არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მუდამ მტკიცენი იყავით, როგორც მხილველნი უხილავისა!

მუდამ მტკიცენი იყავით, როგორც მხილველნი უხილავისა!

მუდამ მტკიცენი იყავით, როგორც მხილველნი უხილავისა!

„თითქოს უხილავს ხედავსო, [მოსე] მტკიცე იყო“ (ებრაელთა 11:27).

1. რა მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთა იესომ ღვთის შესახებ მთაზე ქადაგებისას?

 იეჰოვა უხილავი ღმერთია. როდესაც მოსემ სთხოვა, დაენახვებინა თავისი დიდება, იეჰოვამ უპასუხა: „ვერ შეძლებ ჩემი პირის ხილვას, რადგან ისე ვერ მიხილავს ადამიანი, რომ ცოცხალი დარჩეს“ (გამოსვლა 33:20). მოციქული იოანეც წერდა: „ღმერთი არასდროს არავის უნახავს“ (იოანე 1:18). დედამიწაზე ყოფნის დროს, თვით იესო ქრისტესაც კი არ შეეძლო ღვთის ხილვა. მაგრამ მთაზე ქადაგებისას მან თქვა: „ნეტარ არიან გულით სუფთანი, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ“ (მათე 5:8). რას გულისხმობდა ამ სიტყვებით იესო?

2. რატომ არ შეგვიძლია ფიზიკური თვალით ღვთის დანახვა?

2 საღვთო წერილში იეჰოვაზე ლაპარაკია, როგორც უხილავ სულზე (იოანე 4:24; კოლასელთა 1:15; 1 ტიმოთე 1:17). ამიტომ იესოს არ უთქვამს, რომ ჩვენ, ადამიანები, შევძლებდით ფიზიკური თვალით იეჰოვას ხილვას. მართალია, ცხებული ქრისტიანები ზეცაში სულიერ ქმნილებებად მკვდრეთით აღდგომის შემდეგ დაინახავენ ღმერთს, მაგრამ ‘გულით სუფთა’ და დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედის მქონე ადამიანებსაც შეუძლიათ ღვთის ‘ხილვა’. როგორ?

3. როგორ შეგვიძლია ჩვენ, ადამიანებს, ჩავწვდეთ ღვთის ზოგ თვისებას?

3 იეჰოვას შესახებ გარკვეული ცოდნის მიღება მის ქმნილებებზე გულმოდგინე დაკვირვებით შეგვიძლია. ამგვარად, ჩვენზე შეიძლება დიდი შთაბეჭდილება მოახდინოს ღვთის ძალამ და ამან აღგვძრას, ვაღიაროთ იეჰოვა ღმერთად და შემოქმედად (ებრაელთა 11:3; გამოცხადება 4:11). ამასთან დაკავშირებით, მოციქული პავლე წერდა: „მისი [ღვთის] უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება წუთისოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა“ (რომაელთა 1:20). ასე რომ, ღვთის ხილვის შესახებ იესოს სიტყვებში იეჰოვას ზოგ თვისებაში წვდომის უნარი შედის. ასეთი ხედვა ზუსტ შემეცნებასა და ‘გულის თვალებით’ სულიერ გაგებაზეა დაფუძნებული (ეფესელთა 1:18). იესოს სიტყვებიცა და საქმეებიც ბევრს გვეუბნება ღვთის შესახებ. ამიტომ თქვა მან: „ვინც მე მიხილა, მამა იხილა“ (იოანე 14:9). იესომ სრულყოფილად აირეკლა იეჰოვას პიროვნება. ამგვარად, მისი ცხოვრებისა და სწავლების შესახებ შემეცნება დაგვეხმარება, დავინახოთ, ანუ ჩავწვდეთ, ღვთის ზოგ თვისებას.

სულიერობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

4. როგორ ავლენს დღეს მრავალი სულიერობის უქონლობას?

