არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩვენ გამოვცადეთ იეჰოვა

ჩვენ გამოვცადეთ იეჰოვა

ბიოგრაფია

ჩვენ გამოვცადეთ იეჰოვა

მოგვითხრო პოლ სქრიბნერმა

„დილა მშვიდობისა, ქალბატონო სტაქჰაუზ. ამ დილით სააღდგომო ნამცხვრის შეკვეთა მივიღე და დარწმუნებული ვარ, ისიამოვნებდით, თუ ერთს თქვენი ოჯახისთვისაც იყიდდით“. ეს 1938 წლის ადრეულ გაზაფხულზე ქალაქ ატკოში (ნიუ-ჯერსის შტატი) მოხდა, როცა ცომის ნაწარმის დატარებისას მთავარი საცხობი კომპანიის ერთ-ერთ საუკეთესო კლიენტს ვესაუბრებოდი. ჩემდა გასაკვირად, ქალბატონმა სტაქჰაუზმა ჩემს შეთავაზებულ ნამცხვარზე ცივი უარი თქვა.

„არა მგონია, რომ ეს საინტერესო იყოს, — თქვა მან, — ჩვენ არ ვზეიმობთ აღდგომას“.

ახლა უკვე აღარ ვიცოდი, რა მეფიქრა. ნუთუ ისინი არ ზეიმობდნენ აღდგომას? რასაკვირველია, ყიდვა-გაყიდვის ძირითადი წესების მიხედვით, კლიენტი ყოველთვის მართალია. ამიტომ რა უნდა გამეკეთებინა ასეთ შემთხვევაში? „კეთილი, — მოვიკრიბე გამბედაობა და ვუთხარი, — ეს ძალიან გემრიელი ნამცხვარია და ვიცი, რომ თქვენც მოგწონთ ჩვენი ნაწარმი. ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენს ოჯახს მოეწონება მაშინაც კი, თუ. . . არ ზეიმობთ აღდგომას?“.

„არა მგონია, — მიპასუხა მან, — მაგრამ მე თქვენთან საუბარს ვაპირებ რაღაცის შესახებ, ბატონო სქრიბნერ და, შესაძლოა, ეს შესაფერისი მომენტი იყოს ამისთვის“. ამ საუბარმა სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ქალბატონმა სტაქჰაუზმა, რომელიც იეჰოვას მოწმეთა ბერლინის (ნიუ-ჯერსი) კრების წევრი იყო, ამიხსნა, თუ საიდან აიღო საწყისი აღდგომის დღესასწაულმა და მომცა სამი ბუკლეტი, სათაურებით „უსაფრთხოება“, „გამოაშკარავებული“ და „მფარველობა“. მე ეს ბუკლეტები სახლში წავიღე; მართალია ცნობისმოყვარეობით ვიყავი აღძრული, მაგრამ, ამავე დროს, ოდნავი შიშის გრძნობაც მქონდა. მათში ზოგი ის აზრი აღმოვაჩინე, რომლებიც ქალბატონ სტაქჰაუზის საუბრიდან და ჩემი ბავშვობის პერიოდიდან მახსოვდა.

თავდაპირველი კონტაქტი ბიბლიის მკვლევარებთან

დავიბადე 1907 წლის 31 იანვარს და, როდესაც 8 წლის ვიყავი, 1915 წელს, მამაჩემი კიბოს დაავადებით გარდაიცვალა. ამის გამო მე და დედაჩემი მოლდენში (მასაჩუსეტსის შტატი) მის მშობლებთან გადავედით საცხოვრებლად დიდ სახლში. დედაჩემის ძმა, ბენიამინ რანსემი, და მისი ცოლი ამ სახლში მესამე სართულზე ცხოვრობდნენ. ბიძია ბენს XIX საუკუნის ბოლოდან ბიბლიის საერთაშორისო მკვლევარებთან, როგორც მაშინ იყვნენ ცნობილი იეჰოვას მოწმეები, ჰქონდა ურთიერთობა. მე ძალიან მიყვარდა ბიძია ბენი, მაგრამ დედაჩემის ოჯახის დანარჩენ წევრებს, რომლებიც მეთოდისტები იყვნენ, ის უცნაურ ადამიანად მიაჩნდათ. წლების შემდეგ, ბიცოლაჩემმა, სანამ თავის მეუღლეს გაეყრებოდა, იმდენი ქნა, რომ ცოტა ხნით ქმარი რელიგიური მრწამსის გამო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დააწვენინა. რადგან ბიძია ბენი ფსიქიკურად ჯანმრთელი იყო, საავადმყოფოს ექიმებმა ეს სწრაფად აღმოაჩინეს და ბოდიშის მოხდით გამოუშვეს საავადმყოფოდან.

