არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იხარეთ იეჰოვას შესახებ შემეცნების მიღებით

იხარეთ იეჰოვას შესახებ შემეცნების მიღებით

იხარეთ იეჰოვას შესახებ შემეცნების მიღებით

„ნეტარ არიან ისინი, ვინც მოისმენენ და დაიცავენ ღვთის სიტყვას“ (ლუკა 11:28).

1. როდის დაიწყო იეჰოვამ ადამიანებთან დაკავშირება?

 იეჰოვას უყვარს ადამიანები და მათი კეთილდღეობით დიდად არის დაინტერესებული. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ის უკავშირდება მათ. ეს ურთიერთობა ედემის ბაღში დაიწყო. დაბადების 3:8-ის თანახმად, ერთხელ „საღამო ხანს“ ადამსა და ევას „მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა“. ზოგის აზრით, შეიძლება ეს იმაზე მიუთითებდეს, რომ იეჰოვა, ჩვეულებრივ, დღის ამ მონაკვეთში უკავშირდებოდა ადამს და, შესაძლოა, ამას ყოველდღე აკეთებდა. ასე იყო ეს თუ სხვაგვარად, ბიბლია ცხადყოფს, რომ ღმერთმა დრო გამოყო არა მარტო იმისათვის, რომ დაერიგებინა პირველი მამაკაცი, არამედ ესწავლებინა, თუ რის ცოდნა სჭირდებოდა მას თავისი მოვალეობის შესასრულებლად (დაბადება 1:28—30).

2. როგორ ჩამოიშორა პირველმა წყვილმა თავი იეჰოვას ხელმძღვანელობისგან და რა შედეგი მოჰყვა ამას?

2 იეჰოვამ ადამსა და ევას სიცოცხლე, აგრეთვე ცხოველებსა და მთელ დედამიწაზე ბატონობის უფლება მისცა. მაგრამ ერთი რამ აუკრძალა — მათ არ უნდა ეჭამათ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი. სატანის გავლენით ადამი და ევა ღვთის ამ მითითებას არ დაემორჩილნენ (დაბადება 2:16, 17; 3:1—6). პირველმა წყვილმა დამოუკიდებლად მოქმედება და იმის თავად დადგენა არჩია, რა იყო კეთილი და რა — ბოროტი. ასე უგუნურად მოქმედებით მათ თავიანთი მოსიყვარულე შემოქმედის ხელმძღვანელობისგან ჩამოიშორეს თავი. შედეგები კატასტროფული იყო როგორც მათთვის, ისე მათი ჯერ არდაბადებული შთამომავლებისთვის. ადამი და ევა დაბერდნენ და საბოლოოდ ისე მოკვდნენ, რომ მათთვის მკვდრეთით აღდგომის იმედი არ არსებობს. მათმა შთამომავლობამ ცოდვა და მისი ნაყოფი — სიკვდილი — მიიღო მემკვიდრეობით (რომაელთა 5:12).

3. რატომ დაუკავშირდა იეჰოვა კაენს და როგორი იყო ამაზე კაენის რეაქცია?

3 ედემში ადამისა და ევას დაუმორჩილებლობის მიუხედავად, იეჰოვამ განაგრძო ადამიანებთან ურთიერთობა. კაენი, ადამისა და ევას პირმშო, საშიშროების წინაშე იდგა; იეჰოვამ გააფრთხილა, რომ თავს უბედურებას დაიტეხდა და ურჩია, ‘სიკეთის ქმნისკენ’ შემობრუნებულიყო. კაენმა არ მიიღო ეს სიყვარულით მიცემული რჩევა და თავისი ძმა მოკლა (დაბადება 4:3—8). ამგვარად, დედამიწაზე მცხოვრებმა პირველმა სამმა ადამიანმა უკუაგდო იმ პიროვნების ნათელი მითითება, რომელმაც მათ სიცოცხლე მისცა; დიახ, მათ უკუაგდეს თავისი ხალხის სასიკეთოდ დამმოძღვრავი ღვთის მითითება (ესაია 48:17). რამდენად საწყენი უნდა ყოფილიყო ეს იეჰოვასთვის!