4 დღეს რწმენა და ჭეშმარიტი სულიერობა, მართლაც რომ, იშვიათად გვხვდება. „ყველაში როდია რწმენა“, — თქვა პავლემ (2 თესალონიკელთა 3:2). მრავალი გატაცებულია თავისი პირადი საქმეებით და ღვთის მიმართ არავითარი რწმენა არა აქვს. ცოდვილი მოქმედება და სულიერობის უქონლობა მათ გაგების თვალით დანახვაში უშლით ხელს, რამეთუ მოციქულმა იოანემ დაწერა: „ბოროტის მოქმედს. . . ღმერთი არ უხილავს“ (3 იოანე 11). რადგან ასეთი ადამიანები ფიზიკური თვალებით ვერ ხედავენ ღმერთს, ისე მოქმედებენ, თითქოს ღმერთი ვერ ხედავდეს მათ საქციელს (ეზეკიელი 9:9). ისინი არაფრად აგდებენ სულიერ საკითხებს, რის გამოც არ შეუძლიათ „ღვთის შემეცნების“ მიღება (იგავნი 2:5). მართებულად წერდა პავლე: „მშვინვიერი ადამიანი არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, ვინაიდან უგუნურებად მიიჩნევს და არც ძალუძს შეცნობა, რადგან სულიერად არის განსასჯელი“ (1 კორინთელთა 2:14).

5. რა იციან კარგად იმ ადამიანებმა, რომლებიც სულიერ საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას?

5 ამის საპირისპიროდ, თუ ჩვენ სულიერ საკითხებზე ვამახვილებთ ყურადღებას, ყოველთვის გვეცოდინება, რომ, თუმცა იეჰოვა ადამიანებში შეცდომებს არ ეძებს, მან იცის, როდის ვმოქმედებთ ცუდი აზრებისა თუ სურვილების შესაბამისად. მართლაც, „უფლის თვალწინაა კაცის გზები და მის ყოველ ნაბიჯს აკვირდება“ (იგავნი 5:21). თუ ცოდვა გვძლევს, მოვინანიებთ და იეჰოვას მივმართავთ მიტევებისთვის, რადგან გვიყვარს ის და არ გვინდა, რომ გული ვატკინოთ (ფსალმუნი 77:41; 129:3).

რა გვანმტკიცებს?

6. რას ნიშნავს, ვიყოთ მტკიცენი?

6 თუმცა იეჰოვა ჩვენი თვალისთვის უხილავია, დაე ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ის გვხედავს. იმის ცოდნა, რომ ის არსებობს, და დაჯერებულობა იმაში, რომ ახლოს არის ყველასთან, ვინც დახმარებისთვის მოუხმობს, განგვამტკიცებს; მისადმი ერთგულების საკითხში ძლიერებსა და ურყევებს გვხდის (ფსალმუნი 144:18). შეგვიძლია მივბაძოთ მოსეს, რომლის შესახებაც პავლე წერდა: „რწმენით იყო, რომ დატოვა ეგვიპტე და მეფის რისხვას არ შეუშინდა. ვინაიდან იგი, თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო“ (ებრაელთა 11:27).

7, 8. რამ მისცა მოსეს იმის გამბედაობა, რომ ფარაონის წინაშე გამოცხადებულიყო?

7 ეგვიპტის მონობიდან ისრაელების გათავისუფლების შესახებ ღვთის მიერ მიცემული დავალების შესრულებისას მოსე ხშირად ცხადდებოდა ტირანი ფარაონის სამეფო კარის წინაშე, რომელიც წარჩინებული რელიგიური და სამხედრო პირებით იყო სავსე. ალბათ, სასახლის კედლებიც კერპებით იყო აჭრელებული. მაგრამ ეგვიპტის უსიცოცხლო ღვთაებების ყველა კერპისგან განსხვავებით, იეჰოვა, თუმცა უხილავი იყო, მოსესთვის რეალური გახლდათ. გასაკვირი არ არის, რომ ამ ერთგულ კაცს ფარაონის არ ეშინოდა!

8 რამ მისცა მოსეს იმის გამბედაობა, რომ ფარაონის წინაშე არაერთხელ გამოცხადებულიყო? საღვთო წერილი გვეუბნება: „მოსე უთვინიერესი კაცი იყო დედამიწის ზურგზე“ (რიცხვნი 12:3). ცხადია, ძლიერმა სულიერობამ და იმისმა რწმენამ, რომ ღმერთი მასთან იყო, მას საჭირო ძალა მისცა, რათა ეგვიპტის ულმობელი მეფის წინაშე წარედგინა ის, ვინც ‘უხილავი’ იყო. რა და რა სახით ავლენენ დღეს თავიანთ რწმენას ისინი, რომლებიც უხილავ ღმერთს ‘ხედავენ’?

9. რომელი ერთ-ერთი საშუალებით შეგვიძლია სიმტკიცის შენარჩუნება?

