არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაიზიარეთ გაცემის სიხარული!

გაიზიარეთ გაცემის სიხარული!

გაიზიარეთ გაცემის სიხარული!

„გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“ (საქმეები 20:35).

1. როგორ ავლენს იეჰოვა გაცემით გამოწვეულ სიხარულს?

 ჭეშმარიტების ცოდნითა და ამის შედეგად მიღებული კურთხევებით გამოწვეული სიხარული ღვთისგან ბოძებული ძვირფასი საჩუქარია. ადამიანებს, რომლებიც იეჰოვას გაეცნენ, სიხარულისთვის მრავალი მიზეზი აქვთ. მაგრამ გარდა იმისა, რომ არსებობს ძღვენის მიღების შედეგად გამოწვეული სიხარული, არის გაცემით გამოწვეულიც. იეჰოვა ‘ყველა კეთილი საბოძვარის’ გამცემი და, ამასთანავე, ‘კურთხეული [„ბედნიერი“, აქ] ღმერთია’ (იაკობი 1:17; 1 ტიმოთე 1:11). ის ჯანსაღი სწავლებით მოძღვრავს ყველას, ვინც უსმენს, და შემსწავლელთა მიერ გამოვლენილი მორჩილება ისეთივე სიამოვნებას ანიჭებს, როგორც მამას — სიყვარულით აღსავსე დარიგებაზე შვილების დადებითი გამოხმაურება (იგავნი 27:11).

2. ა) რა თქვა იესომ გაცემის შესახებ? ბ) რა ბედნიერებას გვანიჭებს სხვებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლება?

2 მსგავსად ამისა, დედამიწაზე ყოფნისას, იესოს ბედნიერებას ანიჭებდა იმის დანახვა, რომ ადამიანები დადებითად ეხმაურებოდნენ მის სწავლებას. მოციქულ პავლეს მოჰყავს იესოს სიტყვები: „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“ (საქმეები 20:35). ბედნიერება, რომელსაც სხვებისთვის ბიბლიის სწავლება გვანიჭებს, მხოლოდ იმით გამოწვეული კმაყოფილება როდია, რომ ვიღაც იზიარებს ჩვენს რელიგიურ მრწამსს. არა, ის ბევრად მეტია — ის არის სიხარული, რომელსაც იმის ცოდნა იწვევს, რომ რაღაც ჭეშმარიტსა და მარადიული ფასეულობის მქონეს გავცემთ. სულიერი ფასეულობის გაცემით შეგვიძლია ადამიანებს დავეხმაროთ; ეს მათ სარგებლობას მოუტანს ახლაც და მომავალშიც (1 ტიმოთე 4:8).

გაცემას სიხარული მოაქვს

3. ა) როგორ გამოხატეს სხვებისთვის სულიერი დახმარების აღმოჩენით გამოწვეული სიხარული პავლე და იოანე მოციქულებმა? ბ) რატომ არის შვილებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების გადაცემა სიყვარულის გამოვლინება?

3 დიახ, როგორც იეჰოვასა და იესოსთვის მოაქვს სულიერი ძღვნის სხვებისთვის მიცემას სიხარული, ასევეა ქრისტიანებისთვისაც. მოციქულ პავლეს ახარებდა იმის ცოდნა, რომ სხვებს ღვთის სიტყვის ჭეშმარიტების სწავლაში ეხმარებოდა. თესალონიკელთა კრებას ის სწერდა: „რა არის ჩვენი იმედი, ან ჩვენი სიხარული, ან ჩვენი კვეხნის გვირგვინი? თუ არა თქვენ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წინაშე მისი მოსვლისას? ვინაიდან თქვენა ხართ ჩვენი დიდება და სიხარული“ (1 თესალონიკელთა 2:19, 20). ამგვარად მიმართავდა მოციქული იოანეც თავის სულიერ შვილებს: „არ არის ჩემთვის იმაზე მეტი სიხარული, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებით დადიან“ (3 იოანე 4). დაფიქრდით იმ სიხარულზეც, რომელსაც საკუთარი შვილების სულიერ შვილებად გახდომა გვანიჭებს! შვილების „უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ აღზრდა მშობლების მხრიდან სიყვარულის გამოვლენაა (ეფესელთა 6:4). ამგვარად, მშობლები ცხადყოფენ, რომ საკუთარი შვილების მარადიულ კეთილდღეობაზე ზრუნავენ. როდესაც შვილები ამას ეხმაურებიან, მშობლები დიდ სიხარულსა და კმაყოფილებას გრძნობენ.

