არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნუ გახდებით გულმავიწყი მსმენელები

ნუ გახდებით გულმავიწყი მსმენელები

ნუ გახდებით გულმავიწყი მსმენელები

„იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი თავის მოსატყუებლად“ (იაკობი 1:22).

1. რა სასწაულების ხილვის პატივი ხვდათ წილად ძველ ისრაელებს?

 დაუვიწყარი იქნებოდა ის სიტყვა, რომელიც ძველ ეგვიპტეში იეჰოვას მიერ მოხდენილი სასწაულების აღსაწერად შესაფერისი აღმოჩნდებოდა. ათი სასჯელიდან თითოეული, უდავოდ, შიშისა და მოწიწების შთამნერგავი იყო. ამ გამანადგურებელ დარტყმებს წითელი ზღვის გაყოფითა და მისი გავლით ისრაელების სასწაულებრივი გათავისუფლება მოჰყვა (მეორე რჯული 34:10—12). აღნიშნული მოვლენების თვითმხილველი რომ ყოფილიყავით, იმედია, არასოდეს დაგავიწყდებოდათ ის, რომელმაც ეს ყველაფერი მოახდინა. მაგრამ ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „დაივიწყეს [ისრაელებმა] ღმერთი, თავიანთი მხსნელი, დიდთა მოქმედი ეგვიპტეში. საოცრებანი ხამის ქვეყანაში, საშინელებანი მეწამულ ზღვაზე“ (ფსალმუნი 105:21, 22).

2. რა ცხადყოფს, რომ ღვთის ძლევამოსილი საქმეებისთვის მადლიერების გრძნობა ისრაელებს დიდხანს არ გაჰყოლიათ?

2 წითელი ზღვის გადაკვეთის შემდეგ ისრაელებს ‘შეეშინდათ უფლისა და ირწმუნეს უფალი’ (გამოსვლა 14:31). ისრაელი მამაკაცები შეუერთდნენ მოსეს იეჰოვას განსადიდებლად გამარჯვების სიმღერის შესრულებაში, რომელსაც მირიამი და სხვა ქალები დაფდაფებზე დაკვრითა და ცეკვით გამოეხმაურნენ (გამოსვლა 15:1, 20). დიახ, ღვთის ხალხზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იეჰოვას ძლევამოსილმა საქმეებმა. მაგრამ ამ საქმეების გამკეთებლის მიმართ მადლიერების გრძნობა მათ დიდხანს არ გაჰყოლიათ. ძალიან მალე მრავალი მათგანის მოქმედება ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს მეხსიერება დაკარგეს. ისინი მდრტვინავები გახდნენ და იეჰოვას უჩიოდნენ. ზოგი კეპრთაყვანისმცემლობამ და სქესობრივმა უზნეობამ გაიტაცა (რიცხვნი 14:27; 25:1—9).

რამ შეიძლება დაგვავიწყოს?

3. რა შეიძლება დაგვავიწყდეს არასრულყოფილების გამო?

3 ისრაელების მხრიდან გამოვლენილი უმადურობა, მართლაც რომ, დამაფიქრებელია. შეიძლება იგივე ჩვენც დაგვმართნოდა. მართალია, ჩვენ არ ვყოფილვართ ღვთის სასწაულების მოწმეები, მაგრამ ღმერთთან ურთიერთობისას ნამდვილად გვქონია ჩვენთვის დაუვიწყარი შემთხვევები. ზოგ ჩვენგანს შეიძლება ახსოვს, როდის მიიღო ბიბლიური ჭეშმარიტება. სხვა სასიხარულო შემთხვევებს შორის შეგვიძლია მოვიხსენიოთ ლოცვით იეჰოვასადმი თავის მიძღვნა და ჭეშმარიტ ქრისტიანად წყალში მონათვლა. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მრავალ ჩვენგანს უგრძვნია საკუთარ თავზე იეჰოვას მიერ გამოწვდილი დახმარების ხელი (ფსალმუნი 117:15). უპირველეს ყოვლისა, ღვთის ძის, იესო ქრისტეს, მსხვერპლად შეწირვით, ჩვენ მარადიული ხსნის იმედი მოგვეცა (იოანე 3:16). მიუხედავად ამისა, ჩვენი არასრულყოფილების გამო არასწორი სურვილებისა და ცხოვრებისეული საზრუნავის პირისპირ აღმოჩენისას შეიძლება ძალიან ადვილად დაგვავიწყდეს იეჰოვას მიერ ჩვენთვის გაკეთებული სიკეთე.

