არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ უნდა შევისწავლოთ ბიბლია?

რატომ უნდა შევისწავლოთ ბიბლია?

რატომ უნდა შევისწავლოთ ბიბლია?

ბილი ათლეტური აღნაგობის, განათლებული და ფინანსურად შეძლებული ახალგაზრდა გახლდათ. მაგრამ კმაყოფილების გრძნობა მისგან შორს იყო. ამ ახალგაზრდის ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა, და ეს ძალიან აწუხებდა. ცხოვრების აზრის ძიებაში მან სხვადასხვა რელიგია გამოიკვლია, მაგრამ რასაც ეძებდა, ვერ იპოვა. 1991 წელს იეჰოვას ერთ-ერთ მოწმეს შეხვდა, რომელმაც წიგნი დაუტოვა. ამ წიგნში მოცემული იყო ბიბლიის თვალსაზრისი ცხოვრების აზრთან დაკავშირებით. დაიწყო ბიბლიის შესწავლა, რათა ბილს, ისევე როგორც სხვებს, შესძლებოდა ამ საკითხში გარკვევა.

ბილი იხსენებს: „ჩატარდა პირველი შესწავლა; ვინაიდან ძალიან ხშირად მივმართავდით ბიბლიას, დავინახე, რომ ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი. ბიბლიური პასუხები ძალზე აღმაფრთოვანებელი იყო. იმ შესწავლის შემდეგ ავედი მთაზე, გადმოვედი ჩემი სატვირთო მანქანიდან და, უსაზღვროდ გახარებულმა, ხმამაღლა შევყვირე. აღფრთოვანებული ვიყავი იმით, რომ, საბოლოოდ, ვიპოვე ჩემს კითხვებზე პასუხები“.

რა თქმა უნდა, ყველა, ვინც ბიბლიურ ჭეშმარიტებას პოულობს, პირდაპირი გაგებით, აღფრთოვანებული არ ყვირის, მაგრამ ცხოვრებაში მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების მიღება მრავალს ახარებს. ისინი იმ კაცს ჰგვანან, რომელმაც, იესოს იგავის თანახმად, მინდორში გადამალული განძი იპოვა. იესომ თქვა: „სიხარულით მიდის [ის კაცი] და ყიდის ყოველივეს, რაც აბადია და ყიდულობს იმ მინდორს“ (მათე 13:44).

აზრით აღსავსე ცხოვრების საიდუმლოს გასაღები

ბილი დაფიქრდა ერთ მნიშვნელოვან საკითხზე — რა იყო სიცოცხლის აზრი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას კი საუკუნეებია, რაც ფილოსოფოსები, თეოლოგები და მეცნიერები ყოველ ღონეს ახმარენ. უამრავი ტომი დაიწერა იმ ადამიანთა მიერ, რომლებიც პასუხის პოვნას ცდილობდნენ. მათი ძალისხმევა ამაო აღმოჩნდა და მრავალმა დაასკვნა, რომ ამ კითხვაზე პასუხის პოვნა შეუძლებელია. მაგრამ პასუხი არსებობს. ის საკმაოდ ღრმაა, მაგრამ რთული არ არის. ეს პასუხი ბიბლიაშია ახსნილი. ბედნიერი, აზრით აღსავსე ცხოვრების საიდუმლოს გასაღები შემდეგია: იეჰოვასთან, ჩვენს შემოქმედსა და ზეციერ მამასთან, სათანადო ურთიერობა უნდა გვქონდეს. როგორ შეგვიძლია ამის მიღწევა?