4. რა შემთხვევა ცხადყოფს სულიერი გაცემის სიხარულს?

4 დელი სრული დროით მსახური პიონერი და ხუთი შვილის დედაა. ის ამბობს: „ძალიან კარგად მესმის იოანე მოციქულის, რადგან მეც უაღრესად მადლიერი ვარ იმის გამო, რომ ჩემი ოთხი შვილი ‘ჭეშმარიტებით დადის’. ვიცი, რომ იეჰოვასთვის პატივი და დიდება მოაქვს ოჯახებს, რომლებიც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობით არიან გაერთიანებული; ამიტომაც დიდ კმაყოფილებას მანიჭებს იმის დანახვა, რომ შვილებში ჭეშმარიტების ჩასანერგად გამოვლენილ ჩემს მცდელობას იეჰოვას კურთხევები მოსდევს. სამოთხეში ოჯახთან ერთად მარადიულად ცხოვრების შესანიშნავი პერსპექტივა იმედით მავსებს და, გაჭირვებებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, აღმძრავს, რომ ამტანი ვიყო“. სამწუხაროდ, დელის ქალიშვილებიდან ერთ-ერთი არაქრისტიანული საქციელის გამო კრებიდან გარიცხულია. და მაინც, დელი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დადებითი აზროვნება შეინარჩუნოს. „იმედი მაქვს, ერთ მშვენიერ დღეს, ჩემი გოგო თავმდაბლად და გულწრფელად შემობრუნდება იეჰოვასკენ, — ამბობს ის, — მაგრამ მადლობელი ვარ ღვთისა იმისათვის, რომ ჩემი შვილების უმეტესობა მისთვის ერთგულად მსახურებას განაგრძობს. სიხარული, რომელსაც ვგრძნობ, ნამდვილად მაძლიერებს“ (ნეემია 8:10).

მარადიული მეგობრების შეძენა

5. რის ცოდნა გვგვრის კმაყოფილებას, როდესაც მოწაფეების მომზადების საქმიანობით ვართ დაკავებული?

5 იესომ თავის მიმდევრებს უთხრა, ქრისტიან მოწაფეებად გაეხადათ ხალხი და ესწავლებინათ მათთვის იეჰოვას და მისი მოთხოვნების შესახებ (მათე 28:19, 20). იეჰოვა და იესო უანგაროდ ეხმარებოდნენ ხალხს ჭეშმარიტების გზის სწავლაში. ასე რომ, როდესაც მოწაფეების მომზადების საქმიანობით ვართ დაკავებული, ადრინდელი ქრისტიანების მსგავსად, ჩვენც კმაყოფილებას გვანიჭებს იმის ცოდნა, რომ ამით იეჰოვასა და იესოს ვბაძავთ (1 კორინთელთა 11:1). ყოვლისშემძლე ღმერთთან და მის საყვარელ ძესთან ამგვარად თანამშრომლობით ჩვენი ცხოვრება ნამდვილ აზრს იძენს. რამხელა კურთხევაა ‘ღვთის თანამშრომელთა’ რიგებში ყოფნა! (1 კორინთელთა 3:9). განა აღმაფრთოვანებელი არ არის იმის ცოდნა, რომ ანგელოზებიც კი იღებენ კეთილი ცნობის ქადაგებაში მონაწილეობას? (გამოცხადება 14:6, 7).