იეჰოვა ძველი დროის მამაკაცებს ევლინება

4. რაში იყო დარწმუნებული იეჰოვა ადამის შთამომავლებთან დაკავშირებით და, ამის გათვალისწინებით, რა იმედიანი ცნობა მისცა მათ?

4 იეჰოვას იმის აბსოლუტური უფლება ჰქონდა, რომ ადამიანებთან ყოველგვარი კავშირი გაეწყვიტა, მაგრამ ის ასე არ მოქცეულა. ღმერთი დარწმუნებული იყო, რომ ადამის შთამომავალთაგან ზოგი გონიერებას გამოავლენდა და მის ხელმძღვანელობას მიჰყვებოდა. მაგალითად, ადამისა და ევასთვის გამოტანილი განაჩენის გამოცხადებისას, იეჰოვამ იწინასწარმეტყველა „თესლის“ მოსვლა, რომელიც წინ აღუდგებოდა გველს, სატანა ეშმაკს. გარკვეული დროის შემდეგ სატანას თავს სასიკვდილოდ გაუჭეჭყავდნენ (დაბადება 3:15). ეს წინასწარმეტყველება იმედიანი, სასიხარულო ცნობა იყო მათთვის, ‘ვინც ისმენდა და იცავდა ღვთის სიტყვას’ (ლუკა 11:28).

5, 6. როგორ უკავშირდებოდა იეჰოვა თავის ხალხს ახ. წ. პირველ საუკუნემდე და რა სარგებლობა მოჰქონდა ამას მათთვის?

5 იეჰოვამ თავისი ნება ამცნო ისეთ ერთგულ პატრიარქებს, როგორებიც იყვნენ: ნოე, აბრაამი, ისაკი, იაკობი და იობი (დაბადება 6:13; გამოსვლა 33:1; იობი 38:1—3). მოგვიანებით, მოსემ ისრაელ ერს კანონთა მთელი კრებული გადასცა. მოსეს რჯული ისრაელებისთვის მრავალმხრივ იყო სასარგებლო. მისი დაცვა მათ სხვა ერებისგან ღვთის განსაკუთრებულ ხალხად გამოყოფდა. ღმერთმა ისრაელებს აღუთქვა, რომ, თუ რჯულს დაემორჩილებოდნენ, არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ სულიერადაც აკურთხებდა და მღვდელთა სამეფოდ, წმინდა ერად, გახდიდა. რჯულში კვებასა და სანიტარიასთან დაკავშირებული კანონებიც კი იყო, რომელთა დაცვაც კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობდა ხელს. მაგრამ იეჰოვამ თავისი ხალხი იმ ტრაგიკული შედეგების შესახებაც გააფრთხილა, რომლებიც დაუმორჩილებლობას მოჰყვებოდა (გამოსვლა 19:5, 6; მეორე რჯული 28:1—68).

6 დროთა განმავლობაში ბიბლიურ კანონს ღვთის შთაგონებით დაწერილი სხვა წიგნებიც დაემატა. ისტორიული ცნობები ერებისა და ხალხებისადმი იეჰოვას დამოკიდებულებაზე იუწყებოდა. პოეტური ენით დაწერილ წიგნებში შესანიშნავად იყო აღწერილი ღვთის თვისებები. წინასწარმეტყველური წიგნები იეჰოვას ნება-სურვილის მომავალ განხორციელებაზე მოგვითხრობდნენ. ძველ დროში მცხოვრები ერთგული მამაკაცები გულმოდგინედ სწავლობდნენ და იყენებდნენ ღვთის შთაგონებით დაწერილ ამ სიტყვებს. ერთი მათგანი წერდა: „ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე — ჩემი ბილიკისათვის“ (ფსალმუნი 118:105). ვინც მზად იყო მოსასმენად, მათ იეჰოვა წვრთნიდა და ცოდნას აძლევდა.

სინათლე უფრო კაშკაშა ხდება

7. თუმცა იესო სასწაულებს ახდენდა, ძირითადად, რით იყო ცნობილი და რატომ?

