იხარეთ სამეფოს იმედით!
იხარეთ სამეფოს იმედით!
ეს იყო სასიხარულო შემთხვევა, როდესაც 2001 წლის 10 მარტს ერთად შეიკრიბა 5 784 ადამიანი ნიუ-იორკის შტატის ბეთელის ოჯახის სამ კომპლექსში. ეს შემთხვევა დაკავშირებული იყო მისიონერულ სკოლა „გალაადის“ 110-ე კლასის გამოშვებასთან.
იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი კერი ბარბერი გულთბილად მიესალმა დამსწრეთ და პროგრამა შემდეგი სიტყვებით გახსნა: «ძალიან გვახარებს ის, რომ სკოლა „გალაადის“ 110-ე კლასის კურსდამთავრებულებმა ახლა გაიარეს მისიონერული მომზადების კურსი და დედამიწის თითქმის ყველა კუთხეში დაინიშნენ».
როგორ შევინარჩუნოთ სიხარული
ძმა ბარბერის შესავალი სიტყვის შემდეგ დონ ადამსმა აუდიტორიასა და გალაადის 48 კურსდამთავრებულის წინაშე წაიკითხა მოხსენება „იეჰოვას კურთხევა გვამდიდრებს“. იგავნის 10:22-ზე დაფუძნებული მოხსენებით აუდიტორიას შეახსენა, რომ იეჰოვა იცავს და კურთხევებით ავსებს თავის მსახურებს, როდესაც ისინი სამეფოს ინტერესებს თავიანთ ცხოვრებაში პირველ ადგილს უთმობენ. მან კურსდამთავრებულებს მოუწოდა, რომ თავიანთი ახალი დანიშვნები ისეთივე მზადყოფნით მიეღოთ, რა მზადყოფნაც პავლე მოციქულმა გამოავლინა, როდესაც მიიწვიეს: „მოდი მაკედონიაში და დაგვეხმარე“ (საქმეები 16:9). მიუხედავად სიძნელეებისა, რომლებიც უნდა გადაელახა, პავლე იმისათვის მზადყოფნის გამო, რომ ექადაგა იქ, სადაც მიავლინეს, უამრავი სიხარულის მომტანი კურთხევებით დაჯილდოვდა.
კურსდამთავრებულებმა ბიბლიის შესწავლისა და მისიონერული მსახურებისთვის მოსამზადებელი ხუთთვიანი კურსი დაამთავრეს. მიუხედავად ამისა, იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა დენიელ სიდლიკმა, მათ სწავლის გაგრძელებისკენ მოუწოდა. „იყავით ნამდვილი მოწაფეები“ — ამ თემაზე საუბრისას მან აღნიშნა: „მოწაფეობა ნიშნავს იესოს სიტყვებისადმი მუდამ მორჩილებას. ეს ნიშნავს ჩვენს მზადყოფნას, ყოველთვის მოვისმინოთ მისი სიტყვები, მისი ცნობა და მისი სწავლება“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ იესოს მოწაფეები ისე არ იღებენ გადაწყვეტილებებს, თუ არ მოუსმენენ მის, თავიანთი მასწავლებლის, ხმას; ღვთის სიბრძნე მთელი სისავსით არის გაცხადებული ქრისტეს ცხოვრებაში (კოლასელთა 2:3). არც ერთ ჩვენგანს არ შეუძლია, მხოლოდ ერთხელ მოისმინოს იესოს სიტყვები და დაასკვნას, რომ მის შესახებ ყველაფერი იცის; ასე რომ, ძმა სიდლიკმა კურსდამთავრებულებს მოუწოდა, განეგრძოთ განმათავისუფლებელი ქრისტიანული ჭეშმარიტების შესწავლა, ცხოვრებაში გამოყენება და სხვებისთვის სწავლება (იოანე 8:31, 32).