9 იმის ერთ-ერთი საშუალება, რომ გამოვავლინოთ რწმენა და ვიყოთ მტკიცენი, როგორც უხილავის მხილველნი, დევნის მიუხედავად გაბედულად ქადაგებაა. იესომ თავისი მოწაფეები გააფრთხილა: „ყველა მოგიძულებთ ჩემი სახელის გამო“ (ლუკა 21:17). მან მოწაფეებს ესეც უთხრა: „მონა არ არის-მეთქი თავის ბატონზე დიდი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას“ (იოანე 15:20). ამ სიტყვებისამებრ, იესოს სიკვდილის შემდეგ მალე მის მიმდევრებს დევნიდნენ — ემუქრებოდნენ აპატიმრებდნენ და სცემდნენ (საქმეები 4:1—3, 18—21; 5:17, 18, 40). მიუხედავად დევნისა, იესოს მოციქულები და სხვა მოწაფეები გაბედულად განაგრძობდნენ კეთილი ცნობის ქადაგებას (საქმეები 4:29—31).

10. როგორ გვეხმარება მსახურებისას იმაში დაჯერებულობა, რომ იეჰოვა მზრუნველობით გვიცავს?

10 მოსეს მსგავსად, არც იესოს ადრინდელი მიმდევრები შეუშინებია ხილულ მტრებს. იესოს მოწაფეებს სწამდათ ღმერთი და, შედეგად, მათ შესძლეს საშინელი დევნების ატანა. დიახ, ისინი მუდამ მტკიცენი იყვნენ, როგორც მხილველნი უხილავისა. დღეს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა მზრუნველობით გვიცავს, გამბედაობას გვმატებს, გვამხნევებს და სამეფოს შესახებ უშიშრად ქადაგების საშუალებას გვაძლევს. ღვთის სიტყვა ამბობს: „ხალხის მოშიშარს ხაფანგი უგია, უფლის მოიმედე კი დაცული იქნება“ (იგავნი 29:25). ამიტომ დევნის შიშით არასოდეს ვიხევთ უკან და არც მსახურებას მივიჩნევთ სამარცხვინოდ. რწმენა აღგვძრავს, გაბედულად ვუქადაგოთ მეზობლებს, თანამშრომლებს, თანასკოლელებსა თუ სხვებს (რომაელთა 1:14—16).

უხილავი ხელმძღვანელობს თავის ხალხს

11. პეტრესა და იუდას სიტყვების თანახმად, ქრისტიანულ კრებაში მყოფმა ზოგმა მამაკაცმა როგორ გამოავლინა სულიერობის უკმარისობა?

11 რწმენა გვეხმარება, დავინახოთ იეჰოვა, როგორც მიწიერი ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ამგვარად, ჩვენ ვირიდებთ კრიტიკულ დამოკიდებულებას მათ მიმართ, ვისაც კრებაში პასუხისმგებლობა აკისრია. მოციქული პეტრე და იესოს ნახევარძმა იუდა აფრთხილებდნენ ზოგიერთს, რომლებსაც ძალიან აკლდათ სულიერობა და ჰგმობდნენ კრებაში ხელმძღვანელ ქრისტიანებს (2 პეტრე 2:9—12; იუდა 8). ილაპარაკებდნენ ეს სხვებში შეცდომების მჩხრეკელები ასეთნაირად, იეჰოვას იქ ყოფნა მათთვის ფიზიკურად ხილული რომ ყოფილიყო? რა თქმა უნდა, არა! მაგრამ, ვინაიდან ღმერთი უხილავია, იმ ხორციელ მამაკაცებს არ ესმოდათ, რომ მის წინაშე ანგარიშვალდებული იყვნენ.

12. რა დამოკიდებულება უნდა გამოვავლინოთ კრების ხელმძღვანელთა მიმართ?

12 მართალია, ქრისტიანული კრება არასრულყოფილი ადამიანებისგან შედგება. უხუცესები შეცდომებს უშვებენ, რაც შეიძლება ზოგჯერ პირადად შეგვეხოს. მიუხედავად ამისა, იეჰოვა იყენებს ასეთ ადამიანებს თავისი სამწყსოს მწყემსებად (1 პეტრე 5:1, 2). კარგი სულიერობის მქონე მამაკაცებსა და ქალებს ესმით, რომ ეს არის ერთ-ერთი საშუალება, რომლის გამოყენებითაც იეჰოვა თავის ხალხს ხელმძღვანელობს. ამიტომ, როგორც ქრისტიანები, ვერიდებით კრიტიკას, დრტვინვის სულის გამოვლენას და იეჰოვას თეოკრატიული სტრუქტურისადმი პატივისცემას ვავლენთ. ჩვენს წინამძღოლთა მიმართ მორჩილების გამოვლენით ცხადვყოფთ, რომ უხილავს ვხედავთ (ებრაელთა 13:17).

