არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ძირს ნუ გამოუთხრის ეჭვები შენს რწმენას

ძირს ნუ გამოუთხრის ეჭვები შენს რწმენას

ძირს ნუ გამოუთხრის ეჭვები შენს რწმენას

ერთ დღეს ფიქრობ, რომ ჯანმრთელი ხარ. მაგრამ მომდევნო დღეს თავს შეუძლოდ გრძნობ. მოულოდნელად ძალა გეცლება ან ენერგიას კარგავ. თავის ტკივილი გაწუხებს და სხეულში საშინელ ტკივილს გრძნობ. რა მოხდა? შენს ორგანიზმში საშიში დაავადების გამომწვევი ბაქტერიები შეიჭრნენ, დაასუსტეს იმუნური სისტემა და სასიცოცხლო ორგანოები დააავადეს. მკურნალობის გარეშე ამ მავნე მიკროორგანიზმებმა, რომლებიც შენს სხეულში იჭრებიან, შეიძლება სამუდამოდ შეგირყიონ ჯანმრთელობა, რასაც შესაძლოა სიკვდილიც კი მოჰყვეს.

თუ ჯანმრთელი არ ხარ, ორგანიზმში შეჭრილმა ინფექციამ, შესაძლოა, უფრო ადვილად მოახდინოს შენზე გავლენა. მაგალითად, თუ შენი ორგანიზმი ცუდი კვების შედეგად არის დასუსტებული, წინააღმდეგობის უნარი „იმდენად გიქვეითდება, რომ მსუბუქმა ინფექციამაც კი შეიძლება გიმსხვერპლოს“, — ამბობს ერთ-ერთი სამედიცინო ნაშრომების ავტორი პიტერ უინგეტი.

ასეთ სიტუაციაში ვინ ისურვებდა შიმშილობას? ალბათ, ყველაფერს გააკეთებ იმისათვის, რომ კარგად იკვებო და ჯანმრთელობა შეინარჩუნო. გარდა ამისა, ყოველ ღონეს იხმარ ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული დაავადების თავიდან ასარიდებლად. მაგრამ ამნაირადვე იჩენ სიფრთხილეს, როდესაც ‘სარწმუნოებაში ჯანსაღად’ დარჩენას ეხება საქმე? (ტიტე 2:2, აფ). მაგალითად, ფხიზლობ, რათა მაცდურმა ეჭვებმა საშიშროების წინაშე არ დაგაყენოს? ასეთ ეჭვებს ძალიან ადვილად შეუძლია მოიცვას შენი გული და გონება, რაც ძირს გამოუთხრის შენს რწმენასა და იეჰოვასთან შენს ურთიერთობას. როგორც ჩანს, ზოგმა არ იცის ამ საშიშროების შესახებ. სულიერი შიმშილის გამო მათ ადვილად ეუფლებათ ეჭვები. არსებობს იმის საშიშროება, რომ შენც იგივე დაგემართოს?

ეჭვები — ყოველთვის ზიანის მომტანია?

რასაკვირველია, ეჭვები ყოველთვის არ არის საზიანო. დროდადრო აუცილებელია ყველაფრის გაანალიზება, რათა დარწმუნდე ფაქტების რეალურად არსებობაში. რელიგიური მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ შენ მხოლოდ უნდა დაიჯერო და ეჭვი არაფერში შეგეპაროს, სახიფათო და მაცდუნებელია. სინამდვილეში ბიბლიაში ნათქვამია, რომ სიყვარულს „ყველაფერი სწამს“ (1 კორინთელთა 13:7). მოსიყვარულე ქრისტიანი, უდავოდ, მზად არის, დაუჯეროს მათ, ვინც დაამტკიცა, რომ ნდობას იმსახურებს. მაგრამ ღვთის სიტყვა აგრეთვე გვაფრთხილებს, რომ ‘ყველა სიტყვისა არ გვჯეროდეს’ (იგავნი 14:15). ზოგჯერ ადამიანის განვლილი ცხოვრება ეჭვის საფუძველს იძლევა. „ნუ ენდობი ხმის გამნაზებელს“, — გვაფრთხილებს ბიბლია (იგავნი 26:24, 25).