4, 5. ა) როგორ გვაფრთხილებს იაკობი იმ საშიშროებასთან დაკავშირებით, რომ არ ვიყოთ გულმავიწყი მსმენელები? ბ) როგორ შეგვიძლია იმ თვალსაჩინო მაგალითის გამოყენება, რომელიც იაკობმა ადამიანსა და სარკეს დაუკავშირა?

4 თავის წერილში იესოს ნახევარძმა, იაკობი, თანაქრისტიანებს იმ საშიშროებასთან დაკავშირებით აფრთხილებდა, რომ გულმავიწყი მსმენელები არ ყოფილიყვნენ. ის წერდა: „იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი თავის მოსატყუებლად. რადგან, თუ ვინმე ისმენს სიტყვას და არ ასრულებს, ჰგავს ადამიანს, რომელიც თავის ბუნებრივ სახეს სარკეში ათვალიერებს. შეხედა თავის თავს, წავიდა და მყისვე დაავიწყდა, როგორია იგი“ (იაკობი 1:22—24). რას გულისხმობდა ამით იაკობი?

5 დილით, ადგომის შემდეგ, ჩვეულებრივ, სარკეში ვიხედებით, თავი რომ მოვიწესრიგოთ. როდესაც სხვადასხვა საქმით ვართ გატაცებული და ყურადღება სხვა რამეზე გადაგვაქვს, აღარ ვფიქრობთ იმაზე, რაც სარკეში დავინახეთ. ეს შეიძლება სულიერი გაგებითაც დაგვემართოს. როდესაც ღვთის სიტყვაში ვიხედებით, შეგვიძლია ჩვენი ნამდვილი სახე შევადაროთ იმას, რასაც ღმერთი მოელის ჩვენგან. ამგვარად, ჩვენი სისუსტეების პირისპირ აღმოვჩნდებით. ამის ცოდნამ ჩვენი სულიერობის მოსაწესრიგებლად უნდა აღგვძრას. მაგრამ, როდესაც ყოველდღიური საქმეებით ვართ გატაცებული და პრობლემებს ვებრძვით, შეიძლება აღარც კი ვიფიქროთ სულიერ საკითხებზე (მათე 5:3; ლუკა 21:34). ეს იგივე იქნებოდა, რომ დაგვიწყებოდა ყველაფერი, რაც ღმერთმა სიყვარულით ჩვენს სასარგებლოდ გააკეთა. ეს თუ მოხდება, ადვილად დაგვჯაბნის ცოდვიანი მიდრეკილებები.

6. რომელი ბიბლიური მუხლების განხილვა დაგვეხმარება იმაში, რომ არასოდეს დავივიწყოთ იეჰოვას სიტყვა?

6 ღვთის შთაგონებით კორინთელთა მიმართ მიწერილ პირველ წერილში მოციქული პავლე მიუთითებს, რომ უდაბნოში ისრაელები გულმავიწყნი გახდნენ. პირველი საუკუნის ქრისტიანებივით, რომლებიც პავლეს სიტყვებს თავიანთ სასიკეთოდ იყენებდნენ, ჩვენც შეგვიძლია მათი წაკითხვით არასოდეს დავივიწყოთ იეჰოვას სიტყვა. ამიტომ, მოდი განვიხილოთ 1-ლი კორინთელთა 10:1—12.