7 პირველი საუკუნისთვის, იუდეველთა რელიგიურმა დაჯგუფებებმა რჯულს ადამიანთა ტრადიციები დაამატეს. ამიტომაც მას ბოროტად იყენებდნენ და ნაცვლად იმისა, რომ ცოდნის წყარო ყოფილიყო, თავისი დამატებული ტრადიციებით ტვირთად დააწვა ხალხს (მათე 23:2—4). მაგრამ ახ. წ. 29 წელს იესო, მესია, გამოჩნდა. მისი მისია მხოლოდ ის როდი გახლდათ, რომ კაცობრიობისთვის სიცოცხლე გაეღო, არამედ — ‘ჭეშმარიტებაც დაემოწმებინა’. თუმცა სასწაულებსაც ახდენდა, მას, ძირითადად, ‘მოძღვრად’ იცნობდნენ. მისი მოძღვრება იმ სულიერი წყვდიადის გამანათებელ სინათლეს ჰგავდა, რომლითაც მოცული იყო ადამიანთა გონება. მართებულად აღნიშნა იესომ: „მე სინათლე ვარ ქვეყნიერებისა“ (იოანე 8:12, აფ; 11:28; 18:37).

8. რომელი ინსპირირებული წიგნები დაიწერა ახ. წ. პირველ საუკუნეში და რა სარგებლობა მოუტანა ამან ადრინდელ ქრისტიანებს?

8 მოგვიანებით დაემატა სახარებები, იესოს ცხოვრების შესახებ ოთხი წერილობით გადმოცემული ცნობა და წიგნი „მოციქულთა საქმეები“, რომელშიც იესოს სიკვდილის შემდეგ ქრისტიანობის გავრცელების შესახებ არის მოთხრობილი. არსებობდა აგრეთვე იესოს მოწაფეების მიერ ღვთის შთაგონებით დაწერილი წერილები და წინასწარმეტყველური წიგნი „იოანეს გამოცხადება“. ყოველივე ეს ებრაულ წერილებთან ერთად მთლიან ბიბლიურ კანონს შეადგენს. ამ ინსპირირებული ბიბლიოთეკის გამოყენებით ქრისტიანებს ჭეშმარიტების ‘სიგანესა და სიგრძეში, სიმაღლესა და სიღრმეში’ წვდომა შეეძლოთ (ეფესელთა 3:14—18). მათ შეეძლოთ ჰქონოდათ ‘უფლის [ქრისტეს] გონება’ (1 კორინთელთა 2:16, სსგ). მიუხედავად ამისა, იმ ადრინდელ ქრისტიანებს ბოლომდე არ ესმოდათ იეჰოვას განზრახვების ყველა დეტალი. მოციქულმა პავლემ თანამორწმუნეებს მისწერა: «ახლა ჩვენ ვხედავთ სარკით [„ლითონის სარკით“, აქ], ბუნდოვნად» (1 კორინთელთა 13:12). ლითონის სარკეში ჩანს საგნების მოხაზულობა, მაგრამ არა ყველა დეტალი. ღვთის სიტყვა უფრო სრულად მომავალში უნდა გაგებულიყო.

9. როგორ მოიმატა ცოდნამ „უკანასკნელ დღეებში“?

9 დღეს ჩვენ ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, რომელსაც „უკანასკნელი დღეები“ ეწოდება; ეს პერიოდი კი ‘საზარელი ჟამია’ (2 ტიმოთე 3:1). დანიელმა იწინასწარმეტყველა, რომ ამ დროს ‘ცოდნა მოიმატებდა’ (დანიელი 12:4). მაშასადამე, იეჰოვა, ინფორმაციის დიდებული მომწოდებელი, გულწრფელ ადამიანებს თავისი სიტყვის მნიშვნელობის გაგებაში დაეხმარა. ახლა მრავალ ადამიანს ესმის, რომ ქრისტე ზეცაში უხილავად 1914 წელს გამეფდა. მათ აგრეთვე იციან, რომ იესო მალე ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ბოროტებას და დედამიწას ერთ დიდ სამოთხედ აქცევს. სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ამ მნიშვნელოვან მხარესთან დაკავშირებით ქადაგება ახლა მთელ დედამიწაზე მიმდინარეობს (მათე 24:14).

10. საუკუნეთა მანძილზე როგორ რეაგირებდა ხალხი იეჰოვას რჩევაზე?