მოციქული იოანეც აფრთხილებს ქრისტიანებს საფუძველს მოკლებულ რწმენასთან დაკავშირებით: „ნუ ენდობით ყოველ სულს [შთაგონებულ სიტყვას, აქ], — წერს ის. — არამედ გამოსცადეთ სულნი [შთაგონებული სიტყვები, აქ], ღვთისაგან არიან თუ არა“ (1 იოანე 4:1). შეიძლება ისე ჩანდეს, რომ „შთაგონებული გამონათქვამი“, სწავლება ან თვალსაზრისი ღვთისგან მომდინარეობს. მაგრამ ნამდვილად მომდინარეობს მისგან? ამა თუ იმ საკითხში ეჭვის შეტანა ან გარკვეულ მრწამსთან დაკავშირებით ყველაფრის გაანალიზება ნამდვილად შეიძლება დამცველი იყოს, რადგან, როგორც მოციქული იოანე ამბობს, „წუთისოფელში შემოვიდა მრავალი მაცდური“ (2 იოანე 7).

დაუსაბუთებელი ეჭვები

დიახ, ხშირად სიმართლის დასადგენად ფაქტების საგულდაგულოდ და მოკრძალებით გამოკვლევაა საჭირო. მაგრამ ამას ვერ ვიტყოდით, თუ დაუსაბუთებელ, საზიანო ეჭვებს განვავითარებდით ჩვენს გულსა და გონებაში — ეჭვებს, რომელთაც შეუძლიათ ძირი გამოუთხარონ ჩვენს ღრმად ფესვგადგმულ რწმენასა და ურთიერთობებს. ასეთ ეჭვში იგულისხმება „რწმენის ან შეხედულების დაუსაბუთებლობა, რაც ხშირად ხელის შემშლელია გადაწყვეტილების მიღების დროს“. გაიხსენე, როგორ მოწამლა სატანამ ევას გონება, როდესაც იეჰოვას შესახებ ეჭვები გაუღვივა? „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო?“ — ჰკითხა მან (დაბადება 3:1). ვითომ გულუბრყვილო შეკითხვის შედეგად წარმოქმნილმა ეჭვებმა ევას ხელი შეუშალა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. სატანის მეთოდებისთვის ასეთი რამ არის დამახასიათებელი. ის შეიძლება შევადაროთ ეგრეთ წოდებული ანონიმური წერილების ავტორს, რომელიც დახელოვნებულია გადაკრული, არაკეთილსასურველი შენიშვნების მიცემასა და ნახევრად მართალი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში. სატანამ უამრავ სასარგებლო, სანდო ურთიერთობას მაცდუნებელი ეჭვების ჩათესვით ძირი გამოუთხარა (გალატელთა 5:7—9).

მოწაფე იაკობს ძალიან კარგად ესმოდა, თუ რა საზიანო შედეგს გამოიწვევდა ამგვარი ეჭვების გაღვივება. ის წერს იმ შესანიშნავი უპირატესობის შესახებ, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია განსაცდელის დროს ღმერთთან თავისუფლად მიახლოებისთვის. მაგრამ იაკობი გაფრთხილებს, თუ როდის მიმართო ღმერთს ლოცვით, ‘რწმენით და ეჭვის გარეშე სთხოვო’. როცა ღმერთთან ურთიერთობაში ეჭვები გვიჩნდება, ვემსგავსებით ორჭოფ კაცს, რომელიც „ჰგავს ზღვის ტალღას, ქარის აღძრულსა და მიმოტაცებულს“. ჩვენ იმ ორჭოფი კაცივით ვართ, რომელიც „არამდგრადია თავის ყველა გზაზე“ (იაკობი 1:6, 8). როდესაც რწმენასთან დაკავშირებით ეჭვებს ვაღვივებთ, მერყევნი ვხდებით. შემდეგ, ევას მსგავსად, შესაძლოა ჩვენც ადვილად მოვექცეთ ყოველგვარი დემონური სწავლებისა და ფილოსოფიის გავლენის ქვეშ.

კარგი სულიერი ჯანმრთელობის შენარჩუნება

მაშ, როგორ შეგვიძლია დავიცვათ საკუთარი თავი საზიანო ეჭვებისგან? პასუხი ძალიან მარტივია: სატანური პროპაგანდის მტკიცედ უკუგდებითა და იეჰოვას სულიერი პროგრამით გათვალისწინებული ყველა იმ ღონისძიებიდან სრული სარგებლობის მიღებით, რომლებიც ‘რწმენას გვიმტკიცებს’ (1 პეტრე 5:8—10).