6. ვინ ხდებიან ჩვენი მეგობრები იმის შედეგად, რომ სულიერ გაცემაში ვიღებთ მონაწილეობას?

6 ფაქტობრივად, სულიერი გაცემის ამ საქმიანობაში მონაწილეობით ჩვენ ღვთის მხოლოდ თანამშრომელნი კი არ ვხდებით, არამედ შეგვიძლია მისი მარადიული მეგობრებიც გავხდეთ. თავისი რწმენის გამო ეწოდა აბრაამს იეჰოვას მეგობარი (იაკობი 2:23). ვინაიდან ღვთის ნების შესრულებას ვცდილობთ, ჩვენც შეგვიძლია გავხდეთ მისი მეგობრები. ასე მოქმედებით იესოს მეგობრებიც გავხდებით. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „[მე] მეგობრები გიწოდეთ, რადგან ყველაფერი გამცნეთ, რაც მამაჩემისგან მსმენია“ (იოანე 15:15). მრავალს ახარებს ის, რომ გავლენიანი პიროვნება ან მაღალი თანამდებობის პირი მეგობრად მიიჩნევს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მთელ სამყაროში ორი უდიდესი პიროვნების მეგობრებად ჩავითვალოთ!

7. ა) როგორ შეიძინა ერთმა ქალმა ნამდვილი მეგობარი? ბ) გამოგიცდიათ თუ არა თქვენც მსგავსი რამ?

7 გარდა ამისა, როდესაც ადამიანებს ღვთის გაცნობაში ვეხმარებით, ისინიც ჩვენი მეგობრები ხდებიან, რაც განსაკუთრებულ ბედნიერებას გვანიჭებს. შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ჯოანმა ერთ ქალთან, თელმასთან, ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, თელმამ სწავლა მაინც განაგრძო და მომდევნო წელს მოინათლა. ჯოანა წერდა: „ჩვენი ურთიერთობა ამით არ დამთავრებულა; პირიქით, მეგობრობაში გადაიზარდა და ახლა უკვე დაახლოებით 35 წელია, რაც გრძელდება. ჩვენ ხშირად დავდიოდით ერთად მსახურებასა და კონგრესებზე. ბოლოს მე საცხოვრებლად 800 კილომეტრით შორს გადავედი. მაგრამ თელმა განაგრძობს უდიდესი სიყვარულით აღსავსე გულთბილი წერილების წერას; მიყვება, რომ სიყვარულით ფიქრობს ჩემზე და მადლობას მიხდის მეგობრობისთვის, კარგი მაგალითისა და ბიბლიიდან ჭეშმარიტებების სწავლებისთვის. ასეთი ახლო და ძვირფასი მეგობრის ყოლა შესანიშნავი ჯილდოა იმ დახმარებისთვის, რომელიც მას იეჰოვას გასაცნობად გავუწიე“.

8. რა დადებითი აზროვნება დაგვეხმარება მსახურებისას?

8 ჭეშმარიტების შესწავლის მსურველის პოვნის იმედი ამტანობის შენარჩუნებაში გვეხმარება მაშინაც კი, როდესაც ადამიანები, რომლებსაც ვუქადაგებთ, მცირე, ან საერთოდ არანაირ ინტერესს არ ამჟღავნებენ იეჰოვას სიტყვის მიმართ. მათი მხრიდან ასეთი გულგრილობა ჩვენს რწმენასა და ამტანობას საფრთხეს უქმნის. მაგრამ დადებითი აზროვნება დაგვეხმარება. გვატემალელმა ფაუსტომ თქვა: „როდესაც ვქადაგებ, იმაზე ვფიქრობ, რა კარგი იქნებოდა, ის ადამიანი, რომელსაც ველაპარაკები, ჩვენი სულიერი ძმა ან და გამხდარიყო. ვფიქრობ, რომ, სულ მცირე, ერთი ადამიანი მაინც გაითავისებს ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებას. ეს მეხმარება, განვაგრძო ქადაგება და ნამდვილად გავიხარო“.

