეზიარეთ ბიბლიურ ჭეშმარიტებას. ძმები თბილად და მეგობრულად გვეპყრობოდნენ. ისინი დიდი სიყვარულით გვექცეოდნენ და გვამხნევებდნენ, რომ დასახული მიზნებისთვის მიგვეღწია და იეჰოვასთვის მსახურება განგვეგრძო. დაახლოებით 10 წლის რომ გავხდი, ერთმა სამსახურებრივმა თანაშემწემ საქადაგებლად წამიყვანა. სხვა ძმამ კი კონგრესზე დასასწრებად საჭირო ხარჯების დაფარვაზე იზრუნა. ერთი ძმა იმდენად დამეხმარა, რომ სამეფო დარბაზში შესაწირავის გაღებაც კი შევძელი“.

დევიდი 17 წლის ასაკში მოინათლა და, მოგვიანებით, მეხიკოში იეჰოვას მოწმეთა ფილიალში მსახურებას შეუდგა. ის ახლაც კი აღნიშნავს: „რამდენიმე უხუცესი ძალიან მეხმარება განათლების მიღებაში; ისინი ძალიან პრაქტიკულ რჩევებსაც მაძლევენ. ეს კი დაუცველობისა და სიმარტოვის გრძნობის დაძლევაში მეხმარება“.

აბელი, მეხიკოს ერთ-ერთი კრების უხუცესი, რომელშიც რამდენიმე ისეთი ქვრივია, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, ჰყვება: „დავრწმუნდი, რომ უდიდესი დახმარება, რომელიც ქვრივებს სჭირდებათ, ემოციური მხარდაჭერის აღმოჩენაა. ზოგჯერ ისინი დეპრესიაში ცვივიან; მარტოობას გრძნობენ. ამიტომ მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია მხარდაჭერა და მოსმენა. ჩვენ [კრების უხუცესები] ხშირად ვაკითხავთ მათ. მნიშვნელოვანია მათი პრობლემებისთვის ყურადღების მისაქცევად დროის გამოყოფა. ეს კი მათ სულიერ სიმშვიდეს უწყობს ხელს“. მაგრამ ზოგჯერ მატერიალური დახმარებაც აუცილებელია. „ახლა ერთ ქვრივ დას სახლს ვუშენებთ,  — მოგვიყვა აბელმა გარკვეული ხნის წინათ. — ამას კვირის განმავლობაში ზოგ შაბათსა და შუადღეს ვაკეთებთ“.

ქვრივ-ობლებისთვის დახმარების საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე სხვა უხუცესი ამბობს: „დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტად არის საჭირო ქრისტიანული სიყვარულის გამოვლენა ობლების მიმართ, ვიდრე ქვრივების მიმართ. შევნიშნე, რომ ობლები მეტად გრძნობენ თავს უარყოფილად, ვიდრე ის ბავშვები თუ მოზარდები, რომლებსაც ორივე მშობელი ჰყავთ. მათთვის აუცილებელია, ხშირად იგრძნონ ძმური სიყვარული. კარგი იქნება, შეხვედრის შემდეგ მოვძებნოთ ისინი და დავინტერესდეთ, თუ როგორ არიან. ჩვენს კრებაში არის ერთი დაქორწინებული ძმა, რომელიც ობლობაში გაიზარდა. შეხვედრაზე ყოველთვის თბილად ვესალმები, ის კი, როგორც კი დამინახავს, გადამეხვევა ხოლმე. ეს აღრმავებს ჭეშმარიტ ძმურ სიყვარულს“.

იეჰოვა „იხსნის ღარიბს“

ქვრივ-ობლებისთვის თავიანთ მდგომარეობასთან გასამკლავებლად ყველაზე მთავარი იეჰოვაზე მინდობაა. ღვთის შესახებ ნათქვამია: „უფალი იცავს შემოხიზნულებს, ობოლსა და ქვრივს გაამხნევებს და ბოროტთა გზას გაამრუდებს“ (ფსალმუნი 145:9). ქვრივ-ობოლთა პრობლემები ბოლომდე მხოლოდ ღვთის სამეფოში, იესო ქრისტეს მმართველობისას, გადაიჭრება. მესიის მმართველობის წინასწარმეტყველურად აღწერისას ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „იხსნის ღარიბს, მღაღადებელს და ღატაკს, ვისაც არა ჰყავს შემწე. შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის“ (ფსალმუნი 71:12, 13).

თანამედროვე სისტემის აღსასრულის მოახლოების პარალელურად, ზეწოლა, რომელსაც ქრისტიანები აწყდებიან, აშკარად იზრდება (მათე 24:9—13). ამიტომ აუცილებელია, ქრისტიანებმა მეტი ყურადღება გამოავლინონ ერთმანეთის მიმართ და ‘გულითადად უყვარდეთ ერთმანეთი’ (1 პეტრე 4:7—10). ქრისტიანმა ძმებმა, განსაკუთრებით კი უხუცესებმა, ობლების მიმართ მზრუნველობა და თანაგრძნობა უნდა გამოავლინონ. კრებაში სულიერად მოწიფულ დებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ ქვრივების მხარდასაჭერად და სანუგეშებლად (ტიტე 2:3—5). ფაქტობრივად, გასაჭირში მყოფთათვის დიდი მზრუნველობის გამოვლენა ყველას შეუძლია.

ჭეშმარიტი ქრისტიანები „გულს“ არ ‘იკეტავენ’, როდესაც ‘ძმას გასაჭირში ხედავენ’. ისინი მთელი გულით ეხმაურებიან მოციქულ იოანეს შეგონებას: „შვილებო! გვიყვარდეს არა სიტყვებით და არა ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით“ (1 იოანე 3:17, 18). ამიტომ, მოდი ‘მივხედოთ ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში’ (იაკობი 1:27).

[ჩანართი 11 გვერდზე]

‘გვიყვარდეს არა სიტყვებით და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით’ (1 იოანე 3:18)

[სურათები 10 გვერდზე]

ჭეშმარიტი ქრისტიანები ქვრივ-ობლებს ეხმარებიან მატერიალურად, სულიერად და ემოციურად.