არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ფული ან სული?

ფული ან სული?

ფული ან სული?

„ფული ან სული!“ — შეიძლება გსმენიათ მოთხოვნა მძარცველებისგან, რომლებიც თავიანთ მსხვერპლს იარაღს უტრიალებენ ცხვირწინ. დღეს ეს საკმაოდ კარგად ცნობილი მოთხოვნა იმ რთულ დილემაში ისახება, რომლის წინაშეც თითოეული ჩვენგანი და განსაკუთრებით ისინი დგანან, რომლებიც მდიდარ ქვეყნებში ცხოვრობენ. მაგრამ ამ შემთხვევაში მოთხოვნას მძარცველი კი არ გვიყენებს, არამედ ის მზარდი ყურადღება, რომელსაც საზოგადოება დღეს ფულსა და მატერიალურ კეთილდღეობას აპყრობს.

მატერიალურ კეთილდღეობაზე ყურადღების ასე გამახვილება ახალ საფიქრალსა და საზრუნავს წარმოშობს. და რა ფასად უნდა დაგვიჯდეს ფულისა თუ მატერიალური ნივთების შოვნაზე გადაყოლა? შეგვეძლო შედარებით ნაკლები მატერიალური ქონებით დავკმაყოფილებულიყავით? ნამდვილად სწირავს ხალხი „ჭეშმარიტ სიცოცხლეს“ მატერიალიზმს? შეიძლება თუ არა ფულით ბედნიერების ყიდვა?

ფულის შოვნის მანია

ადამიანურ სურვილებსა და მისწრაფებებს შორის — იქნება ეს კანონიერად თუ სხვაგვარად დაკმაყოფილებული — ფულის სიყვარული პირველ ადგილს იკავებს. სექსუალური და ჭამის სურვილისგან განსხვავებით, ფულის შოვნის მანია გამუდმებით, გაუთავებლად შეიძლება ჰქონდეს ადამიანს. ხანდაზმულობა მას ვერ აქარვებს. უმეტეს შემთხვევაში, ასაკში შესვლა უფრო უღვივებს ადამიანს ფულისადმი ინტერესსა და ნივთების შეძენის სურვილს.

სიხარბე, როგორც ჩანს, უფრო და უფრო იკრებს ძალებს. ერთი პოპულარული ფილმის მთავარმა გმირმა თქვა: „სიხარბეს კარგი შედეგი მოაქვს. ის სასარგებლოა“. თუმცა მრავალმა აღნიშნა, რომ XX საუკუნის 80-იანი წლები სიხარბის ხანა იყო, მაგრამ ამ პერიოდამდე და მის შემდეგ მომხდარი მოვლენები ცხადყოფს, რომ ფულისადმი დამოკიდებულების მხრივ ადამიანები წლების განმავლობაში დიდად არ შეცვლილან.

ახალი, ალბათ, ის არის, რომ ძალიან ბევრს აქვს შესაძლებლობა, მაშინვე დაიკმაყოფილონ უფრო და უფრო მეტი ქონების დაგროვების სურვილი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა თავისი დროისა და ენერგიის უდიდეს ნაწილს მატერიალური სიმდიდრის დაგროვებასა და მოხმარებისთვის იყენებს. შეიძლება თქვენც იმ აზრისა ხართ, რომ დღეს ქონებისა და ყოველდღიური ხარჯებისთვის განკუთვნილი ფულის მოსაპოვებლად ყოველ ღონეს ხმარობენ და ხშირად ამაში საოცარ უნარიანობას ავლენენ.

მაგრამ, შედეგად, არის ხალხი უფრო ბედნიერი? ამ კითხვაზე პასუხი დაახლოებით 3 000 წლის წინათ ერთმა ძალიან მდიდარმა მეფე სოლომონმა დაწერა: „ბევრ დოვლათს ბევრი მჭამელი ჰყავს; რაღა დარჩება პატრონს მისას? მხოლოდ ყურება“ (ეკლესიასტე 5:10). თანამედროვე სოციოლოგებიც მსგავს საინტერესო დასკვნებს გვთავაზობენ.

ფული და ბედნიერება

მიღებული მონაცემებიდან ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ფაქტი ის გახლავთ, რომ ფულისა და მატერიალური ქონების დაგროვება, შესაბამისად, სულაც არ ზრდის კმაყოფილებისა და ბედნიერების გრძნობას. მრავალი სწავლული მივიდა იმ დასკვნამდე, რომ, როგორც კი ადამიანი სიმდიდრის გარკვეულ ზღვარს მიაღწევს, მისი ბედნიერება და კმაყოფილების გრძნობა სულაც არ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა მატერიალურ სიმდიდრეს ფლობს ის.