ღვთის დანახვა ჩვენს დიდებულ მოძღვრად

13, 14. რას ნიშნავს თქვენთვის იეჰოვას დიდებულ მოძღვრად დანახვა?

13 არსებობს სხვა სფერო, რომელშიც სულიერი გაგებაა საჭირო. ესაია წინასწარმეტყველებდა: „თვალები ისეთი უნდა გაგიხდეთ, რომ დაინახოთ თქვენი დიდებული მოძღვარი“ (ესაია 30:20, აქ). რწმენაა საჭირო, რათა გვესმოდეს, რომ იეჰოვაა ის პიროვნება, რომელიც თავისი მიწიერი ორგანიზაციის მეშვეობით გვასწავლის (მათე 24:45—47). ღვთის დიდებულ მოძღვრად დანახვაში ბიბლიის შესწავლის კარგ ჩვევასა და ქრისტიანულ შეხვედრებზე რეგულარულად დასწრებაზე მეტი რამ შედის. ის ღვთის სულიერი ღონისძიებებიდან სრული სარგებლობის მიღებას ნიშნავს. მაგალითად, სულიერი გზიდან რომ არ გადავუხვიოთ, საჭიროა ჩვეულებრივზე მეტი ყურადღების მიპყრობა იმ ხელმძღვანელობისადმი, რომელსაც იეჰოვა იესოს მეშვეობით გვთავაზობს (ებრაელთა 2:1).

14 ზოგჯერ განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ სულიერი საზრდოდან სრული სარგებლობა მივიღოთ. მაგალითად, შეიძლება ჩვევად გვაქვს იმ ბიბლიური მუხლებისთვის, რომლებსაც ძნელად ვიგებთ, ზერელედ თვალის გადავლება. „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის კითხვისას, შესაძლოა, ზოგ სტატიას არ ვკითხულობთ, ვინაიდან ეს თემა დიდად არ გვაინტერესებს. ან შეიძლება ქრისტიანულ შეხვედრაზე გონება სხვა რამისკენ გაგვირბის. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია სიფხიზლის შენარჩუნება, თუ თემის განხილვას გულმოდგინედ ვუსმენთ. ჩვენი მხრიდან სულიერი დარიგებებისთვის დიდი მადლიერების გამოვლენა ცხადყოფს, რომ იეჰოვას დიდებულ მოძღვრად ვაღიარებთ.

ჩვენ ანგარიში უნდა ჩავაბაროთ

15. როგორ მოქმედებდა ზოგი ისე, თითქოს მისი საქციელი იეჰოვასთვის უხილავი იყო?

15 ამ „უკანასკნელ ჟამს“, ბოროტების განსაკუთრებული მომძლავრების გამო უხილავისადმი რწმენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია (დანიელი 12:4). საყოველთაოდ არის გავრცელებული უპატიოსნობა და უზნეობა. რა თქმა უნდა, გონივრულია გვახსოვდეს, რომ იეჰოვა აკვირდება ჩვენს ქმედებებს მაშინაც კი, როდესაც ადამიანებს არ შეუძლიათ ჩვენი დანახვა. ზოგს მხედველობიდან გამორჩა ეს ფაქტი. თუ მათ სხვები ვერ ხედავენ, შესაძლოა, ისეთ რამეს სჩადიან, რასაც საღვთო წერილი არ იწონებს. მაგალითად, ზოგმა ვერ გაუძლო მავნე გასართობი პროგრამების ყურების ცდუნებას, იქნებოდა ეს პორნოგრაფია ინტერნეტის, ტელევიზორისა თუ თანამედროვე ტექნიკის სხვა საშუალებების გამოყენებით. რადგან ამას განმარტოებით აკეთებდა, ზოგი ისე მოქმედებდა, თითქოს მისი საქციელი იეჰოვასთვისაც უხილავი იყო.

16. რა უნდა დაგვეხმაროს იეჰოვას მაღალი ნორმების შესაბამისად მოქმედებაში?