ძალზე მნიშვნელოვანია კარგი პირადი სულიერი კვება. დასაწყისში მოხსენიებული ბატონი უინგეტი განმარტავს: „მაშინაც კი, თუ სხეული მოსვენებულ მდგომარეობაშია, ორგანიზმი მიმდინარე ქიმიური პროცესებისთვის და სასიცოცხლო ორგანოების ფუნცქიონირებისთვის მუდმივ ენერგიას საჭიროებს; და მრავალი ქსოვილის შემადგენელ ნაწილებს მუდმივად ესაჭიროება განახლება“. იგივე შეიძლება ითქვას ჩვენს სულიერ კვებასთან დაკავშირებითაც. მუდმივი სულიერი კვების გარეშე ჩვენი რწმენა, საკვებს მოკლებული ორგანიზმის მსგავსად, თანდათანობით სუსტდება და, საბოლოოდ, კვდება. იესო ქრისტემ ხაზი გაუსვა ამას, როცა თქვა: „არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4).

დაფიქრდი შემდეგზე: თავდაპირველად როგორ ჩავუყარეთ ჩვენს რწმენას მყარი საძირკველი? „რწმენა — მოსმენისაგან“, — წერს მოციქული პავლე (რომაელთა 10:17). ის გულისხმობს, რომ თავდაპირველად ღვთის სიტყვიდან კვებით ჩავუყარეთ ჩვენს რწმენას საძირკველი, და რწმენა განვავითარეთ იეჰოვას, მისი განზრახვებისა და მისი ორგანიზაციის მიმართ. რასაკვირველია, ბრმად არ ვერწმუნეთ მოსმენილს. ჩვენ ქალაქ ბერეას მცხოვრებთა მსგავსად მოვიქეცით; ‘გულმოდგინებით ვარჩევდით წერილებს, ნამდვილად ასე თუ იყო’ (საქმეები 17:11). ‘შევიცანით, რა არის ღვთის ნება — კეთილი, სასურველი და სრულყოფილი’ და დავრწმუნდით მოსმენილის ჭეშმარიტებაში (რომაელთა 12:2; 1 თესალონიკელთა 5:21). მას შემდეგ, შესაძლოა, უფრო გავიღრმავეთ რწმენა, რადგან კიდევ უფრო ნათლად დავინახეთ, რომ ღვთის სიტყვა და მისი დანაპირები არასდროს მტყუნდება (იესო ნავეს ძე 23:14; ესაია 55:10, 11).

მოერიდე სულიერ შიმშილს

ახლა რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ — შევინარჩუნებთ თუ არა რწმენას და თავს ავარიდებთ თუ არა ნებისმიერ საეჭვო მრწამსს, რომელსაც შეუძლია იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისადმი რწმენა შეგვირყიოს. ამის მისაღწევად ჩვენ უნდა განვაგრძოთ საღვთო წერილის ყოველდღიურად გამოკვლევა. მოციქული პავლე გვაფრთხილებს, რომ „უკანასკნელ დღეებში ზოგიერთები [რომელთაგანაც თითოეულს, შესაძლოა, თავდაპირველად თითქოს ძლიერი რწმენა ჰქონდა] განდგებიან რწმენისაგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს“ (1 ტიმოთე 4:1). ასეთი მაცდუნებელი გამონათქვამები და სწავლებები ეჭვებს ავითარებს ზოგის გონებაში და ღვთისგან აუცხოებს მათ. რა დაგვიცვავს ასეთ დროს? კვლავ ‘რწმენის სიტყვებით და იმ კეთილი სწავლით გაზრდა, რომლის მიმდევრებიც გავხდით’ (1 ტიმოთე 4:6).

სამწუხაროდ, დღეს ზოგს არ სურს, იყოს „რწმენის სიტყვებით ნაზარდი“ მაშინაც კი, თუ ასეთი საკვები ადვილად ხელმისაწვდომია. როგორც წიგნის „იგავნი სოლომონისა“ ერთ-ერთი დამწერი მიანიშნებს, შესაძლოა, ადამიანი უხვად იყოს მომარაგებული კარგი სულიერი საკვებით და სულიერი ნადიმიც კი ჰქონდეს გამართული, მაგრამ, ფაქტობრივად, არ იკვებებოდეს და არ ინელებდეს საკვებს (იგავნი 19:24; 26:15).