10 დიახ, კაცობრიობის არსებობის განმავლობაში იეჰოვა დედამიწაზე მყოფ ადამიანებს თავის ნებასა და განზრახვებს ამცნობდა. ბიბლიურ ცნობაში აღწერილია მრავალი ადამიანი, რომლებმაც მოისმინეს და შეისმინეს ღვთიური სიბრძნე, რის გამოც კურთხეულ იქნენ. ის გვიყვება სხვების შესახებაც, ვინც უკუაგდო ღვთისგან სიყვარულით მოცემული რჩევა და ადამისა და ევას მიერ აღებულ დამღუპველ კურსს მიჰყვა. ორი სიმბოლური გზის შესახებ ლაპარაკისას იესომ თვალსაჩინოდ აღწერა ეს სიტუაცია. ერთი გზა დაღუპვამდე მიმყვანია. ის განიერია და ღვთის სიტყვის უარმყოფელი ბევრი ადამიანი მიუყვება მას. მეორე — მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანია. თუმცა ძალიან ვიწროა, ეს არის ბილიკი, რომელზეც იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც ბიბლიას იღებენ ისეთად, როგორიც ის სინამდვილეში არის; ესე იგი, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ბიბლიას ღვთის სიტყვად მიიჩნევენ და მის შესაბამისად ცხოვრობენ (მათე 7:13, 14).

მადლიერება იმისათვის, რაც გვაქვს

11. რის დამადასტურებელია ის, რომ ბიბლიური შემეცნება გვაქვს და ბიბლიისადმი რწმენას ვავლენთ?

11 ხართ თუ არა მათ შორის, რომლებმაც სიცოცხლემდე მიმყვანი გზა აირჩიეს? თუ ასეა, ეჭვგარეშეა, მასზე დარჩენასაც ისურვებდით. როგორ შესძლებთ ამას? მადლიერების გრძნობით აღვსილებმა რეგულარულად იფიქრეთ ბიბლიური ჭეშმარიტებების ცოდნით მოტანილ კურთხევებზე. თვით ის ფაქტიც, რომ კეთილ ცნობას გამოეხმაურეთ, ღვთის მიერ თქვენი კურთხევის დამადასტურებელია. იესომ ამაზე მიუთითა, როდესაც თავის ზეციერ მამას ლოცვით მიმართა: „გადიდებ, შენ მამაო, უფალო ცისა და ქვეყნისაო, რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ და განუცხადე ჩვილებს“ (მათე 11:25). მეთევზეები და მებაჟეები ჩასწვდნენ იესოს სწავლებას, მაშინ როდესაც ამას ვერ ვიტყოდით უაღრესად განათლებულ რელიგიურ წინამძღოლებზე. შემდეგ იესომ თქვა: „არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა“ (იოანე 6:44). თუ ბიბლიასა და მის სწავლებებს გაეცანით და ნასწავლს ცხოვრებაში იყენებთ, ეს იმის დამადასტურებელია, რომ იეჰოვამ იესოსთან მიგიყვანათ. ეს კი სიხარულის მიზეზია.

12. რა და რა სახით გვაძლევს ბიბლია ცოდნას?

12 ღვთის სიტყვა გამათავისუფლებელ ჭეშმარიტებებს შეიცავს და გვანათლებს. ბიბლიური შემეცნების თანახმად მცხოვრებნი თავისუფალნი არიან ცრუმორწმუნეობისგან, ცრუ სწავლებებისგან და უმეცრებისგან, რაც ასე გაბატონებულია მილიონობით ადამიანში. მაგალითად, სულის შესახებ ჭეშმარიტების ცოდნა იმის ყოველგვარი შიშისგან გვათავისუფლებს, რომ მკვდრებს ჩვენთვის ზიანის მოყენება შეუძლიათ ან ჩვენთვის საყვარელი გარდაცვლილი ადამიანები იტანჯებიან (ეზეკიელი 18:4). ბოროტი ანგელოზების შესახებ ჭეშმარიტების ცოდნა სპირიტიზმის საფრთხის არიდებაში გვეხმარება. სწავლება მკვდრეთით აღდგომის შესახებ მანუგეშებელია მათთვის, ვისაც საყვარელი ადამიანები გარდაეცვალა (იოანე 11:25). ბიბლიური წინასწარმეტყველებები გვიჩვენებს, დროის რომელ მონაკვეთში ვცხოვრობთ და გვარწმუნებს, რომ ღმერთი შეასრულებს მომავალთან დაკაშვირებულ აღთქმებს. ისინი მარადიულად ცხოვრების შესახებ ჩვენს იმედსაც განამტკიცებს.