ბიძია ბენს ბოსტონში ბიბლიის საერთაშორისო მკვლევართა შეხვედრებზე დავყავდი; უფრო მეტად მაშინ, როცა მომხსენებლები ესტუმრებოდნენ ხოლმე კრებას ან განსაკუთრებული რამ ხდებოდა. ერთხელ კრებას სტუმრად ეწვია კარგად ცნობილი მომხსენებელი, ჩარლზ ტეიზ რასელი, რომელიც იმ პერიოდში ზედამხედველობას უწევდა სამქადაგებლო საქმიანობას. სხვა განსაკუთრებული მოვლენა ის იყო, რომ „შემოქმედების ფოტოდრამა“ აჩვენეს. თუმცა ამ ფოტოდრამას 1915 წლის ბოლოს ვუყურე, დღესაც კი ნათლად მახსოვს აბრაამის გამოსახულება, რომელსაც ისაკი მსხვერპშესაწირად მიჰყავდა მთაზე (დაბადება, თავი 22). ახლაც თვალწინ მიდგას შეშით დატვირთული აბრაამი და ისაკი, რომლებიც მთაზე ადიოდნენ, და ისიც, რომ აბრაამი სრულიად იყო მინდობილი იეჰოვაზე. რადგან იმ დროს მამით ობოლი ვიყავი, ამან ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

შემდეგ ბიძია ბენი და მისი მეუღლე მენის შტატში გადავიდნენ; დედაჩემი კი მეორედ გათხოვდა და ნიუ-ჯერსიში გადავედით საცხოვრებლად. ამიტომ, დიდი ხნის განმავლობაში იშვიათად ვნახულობდი ბიძია ბენს. მოზარდობის წლებში ამ შტატში მერიონ ნეფი, პრესვიტერიანელი ოჯახის წევრი, გავიცანი, რომელსაც 7 და-ძმა ჰყავდა; მე სიამოვნებით ვინახულებდი ხოლმე მის ოჯახს. კვირასაღამოობით იმდენ დროს ვატარებდი მათთან და მათი ეკლესიის ახალგაზრდებთან, რომ, საბოლოოდ, თავად გავხდი პრესვიტერიანელი. მაგრამ ზოგი რამ, რაც ბიბლიის მკვლევარების შეხვედრებზე გავიგე, კვლავ გონებაში მიტრიალებდა. 1928 წელს მე და მერიონი დავქორწინდით და ქალიშვილები შეგვეძინა; 1935 წელს — დორისი, ხოლო 1938 წელს — ლუიზი. ჩვენ ორივე, რომლებსაც ახალფეხადგმული და ახალშობილი ბავში გვყავდა, ვგრძნობდით, რომ ჩვენი ოჯახისთვის მტკიცე საძირკვლის ჩასაყრელად სულიერი ხელმძღვანელობა გვესაჭიროებოდა.

ჭეშმარიტების აღმოჩენა ბუკლეტებში

მე და მერიონი ეკლესიას ვეძებდით, რათა მრევლს შევერთებოდით, რის გამოც ასეთი რამ დავგეგმეთ: ყოველ კვირას, რიგრიგობით რომ გვევლო სხვადასხვა ეკლესიაში, ერთ-ერთი ჩვენგანი სახლში რჩებოდა ბავშვებთან, სანამ მეორე მოძებნიდა ეკლესიას. ერთ კვირას მერიონის ჯერი დადგა, რომ სახლში დარჩენილიყო, მაგრამ შევთავაზე, რომ მის ნაცვლად მე მივხედავდი ბავშვებს; ასე რომ, ბუკლეტ „უსაფრთხოების“ წაკითხვის საშუალება მომეცემოდა, რომელიც ქალბატონი სტაქჰაუზის მიერ მოცემული სამი ბუკლეტიდან ერთ-ერთი იყო; პირველად სწორედ ეს წავიკითხე. იმდენად გამიტაცა კითხვამ, რომ თვალი ვერ მოვწყვიტე. უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ისეთი რამ აღმოვაჩინე, რის შემოთავაზებაც არც ერთ ეკლესიას არ შეეძლო. მომდევნო კვირასაც მსგავსი რამ მოხდა; როდესაც კვლავ დავრჩი ბავშვებთან, მეორე ბუკლეტი, „გამოაშკარავებული“, წავიკითხე. იქიდან, რასაც ვკითხულობდი, ზოგი რამ ნაცნობი იყო ჩემთვის. ეს სწორედ ის იყო, რაც ბიძია ბენს სწამდა? ჩვენი ოჯახი ფიქრობდა, რომ მისი რელიგია უსაფუძვლო იყო. რა აზრის იყო ამაზე მერიონი? დასამწუხრებელი არაფერი მქონდა. „გამოაშკარავებულის“ წაკითხვიდან რამდენიმე დღეში, როცა სამსახურიდან დავბრუნდი, მერიონმა, ჩემდა გასაოცრად, მითხრა: „მე შენ მიერ მოტანილი ბუკლეტები წავიკითხე. მართლაც რომ საინტერესოა“. ამან შვება მომგვარა.