ეს სახიფათოა. პიტერ უინგეტი ამბობს: „როგორც კი ორგანიზმი საკუთარი ცილის გამოყენებას იწყებს, ჯანმრთელობა უარესდება“. როდესაც შიმშილობ, ორგანიზმი ყველა იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მარაგს ხარჯავს, რაც მასში ინახება. როდესაც ეს მარაგი ილევა, ორგანიზმი ცილის გამოყენებას იწყებს, რომელიც აუცილებელია ქსოვილის ზრდისა და აღდგენისათვის. ამ დროს დასუსტებული სასიცოცხლო ორგანოები ფუნქციონირებას წყვეტენ, რის შემდეგაც შენი ჯანმრთელობა სწრაფად უარესდება.

სულიერი თვალსაზრისით, მსგავსი რამ დაემართა პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების ზოგ წევრს. ისინი ცდილობდნენ, ეკვებათ თავიანთი სულიერი მარაგიდან. შესაძლოა, მათ მიატოვეს პირადი შესწავლა და სულიერად დასუსტდნენ (ებრაელთა 5:12). მოციქულმა პავლემ ახსნა, თუ რა საშიშროება არსებობდა ასეთ დროს, როდესაც მისწერა ებრაელ ქრისტიანებს: „გვმართებს მეტი გულისყურით ვიყოთ მოსმენილისადმი, რათა არ გადავუხვიოთ“. მან იცოდა, როგორ ადვილად შეიძლებოდა თანდათანობით ცუდი ჩვევების განვითარება, თუ ‘უგულებელვყოფდით ესოდენ დიად ხსნას’ (ებრაელთა 2:1, 3).

აღსანიშნავია, რომ ადამიანი, რომელიც საკვების უკმარისობას განიცდის, აუცილებელი არ არის, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდეს, რომ გამხდარია და ავადმყოფური გამომეტყველება აქვს. მსგავსად ამისა, შეიძლება მაშინვე აშკარად შესამჩნევი არ იყოს, როცა ვინმე სულიერ შიმშილს განიცდის. შეიძლება გარეგნულად ისე ჩანდეს, რომ სულიერად კარგ მდგომარეობაში ხარ, მაშინ როცა სწორად არ იკვებები — მაგრამ ეს მხოლოდ ცოტა ხნით გასტანს. შენ უსათუოდ დასუსტდები სულიერად, ადვილად წამოეგები დაუსაბუთებელ ეჭვებზე და ვერ იღვაწებ რწმენისთვის (იუდა 3). შენ მაინც იცი — სხვამ რომც არ იცოდეს — სინამდვილეში რამდენად ხარისხიანად იკვებები სულიერად.

ამიტომ ერთგულად განაგრძე პირადი შესწავლა. მტკიცედ გადაწყვიტე, რომ განიქარვო ეჭვები. თუ არაფრად ჩააგდებ სულიერი სისუსტის უმნიშვნელო სიმპტომებს — თავიდან არ ამოიგდებ შემაწუხებელ ეჭვებს, შეიძლება ამან დამღუპველ შედეგებამდე მიგიყვანოს (2 კორინთელთა 11:3). ნამდვილად ბოლო დღეებში ვცხოვრობთ? ყველაფერი, რაც ბიბლიაშია ნათქვამი, სარწმუნოა? ეს ნამდვილად იეჰოვას ორგანიზაციაა? სატანას სურს, რომ ასეთი ეჭვები ჩანერგოს შენს გონებაში. ნუ დაუშვებ, რომ სულიერ კვებას უგულისყუროდ მოეკიდო და სატანის მაცდუნებელი სწავლებების მსხვერპლი გახდე (კოლასელთა 2:4—7). მიჰყევი ტიმოთესთვის მიცემულ რჩევას. იყავი ‘საღვთო წერილის’ გულმოდგინე შემსწავლელი ისე, რომ შესძლო ‘იდგე იმაზე, რაც გისწავლია და რაც გირწმუნია’ (2 ტიმოთე 3:13—15).