16 კარგი იქნებოდა, ყოველთვის გვხსომებოდა მოციქულ პავლეს სიტყვები: „ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს“ (რომაელთა 14:12). საჭიროა გვესმოდეს, რომ ყოველთვის, როცა ვცოდავთ, იეჰოვას წინაშე ვცოდავთ. ამის ცოდნა ღვთის მაღალი ნორმების შესაბამისად ცხოვრებასა და ბიწიერი მოქმედებისგან თავის არიდებაში დაგვეხმარება. ბიბლია შეგვახსენებს: „არც ერთი ქმნილება არ არის დაფარული მისი ხედვისგან, არამედ ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს“ (ებრაელთა 4:13). მართალია, ღმერთს ანგარიში უნდა ჩავაბაროთ, მაგრამ, ფაქტობრივად, იეჰოვასადმი დიდი სიყვარულია იმის ძირითადი მიზეზი, რომ მის ნებას ვასრულებთ და მის სამართლიან ნორმებს მივდევთ. ამიტომ, გამოვავლინოთ გონიერება ისეთ საკითხებში, როგორიცაა გართობის სახეობების არჩევა და საპირისპირო სქესის ადამიანებთან დამოკიდებულება.

17. რა ინტერესი ამოძრავებს იეჰოვას, როდესაც გვაკვირდება?

17 იეჰოვა ძალიან არის ჩვენით დაინტერესებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი ჩასაფრებულია და ელოდება, როდის დავუშვებთ შეცდომებს, რათა დაგვსაჯოს. ნაცვლად ამისა, ის დიდი სიყვარულით ზრუნავს ჩვენზე და ამიტომაც გვაკვირდება იმ მამასავით, რომელსაც მორჩილი შვილების დაჯილდოება სურს. რამდენად მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ჩვენს ზეციერ მამას სიამოვნებას ანიჭებს ჩვენი რწმენის დანახვა და „თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“ (ებრაელთა 11:6). დაე გამოვავლინოთ იეჰოვასადმი სრული რწმენა და ‘წრფელი გულით ვემსახუროთ’ მას (პირველი ნეშტთა 28:9).

18. რადგან იეჰოვა გვაკვირდება და მას უყურადღებოდ არ რჩება ჩვენი ერთგულება, რაში გვარწმუნებს საღვთო წერილი?

18 იგავნის 15:3-ში ნათქვამია: „ყველგან უფლის თვალებია, ხედავენ უკეთურებს და კეთილებს“ (იგავნი 15:3). დიახ, ღმერთი უყურებს უკეთურებს და თავიანთი საქციელისამებრ ეპყრობა მათ. მაგრამ, თუ ჩვენ „კეთილებს“ შორის ვართ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვას უყურადღებოდ არ რჩება ჩვენი ერთგულებიდან გამომდინარე საქმეები. რამდენად რწმენის განმამტკიცებელია იმის ცოდნა, რომ ‘ფუჭი არაა ჩვენი შრომა უფლის წინაშე’ და ის, ვინც უხილავია, ‘არ დაივიწყებს ჩვენს საქმეს და სიყვარულის შრომას, რომელიც მისი სახელისთვის გამოვიჩინეთ’! (1 კორინთელთა 15:58; ებრაელთა 6:10).

იეჰოვასთვის იმის თხოვნა, რომ შეგვამოწმოს

19. რა სარგებლობა მოაქვს იეჰოვასადმი მტკიცე რწმენის გამოვლენას?

19 როგორც ერთგული მსახურები, ჩვენ ძვირფასი ვართ იეჰოვასთვის (მათე 10:29—31). მიუხედავად იმისა, რომ უხილავია, მას შეუძლია ჩვენთვის რეალური იყოს და, ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, ძალიან გავუფრთხილდეთ მასთან ძვირფას ურთიერთობას. ზეციერი მამისადმი ჩვენს ასეთ დამოკიდებულებას მრავალი სარგებლობა მოაქვს. მტკიცე რწმენა იმაში გვეხმარება, რომ იეჰოვას წინაშე წმინდა გული და სუფთა სინდისი გვქონდეს. რწმენა, რომელსაც არანაირი თვალთმაქცობის ნატამალიც კი არა აქვს, გაორებული ცხოვრებისგანაც გვიცავს (1 ტიმოთე 1:5, 18, 19). ღვთისადმი ჩვენ მიერ გამოვლენილი ურყევი რწმენა გარშემო მყოფთ კარგ მაგალითს აძლევს; ამან კი შეიძლება მათზე დადებითად იმოქმედოს (1 ტიმოთე 4:12). გარდა ამისა, ასეთი რწმენა ღვთის მოსაწონად მოქმედებისკენ აღგვძრავს, რაც იეჰოვას გულს ახარებს (იგავნი 27:11).