წუთისოფლისეული გულისთქმების უარყოფა

7. იეჰოვას სიყვარულის რა უდავო მტკიცება იხილეს ისრაელებმა?

7 პავლეს მიერ ისრაელების შესახებ ნათქვამი სიტყვები ქრისტიანებისთვისაც გამაფრთხილებელია. კერძოდ, პავლე წერს: „არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ, რომ ჩვენი მამები ყველანი ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ გაიარა ზღვაში. და ყველანი მოინათლნენ მოსეს მიერ ღრუბელში და ზღვაში“ (1 კორინთელთა 10:1—4). მოსეს დროს ისრაელები ღვთის დიდებული ძალის გამოვლინების თვითმხილველები გახდნენ; ამ სასწაულებში შედიოდა ღვთის სასწაულებრივი ღრუბლის სვეტი, რომელიც გზას უჩვნებდა მათ დღის განმავლობაში და, რომელიც წითელი ზღვის გავლით გადარჩენაშიც დაეხმარა (გამოსვლა 13:21; 14:21, 22). დიახ, იმ ისრაელებმა თავიანთი თავის მიმართ იეჰოვას სიყვარულის უდავო მტკიცება იხილეს.

8. რა იყო ისრაელების მიერ გამოვლენილი სულიერი გულმავიწყობის შედეგი?

8 „მაგრამ, — განაგრძობს პავლე, — მათგან უმრავლესობა როდი მოიწონა ღმერთმა: ვინაიდან ისინი უდაბნოში დაეცნენ“ (1 კორინთელთა 10:5). რა სამწუხაროა! ეგვიპტიდან გამოსულ ისრაელთა უმეტესობამ თავი აღთქმულ ქვეყანაში შესვლის უღირსად გაიხადა. ურწმუნოების გამო ღმერთმა დაიწუნა ისინი და უდაბნოში დაიხოცნენ (ებრაელთა 3:16—19). რის სწავლა შეგვიძლია აქედან? პავლე ამბობს: „ეს კი ჩვენთვის ნიმუში იყო, რათა არ შევნატროდეთ ბოროტს, როგორც შენატროდნენ ისინი“ (1 კორინთელთა 10:6).

9. როგორ უზრუნველყო იეჰოვამ თავისი ხალხი, მაგრამ როგორი იყო ისრაელების რეაქცია?

9 ისრაელებს ბევრი მიზეზი ჰქონდათ იმისათვის, რომ უდაბნოში ყოფნისას ყოველთვის სულიერ საკითხებზე გაემახვილებინათ ყურადღება. მათ ღმერთთან კავშირი დადეს და მისადმი მიძღვნილი ერი გახდნენ. გარდა ამისა, მათ ჰყავდათ სამღვდელოება, თაყვანისმცემლობის ცენტრად ჰქონდათ კარავი და ყოველნაირად უზრუნველყოფილი იყვნენ იეჰოვასთვის მსხვერპლის შესაწირად. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ამ სულიერი ძღვენით გაეხარათ, ღვთის მნიშვნელოვანი ღონისძიებებით უკმაყოფილონი იყვნენ (რიცხვნი 11:4—6).

10. რატომ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის ღმერთი?

10 უდაბნოში მყოფი ისრაელებისგან განსხვავებით, იეჰოვას ხალხი დღეს ღვთის მოწონებით სარგებლობს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულს ყოველთვის გვახსოვდეს ღმერთი. ასე მოქმედება იმ ეგოისტური სურვილების უკუგდებაში დაგვეხმარება, რომლებმაც შეიძლება სულიერი ხედვა დაგვიბინდოს. მტკიცედ უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი: „უარვყოთ უღვთოება და ამქვეყნიური გულისთქმანი, და ვიცხოვროთ ამ წუთისოფელში აზრიანად, სიმართლით და ღვთისმოსაობით“ (ტიტე 2:12). ხოლო, ვისაც ბავშვობიდანვე გვაქვს ქრისტიანულ კრებასთან კავშირი, არასოდეს უნდა ვიფიქროთ, რომ რაღაც კარგს ვუშვებთ ხელიდან. თუ ოდესმე ასეთი აზრი მოგვივა, კარგი იქნებოდა, გაგვეხსენებინა იეჰოვა და მის მიერ აღთქმული სამომავლო კურთხევები (ებრაელთა 12:2, 3).