ზეცაში განძის დაუნჯება

9. რა თქვა იესომ ზეცაში განძის დაუნჯების შესახებ და რის სწავლა შეგვიძლია აქედან?

9 ხალხის მოწაფეებად გახდომა, იქნებიან ესენი ჩვენი შვილები თუ სხვები, ყოველთვის ადვილი არ არის. მას დრო, მოთმინება და სიმტკიცე სჭირდება. მაგრამ გახსოვდეთ, რომ მრავალი მზად არის, დღე და ღამე გაასწოროს მუშაობაში, ოღონდ დიდძალი მატერიალური სიმდიდრე დაიგროვოს, რომელსაც, ჩვეულებრივ, მათთვის სიხარული არ მოაქვს და რომელიც მარადიულად ვერ იარსებებს. იესომ კი თავის მსმენელებს უთხრა, რომ უკეთესი იყო სულიერ სიმდიდრეზე ზრუნვა. მან თქვა: „ნუ დაიუნჯებთ დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ. დაიუნჯეთ ცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ“ (მათე 6:19, 20). სულიერი მიზნების განხორციელებაზე ზრუნვით — რომელშიც ხალხის მოწაფეებად გახდომის მნიშვნელოვან საქმიანობაში მონაწილეობაც შედის — ჩვენ შეგვიძლია კმაყოფილება ვპოვოთ, რადგან გვეცოდინება, რომ ღვთის ნებას ვასრულებთ და ის დაგვაჯილდოებს. მოციქული პავლე წერდა: „ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის“ (ებრაელთა 6:10).

10. ა) რატომ დააგროვა იესომ სულიერი განძი? ბ) როგორ გაიღო იესომ საკუთარი თავი და რა დიდი სარგებლობა მოუტანა ამან სხვებს?

10 თუ ხალხის მოწაფეებად გახდომის მიზნით გულმოდგინედ ვშრომობთ, იესოს სიტყვების თანახმად, ‘ცაში ვიუნჯებთ’. ამას მიღებით გამოწვეული სიხარული მოაქვს. თუ უანგაროდ გავცემთ, ამით თავად ვმდიდრდებით. თავად იესო უთვალავი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას. დაფიქრდით იმ სიმდიდრეზე, რომელიც მან ზეცაში დააგროვა! მიუხედავად ამისა, იესო პირად სარგებელს არ ეძებდა. მოციქული პავლე წერდა: „[იესომ] თავისი თავი გადასცა ჩვენი ცოდვებისათვის, რათა ვეხსენით ახლანდელი ბოროტი წუთისოფლისაგან ჩვენი მამა ღმერთის ნება-სურვილით“ (გალატელთა 1:4). იესომ არა მარტო უანგაროდ მიუძღვნა საკუთარი თავი მსახურებას, არამედ თვით სიცოცხლე გაიღო გამოსასყიდ მსხვერპლად, რათა სხვებს ზეცაში დაუნჯების შესაძლებლობა ჰქონოდათ.

11. რატომ არის სულიერი საჩუქრები მატერიალურზე უკეთესი?

11 იმით, რომ ხალხს ღვთის შესახებ ვასწავლით, ვეხმარებით იმის დანახვაში, თუ როგორ შეუძლიათ თვითონაც დაიუნჯონ საუკუნო სულიერი განძი. განა შეგეძლოთ ამაზე დიდი საჩუქრის გაცემა? თუ მეგობარს ძვირად ღირებულ საათს, მანქანას ან სახლსაც კი აჩუქებთ, ის, ალბათ, დიდად მადლობელი და ბედნიერი იქნება, თქვენ კი გაცემა გაგახარებთ. მაგრამ რა მოუვა ამ საჩუქარს 20 წელიწადში? 200 წელიწადში? 2000 წელიწადში? მეორე მხრივ, თუ თქვენ საკუთარ თავს გაიღებთ იმისათვის, რომ ადამიანს იეჰოვასთვის მსახურებაში დაეხმაროთ, მას ამ საჩუქრით მარადიულად სარგებლობის საშუალებას მისცემთ.