ღვთისათვის მსახურებაში სიხარულის შესანარჩუნებლად ქრისტიანი მზად უნდა იყოს შეგონებისა და მითითების მისაღებად. „გაგწვრთნით თქვენი თირკმელები?“ — ასეთი კითხვა დასვა სკოლა „გალაადის“ მასწავლებელმა ლორენს ბოუენმა. მან განმარტა, რომ ბიბლიაში თირკმელები ფიგურალურად დაკავშირებულია პიროვნების ღრმა აზრებთან და გრძნობებთან. მათ შეიძლება გაწვრთნან ადამიანი, თუ ღვთის სიტყვაში მოცემული ინსპირირებული რჩევა ღრმად ჩასწვდება ადამიანის გულს (ფსალმუნი 15:7, ძვო; იერემია 17:10, ძვო). პიროვნების ერთგულება იეჰოვას გულს ღრმადაც კი შეეხება. იგავნის -ის (აქ) წაკითხვის შემდეგ, მომხსენებელმა იკითხა: „გაგწვრთნით თქვენი თირკმელები?“. შემდეგ დასძინა: „ჩვენ ვლოცულობთ, რომ მათ ეს გააკეთონ, თქვენ კი, ამგვარად, საშუალებას მისცემთ იეჰოვას,თავად განიცადოს უდიდესი სიამოვნება. თქვენ აღაფრთოვანებთ იეჰოვას თავისი ყველაზე ღრმა გრძნობებითურთ. დიახ, თქვენ ძალიან გაახარებთ ღვთის თირკმელებს, როცა ერთგულად ჩაეჭიდებით თქვენს დანიშვნებს“. 23:15, 16
პროგრამის ამ ნაწილის ბოლო მოხსენება წარმოადგინა მარკ ნუმარმა, რომელიც მისიონერად მსახურობდა კენიაში, სანამ სკოლა „გალაადის“ მასწავლებელი გახდებოდა. მისმა მოხსენებამ, სათაურით „სჯობს თვალით ნახო“, ხაზგასმით აღნიშნა კმაყოფილების გრძნობის განვითარების მნიშვნელოვნება. ეკლესიასტეს 6:9-ის შესაბამისად, ძმა ნუმარმა შემდეგი რჩევა მისცა დამსწრეებს: „გაბედულად გაუსწორეთ თვალი სინამდვილეს. ეს არის ‘თვალით ნახვა’. ნაცვლად იმაზე ოცნებისა, რის გაკეთებაც გსურთ, მაგრამ ვერ აკეთებთ, მთელი ყურადღება თქვენი ახლანდელი მდგომარეობის მაქსიმალურად გამოყენებას დაუთმეთ. ზღაპრულ ქვეყანაში ცხოვრებაზე ფიქრი, არაკეთილგონივრული იმედები ან თქვენს დანიშვნასთან დაკავშირებულ უარყოფით ფაქტორებზე ყურადღების შეჩერება მხოლოდ უსიამოვნებისა და უკმაყოფილების გრძნობას გაგიჩენთ“. დიახ, სადაც უნდა ვიყოთ ან როგორ ვითარებაშიც უნდა აღმოვჩნდეთ, იმ კმაყოფილების გრძნობის განვითარება, რომელიც ღმერთთან ჩვენს ურთიერთობაზეა დაფუძნებული, ჩვენს ამჟამინდელ მდგომარეობაში სიხარულს გვინერგავს დიდებული შემოქმედისათვის მსახურებაში.
სასიამოვნო შემთხვევები სამეფო მსახურებასა და სკოლა „გალაადში“
წარმოთქმული მოხსენებებიდან ასეთი პრაქტიკული რჩევების მიღების შემდეგ კურსდამთავრებულები მოჰყვნენ ზოგიერთ შემთხვევას, რომლებიც ხუთთვიანი კურსის დროს საჯარო მსახურებისას შეემთხვათ. სკოლა „გალაადის“ მდივნის, უოლას ლივერანისის, ხელმძღვანელობით კურსდამთავრებულები მოჰყვნენ, თუ როგორ წარადგინეს თავი ღვთის მსახურებად (2 კორინთელთა 4:2). მათ შესძლეს ზოგში ღვთის მიერ მოცემული სინდისის გაღვიძება. კურსდამთავრებულთა შემთხვევებმა ცხადყო, თუ როგორ იწყებდნენ ბიბლიის შესწავლებს გულწრფელ ადამიანებთან, რომლებსაც ქუჩაში, კარდაკარ მსახურებისას თუ სხვაგან ხვდებოდნენ. სხვადასხვა შემთხვევისას დაინტერესებულმა ადამიანებმა თქვეს, რომ იეჰოვას ორგანიზაციის ბიბლიური პუბლიკაციები ჭეშმარიტებას ღაღადებენ. ერთ-ერთი მობინადრე სავსებით დაეთანხმა ბიბლიის ზოგიერთ განსაკუთრებულ მუხლს. ახლა ის იეჰოვას მოწმეებთან სწავლობს ბიბლიას.