ერთ-ერთი ბუკლეტის ბოლო გვერდზე მოცემული იყო ინფორმაცია ამას წინათ გამოცემული წიგნის, „მტრების“, შესახებ, რომელიც აშკარად ამხელდა ცრუ რელიგიას. ჩვენ გადავწვიტეთ მისი შეძენა. მაგრამ სანამ ფოსტით შეკვეთას გავაგზავნიდით, მოწმემ დააკაკუნა ჩვენს კარზე და ზუსტად ეს წიგნი შემოგვთავაზა. ეს პუბლიკაცია დაგვეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში. ჩვენ შევწყვიტეთ ეკლესიებში სიარული და დავიწყეთ კამდენში (ნიუ-ჯერსი) იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებზე დასწრება. სულ რაღაც რამდენიმე თვეში, 1938 წლის 31 ივლისს, კვირა დღეს, 50 კაცისგან შემდგარი ჩვენი ჯგუფი სტაქჰაუზის აბალახებულ ეზოში — სწორედ იმ სახლში, სადაც სააღდგომო ნამცხვრების გაყიდვას ვცდილობდი — შეიკრიბა და მოსამართლე რუტერფორდის მიერ წაკითხული, ნათლობასთან დაკავშირებული, მოხსენების ჩანაწერი მოვისმინეთ. შემდეგ სახლში ტანსაცმელი გამოვიცვალეთ და ცხრამეტნი ახლომდებარე პატარა მდინარეში მოვინათლეთ.

მტკიცე გადაწყვეტილების მიღება პიონერად მსახურებასთან დაკავშირებით

ჩემი მონათვლიდან ცოტა ხანში კრების წევრმა ერთმა დამ მითხრა, რომ კრებაში ზოგს პიონერი ეწოდებოდა, რომლებმაც საჯარო მსახურება თავიანთ მთავარ საქმიანობად აქციეს. მე მაშინვე დავინტერესდი და მალე გავიცანი ოჯახი, რომლის ყველა წევრი პიონერად მსახურობდა. ოჯახის თავი, ძმა კოუნინგი, მისი მეუღლე და მათი მოზრდილი ქალიშვილი პიონერებად მსახურობდნენ მეზობელ კრებაში. ჩემზე, როგორც ახალგაზრდა ოჯახის მამაზე, შთაბეჭდილებას ახდენდა ის, თუ რამხელა სიხარულს განიცდიდა მსახურებით კოუნინგების ოჯახი. მე ხშირად შეუვლიდი ხოლმე მათ, იქვე დავაყენებდი ცომის ნაწარმის დასატარებელ მანქანას და მათთან ერთად ვმონაწილეობდი კარდაკარ მსახურებაში. მალე მეც გამიჩნდა პიონერად მსახურების სურვილი. მაგრამ როგორ განვახორციელებდი ამას? მე და მერიონს ორი პატარა ბავშვი გვყავდა. გარდა ამისა, ჩემს სამუშაოს დიდი დრო მიჰქონდა. ფაქტობრივად, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და ევროპაში იმატა იმ ახალგაზრდა მამაკაცების რიცხვმა, რომლებიც შეერთებულ შტატებში ჯარისკაცების რიგებს უერთდებოდნენ, ჩვენ, ვისაც სამოქალაქო სამსახური გვქონდა, უფრო გვემატებოდა საქმე. ჩემგან მოითხოვდნენ, რომ უფრო გრძელ მარშრუტზე მეტარებინა ცომის ნაწარმი; ვიცოდი, რომ ასეთი განრიგის გამო ვერასდროს ვიმსახურებდი პიონერად.