იეჰოვასადმი სრული მორჩილება

11, 12. როგორ შეიძლება ადამიანი ისე გაებას კერპთაყვანისმცემლობაში, რომ გამოსახულებებს არ სცემდეს თაყვანს?

11 პავლე კიდევ ერთ გაფრთხილებას გვაძლევს, როდესაც წერს: «არც კერპთაყვანისმცემლები იყოთ, როგორც ზოგიერთი მათგანი, როგორც წერია: „დასხდა ხალხი საჭმელ-სასმელად, და წამოდგნენ სათამაშოდ“» (1 კორინთელთა 10:7). პავლე აქ იმ შემთხვევაზე მიუთითებს, როდესაც ისრაელებმა აარონს ოქროს ხბო ჩამოასხმევინეს (გამოსვლა 32:1—4). თუმცა საეჭვოა, პირდაპირ კერპებს დავუწყოთ თაყვანისცემა, მაგრამ კერპთაყვანისმცემლები გამოვიდოდით, თუ ჩვენს ეგოისტურ სურვილებს იეჰოვასადმი სულითა და გულით თაყვანისცემაში ხელის შეშლის საშუალებას მივცემდით (კოლასელთა 3:5).

12 სხვა შემთხვევაში პავლე წერდა ზოგიერთის შესახებ, რომლებიც, ძირითადად, მატერიალურზე უფრო ზრუნავდნენ, ვიდრე სულიერზე. „ქრისტეს ჯვრის მტრების“ შესახებ ის წერდა: „მათი ბოლო დაღუპვაა, მათი ღმერთი — მუცელი“ (ფილიპელთა 3:18, 19). ეს ადამიანები სულაც არ ეთაყვანებოდნენ ხელთქმნილ გამოსახულებას. მათ ფიზიკური მოთხოვნილების დაკმაყოფილების სურვილი ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ყველა სურვილი ცუდი როდია. იეჰოვამ ისე შეგვქმნა, რომ გარკვეული მოთხოვნილებები და სხვადასხვა სიამოვნებით ტკბობის უნარი მოგვანიჭა. მაგრამ ისინი, ვინც სიამოვნებას ღმერთთან ურთიერთობაზე წინ აყენებს, მართლაც რომ, კერპთაყვანისმცემლები ხდებიან (2 ტიმოთე 3:1—5).

13. რის სწავლა შეგვიძლია ოქროს ხბოსთან დაკავშირებით მოცემული ცნობიდან?

13 ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ისრაელებმა თაყვანსაცემად ოქროს ხბო ჩამოასხეს. ამ ცნობაში კერპთაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული გაფრთხილების გარდა, სხვა მნიშვნელოვანი გაკვეთილიცაა მოცემული. ისრაელები არ დაემორჩილნენ იეჰოვას გასაგებ მითითებას (გამოსვლა 20:4—6). მაგრამ უარი არ უთქვამთ იეჰოვაზე, როგორც თავიანთ ღმერთზე. ისრაელებმა მსხვერპლი ხელთქმნილ ხბოს შესწირეს და ამ მოვლენას „საუფლო დღესასწაული“ უწოდეს. გარკვეულწილად, მათ თავი მოიტყუეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ ღმერთი ყურადღებას არ მიაქცევდა მათ ურჩობას. ამან იეჰოვა შეურაცხყო და მეტისმეტად განარისხა (გამოსვლა 32:5, 7—10; ფსალმუნი 105:19, 20).

14, 15. ა) რატომ არ ჰქონდა არავითარი გამართლება იმას, რომ ისრაელები გულმავიწყი მსმენელები გახდნენ? ბ) როგორი დამოკიდებულება გვექნება იეჰოვას მითითებებისადმი, თუ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, არ გავხდეთ გულმავიწყი მსმენელები?