20, 21. ა) რატომ არის სასურველი, რომ იეჰოვა გვაკვირდებოდეს? ბ) როგორ შეუძლია თითოეულ ჩვენგანს სარგებლობის მიღება ფსალმუნის 138:23, 24-დან?

20 თუ ნამდვილად გონიერები ვართ, დიდ სიხარულს განვიცდით იმით, რომ იეჰოვა ყოველთვის გვაკვირდება. ჩვენი სურვილია, არა მარტო გვხედავდეს ის, არამედ თავიდან ბოლომდე შეამოწმოს ჩვენი აზრები და მოქმედებები. კარგია, თუ ლოცვაში იეჰოვას ვთხოვთ, მთლიანად შეგვამოწმოს და დაგვანახოს, გვაქვს თუ არა უმართებულო მიდრეკილებები. მას ნამდვილად შეუძლია, დაგვეხმაროს პრობლემებთან გამკლავებასა და საკუთარ პიროვნებაში ნებისმიერი საჭირო შესწორების შეტანაში. მართებულად მღეროდა ფსალმუნმომღერალი დავითი: „გამომცადე, უფალო, და შეიცან გული ჩემი; შემამოწმე და შეიცან აზრები ჩემი. ნახე, სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ, და წამიძეღი მარადიულ გზაზე“ (ფსალმუნი 138:23, 24).

21 დავითი იეჰოვას ევედრებოდა, რომ შეემოწმებინა, რათა დაენახა, ‘სახიფათო გზაზე ხომ არ იდგა’. ფსალმუნმომღერლის მსგავსად, განა ჩვენი დიდი სურვილიც არ უნდა იყოს, ღმერთმა გამოიკვლიოს ჩვენი გული და დაინახოს, გვაქვს თუ არა არასწორი მოტივები? ამიტომ რწმენით ვთხოვოთ იეჰოვას, შეგვამოწმოს. მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, თუ რაიმე შეცდომის გამო ვიტანჯებით ან რაღაცის გამო ძალიან განაწყენებული ვართ? მაშინ, დაე დაჟინებით განვაგრძოთ ჩვენი მოსიყვარულე ღვთისთვის ლოცვით მიმართვა, თავმდაბლად დავემორჩილოთ მისი სულიწმიდის ხელმძღვანელობას და შევასრულოთ მის სიტყვაში მოცემული რჩევა. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის მხარს დაგვიჭერს და მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი კურსის შენარჩუნებაში დაგვეხმარება (ფსალმუნი 39:12—14).

22. რა უნდა იყოს ჩვენი გადაწყვეტილება მასთან დაკავშირებით, ვინც უხილავია?

22 დიახ, თუ მის მოთხოვნებს შევესაბამებით, იეჰოვა მარადიული სიცოცხლით გვაკურთხებს. რასაკვირველია, მოციქულ პავლესავით ჩვენც უნდა გვესმოდეს, რომ ღმერთს აქვს ძალა და უფლებამოსილება. პავლე წერდა: „საუკუნეთა მეფეს, უხრწნელ, უხილავ, ერთადერთ ღმერთს — მას დიდება და პატივი უკუნითი უკუნისამდე. ამინ“ (1 ტიმოთე 1:17). დაე ყოველთვის მთელი გულით გამოვავლინოთ იეჰოვასადმი ასეთი მოკრძალება. და, რაც უნდა მოხდეს, არასოდეს შეგვეცვალოს გადაწყვეტილება, მუდამ მტკიცენი ვიყოთ, როგორც მხილველნი უხილავისა.

როგორ უპასუხებდით?

• როგორ შეუძლიათ ადამიანებს ღვთის ხილვა?

• როგორ მოვიქცევით დევნის დროს, თუ იეჰოვა ჩვენთვის რეალური პიროვნებაა?

• რას ნიშნავს, ვხედავდეთ იეჰოვას ჩვენს დიდებულ მოძღვრად?

• რატომ უნდა გვსურდეს, რომ იეჰოვამ შეგვამოწმოს?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 18 გვერდზე]

მოსეს არ შეშინებია ფარაონის და ისე მოქმედებდა, თითქოს ხედავდა იეჰოვას, უხილავ ღმერთს.

[სურათი 21 გვერდზე]

დაე ნურასოდეს მოვიქცევით ისე, თითქოს იეჰოვა ვერ ხედავდეს, თუ რას ვაკეთებთ.

[სურათი 23 გვერდზე]

ჩვენ გამუდმებით ვეძიებთ ღვთის შესახებ შემეცნებას, რადგან ღმერთს ჩვენს დიდებულ მოძღვრად მივიჩნევთ.