არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მან ‘ბოლომდე დაითმინა’

მან ‘ბოლომდე დაითმინა’

მან ‘ბოლომდე დაითმინა’

როდესაც იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველოს ახალ წევრებს 1993 წელს სპეციალური ვიდეოფილმი უჩვენეს, ლაიმან ალექსანდრ სუინგლმა იეჰოვასთვის მსახურებასთან დაკავშირებით თავისი გრძნობები შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „ფეხჩაცმული მოკვდი!“ a.

90 წლის ძმა სუინგლმა სწორედ ის გააკეთა, რისკენაც სხვები აღძრა. მან ‘ბოლომდე დაითმინა’ (მათე 24:13). თუმცა ფიზიკურად იტანჯებოდა, ის, როგორც ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ოთხშაბათს, 7 მარტს, იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს შეხვედრას დაესწრო. მომდევნო სამშაბათს მისი მდგომარეობა გაუარესდა და 14 მარტს 4.26-ზე მისმა ექიმმა თქვა, რომ ის გარდაიცვალა.

ლაიმან სუინგლმა ბრუკლინში არსებულ იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოში 1930 წლის 5 აპრილს დაიწყო მსახურება; მან თითქმის 71 წელი იმსახურა. თავდაპირველად ლაიმანს საამკინძაო განყოფილებაში დაევალა მუშაობა, ხოლო შემდეგ — სტამბაში; ის სხვებს საბეჭდი საღებავის დამზადებაშიც ეხმარებოდა. ძმა სუინგლმა დაახლოებით 25 წელი იმუშავა საბეჭდი საღებავის დასამზადებელ საამქროში; ამასთანავე, დაახლოებით 20 წლის მანძილზე მთავარი სამმართველოს სამწერლო კომიტეტის წევრი იყო. უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში ბუღალტერიაში მუშაობდა.

ლაიმანი ღვთის სამეფოს გაბედული მქადაგებელი იყო. ადრეულ წლებში, ბრუკლინში, ის და მისი ოთახის მეზობელი, არტურ უორსლი, ერთ-ერთი მოწმის ნავებით მდინარე ჰუდსონზე დაცურავდნენ ხოლმე. მათ უამრავი შაბათ-კვირა დაუთმეს იმას, რომ სამეფოს შესახებ ცნობა ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობების გამოყენებით მდინარის ნაპირებთან დასახლებული ხალხისთვის მიეწვდინათ.

ძმა სუინგლი 1910 წლის 6 ნოემბერს დაიბადა ლინკოლნში (ნებრასკას შტატი), მაგრამ ამის შემდეგ ცოტა ხანში მისი ოჯახი სოლტ-ლეიკ-სიტიში (იუტას შტატი) გადავიდა. იქ, 1913 წელს, მისი მშობლები ბიბლიის მკვლევარები, როგორც მაშინ ეწოდებოდათ იეჰოვას მოწმეებს, გახდნენ. წლების მანძილზე სუინგლის ოჯახის წევრები იეჰოვას მოწმეთა ბრუკლინის მთავარი სამმართველოდან სტუმრად მოწვეულ ბევრ მომხსენებელს მასპინძლობდნენ, რომლებმაც დადებითი გავლენა მოახდინეს ლაიმანზე. 1923 წელს 12 წლის ასაკში ის ღვთისადმი მიძღვნის ნიშნად მოინათლა.

მას შემდეგ, რაც ლაიმანმა 26 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაუქორწინებლად იმსახურა ბრუკლინში, 1956 წლის 8 ივნისს, როცა კრისტელ ზირჩერზე დაქორწინდა, მისი ცხოვრება საოცრად გალამაზდა. მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და, 1988 წლამდე, კრისტელის სიკვდილამდე, ერთად მსახურობდნენ. კრისტელს, გარდაცვალებამდე დაახლოებით სამი წლით ადრე, ინსულტი დაემართა, რის გამოც მძიმედ დაინვალიდდა. ის, თუ ყოველდღიურად როგორ ზრუნავდა ლაიმანი თავის მეუღლეზე, ერთგულების შესანიშნავი მაგალითი იყო, რაც შთაბეჭდილებას ახდენდა ყველა მის ნაცნობსა და განსაკუთრებით მათზე, რომლებიც ხედავდნენ, როგორი სიყვარულით დაატარებდა კრისტელს ინვალიდის სავარძლით მეზობელი ქუჩების ტროტუარზე, რათა მას „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ შეეთავაზებინა გამვლელებისთვის.

ძმა სუინგლი იმდენად გულწრფელი და კეთილი ადამიანი იყო, რომ, ვინც კი გაიცნო, ყველას თავი შეაყვარა. როგორც მის დედ-მამას, ისე თავად მასაც, იესო ქრისტესთან ერთად ზეციერ სამეფოში ცხოვრებასთან დაკავშირებული ბიბლიური იმედი ჰქონდა — იმედი, რომელიც, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამჟამად რეალობად ექცა (1 თესალონიკელთა 4:15—18; გამოცხადება 14:13).

[სქოლიო]

a ეს სიკვდილამდე აქტიურად მოღვაწეობას ნიშნავს.

[სურათი 31 გვერდზე]

ძმა სუინგლმა დაახლოებით 25 წელი იმსახურა საბეჭდი საღებავის დასამზადებელ საამქროში.

[სურათი 31 გვერდზე]

ლაიმანს და კრისტელს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.