ხეები, რომლებიც დროის გამოცდას უძლებენ
ხეები, რომლებიც დროის გამოცდას უძლებენ
ციცაბო კლდე შეიძლება არ ჩანდეს იდეალურ საცხოვრებელ ადგილად, განსაკუთრებით მაშინ, თუ ძალიან მაღალია. ზოგი ალპური ხე კი, არახელსაყრელი პირობების მიუხედავად, მაგრად ეჭიდება ასეთ კლდოვან ფერდობებს, გაბედულად იტანს ზამთრის სუსხსა და ზაფხულის გვალვას.
ჩვეულებისამებრ, ეს ხეები არ არიან ისეთი წარმოსადეგი, როგორც მათი მონათესავე ჯიშის ხეები, რომლებიც დაბლობებში იზრდებიან. მათი ტანი შეიძლება დაკოჟრილი და დაგრეხილი იყოს, ხოლო მათი ნორჩი ყლორტები — საგრძნობლად მოკლე. ზოგი ჩვეულებრივი ჯუჯა ხესავით გამოიყურება და მკაცრი კლიმატისა და მიწის უკმარისობის გამო ფორმა ეკარგება და ტოტები უხმება.
რადგან ეს ხეები დედამიწაზე ყველაზე არახელსაყრელ პირობებს უძლებენ, თქვენ შესაძლოა ჩათვალოთ, რომ ისინი ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ცოცხლობენ, მაგრამ ეს, სინამდვილეში, ასე არ არის. ზოგის მტკიცებით, მეთუშალახი (ფიჭვის ხე), რომელიც კალიფორნიის თეთრ მთებში 3 000 მეტრის მაღლობზე იზრდება, 4 700 წლის არის. 1997 წლის „გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში“ ასეთი ხე შეტანილია, როგორც უძველესი ხე ჩვენს პლანეტაზე. ედმუდ შულმენმა, რომელმაც ასეთი უძველესი ხეები გამოიკვლია, ახსნა: „როგორც ჩანს, ამ ჯიშის ფიჭვი. . . ცუდ პირობებს უძლებს. აღმოჩნდა, რომ თეთრ მთებში ფიჭვის ყველა უძველესი ხე დაახლოებით 3 000 მეტრის მაღლობზე, ხრიოკ და კლდოვან უდაბურ ადგილებში იზრდება“. შულმენმა ისიც აღმოაჩინა, რომ სხვა ჯიშის ფიჭვის ყველაზე უძველესი ხეებიც მკაცრ პირობებში იზრდება.
მართალია, ისინი უძლებენ ცუდ პირობებს, მაგრამ მათი გამძლეობა განსაკუთრებით ორ რამეზეა დამოკიდებული. პირველი: ის, რომ ისინი უდაბურ ადგილას იზრდებიან, სადაც მცენარეულობის ნაკლებობაა, მათ ტყეში გაჩენილი ხანძრისგან იცავს; ეს კი ყველაზე მეტად უძველეს ხეებს უქმნის საშიშროებას. და მეორე, მათი ფესვები ისე მაგრად ეჭიდება კლდოვან ფერდობებს, რომ მხოლოდ მიწისძვრის შედეგად არის შესაძლებელი მათი ამოგლეჯა.
ბიბლიაში ღვთის ერთგული მსახურები ხეებთან არიან შედარებული (ფსალმუნი 1:1—3; იერემია 17:7, 8). შესაძლოა, ისინიც ხვდებიან გაჭირვებას იმ ვითარებების გამო, რომლებშიც უწევთ ყოფნა. დევნის, სუსტი ჯანმრთელობის ან დამრთგუნველი მდგომარეობისა და სიღარიბის გამო შეიძლება უკიდურესად გამოიცადოს მათი რწმენა, განსაკუთრებით მაშინ, თუ გამოცდები წლობით გრძელდება. მიუხედავად ამისა, მათი შემოქმედი, რომელმაც ისე შექმნა ხეები, რომ შესანიშნავად უმკლავდებიან არახელსაყრელ პირობებს, არწმუნებს თავის თაყვანისმცემლებს, რომ მხარში ამოუდგება. ბიბლიაში შემდეგი დანაპირებია მათთვის, ვინც ურყევი რჩება: „გაგაძლიერებთ, განგამტკიცებთ“ (1 პეტრე 5:9, 10).
ბერძნული ზმნა ურყევად დგომა, სიმტკიცის შენარჩუნება ან, სიძნელეების მიუხედავად, რაღაცის დაჟინებით კეთება ხშირად ბიბლიაში თარგმნილია, როგორც „გაძლება“. ალპურ ხეებს ძლიერი ფესვები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს არახელსაყრელი პირობების ატანაში. ქრისტიანებს კი სიმტკიცისთვის ესაჭიროებათ, ღრმად გაიდგან ფესვები იესო ქრისტეში. „როგორც მიიღეთ ქრისტე იესო უფალი, — დაწერა პავლემ. — ასევე იარეთ მასში ფესვგადგმულებმა და მისით აღშენებულებმა, განმტკიცებულებმა რწმენით, როგორც გისწავლიათ, და წარმატებულებმა მადლიერებაში“ (კოლასელთა 2:6, 7).
პავლეს ესმოდა, რომ საჭირო იყო ძლიერი სულიერი ფესვების გადგმა. ის თავად ებრძოდა ‘ეკალს სხეულში’ და იტანდა სასტიკ დევნას მთელი თავისი მსახურების განმავლობაში (2 კორინთელთა 11:23—27; 12:7). მაგრამ აღმოაჩინა, რომ ღვთის ძალით შეეძლო ყველაფრის ატანა. „ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში“, — განაცხადა მან (ფილიპელთა 4:13).
როგორც პავლეს მაგალითი ცხადყოფს, ხელსაყრელ პირობებზე არ არის დამოკიდებული ქრისტიანული გამძლეობა. ალპური ხეების მსგავსად, რომლებიც საუკუნეების მანძილზე უძლებენ ძლიერ ქარებს, ჩვენც შეგვიძლია მტკიცენი დავრჩეთ რწმენაში, თუ ფესვებს ქრისტეში გავიდგამთ და დავენდობით იმ ძალას, რომელსაც ღმერთი გვანიჭებს. უფრო მეტიც, თუ ბოლომდე მოვითმენთ, საკუთარ თავზე გამოვცდით ღვთის კიდევ სხვა დანაპირების შესრულებას: „ჩემი ხალხის ასაკი ხის ასაკივით იქნება“ (ესაია 65:22; მათე 24:13).