როდესაც ძმა კოუნინგს ვუთხარი, რომ პიონერად მსახურების სურვილი მქონდა, მითხრა: „შენ მხოლოდ განაგრძე თავდაუზოგავად შრომა იეჰოვასთვის მსახურებაში და შენი სურვილის შესახებ ლოცვაში ესაუბრე მას. ის დაგეხმარება ამის განხორციელებაში“. ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამ რჩევის თანახმად ვიქცეოდი. ხშირად ვფიქრობდი მათეს 6:8-ში ჩაწერილ სიტყვებზე, რაც მარწმუნებდა იმაში, რომ იეჰოვამ მაშინაც კი იცის, რა მოთხოვნილებები გვაქვს, სანამ ვთხოვდეთ ამის შესახებ. და ვცდილობდი, მივყოლოდი მათეს 6:33-ში ჩაწერილ რჩევას, რომლის თანახმადაც პირველ რიგში ღვთის სამეფო და მისი სიმართლე უნდა ვეძიოთ. ძმა მელვინ ვინჩესტერის, ზონის მსახურის (დღევანდელი სარაიონო ზედამხედველი), სიტყვებმაც გამამხნევა.

მერიონს ჩემი მიზნების შესახებ ველაპარაკე. ჩვენ მალაქიას 3:10-ში ჩაწერილ სიტყვებზე ვისაუბრეთ, რამაც აღგვძრა, გამოგვეცადა იეჰოვა და საკუთარი თვალით გვენახა, აგვავსებდა თუ არა კურთხევებით. მე გამამხნევა ჩემი მეუღლის სიტყვებმა: „თუ გსურს პიონერად მსახურება, ნუ დაბრკოლდები ჩემ გამო. მე ვიზრუნებ გოგონებზე, სანამ შენ პიონერად იმსახურებ. ჩვენ, ასე თუ ისე, მატერიალურად ბევრ რამეს არ ვსაჭიროებთ“. ქორწინებიდან 12 წლის შემდეგ დავრწმუნდი, რომ მერიონი ყაირათიანი და უაღრესად მზრუნველი დიასახლისი იყო. წლების მანძილზე ის შესანიშნავ პარტნიორობას მიწევს პიონერულ მსახურებაში და თითქმის 60 წლის განმავლობაში სრული დროით მსახურებაში მიღწეული წარმატების ერთ ერთი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მერიონს შეუძლია, მცირედით დაკმაყოფილდეს და ისეთი შთაბეჭდილება დატოვოს, რომ თითქოს ბევრი რამის მფლობელები ვართ.

1941 წლის ზაფხულისთვის ლოცვებსა და გეგმების დასახვაში გატარებული თვეების შემდეგ მე და მერიონმა გარკვეული თანხა დავზოგეთ და 5,5 მეტრი სიგრძის მანქანაზე მისაბმელი სამგზავრო ვაგონი ვიყიდეთ, რომელშიც მთელი ოჯახი შეძლებდა ცხოვრებას. მე მივატოვე სამუშაო, 1941 წლის ივლისში პიონერი გავხდი და მას შემდეგ სრული დროით ვმსახურობ. პირველად ნიუ-ჯერსისა და სენტ-ლუისის (მისურის შტატი) შორის, 50-იდან 10 გაჩერებაში მდებარე ტერიტორიაზე დავინიშნე; აქ აგვისტოს დასაწყისში ჩვენი კონგრესი უნდა ჩატარებულიყო. მე ამ ტერიტორიაზე მცხოვრები იმ ძმების გვარები და მისამართები გადმომცეს, რომლებსაც წინასწარ მივწერე, თუ როდის დამლოდებოდნენ. როდესაც კონგრესზე მივიდოდით, უნდა მიმეკითხა პიონერთა განყოფილებისთვის და ახალი დანიშვნა მიმეღო.

„გადავწყვიტე, გამოვცადო იეჰოვა“

ჩვენ ლიტერატურით დავტვირთეთ ჩვენი პატარა სამგზავრო ვაგონი და ძმებთან გამომშვიდობების მიზნით საბოლოოდ მოვინახულეთ კამდენში არსებული კრება. რადგან ორ ძალიან პატარა გოგონაზე ზრუნვა გვეკისრა და ამავე დროს, კონგრესზე დასწრების გარდა, ჩვენი მომავალი დანიშნულების ადგილი ჯერ კიდევ უცნობი იყო, ჩვენი გეგმები არარეალური ჩანდა ზოგი ძმისთვის და რამდენიმე მათგანმა კიდეც გვითხრა: „მალე უკან დაბრუნდებით“. მახსოვს, ასეთი რამ ვუთხარი: „მე არ გამოვრიცხავ ამას. მაგრამ იეჰოვა შემპირდა, რომ იზრუნებდა ჩემზე და გადავწყვიტე, გამოვცადო იეჰოვა“.