ჭეშმარიტების პოვნის მსურველთა ძებნა

12. რა თავდადება გამოავლინა ბევრმა სხვებისთვის სულიერი დახმარების გასაწევად?

12 სულიერი გაცემით გამოწვეული სიხარულის სხვებისთვის გაზიარებაში იეჰოვას ხალხმა დედამიწა კიდით კიდემდე მოიარა. ათასობით ადამიანმა საკუთარი სახლები დატოვა და ოჯახებითურთ მისიონერებად წავიდნენ იმ ქვეყნებში, სადაც ახალი ენა და კულტურა უნდა აეთვისებინათ. სხვები თავიანთივე ქვეყანაში ისეთ ადგილებში გადავიდნენ, სადაც სამეფოს მაუწყებლებზე მეტი მოთხოვნილება იყო. სხვებმა კი უცხო ენა ისწავლეს და ახალი შესაძლებლობა გამონახეს — თავიანთივე საცხოვრებელ ადგილას იმიგრანტებთან ქადაგებდნენ. მაგალითად, ორი შვილის გაზრდის შემდეგ, რომლებიც ახლა იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოში მსახურობენ, ერთმა ნიუ-ჯერსელმა (აშშ) ცოლ-ქმარმა პიონერობა დაიწყო და ჩინური ისწავლა. დაახლოებით სამ-ნახევარი წლის განმავლობაში მათ 74 შესწავლა ჩაატარეს ჩინურ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებთან, რომლებიც იქვე მდებარე კოლეჯში დადიოდნენ. შეგიძლიათ თუ არა რამენაირად თქვენი მსახურების გაფართოება იმ მიზნით, რომ მეტი სიხარული მოგიტანოთ ხალხის მოწაფეებად გახდომის საქმიანობამ?

13. რის გაკეთება შეგიძლიათ, თუ მსახურებაში მეტი წარმატების მიღწევა გსურთ?

13 შეიძლება თქვენ ძალიან გინდათ ბიბლიის შესწავლის ჩატარება, მაგრამ ამის შესაძლებლობა არა გაქვთ. ზოგ ქვეყანაში ძნელია დაინტერესებული ადამიანების პოვნა. შესაძლოა, ადამიანები, რომლებსაც თქვენ ხვდებით, არავითარ ინტერესს არ ავლენენ ბიბლიის მიმართ. თუ ასეა, მაშინ შეგიძლიათ თქვენი სურვილი შედარებით ხშირად გამოხატოთ ლოცვაში, რადგან მოგეხსენებათ, რომ იეჰოვა და იესო ქრისტე ძალიან არიან ამ საქმიანობით დაინტერესებული და შეუძლიათ ცხვრისმაგვარი ხალხისკენ წაგიძღვეთ. სთხოვეთ რჩევა თქვენს კრებაში მათ, ვინც უფრო გამოცდილი და წარმატებულია მსახურებაში. გამოიყენეთ რჩევები, რომლებსაც ქრისტიანული კრების შეხვედრებზე იძლევიან. ისარგებლეთ მიმომსვლელი ზედამხედველისა და მისი მეუღლის რჩევებით. და, რაც მთავარია, ხელებს ნურასოდეს ჩამოყრით. ერთი ბრძენი კაცი წერდა: „დილით თესე შენი თესლი და მწუხრისას ნუ დაისვენებს შენი ხელი; რადგან არ იცი, რომელი უფრო სასიკეთოა“ (ეკლესიასტე 11:6). გაიხსენეთ ისეთი ერთგული მამაკაცები, როგორებიც იყვნენ ნოე და იერემია. თუმცა მათ ქადაგებას ძალიან ცოტა გამოეხმაურა დადებითად, მაგრამ ზოგი მაინც ხომ გამოეხმაურა და იმ ერთგული ადამიანების მსახურება წარმატებული იყო. რაც მთავარია, იეჰოვა ამით ნასიამოვნები დარჩა.