ღმერთთან დაახლოების საკითხში არსებობს ორი, თითქოსდა ურთიერთგამომრიცხავი ასპექტი. მათ, რომლებიც ღმერთს უახლოვდებიან, ეშინიათ ღვთის და უყვართ ის. მოდი განვიხილოთ ორი ბიბლიური მონაკვეთი, რომლებიც ამ განაცხადის სასარგებლოდ მეტყველებს. დიდი ხნის წინათ, მეფე სოლომონმა გულმოდგინედ გამოიკვლია კაცთა მოდგმა და თავისი აღმოჩენები ბიბლიურ წიგნ „ეკლესიასტეში“ ჩაწერა. დაკვირვებები მან ასე შეაჯამა: „მოვისმინოთ ყველაფრის თავი და ბოლო: ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავი და თავი“ (ეკლესიასტე 12:13). საუკუნეების შემდეგ, როდესაც იესოს ჰკითხეს, თუ რომელი მცნება იყო უდიდესი მოსეს რჯულიდან, მან უპასუხა: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა“ (მათე 22:37). უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ აზრი იმის შესახებ, რომ ჩვენ უნდა გვეშინოდეს ღვთის და ამავე დროს უნდა გვიყვარდეს ის? მოდი გამოვიკვლიოთ შიშისა და სიყვარულის მნიშვნელობა და ისიც, თუ ისინი ერთობლივად ხელს როგორ უწყობენ კმაყოფილების მომტან ურთიერთობას ღმერთთან.

რას ნიშნავს ღვთისადმი შიში

ღმერთს რომ მართებულად ვცეთ თაყვანი, ამისათვის ძალზე მნიშვნელოვანია, პატივისცემიდან გამომდინარე შიში გვქონდეს მის მიმართ. ბიბლია ამბობს: „სიბრძნის დასაბამია შიში უფლისა“ (ფსალმუნი 110:10). მოციქული პავლე წერდა: „ვიქონიოთ მადლი, რომლითაც სათნოდ ვემსახურებით ღმერთს, მოწიწებითა და მოშიშებით“ (ებრაელთა 12:28). მსგავსად ამისა, მოციქულ იოანეს მიერ ხილვაში ნანახი ანგელოზი, რომელიც ზეცის შუა დაფრინავდა, შემდეგი სიტყვებით აცხადებდა კეთილ ცნობას: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას“ (გამოცხადება 14:6, 7).

ღვთისადმი შიშს, რომელიც აზრით აღსავსე ცხოვრებისთვის ასე მნიშვნელოვანია, არაფერი აქვს საერთო ავადმყოფურ შიშთან. როდესაც სასტიკი და საშიში ბოროტმოქმედი გვემუქრება, შეიძლება შიშისაგან ავკანკალდეთ, მაგრამ ღვთისადმი შიში, შემოქმედისამდი შიშნარევი მოწიწება და ღრმა პატივისცემაა. მასში აგრეთვე შედის სათანადო შიში იმისა, რომ ღმერთი არ გავანაწყენოთ, რადგან ის არის უზენაესი მოსამართლე და ყოვლისშემძლე, რომელსაც ურჩების დასჯის ძალაც შესწევს და უფლებაც აქვს.

შიში და სიყვარული ერთობლივად მოქმედებს

მიუხედავად ამისა, იეჰოვას არ სურს, რომ ადამიანები მას მხოლოდ შიშის გამო ემსახურონ. იეჰოვა სიყვარულის ღმერთად არის ცნობილი. მოციქული იოანე აღძრული იყო დაეწერა: „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). იეჰოვა ღმერთი დიდი სიყვარულით ეპყრობოდა კაცობრიობას და მისი სურვილია, რომ ადამიანებიც სიყვარულით გამოეხმაურონ. მაშ, როგორღა უთავსდება ასეთი სიყვარული ღვთისადმი შიშს? ეს ორი რამ, სინამდვილეში, მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ფსალმუნმომღერალი წერდა: «უფლისმიერი საიდუმლო [„იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა“, აქ] — მოშიშარს მისას“ (ფსალმუნი 25:14; ჯემალ აჯიაშვილის თარგმანი; 24:15 [სსგ]).