შემდეგ ჯოულ ადამსმა ინტერვიუ აიღო იმ კურსდამთავრებულებისგან, რომლებმაც სკოლა „გალაადი“ წლების წინათ გაიარეს. მისი მოხსენების სათაური იყო „არასდროს შეწყვიტოთ სწავლა, არასდროს შეწყვიტოთ იეჰოვასთვის მსახურება“. იმ მისიონერებმა, რომელთაგანაც ინტერვიუ აიღეს, დროული რჩევები მისცეს ახალ მისიონერებს. ძმა ჰარი ჯონსონმა გაიხსენა ის დრო, როცა სკოლა „გალაადის“ 26-ე კლასში სწავლობდა, და თქვა: „გვასწავლეს, რომ იეჰოვა ყოველთვის ხელმძღვანელობდა თავის ხალხს და ყოველთვის უხელმძღვანელებს. ასეთი ნდობა მთელი ამ წლების განმავლობაში გამამხნევებელია“. უილიამ ნონკესმა, სკოლა „გალაადის“ 53-ე კლასის კურსდამთავრებულმა, ახალ კურსდამთავრებულებს ურჩია: „უპირველეს ყოვლისა, ჩაიბეჭდეთ გონებაში ბიბლიური პრინციპები და ახლაც და მომავალშიც ყველა გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენეთ. ამის შედეგად, ჩაეჭიდებით თქვენს დანიშვნას და იეჰოვას უხვი კურთხევები არ მოგაკლდებათ“.
„განმტკიცებულნი იეჰოვას ნების შესასრულებლად“ — ასეთი იყო რიჩარდ რაიანის მოხსენების სათაური. ერთ-ერთი მათგანი, ვისგანაც მან ინტერვიუ აიღო, იყო ჯონ კურთსი, სკოლა „გალაადის“ 30-ე კლასის კურსდამთავრებული, რომელმაც მისიონერულ მსახურებაში 41 წელზე მეტი გაატარა ესპანეთში. როდესაც სკოლა „გალაადის“ სასწავლო პროგრამის შესახებ ჰკითხეს, ძმა კურთსმა თქვა: «მთავარი სახელმძღვანელო არის ბიბლია. აგრეთვე გვაქვს ბიბლიური დამხმარე საშუალებები, ბიბლიის გაგებასა და სწავლაში რომ შეგვიწყოს ხელი. ისინი ყველასათვის ხელმისაწვდომია. სკოლა „გალაადში“ საიდუმლო ინფორმაციას არ სწავლობენ. მე ყოველთვის ხაზგასმით ვამბობ, რომ ყველას მიუწვდება ხელი იმ მასალაზე, რომელსაც სკოლა „გალაადში“ განიხილავენ».
იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა გერიტ ლეშმა, სულიერი პროგრამა დაასრულა მოხსენებით „იეჰოვას ფრთებზე და ფრთებქვეშ“. მან განმარტა, თუ არწივის ფრთებით როგორ არის ნაჩვენები ბიბლიაში ღვთის მიერ თავის ერთგულ მსახურთა დაცვა და მხარში ამოდგომა (მეორე რჯული 32:11, 12; ფსალმუნი 90:4). დედა ან მამა არწივი ზოგჯერ ფრთებს შლის თავისი მართვეების დასაცავად. ხანდახან დედა არწივი თავის მართვეებს ცივი ქარისგან დასაცავად ფრთებქვეშ იქცევს. ამნაირადვე და თავის მიზანთან შეთანხმებით, იეჰოვას შეუძლია დაეხმაროს თავის ერთგულ მსახურებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ისინი რწმენის გამოცდას აწყდებიან. იეჰოვა კი არ უშვებს, რომ თავისი მსახურები თავიანთ შესაძლებლობებზე მეტად გამოიცადონ, არამედ მათ ამ გამოცდების გადატანის საშუალებას აძლევს (1 კორინთელთა 10:13). ძმა ლეშმა შემდეგი სიტყვებით დაამთავრა თავისი მოხსენება: „სულიერად დაცულნი რომ ვიყოთ, იეჰოვას ფრთებქვეშ უნდა დავრჩეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა განვავითაროთ დამოუკიდებლობის სული. მოდი ყოველთვის ახლო ვიყოთ იეჰოვასა და დედის მსგავს მის ორგანიზაციასთან, ყოველთვის მივიღოთ მათი მითითებები და სიყვარულით აღსავსე რჩევა-დარიგებები“.
თავჯდომარემ წაიკითხა მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოსული კეთილმოსურნეთა დეპეშები და მისალმებები. შემდეგ კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. სკოლა „გალაადი“ მხოლოდ ხუთი წლით დაარსდა, მაგრამ 58 წელია, რაც იეჰოვა ღმერთის ხელმძღვანელობით განაგრძობს მოქმედებას. როგორც ძმა ბარბერმა თავის შესავალ სიტყვაში თქვა: «მართლაცდა რა შესანიშნავ რეკორდს მიაღწიეს სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებულებმა 1943 წლიდან, „გალაადის“ დაარსებიდან! მათი გაერთიანებული ძალისხმევის შედეგად მთელ მსოფლიოში ასობით ათასი ადამიანი შეემატა იეჰოვას დიდებულ ორგანიზაციას». დიახ, მისიონერთა ამ სკოლის საშუალებით მილიონობით ადამიანმა გაიხარა სამეფოს იმედით.
[ჩარჩო 24 გვერდზე]
კლასის სტატისტიკური მონაცემები
წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობა: 8
ქვეყნების რაოდენობა, სადაც მისიონერები დაინიშნენ: 18
სტუდენტების რაოდენობა: 48
საშუალო ასაკი: 34
ჭეშმარიტებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 18
სრული დროით მსახურებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 13
[სურათი 25 გვერდზე]
„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 110-ე გამოსაშვები კლასი
რიგები დანომრილია ქვემოდან ზემოთ, გვარები კი მოცემულია მარცხნიდან მარჯვნივ.
(1) ე. ვასეკი, ლ. მადელინი, გ. ევანასი, კ. ვათანაბე; (2) ფ. ტრაფორდი, ჯ. ტურფა, ფ. უილსონი, რ. უილიამზი, ა. ვებერი; (3) თ. ჯონსონი, კ. ჰანაუ, ფ. მორლოუ, ფ. შერფანთიარი, რ. პეკჰამი, ფ. ანდროსოფი; (4) თ. სიგერზი, დ. სიგერზი, ფ. ბეილი, მ. ბეილი, კ. მადელინი, ე. ლიფოლდი, თ. ლიფოლდი; (5) ნ. ევანსი, რ. გოულდი, ი. ბოლმენი, რ. ვასეკი, ჯ. ოუნჯიანი, ნ. უილსონი; (6) ჯ. ტურფა, ლ. ზიუდემი, რ. ზიუდემი, კ. ბენგთსონი, ჯ. ბენგთსონი, მ. გელანო, ლ. გელანო; (7) თ. პეკჰამი, ჯ. მორლოუ, ს. შერფანთიარი მ. გოულდი, რ. ბოლმენი ფ. ოუნჯიანი; (8) რ. ვებერი, ბ. ჯონსონი, დ. ჰანაუ, ი. ვათანაბე, რ. უილიამზი, გ. ტრაფორდი, თ. ანდროსოფი.