მაქსიმალური ძალისხმევის გამოვლენა

14. როგორ უყურებს იეჰოვა მათ, ვინც მისთვის მსახურებაში დაბერდა?

14 შეიძლება მდგომარეობა გზღუდავთ და მსახურებაში იმდენის გაკეთების საშუალებას არ გაძლევთ, რამდენის სურვილიც გაქვთ. მაგალითად, იეჰოვასთვის მსახურებაში შეიძლება ასაკმა შეგიშალოთ ხელი. მაგრამ გახსოვდეთ ბრძენი მამაკაცის სიტყვები: „დიდების გვირგვინია ჭაღარა თავი; სიმართლის გზაზე იპოვება“ (იგავნი 16:31). იეჰოვასთვის ძალზე სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ადამიანმა მისთვის სამსახურში გაატარა ცხოვრება. გარდა ამისა, საღვთო წერილი ამბობს: „შენს სიბერემდე მე [იეჰოვა] იგივე ვარ და მოხუცობამდე მე გატარებ, მე შეგქმენი და მე აგიყვან, მე გატარებ და მე გადაგარჩენ“ (ესაია 46:4). ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა გვპირდება, რომ განამტკიცებს და მხარში ამოუდგება თავის ერთგულ მსახურებს.

15. გჯერათ თუ არა, რომ იეჰოვას ესმის თქვენი მდგომარეობა? რატომ?

15 შესაძლოა, დაავადებასა თუ ურწმუნო მეუღლის წინააღმდეგობასთან, მძიმე ოჯახურ პასუხისმგებლობასა თუ სხვა რთულ პრობლემასთან გამკლავება გიწევთ. იეჰოვას ესმის, თუ როგორი შეზღუდვები და მდგომარეობა შეიძლება გვქონდეს და ვუყვარვართ მისთვის მსახურების მთელი გულით მცდელობის გამო. ეს ეხება იმ მდგომარეობასაც, როდესაც ჩვენ შეიძლება სხვებთან შედარებით ნაკლებს ვაკეთებდეთ (გალატელთა 6:4). იეჰოვამ იცის, რომ არასრულყოფილები ვართ და ჩვენგან რაღაც არარეალურს არ მოელის (ფსალმუნი 146:11). თუ ვაკეთებთ ყველაფერს, რის ძალაც შეგვწევს, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღვთის თვალში ძვირფასი ვართ და ის არასოდეს დაივიწყებს რწმენით გაკეთებულ ჩვენ საქმეებს (ლუკა 21:1—4).

16. როგორ მონაწილეობს მთელი კრება ადამიანის მოწაფედ გახდომაში?

16 აგრეთვე გახსოვდეთ, რომ ხალხის მოწაფეებად გახდომის საქმე ერთობლივი საქმიანობაა. როგორც წვიმის ერთი წვეთი ვერ მორწყავს მცენარეს, ისე არც ერთ ცალკეულ ადამიანს არ შეუძლია სხვა ადამიანის მოწაფედ გახდომა. მართალია, შეიძლება ერთმა მოწმემ იპოვოს დაინტერესებული ადამიანი და მანვე ჩაატაროს მასთან ბიბლიის შესწავლა, მაგრამ, როგორც კი ეს დაინტერესებული ადამიანი სამეფო დარბაზში მოდის, მთელი კრება ეხმარება მას ჭეშმარიტების გაცნობაში. საძმოს სითბო ღვთის სულის გავლენაზე მეტყველებს (1 კორინთელთა 14:24, 25). ბავშვებისა და მოზარდების გამამხნევებელი კომენტარები ახალი დაინტერესებულისთვის ნათელს ხდის, რომ ეს ახალგაზრდები წუთისოფლის სხვა თანატოლებისგან განსხვავდებიან. კრებაზე ავადმყოფების, ფიზიკურად უძლურებისა და ხანდაზმულების დანახვა კი ასწავლის, რას ნიშნავს მოთმინება. ჩვენი ასაკისა თუ შეზღუდვების მიუხედავად, ყველა მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ იმაში, რომ ახალ დაინტერესებულს ბიბლიური ჭეშმარიტებისადმი სიყვარული გაუღრმავდეს, სულიერად წინ წაიწიოს და მოინათლოს. ნებისმიერი საათი, რომელსაც მსახურებაში, თითოეულ განმეორებით მონახულებაში, დაინტერესებულთან სამეფო დარბაზში საუბარში ვატარებთ, შეიძლება თავისთავად უმნიშვნელოდ გვეჩვენებოდეს, მაგრამ ეს იმ ძლევამოსილი საქმის ნაწილია, რომელსაც იეჰოვა ასრულებს.