14 ძალიან უჩვეულო იქნებოდა, იეჰოვას რომელიმე მოწმე ცრუ რელიგიის მიმდევრებს აჰყოლოდა. მაგრამ კრებაში ყოფნის დროსაც კი შეიძლება ვინმეს რაიმე სხვა სახით უკუეგდო იეჰოვას ხელმძღვანელობა. არავითარი გამართლება არ მოეძებნებოდა იმას, რომ ისრაელები გულმავიწყი მსმენელები გახდნენ. მათ მოისმინეს ათი აღთქმა და იქვე იყვნენ, როდესაც მოსემ ღვთის ბრძანება გადასცა: „ნუ გაიკეთებთ ვერცხლისა და ოქროს კერპებს“ (გამოსვლა 20:18, 19, 22, 23). მაგრამ ისრაელებმა ოქროს ხბოს სცეს თაყვანი.

15 ჩვენც ვერაფრით გავიმართლებდით თავს, თუ გულმავიწყი მსმენელები გავხდებოდით. საღვთო წერილში გვაქვს ღვთის მითითებები, რომლებიც ცხოვრების მრავალ სფეროს ეხება. მაგალითად, იეჰოვას სიტყვა განსაკუთრებით კიცხავს ვალის გადაუხდელობის ჩვევას (ფსალმუნი 36:21). ბიბლია ბავშვებს მიუთითებს, დაემორჩილონ მშობლებს, მამებისგან კი მოითხოვება, რომ შვილები „უფლის მოძღვრებით“ აღზარდონ (ეფესელთა 6:1—4). დაუქორწინებელ ქრისტიანებს ეძლევათ დარიგება, დაქორწინდნენ „მხოლოდ უფალში“ (აქ), ხოლო ღმერთი თავის დაქორწინებულ მსახურებს ეუბნება: „ყველას ცოლ-ქმრობა იყოს პატიოსანი და სარეცელი — შეუბილწავი. მეძავებსა და მრუშებს კი ღმერთი განიკითხავს“ (1 კორინთელთა 7:39; ებრაელთა 13:4). თუ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, არ გავხდეთ გულმავიწყი მსმენელები, ძალიან სერიოზულად მოვეკიდებით ღვთისგან მოცემულ ამ და სხვა მითითებებს და მთლიანად შევასრულებთ მათ.

16. რა შედეგები მოჰყვა ოქროს ხბოსადმი თაყვანისცემას?

16 იეჰოვასთვის მიუღებელი იყო ის, რომ ისრაელები ცდილობდნენ, მისთვის თავიანთი შეხედულებისამებრ ეცათ თაყვანი. 3 000 ისრაელი დაიღუპა იმის გამო, რომ, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ოქროს ხბოსადმი თაყვანისმცემის წამოწყებაში. სხვა არასწორად მოქმედნიც დასაჯა იეჰოვამ (გამოსვლა 32:28, 35). რა კარგი გაკვეთილია ეს მათთვის, ვინც კითხულობს ღვთის სიტყვას, მაგრამ თაყვანისცემის საკითხში საკუთარი თვალსაზრისისამებრ იქცევიან!

„გაექეცით სიძვას“

17. რა შემთხვევაზე მიუთითებდა 1-ლი კორინთელთა 10:8?

17 ერთ-ერთი სფეროს შესახებ, რომელშიც ხორციელმა სურვილებმა შეიძლება სულიერი გულმავიწყობა გამოიწვიოს, პავლე ამბობს: „ნურც ვიმეძავებთ, როგორც ზოგიერთი მათგანი მეძავობდა, და ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი დაეცა“ (1 კორინთელთა 10:8). აქ პავლე მიუთითებს შემთხვევაზე, რომელიც მოაბის ველზე უდაბნოში ისრაელების 40-წლიანი ხეტიალის ბოლოს მოხდა. იეჰოვა ის-ის იყო დაეხმარა თავის ხალხს იორდანეს აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებზე გამარჯვებაში, მაგრამ ისრაელები გულმავიწყები და უმადურები აღმოჩნდნენ. აღთქმული ქვეყნის საზღვარზე ისინი სექსუალურ უზნეობასა და ბაალ-ფეღორისადმი უწმინდურ თაყვანისმცემლობას მიეცნენ. დაახლოებით 24 000 განადგურდა; ამათგან 1 000 ამ უკეთურების წამომწყები იყო (რიცხვნი 25:9).