დაფიქრდით იმ პატივისცემასა და შიშნარევ მოწიწებაზე, რომელსაც ბავშვი ძლიერი და გონიერი მამის მიმართ გრძნობს. ამავე დროს, ეს ბავშვი მამის სიყვარულს სიყვარულითვე პასუხობს. ბავშვი ენდობა მამას და ხელმძღვანელობისთვის მიმართავს, რადგან დარწმუნებულია, რომ ეს მისთვის სასარგებლო იქნება. მსგავსად ამისა, თუ იეჰოვა გვიყვარს და მისი გვეშინია, დავემორჩილებით მის მითითებებს; ეს კი სარგებლობას მოგვიტანს. შენიშნეთ, რა თქვა იეჰოვამ ისრაელების შესახებ: „ვინმემცა უკუე მისცა გულთა მაგათთა მარადის შიში იგი ჩემი ჩემს მიმართ და დამარხვა ყოველსა ჟამსა მცნებათა ჩემთა, რაჲთამცა კეთილი ეყო მათ და ნაშობთა მათთა უკუნისამდე“ (მეორე რჯული 5:29; მცხეთური ხელნაწერები).

დიახ, ღვთისადმი შიშს არა მონობა, არამედ თავისუფლება, არა მწუხარება, არამედ სიხარული მოაქვს. ესაიამ იესოს შესახებ იწინასწარმეტყველა: «ის უფლის შიშით ისულდგმულებს [„გაიხარებს“ აქ]» (ესაია 11:3). ფსალმუნმომღერალმა კი დაწერა: „ნეტარ არს კაცი მოშიში უფლისა, მის მცნებათა ფრიად მოყვარული“ (ფსალმუნი 111:1).

რასაკვირველია, თუ ღმერთს არ ვიცნობთ, ჩვენთვის შეუძლებელი იქნება, გვეშინოდეს მისი ან გვიყვარდეს. ამიტომაც არის ბიბლიის შესწავლა ასე მნიშვნელოვანი. ასეთი შესწავლა დაგვეხმარება, გავიგოთ, თუ როგორი პიროვნებაა ღმერთი და მადლიერებით ვაღიაროთ მისი ხელმძღვანელობისადმი მორჩილების გონივრულობა. როგორც კი ღმერთს დავუახლოვდებით, მისი ნების შესრულების სურვილი გვიჩნდება და მისი მითითებების დასაცავად აღვიძრებით, რამეთუ გვეცოდინება, რომ ისინი სარგებლობას მოგვიტანს (1 იოანე 5:3).

სასიხარულოა იმის ცოდნა, რომ სწორ გზაზე დგახარ. ეს სასიამოვნოა სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ბილისთვისაც. არც ისე დიდი ხნის წინათ მან თქვა: „ბიბლიის შესწავლის დაწყებიდან 9 წლის შემდეგ იეჰოვასთან ჩემი ურთიერთობა განმტკიცდა. სიხარული, რომელიც თავიდან მოზღვავდა ჩემში, თანდათანობით ნამდვილად სიხარულის მომტან ცხოვრებაში გადაიზარდა. ცხოვრებას ყოველთვის ოპტიმისტურად ვუყურებ. ყოველ დღეს აზრიანად ვატარებ და არა სიამოვნების ამაო ძიებაში. იეჰოვა ჩემთვის რეალური პიროვნება გახდა და ვიცი, რომ ისიც ნამდვილად არის დაინტერესებული ჩემი კეთილდღეობით“.

მომდევნო სტატიაში კიდევ უფრო ვრცლად განვიხილავთ, თუ როგორ მოაქვს იეჰოვას შესახებ შემეცნების მიღებას სიხარული და სარგებლობა მათთვის, ვინც ამ ცოდნას ცხოვრებაში იყენებს.

[ჩანართი 5 გვერდზე]

იეჰოვასთან დაახლოება მისადმი სიყვარულსაც და შიშსაც ნიშნავს.

[სურათი 6 გვერდზე]

იესოსთვის სიხარული მოჰქონდა იეჰოვასადმი შიშს.