ამგვარად, მატერიალური სიმდიდრისა და ფულის გამალებული დაგროვება ბევრს შემდეგ საფიქრალს უჩენს: „თითქოს გვიხარია ყოველი ახალი ნივთის შეძენა, მაგრამ რატომ არის, რომ გარკვეული დროის შემდეგ ეს სიამოვნება სრულიადაც არ ხდის ჩვენს ცხოვრებას უფრო ბედნიერს?“

თავის წიგნში, „ბედნიერი ხალხი“, ავტორი ჯონათან ფრიდმენი აღნიშნავს: „როგორც კი გარკვეული მინიმალური შემოსავლის მიღებას მიაღწევ, ფულის ამ რაოდენობის ფლობას უკვე ნაკლებად მოაქვს ბედნიერება. როდესაც ადამიანის შემოსავალი საარსებო მინიმუმს სცდება, შემოსავალსა და ბედნიერებას შორის კავშირი მნიშვნელოვნად მცირეა“. მრავალი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ადამიანის ბედნიერებაში დიდი წვლილი სულიერად აქტიურ ცხოვრებას, ღირებულ მიზნებსა და ზნეობრივ ფასეულობებს შეაქვს. აგრეთვე მნიშვნელოვანია სხვებთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება და თავიდან არიდება კონფლიქტების ან დაძაბულობებისა, რომლებიც სიხარულს დაგვაკარგვინებდა.

მრავალი ადამიანის აზრით, თანამედროვე სოციალურ პრობლემათაგან უმეტესობის მიზეზი ის გახლავთ, რომ ხალხი შინაგანი პრობლემების მატერიალური კეთილდღეობით გადაჭრას ცდილობს. ზოგი სოციოლოგი აღნიშნავს საყოველთაო პესიმიზმისა და უკმაყოფილების არსებობას. მათ აგრეთვე შენიშნეს ტენდენცია, რომ მდიდართა ფენის წარმომადგენლები კონსულტაციისთვის ფსიქიატრებს მიმართავენ ან ცხოვრების აზრისა და შინაგანი ჰარმონიის საპოვნელად გურუსთან, კულტებთან და ვითომ მკურნალებთან მიდიან. ეს კი იმის დამადასტურებელია, რომ მატერიალური ქონება ცხოვრებას ნამდვილ აზრს ვერ სძენს.

ფულის ძლიერება და უძლურება

მართალია, ფულს ძალა აქვს. ფულით შესაძლებელია მშვენიერი სახლის, ელეგანტური ტანსაცმლისა და საუცხოო ავეჯის შეძენა. ფულით შეიძლება სხვებისგან პირფერული დამოკიდებულება, ვიღაცის მხრიდან დათმობაზე წასვლა და დროებით რამდენიმე თავაზიანი მეგობარიც კი შეიძინოს კაცმა. მაგრამ ფულის ძლიერება მანამ გრძელდება, სანამ გაქვს. ის კი, რაც ყველაფერზე მეტად გვჭირდება — ჭეშმარიტი მეგობრების სიყვარული, სულის სიმშვიდე და სიკვდილის პირას ყოფნისას ერთი ბეწო გულითადი ნუგეში მაინც — შეუძლებელია ფულით ვიყიდოთ. ისინი, რომლებიც ძალიან აფასებენ შემოქმედთან ახლო ურთიერთობას, ფულით ღვთის მოწონებას ვერ იყიდიან.

მეფე სოლომონმა, რომელსაც ჰქონდა ყველაფერი, რის ყიდვაც მის დროს იყო შესაძლებელი, აღიარა, რომ ქონებაზე დანდობა ადამიანს ხანგრძლივ ბედნიერებას ვერ მოუტანდა (ეკლესიასტე 5:12—15). ფული შეიძლება ადამიანმა ბანკის გაკოტრების ან ინფლაციის შედეგად დაკარგოს. უძრავი ქონება შეიძლება ძლიერმა ქარიშხალმა მიწასთან გაასწოროს. თუმცა სადაზღვევო პოლისებით შესაძლებელია მატერიალური დანაკარგის ნაწილობრივ დაბრუნება, მაგრამ ის ემოციურ დანაკლისს ვერ აანაზღაურებს. უეცარი ეკონიმიკური კრახის შედეგად აქციები და ობლიგაციები შეიძლება გაუფასურდეს. მაღალანაზღაურებადი სამუშაოც კი, შესაძლებელია, დღეს გქონდეთ, ხვალ კი ხელიდან გამოგეცალოთ.

მაშ, როგორღა უნდა ვიქონიოთ გაწონასწორებული თვალსაზრისი ფულზე? რა როლს უნდა ასრულებდეს ფული და ქონება ჩვენს ცხოვრებაში? გთხოვთ განაგრძოთ ამ საკითხის კვლევა, რათა დაინახოთ, თუ როგორ შეიძლება დაეუფლოთ იმას, რაც ნამდვილად ფასეულია — „ჭეშმარიტ სიცოცხლეს“.

[სურათები 4 გვერდზე]

მატერიალურ სიმდიდრეს ხანგრძლივი ბედნიერება არ მოაქვს.