პიონერული მსახურების დროს მასაჩუსეტსის შტატიდან მისისიპამდე გადაჭიმულ ტერიტორიაზე მდებარე 20 ქალაქში გატარებული ექვსი ათწლეულის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იეჰოვამ თავისი დანაპირების შესრულებაზე უფრო მეტი რამ გააკეთა. კურთხევები, რომლებითაც მე, მერიონი, და ჩვენი ორი ქალიშვილი აგვავსო, აღემატება ყოველივე იმას, რასაც წარსულში, 1941 წელს, მოველოდი. ამ კურთხევებში ის იგულისხმება, რომ ჩემი ორივე ქალიშვილი ერთგულად მსახურობს პიონერად მეზობელ კრებებში, ხოლო (საბოლოო გამოთვლით) დაახლოებით ასი სულიერი ვაჟი და ქალიშვილი შეერთებული შტატების მთელ აღმოსავლეთ სანაპიროზე ემსახურება ღმერთს. მთლიანობაში, 52 ადამიანთან მქონდა შესწავლა, ხოლო მერიონს — ორმოცდარვასთან, და ამ ადამიანებმა თავიანთი სიცოცხლე იეჰოვა ღმერთს მიუძღვნეს.

1941 წლის აგვისტოში ჩვენ სენტ-ლუისში ჩავედით და იქ, ბეთელში მომსახურე ძმას, ტ. სალივანს, შევხვდი. მას ჰქონდა ჩემი მსახურად დანიშვნის წერილი, რომელიც კარს მომდგარი ომისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის საშიშროების გამო მჭირდებოდა. მე ვუთხარი ძმა სალივანს, რომ ჩემი მეუღლე იმდენივე დროს უთმობდა მსახურებას, რამდენსაც მე, და რომ მას ჩემთან ერთად პიონერად მსახურება სურდა. თუმცა კონგრესზე პიონერთა განყოფილება ჯერ არ ფუნქციონირებდა, ძმა სალივანმა დაუყოვნებლივ დანიშნა მერიონი პიონერად და გვკითხა: „სად აპირებთ კონგრესის შემდეგ პიონერად მსახურებას?“ ჩვენ არ ვიცოდით. „კარგი, ნუ წუხხართ, — თქვა მან. — კონგრესზე თქვენ გაეცნობით ისეთ ტერიტორიაზე მცხოვრებ ძმას, სადაც პიონერები სჭირდებათ და თქვენი პრობლემა მოგვარდება. მხოლოდ მოგვწერეთ და შეგვატყობინეთ თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ და ჩვენ დანიშვნის წერილს გამოგიგზავნით“. ზუსტად ასე განვითარდა მოვლენები; ისე მოხდა, რომ ძმა ჯეკ დე ვითი, ზონის ყოფილი მსახური, ნიუ-მარკეტში (ვირჯინიის შტატი) იცნობდა მათ, ვინც პიონერთა სახლს ფლობდა; ეს სახლი უფრო მეტი პიონერისთვის იყო გათვალისწინებული. ამიტომ კონგრესის შემდეგ ნიუ-მარკეტისკენ გავემართეთ.

ნიუ-მარკეტში სიხარულით ცას ვეწიეთ. სხვა ვინ უნდა ჩამოსულიყო ფილადელფიიდან, რომ ჩვენთან ერთად ემსახურა პიონერად, თუ არა ბენიამინ რენსემი! დიახ, ბიძია ბენი. რა სასიხარულო იყო მასთან ერთად კარდაკარ მსახურებაში მონაწილეობა 25 წელზე მეტი ხნის შემდეგ, როცა მან ჯერ კიდევ ბოსტონში ჭეშმარიტების მარცვლები ჩათესა ჩემს გულში! მიუხედავად იმისა, რომ ბიძია ბენი ოჯახის წევრების მხრიდან გულგრილობას, დაცინვას და წინააღმდეგობასაც კი აწყდებოდა, მას არასდროს განელებია იეჰოვასა და მსახურების მიმართ სიყვარული.

ჩვენ რვა თვის განმავლობაში პიონერთა სახლში ვცხოვრობდით ნიუ-მარკეტში. ამ დროის მანძილზე სხვა ყველაფერთან ერთად ვისწავლეთ, თუ როგორ გადაგვეცვალა ლიტერატურა ქათმებსა და კვერცხებზე. შემდეგ მე, მერიონი და ბიძია ბენი სამ სხვასთან ერთად სპეციალურ პიონერებად დავინიშნეთ ჰანოვერში (პენსილვანიის შტატი) — ეს იყო იმ ექვსი დანიშვნიდან პირველი, რომლებიც 1942—1945 წლებში უნდა მიგვეღო პენსილვანიაში.