18. როგორი საქციელია სქესობრივი უზნეობის ჩადენამდე მიმყვანი?

18 დღეს იეჰოვას ხალხი მაღალზნეობრივი ნორმების დაცვით არის ცნობილი. მაგრამ სქესობრივი უზნეობის ცდუნების წინაშე აღმოჩენისას ზოგ ქრისტიანს არც კი უფიქრია ღმერთსა და მის პრინციპებზე. ისინი გულმავიწყი მსმენელები გახდნენ. თავიდან შეიძლება ცდუნებაში მრუშობა არ შედიოდეს. შესაძლოა, ჯერ ადამიანი პორნოგრაფიის ყურებამ გაიტაცოს, შემდეგ უხამსმა ხუმრობამ ან ფლირტმა, ან ზნეობრივად სუსტ ადამიანებთან ძალიან ახლო ურთიერობა დაიწყოს. ყოველივე ამან ზოგი ქრისტიანი ცოდვის ჩადენამდე მიიყვანა (1 კორინთელთა 15:33; იაკობი 4:4).

19. რომელი ბიბლიური რჩევა გვეხმარება ‘სიძვისგან გაქცევაში’?

19 უზნეობის ჩადენის ცდუნების წინაშე თუ აღმოვჩნდით, არ უნდა შევწყვიტოთ იეჰოვაზე ფიქრი. პირიქით, ყური უნდა ვუგდოთ მის სიტყვაში ჩაწერილ შეხსენებებს (ფსალმუნი 118:1, 2). როგორც ქრისტიანები, ჩვენ შორის უმეტესობა ყოველ ღონეს ხმარობს ზნეობრივი სისუფთავის შესანარჩუნებლად, მაგრამ იმის კეთება, რაც ღვთის თვალში სწორია, გამუდმებულ ძალისხმევას საჭიროებს (1 კორინთელთა 9:27). პავლე რომაელ ქრისტიანებს სწერდა: „თქვენი მორჩილება ყველასათვის ცნობილია. ამიტომ მოხარული ვარ თქვენს გამო, მაგრამ მინდა, რომ ბრძენნი იყოთ სიკეთისათვის და უბრალონი ბოროტისათვის“ (რომაელთა 16:19). როგორც 24 000 ისრაელი დაისაჯა ცოდვებისთვის, ისე მეძავებსა და მათ დაატყდებათ იეჰოვას მსჯავრი, ვინც სხვაგვარად მოქმედებს არასწორად (ეფესელთა 5:3—6). ნაცვლად იმისა, რომ გულმავიწყი მსმენელები გავხდეთ, კვლავაც უნდა ‘გავექცეთ სიძვას’ (1 კორინთელთა 6:18).

ყოველთვის დააფასეთ იეჰოვას ღონისძიებები

20. როგორ გამოსცადეს ისრაელებმა იეჰოვა და რა შედეგი მოჰყვა ამას?