13. რა ფიზიკური სარგებლობა მოაქვს ღვთის სიტყვის ყურად ღებას?

13 ბიბლიაში მოცემული ღვთიური პრინციპები ისეთ ცხოვრებას გვასწავლის, რომელსაც ფიზიკური სარგებლობა მოაქვს. მაგალითად, ვსწავლობთ, მოვერიდოთ სხეულის წამბილწველ ისეთ ქმედებებს, როგორიცაა მოწევა ან ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება. ვერიდებით ალკოჰოლის ჭარბად გამოყენებასაც (2 კორინთელთა 7:1). ღვთის მიერ ზნეობასთან დაკავშირებით მოცემული კანონების დაცვით, საკუთარ თავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან ვიცავთ (1 კორინთელთა 6:18). ფულის მოყვარეობასთან დაკავშირებით ღვთის მიერ მოცემული რჩევის შესრულებით, შინაგან სიმშვიდეს შევინარჩუნებთ, რაც ასე აკლიათ სიმდიდრეს გამოდევნებულ ადამიანებს (1 ტიმოთე 6:10). რა ფიზიკური სარგებლობა მოგიტანათ პირადად თქვენ ცხოვრებაში ღვთის სიტყვის დაცვამ?

14. რა გავლენას ახდენს სულიწმიდა ჩვენს ცხოვრებაზე?

14 თუ ღვთის სიტყვის შესაბამისად ვცხოვრობთ, იეჰოვას სულიწმიდას ვიღებთ. ვვითარდებით ისეთივე პიროვნებებად, როგორიც ქრისტე იყო, მას კი მიმზიდველი თვისებები — გულმოწყალება და თანაგრძნობა — ახასიათებდა (ეფესელთა 4:24, 32). ღვთის სული ჩვენში ავითარებს თავის ნაყოფებსაც — სიყვარულს, სიხარულს, მშვიდობას, სულგრძელობას, სახიერებას, სიკეთეს, ერთგულებას, სიმშვიდესა და თავშეკავებას (გალატელთა 5:22, 23). ეს თვისებები ხელს უწყობს სხვებთან, და მათ შორის ოჯახის წევრებთან, ბედნიერ და აზრით აღსავსე ურთიერთობებს. ვიძენთ შინაგან ძალას, რაც სირთულეებთან გაბედულად გამკლავებაში გვეხმარება. ხედავთ, თუ როგორ დადებით გავლენას ახდენს თქვენს ცხოვრებაზე სულიწმიდა?

15. რა სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის ღვთის ნების შესაბამისად საკუთარი ცხოვრების მოწესრიგებას?

15 ღვთის ნების შესაბამისად ჩვენი ცხოვრების მოწესრიგებასთან ერთად, იეჰოვასთან ურთიერთობას განვიმტკიცებთ. უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ მას ესმის ჩვენი და ვუყვარვართ. გამოცდილებიდან ვსწავლობთ, რომ გასაჭირის ჟამს ის გვეხმარება (ფსალმუნი 17:19). ვიგებთ, რომ ის ნამდვილად ისმენს ჩვენს ლოცვებს (ფსალმუნი 64:3). ვსწავლობთ მის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობას და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ჩვენთვის სასარგებლო იქნება. აგრეთვე გვაქვს შესანიშნავი იმედი, რომ დანიშნულ დროს ღმერთი ერთგულ ადამიანებს გაასრულყოფილებს და მარადიული სიცოცხლის ძღვენით დააჯილდოებს (რომაელთა 6:23). „მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ“, — წერდა მოწაფე იაკობი (იაკობი 4:8). გიგრძვნიათ თუ არა, რომ იეჰოვასთან დაახლოებას მასთან თქვენი ურთიერთობა განუმტკიცებია?

შეუდარებელი განძი

16. როგორ შეიცვალა პირველ საუკუნეში მცხოვრები ზოგი ქრისტიანი?