შესაძლოა ამის გასაკეთებლად დახმარებას საჭიროებდე. დასაწყისში მოხსენიებული სამედიცინო ნაშრომების ავტორი განაგრძობს: „მკაცრი შიმშილობის დროს ვიტამინებისა და სხვა აუცილებელი კალორიების ნაკლებობის გამო საჭმლის მომნელებელი ორგანოები შეიძლება ისე დაზიანდნენ, რომ ვეღარ შესძლონ ჩვეულებრივი საკვების მიღება მისი შემდგომი მიწოდების შემთხვევაში. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს შეიძლება გარკვეული დროის განმავლობაში ისეთი საკვების მიღება მოუწიოთ, რომელიც ადვილად მოსანელებელია“. განსაკუთრებული მზრუნველობაა საჭირო ორგანიზმში შიმშილით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად. მსგავსად ამისა, ვინც მეტისმეტად უგულისყუროდ ეკიდება ბიბლიის პირად შესწავლას, შეიძლება დიდ დახმარებასა და გამხნევებას საჭიროებდეს სულიერი მადის დასაბრუნებლად. თუ მსგავს მდგომარეობაში ხარ, ეძიე ასეთი დახმარება და მზადყოფნით გამოეხმაურე ნებისმიერ შემოთავაზებულ დახმარებას, რათა დაიბრუნო სულიერი ჯანმრთელობა და ძალა (იაკობი 5:14, 15).

ნუ ‘დაეჭვდები ურწმუნობით’

პატრიარქ აბრაამის მდგომარეობის მხედველობაში მიღებით ზოგი შესაძლოა ფიქრობდეს, რომ მას საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა დაეჭვებისთვის. ამავე დროს, შეიძლება სავსებით გონივრული ჩანდეს ისეთი დასკვნის გაკეთება, რომ აბრაამს, ღვთის დანაპირების მიუხედავად, ‘არ ჰქონდა იმედი, რომ მრავალი ხალხის მამა გახდებოდა’. რატომ? ადამიანური თვალსაზრისით, ბევრი რამ არ ჩანს იმედის მომცემი. „მისი სხეული. . . უკვე ჩაკვდა, ხოლო სარას საშო მკვდარი იყო“, — ნათქვამია ბიბლიაში. მაგრამ მან სიმტკიცე გამოიჩინა და არ დაუშვა, რომ ღვთისა და მისი განზრახვების მიმართ ეჭვებს ფესვი გაედგა მის გულსა და გონებაში. მოციქული პავლე წერს: ის „არ შესუსტებულა რწმენაში“ ანუ „არ დაეჭვებულა. . . ურწმუნობით“. აბრაამი „გულდაჯერებული იყო, რომ ის [ღმერთი], ვინც აღუთქვა, შესრულებასაც შეძლებდა“ (რომაელთა 4:18—21). მან წლების მანძილზე ისეთი პირადი ურთიერთობა განავითარა იეჰოვასთან, რომ უფრო განამტკიცა ეს კავშირი და უფრო მიენდო იეჰოვას. მან უკუაგდო ყველანაირი ეჭვი, რაც ამ ურთიერთობას შეარყევდა.

შენც შესძლებ იმავეს გაკეთებას, თუ ‘ჩაეჭიდები საღი სიტყვების ნიმუშს’ და, თუ კარგად გამოიკვებები სულიერად (2 ტიმოთე 1:13). თვალს ნუ დახუჭავ ეჭვებზე. სატანა „ბაქტერიოლოგიურ ომს“ ეწევა. თუ უგულისყუროდ მოეკიდები ბიბლიის პირადი შესწავლისა და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრების საშუალებით კარგ სულიერ კვებას, ადვილად გახდები ასეთი თავდასხმის მსხვერპლი. საუკეთესოდ გამოიყენე „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწოდებული უხვი და დროული სულიერი საკვები (მათე 24:45). ‘მიჰყევი საღ სიტყვებს’ და დარჩი ‘საღი სარწმუნოებაში’ (1 ტიმოთე 6:3; ტიტე 2:2). ძირს ნუ გამოუთხრის ეჭვები შენს რწმენას.

[სურათები 21 გვერდზე]

რამდენად ხარისხიანად იკვებები სულიერად?