20 ქრისტიანების დიდი უმრავლესობა არასოდეს სჩადის სქესობრივ უზნეობას. მაგრამ საჭიროა, ფრთხილად ვიყოთ და არასოდეს დავუშვათ ჩვენში ისეთი სულის განვითარება, რაც გამუდმებულ დრტვინვამდე მიგვიყვანდა. ეს ღმერთს არ მოეწონებოდა. პავლე გვაფრთხილებს: „ნურც გამოვცდით უფალს, როგორც ზოგიერთმა მათგანმა [ისრაელმა] გამოსცადა, და ისინი გველებისაგან დაიღუპნენ. არც იდრტვინოთ, როგორც ზოგიერთი მათგანი დრტვინავდა, და დაიღუპნენ მომსრველისაგან“ (1 კორინთელთა 10:9, 10). ისრაელები დრტვინავდნენ მოსესა და აარონის წინააღმდეგ — დიახ, თვით ღვთის წინააღმდეგაც კი — რადგან სასწაულებრივად მოცემულ მანანაზე ჩიოდნენ (რიცხვნი 17:6; 21:5). იყო იეჰოვა მათი დრტვინვით ნაკლებად ნაწყენი, ვიდრე მეძაობით? ბიბლიური ცნობა გვიჩვენებს, რომ მრავალი მდრტვინავი გველების მიერ დაგესვლის შედეგად დაიხოცა (რიცხვნი 21:6). უფრო ადრე კი 14 700-ზე მეტი მოჯანყე მდრტვინავი განადგურდა (რიცხვნი 17:14). ამიტომ, დაე ნუ გამოვცდით იეჰოვას მოთმინებას, მისი ღონისძიებების მიმართ უპატივცემულობის გამოვლენით.

21. ა) რა მოწოდების ჩასაწერად იყო პავლე ღვთის მიერ შთაგონებული? ბ) იაკობის 1:25-ის თანახმად, როგორ შეგვიძლია ჭეშმარიტად ბედნიერები ვიყოთ?

21 თანაქრისტიანებისადმი მიწერილ წერილში პავლე გაფრთხილებებს შემდეგი მოწოდებით ამთავრებს: „ყოველივე ეს მათ დაემართათ სანიმუშოდ და აღწერილია ჩვენს დასარიგებლად, რომლებმაც მივაღწიეთ წუთისოფლის აღსასრულს. ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ დგას, იფრთხილოს, რომ არ წაიქცეს“ (1 კორინთელთა 10:11, 12). ისრაელებივით, ჩვენც მრავალი კურთხევა გვაქვს იეჰოვასგან მიღებული. მაგრამ, მათგან განსხვავებით, დაე არასოდეს დავივიწყოთ და არასოდეს გამოვავლინოთ უმადურობა იმ ღონისძიებებისადმი, რასაც იეჰოვა ჩვენთვის აწყობს. როდესაც ცხოვრებისეული საზრუნავი დაგვამძიმებს, ვიფიქროთ ღვთის სიტყვაში მოცემულ შესანიშნავ აღთქმებზე. დაე გვახსოვდეს იეჰოვასთან ძვირფასი ურთიერთობა და განვაგრძოთ სამეფოს შესახებ ქადაგება; ეს საქმე ხომ ღმერთმა მოგვანდო (მათე 24:14; 28:19, 20). ასე მოქმედება ჭეშმარიტ ბედნიერებას მოგვიტანს, რადგან საღვთო წერილი აღგვითქვამს: „ვინც ჩაუკვირდება სრულყოფილ რჯულს თავისუფლებისას და ასე განაგრძობს, მომსმენი და დამვიწყებელი კი აღარაა, არამედ საქმის მოქმედი. კურთხეული იქნება იგი თავის მოქმედებაში“ (იაკობი 1:25).

როგორ უპასუხებდით?

• რამ შეიძლება გულმავიწყი მსმენელები გაგვხადოს?

• რატომ არის ღვთისადმი სრული მორჩილება აუცილებელი?

• როგორ შეგვიძლია, ‘გავექცეთ სიძვას’?

• როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება იეჰოვას ღონისძიებების მიმართ?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 15 გვერდზე]

ისრაელებმა დაივიწყეს იეჰოვას მიერ მათ სასარგებლოდ გაკეთებული ძლევამოსილი საქმეები.

[სურათი 16 გვერდზე]

იეჰოვას ხალხს მაღალი ზნეობრივი ნორმების შენარჩუნება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.