16 პავლემ პირველ საუკუნეში მცხოვრებ სულითცხებულ ქრისტიანებს შეახსენა, რომ ერთ დროს ზოგი მათგანი მეძავი, მრუში, მამათმავალი, ქურდი, ხარბი, ლოთი, მლანძღველი და მტაცებელი იყო (1 კორინთელთა 6:9—11). ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ ისინი ძალიან შეცვალა; ეს ადამიანები ‘განიბანნენ’. შეეცადეთ წარმოიდგინოთ, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება გამათავისუფლებელი ბიბლიური ჭეშმარიტებების გარეშე. ნამდვილად, ჭეშმარიტება შეუდარებელი განძია. რა ბედნიერები ვართ იმით, რომ იეჰოვას ჩვენთან ურთიერთობა აქვს!

17. სულიერად როგორ იკვებებოდნენ იეჰოვას მოწმეები ქრისტიანულ შეხვედრებზე?

17 გარდა ამისა, იფიქრეთ იმ კურთხევებზე, რომლებიც ჩვენს სხვადასხვა რასისგან შემდგარ საძმოში გვაქვს. „ერთგული და გონიერი მონა“ დროულად გვაწვდის სულიერ საზრდოს, რომელშიც მრავალ ენაზე გამოცემული ბიბლიები, ჟურნალები და სხვა პუბლიკაციები შედის (მათე 24:45—47). გასულ, 2000 წელს, იეჰოვას მოწმეებმა მრავალ ქვეყანაში ებრაული წერილების რვა დიდი წიგნიდან ღირსშესანიშნავი პუნქტები განიხილეს. ისინი მსჯელობდნენ ბიბლიურ ცნობარში (Insight on the Scriptures) მოყვანილ 40 პერსონაჟზე. განიხილეს დაახლოებით ერთი მეოთხედი წიგნისა „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“ და თითქმის მთელი წიგნი „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“. ჟურნალ „საგუშაგო კოშკიდან“ 52 სასწავლო სტატიის გარდა 36 სხვა სტატია იქნა განხილული. გარდა ამისა, იეჰოვას ხალხი იკვებებოდა 12 „ჩვენი სამეფო მსახურებით“ და ყოველკვირეული საჯარო მოხსენებებით, რომლებიც სხვადასხვა ბიბლიურ თემაზე იყო აგებული. რა უხვი სულიერი შემეცნება გახადა ღმერთმა ჩვენთვის ხელმისაწვდომი!

18. რა და რა სახით ვიღებთ დახმარებას ქრისტიანულ კრებაში?

18 მთელ მსოფლიოში 91 000-ზე მეტი კრება შეხვედრებითა და ურთიერთობებით მხარდაჭერისა თუ გამხნევების წყაროა. აგრეთვე სიამოვნებით ვიღებთ იმ მოწიფული თანაქრისტიანების დახმარებას, რომლებიც მზად არიან სულიერი მხარდაჭერისთვის (ეფესელთა 4:11—13). დიახ, ჭეშმარიტების შესახებ შემეცნების გათავისებით დიდი სარგებლობა მივიღეთ. სასიხარულოა იმის ცოდნა, რომ ვიცნობთ და ვემსახურებით იეჰოვას. რაოდენ ჭეშმარიტია ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „ნეტარ არს ხალხი, რომელსაც ჰყავს უფალი“, იეჰოვა! (ფსალმუნი 143:15).

გახსოვთ თუ არა?

• ვისთან ჰქონდა იეჰოვას ურთიერთობა წინაქრისტიანულ პერიოდში?

• როგორ იმატა სულიერმა სინათლემ პირველ საუკუნეში? ჩვენს დროში?

• რა კურთხევები მოაქვს იეჰოვას შესახებ შემეცნების თანახმად ცხოვრებას?

• რატომ ვხარობთ იმით, რომ ღვთის შესახებ შემეცნება გვაქვს?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 8, 9 გვერდებზე]

იეჰოვამ თავისი ნება ამცნო მოსეს, ნოესა და აბრაამს.

[სურათი 9 გვერდზე]

ჩვენს დღეებში იეჰოვა შუქს ჰფენს თავის სიტყვას.

[სურათები 10 გვერდზე]

იფიქრეთ კურთხევებზე, რომლებიც სხვადასხვა რასის წარმომადგენლებისგან შემდგარ ჩვენს საძმოში გვაქვს!