17, 18. ა) ხალხის მოწაფეებად გახდომის საქმიანობაში მონაწილეობის გარდა, კიდევ როგორ ვიზიარებთ გაცემაში სიხარულს? ბ) ვის ვბაძავთ გაცემაში სიხარულის გაზიარებით?

17 რა თქმა უნდა, ხალხის მოწაფეებად გახდომის მნიშვნელოვან საქმიანობაში მონაწილეობის გარდა, როგორც ქრისტიანები, ჩვენ გაცემის სიხარულს სხვა მხრივაც განვიცდით. შეგვიძლია გარკვეული რაოდენობის თანხა გადავდოთ შესაწირავად, რათა ამგვარად მხარი დავუჭიროთ წმინდა თაყვანისმცემლობას და დავეხმაროთ გაჭირვებაში მყოფთ (ლუკა 16:9; 1 კორინთელთა 16:1, 2). შეგვიძლია ვეძებოთ სტუმართმოყვარეობის გამოვლენის შესაძლებლობა (რომაელთა 12:13). აგრეთვე ვეცადოთ „კეთილი ვუყოთ ყველას, და მით უმეტეს ჩვენს თანამორწმუნეთ“ (გალატელთა 6:10, სსგ). და ძალიან უბრალო მოქმედებით, რაც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს სხვებისთვის, შეგვიძლია გაცემის სული გამოვავლინოთ — დავურეკოთ სხვადასხვა ადამიანს, გადავცეთ წერილი ან საჩუქარი, გავუწოდოთ დახმარების ხელი ან გამამხნევებელი სიტყვა შევაწიოთ.

18 გაცემით ცხადვყოფთ, რომ ჩვენს ზეციერ მამას ვბაძავთ. ამით ძმურ სიყვარულსაც ვავლენთ, რაც ჭეშმარიტი ქრისტიანის დამახასიათებელი თავისებურებაა (იოანე 13:35). თუ გვახსოვს ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი, ეს შეიძლება გაცემის სიხარულის გაზიარებაში დაგვეხმაროს.

შეგიძლიათ განმარტოთ?

• როგორ მოგვცეს იეჰოვამ და იესომ სულიერი გაცემის მაგალითი?

• როგორ შეგვიძლია მარადიული მეგობრების შეძენა?

• რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ მსახურებაში მეტი წარმატების მისაღწევად?

• როგორ შეუძლია ყველას კრებაში გაცემაში სიხარულის გაზიარება?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 13 გვერდზე]

როდესაც შვილები აღმზრდელობით ღონისძიებას დადებითად ეხმაურებიან, მშობლებს ეს დიდ სიხარულსა და კმაყოფილებას ანიჭებს.

[სურათი 15 გვერდზე]

ხალხის მოწაფეებად გახდომით ნამდვილი მეგობრების შეძენა შეგვიძლია.

[სურათი 16 გვერდზე]

იეჰოვა გვამაგრებს ხანდაზმულობის ასაკში.

[სურათები 17 გვერდზე]

ძალიან უბრალო მოქმედება, რაც შეიძლება სხვებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, და ამგვარად გაცემის სულის გამოვლენა, სიხარულს მოგვიტანს.