სპეციალურ პიონერებად მსახურება მეორე მსოფლიო ომის დროს

მეორე მსოფლიო ომის დროს ნეიტრალური პოზიციის გამო ჩვენ მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილი, მაგრამ იეჰოვა არასდროს გვტოვებდა მხარდაჭერის გარეშე. ერთხელ პროვინსთაუნში (მასაჩუსეტსის შტატი) ჩვენი ძველი ბიუიკის მარკის მანქანა მწყობრიდან გამოვიდა და განმეორებითი მონახულების გასაკეთებლად რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა მომიწია ძალიან მტრულად განწყობილი კათოლიკეების კვარტალის გავლით. გვერდით ახალგაზრდა ხულიგნების ჯგუფს ჩავუარე, რომლებმაც მიცნეს და ყვირილი მორთეს. ნაბიჯს ავუჩქარე. ქვების სროლის ხმა მესმოდა, მაგრამ ვიმედოვნებდი, რომ ახალგაზრდები დასაჭერად არ გამომედევნებოდნენ. ყოველგვარი დაშავების გარეშე მშვიდობიანად მივაღწიე დაინტერესებულის სახლამდე. მაგრამ სახლის პატრონმა, „ამერიკული ლეგიონის“ პატივცემულმა წევრმა, მომიბოდიშა და მითხრა: „ვერ მიგიღებთ ამ საღამოს, რადგან დამავიწყდა, რომ კინოფილმის საყურებლად მივდივართ ქალაქის ცენტრში“. შიშისგან გული ამიკანკალდა, რადგან გამახსენდა, რომ ქუჩის კუთხეში ქვებმომარჯვებული ხულიგნების ჯგუფი ელოდებოდა ჩემს დაბრუნებას. მაგრამ სიხარულით ცას ვეწიე, როცა ამ ჯენტლმენმა დასძინა: „ხომ არ გამოისეირნებდით ჩვენთან ერთად? ჩვენ გზად შეგვეძლო საუბარი“. ასე რომ, მე მასთან წამოვიწყე ქადაგება და მშვიდობიანად გავიარე საშიში ადგილი.

წონასწორობის შენარჩუნება ოჯახსა და მსახურებაში

ომის დამთავრების შემდეგ ჩვენ რამდენიმე დანიშვნა მივიღეთ ვირჯინიის შტატში, ამავე დროს, რვა წლის მანძილზე სპეციალურ და სრული დროით პიონერებად ვმსახურობდით შარლოტსვილში. 1956 წლისთვის, როცა გოგონები გაიზარდნენ, დაოჯახდნენ, ხოლო მე და მერიონი კვლავ მიმოსვლითი საქმიანობით ვიყავით დაკავებული: ჩვენ პიონერებად ვმსახურობდით ჰარისონბერგში (ვირჯინიის შტატი), ხოლო სპეციალურ პიონერებად — ლინკოლნტონში (ჩრდილოეთ კაროლინა).

1966 წელს სარაიონო ზედამხედველად დავინიშნე — კრებიდან კრებაში დავდიოდი და ძმებს ვამხნევებდი. სწორედ ისე, როგორც ძმა ვინჩესტერმა 30-იან წლებში ნიუ-ჯერსიში გამამხნევა. ორი წლის მანძილზე სხვადასხვა კრებებისგან შემდგარ რაიონს ვემსახურებოდი ტენესის შტატში. შემდეგ მე და მერიონს გვთხოვეს, ისევ ჩვენი უსაყვარლესი საქმიანობა — სპეციალური პიონერობა — გაგვეგრძელებინა. 1968—1977 წლებში ჩვენ სპეციალურ პიონერებად ვმსახურობდით შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილში, ჯორჯიიდან მისისიპამდე.

ჯორჯიის შტატის აღმოსავლეთ ნაწილში მე კრების ზედამხედველად დავინიშნე (დღევანდელი თავმჯდომარე ზედამხედველი) მოსიყვარულე, ხანდაზმული ძმის, პოუელ კირკლენდის, მაგივრად, რომელიც მრავალი წლის მანძილზე სარაიონო ზედამხედველად მსახურობდა, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობა უშლიდა ხელს. ის უზომოდ მადლიერი იყო და მხარს მიჭერდა, რასაც ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან იმ დროს კრებაში უთანხმოება არსებობდა, რაც რამდენიმე კარგად ცნობილი ძმის მიზეზით იყო გამოწვეული. ეს სიტუაცია ჩემს გულისწყრომას იწვევდა, რის გამოც ძალიან ხშირად ვევედრებოდი იეჰოვას. ერთხელ იგავნის 3:5-ში ჩაწერილი სიტყვების მსგავსი აზრი მომივიდა გონებაში: „ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი საკუთარ ჭკუას. შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“. იმის გამო, რომ ძალ-ღონეს არ ვიშურებდით სხვადასხვა საკითხის გულახდილად განსახილველად, შევძელით კრებაში ერთიანობის აღდგენა ისე, რომ ყველასთვის ყველაფერი კარგი შედეგებით დასრულებულიყო.

1977 წლისთვის ნელ-ნელა შეიგრძნობოდა, რომ ასაკი თავისას შვრებოდა, რის გამოც ისევ შარლოტსვილის ტერიტორიაზე დაგვნიშნეს, სადაც ჩვენი ორივე ქალიშვილი თავიანთ ოჯახებთან ერთად ცხოვრობდა. ბოლო 23 წლის მანძილზე სასიხარულო იყო ამ ტერიტორიაზე მსახურება, რუკერსვილში (ვირჯინიის შტატი) კრების ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანა და ბიბლიის ჩვენი პირველი შემსწავლელების შვილებისა და შვილიშვილების ნახვა, რომლებიც, როდესაც გაიზარდნენ, კრების უხუცესები, პიონერები და ბეთელელები გახდნენ. მე და მერიონს ჯერ კიდევ შეგვწევს ძალა, მივყვეთ სამქადაგებლო მსახურების კარგ განრიგს; ამავე დროს, კვლავ მაქვს უპირატესობა, აქტიურად ვიმსახურო უხუცესად შარლოტსვილის აღმოსავლეთით მდებარე კრებაში — წავუძღვე წიგნის შესწავლას და საჯარო მოხსენებებით გამოვიდე.

წლების მანძილზე, როგორც ყველა, ჩვენც ვაწყდებოდით პრობლემებს. მაგალითად, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, დორისი მოზარდობის ბოლო წლებში სულიერად მოსუსტდა გარკვეული ხნის მანძილზე და გათხოვდა მამაკაცზე, რომელიც არ იყო მოწმე. მაგრამ მას სრულებით არ განელებია სიყვარული იეჰოვას მიმართ და მისი ვაჟი, ბილი, 15 წელია, რაც ბეთელში მსახურობს უოლკილში (ნიუ-იორკი). ამჟამად დორისი და ლუიზი, ორივე, ქვრივები არიან, მაგრამ ისინი ერთმანეთის გვერდიგვერდ სიხარულით მსახურობენ პიონერებად.

წლების მანძილზე შეძენილი გამოცდილება

იეჰოვას წარმატებული მსახური რომ ვყოფილიყავი, რამდენიმე უბრალო წესის გამოყენება ვისწავლე: შეინარჩუნე უბრალო ცხოვრება. იყავი სამაგალითო შენს საქმეებში, მათ შორის პირად ცხოვრებაში. მიჰყევი „ერთგული და გონიერი მონის“ ხელმძღვანელობას ყველაფერში (მათე 24:45).

მერიონმა, სანამ ბავშვების აღზრდით იყო დაკავებული, მოკლე, მაგრამ ეფექტური რჩევების სია შეადგინა წარმატებული პიონერული მსახურებისთვის: შეადგინე და მიჰყევი კარგად აწონ-დაწონილ განრიგს. რეალურ საქმიანობად აქციე პიონერული მსახურება. მარგებელი საჭმლით იკვებე. სათანადო დრო გამოუყავი დასვენებას. ნუ გადაყვები გართობას. შეეცადე, რომ ბავშვებს სიამოვნება მოჰგვაროს ჭეშმარიტებამ და, ამავე დროს, მსახურების ყველა სახეობამ. ყოველთვის საინტერესო გახადე მათთვის მსახურებაში მონაწილეობა.

ამჟამად 90 წელს მივაღწიეთ. მას შემდეგ, რაც ჩვენს ნათლობასთან დაკავშირებული მოხსენება მოვისმინეთ სტაქჰაუზის ეზოში, 62 წელი გავიდა; 60 წელი სრული დროით მსახურებაში გავატარეთ. მე და მერიონს გულწრფელად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულ და უსაზღვრო კმაყოფილებას ვგრძნობთ ჩვენს ცხოვრებაში მომხდარი უამრავი შემთხვევის გამო. ძალიან მადლიერი ვარ, რომ, როგორც ახალგაზრდა მამა, გავმხნევდი, რათა სულიერი მიზნები პირველ ადგილზე დამეყენებინა და მათ განსახორციელებლად მეღვაწა; და მადლიერი ვარ ჩემი საყვარელი მეუღლის, მერიონის, და ორი ქალიშვილის წლების მანძილზე მათ მიერ აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის. რამდენადაც ჩვენ არ ვფლობთ მატერიალურ სიმდიდრეს, ხშირად ეკლესიასტეს 2:25-ში ჩაწერილ სიტყვებს ჩემს თავთან დაკავშირებით ვიყენებ: „ვინ ჭამს ან სვამს, ჩემზე უკეთ?“ (აქ).

მართლაც, ჩვენს შემთხვევაში, იეჰოვამ დაამტკიცა, რომ განსაკუთრებულად ასრულებს თავის დანაპირებს, როგორც ეს მალაქიას 3:10-შია ჩაწერილი. მან მართლაც ‘აუწყველად გადმოგვიცალა კურთხევა’.

[ჩარჩო⁄სურათი 29 გვერდზე]

ომიანობის წლებთან დაკავშირებული მოგონებები

ომის პერიოდიდან თითქმის 60 წლის შემდეგ მთელ ოჯახს გუშინდელი დღესავით ახსოვს იმ წლებთან დაკავშირებული მოგონებები.

„ზამთრის პერიოდში პენსილვანიის შტატში ყინვები იყო“, — იხსენებს დორისი. „ერთ ღამეს ტემპერატურა 30 გრადუსამდე დაეცა“. ლუიზი დასძენს: „მე და დორისი ჩვენი ძველი ბიუიკის უკანა სკამზე მონაცვლეობით ერთმანეთის კალთაში ვისხედით, რათა ფეხები არ გაგვყინვოდა“.

„მაგრამ არასდროს გვიფიქრია, რომ ღარიბები ან გაჭირვებულები ვიყავით“, — ამბობს დორისი. „ჩვენ ვიცოდით, რომ სხვა ადამიანებთან შედარებით უფრო ხშირად ვიცვლიდით საცხოვრებელ ადგილს, მაგრამ ყოველთვის უხვად გვქონდა საჭმელი და კარგი ხარისხის ტანსაცმელი, რომელსაც თითქმის ახლებს გვაძლევდნენ ოჰაიოს შტატში მცხოვრები ჩვენი ოჯახის ზოგი მეგობარი, რომლებსაც ჩვენზე ოდნავ უფროსი გოგონები ჰყავდათ“.

„დედ-მამა ყოველთვის სიყვარულს ავლენდა ჩვენ მიმართ და გვაფასებდნენ, — აღნიშნავს ლუიზი. — და ჩვენ ხშირად ვმსახურობდით მათთან ერთად, რაც განსაკუთრებულად გვაახლოებდა დედ-მამასთან“.

„მე 1936 წელს გამოშვებული განსაკუთრებული მარკის ბიუიკი მყავდა, — იხსენებს პოლი, — და ეს მანქანები ცნობილი იყო იმით, რომ მათი ხიდები ადვილად გამოდიოდა მწყობრიდან. ჩემი აზრით, ამ მანქანას იმდენად ძლიერი ძრავა ჰქონდა, რომ ხიდი ზიანდებოდა. და პრობლემა ყოველთვის თვის ყველაზე ცივ ღამეს იქმნებოდა, რის გამოც ხიდის გამოსაცვლელად „მანქანების სასაფლაოზე“ მისი ძებნა მიწევდა. მე დავხელოვნდი მათ გამოცვლაში.

„არ მავიწყდება სხვადასხვა პროდუქციის გასანაწილებელი ბარათი, — ამბობს მერიონი. — ყველაფერს თავისი ნორმა ჰქონდა — ხორცს, ბენზინს, ავტომობილის საბურავებს — მოკლედ, ყველაფერს. ყოველთვის, როცა ახალ დანიშვნას ვიღებდით, ადგილობრივ გამგეობაში მისვლა და სხვადასხვა პროდუქციის გასანაწილებელი ბარათის მოთხოვნა გვიწევდა. შეიძლება თვეები ყოფილიყო საჭირო ერთი ასეთი ბარათის მისაღებად. და როდესაც ახალ დანიშვნას მივიღებდით, კვლავ იმავეს კეთება გვიწევდა. მაგრამ იეჰოვა ყოველთვის ზრუნავდა ჩვენზე“.

[სურათი]

მე და მერიონი დორისთან (მარცხნივ) და ლუიზთან ერთად 2000 წელს.

[სურათი 25 გვერდზე]

11 წლის ასაკში დედასთან ერთად 1918 წელს.

[სურათი 26 გვერდზე]

ლუიზთან, მერიონთან და დორისთან ერთად 1948 წელს, როცა გოგონები მოინათლნენ.

[სურათი 26 გვერდზე]

1928 წლის ოქტომბერში გადაღებული ჩვენი ქორწილის სურათი.

[სურათი 26 გვერდზე]

მე და ჩემი ქალიშვილები (მარცხნივ და მარჯვნივ) იანკის სტადიონზე 1955 წელს.