არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ?

არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ?

არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ?

„თუ მოკვდა კაცი, განა კვლავ იცოცხლებს?“ — ასეთი შეკითხვა დასვა პატრიარქმა იობმა დაახლოებით 3 500 წლის წინათ (იობი 14:14). ეს კითხვა ათასწლეულებია, რაც საგონებელში აგდებს კაცობრიობას. საუკუნეების განმავლობაში ნებისმიერი საზოგადოების წარმომადგენლები ფიქრობენ ამ საკითხზე; აღმოცენდა მრავალგვარი შეხედულება.

ბევრ ნომინალურ ქრისტიანს ზეციერი ცხოვრება და ჯოჯოხეთის არსებობა სწამს. მეორე მხრივ, ინდუსებს გარდასახვის სჯერათ. მუსულმანური თვალსაზრისის შესახებ ისლამური რელიგიის ცენტრის თანამშრომელი ემირ მუავია ამბობს: „ჩვენ გვჯერა, რომ სიკვდილის შემდეგ სამსჯავროს დღე დადგება და ყველას მოუწევს ღვთის, ალაჰის, წინაშე წარდგომა; ეს სასამართლო პროცესზე გამოცხადების მსგავსი იქნება“. ისლამური რწმენის თანახმად, მაშინ ალაჰი თითოეულ ადამიანს მის მიერ განვლილი ცხოვრების გზის მიხედვით შეაფასებს და ან სამოთხეში, ან ცეცხლოვან ჯოჯოხეთში გააგზავნის.

შრი-ლანკაში როგორც ბუდისტები, ისე კათოლიკეები კარ-ფანჯრებს ფართოდ აღებენ, როდესაც ოჯახში მიცვალებულია. ანთებენ ზეთის ლამპარს და კუბოს ისე დგამენ, რომ მიცვალებულს ფეხები მთავარი კარისკენ ჰქონდეს მიმართული. მათ სჯერათ, რომ ამით განსვენებულის სულს სახლის დატოვებას უადვილებენ.

როგორც დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომელი რონალდ ბერნტი ამბობს, ავსტრალიელ აბორიგენებს სწამთ, რომ „ადამიანის სული მოუსპობელია“. ზოგიერთი აფრიკული ტომის ხალხს სჯერა, რომ სიკვდილის შემდეგ ჩვეულებრივი ადამიანები აჩრდილებად იქცევიან, გამოჩენილი ადამიანები კი — წინაპართა სულებად, რომელთაც პატივი უნდა მიაგონ და თხოვნა-ვედრებით მიმართონ, როგორც თემის უხილავ ბელადებს.

ზოგიერთ ქვეყანაში შეხედულებები მიცვალებულთა მდგომარეობის შესახებ ადგილობრივი ტრადიციებისა და ნომინალური ქრისტიანობის ნარევია. მაგალითად, მრავალი დასავლეთ აფრიკელი კათოლიკე და პროტესტანტი, როდესაც ვინმე კვდება, ჩვეულების თანახმად, სარკეს რაიმეს აფარებს, რომ შემთხვევით არავინ ჩაიხედოს და მიცვალებულის სული არ დაინახოს.

რა ხდება სიკვდილის შემდეგ? — ადამიანთა შეხედულებები ამ საკითხზე, მართლაც რომ, მრავალფეროვანია. მაგრამ ამ სხვადასხვაგვარ შეხედულებებს ერთი ძირითადი წარმოდგენა აერთიანებს — ადამიანში არსებობს რაღაც უკვდავი და ეს რაღაც სხეულის სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს სიცოცხლეს. ზოგს სწამს, რომ ეს „რაღაც“ სულია. მაგალითად, აფრიკისა და აზიის ზოგიერთ მხარეში, აგრეთვე წყნარი ოკეანის რეგიონებში — პოლინეზიაში, მელანეზიასა და მიკრონეზიაში — მრავალს სწამს, რომ სული უკვდავია.

აქვს თუ არა ცოცხალ ადამიანს სული? მართლა ტოვებს თუ არა ეს სული სხეულს სიკვდილის შემდეგ? თუ ასეა, რა ემართება მას და რა იმედი არსებობს განსვენებულთათვის? ამ შეკითხვებს გვერდს ვერ ავუვლით. რომელი კულტურის ნაწილიც უნდა იყოთ და რა რელიგიასაც უნდა ეკუთვნოდეთ, სიკვდილი არის ფაქტი, რომლის წინაშეც ყველა დგება. ამგვარად, ზემოხსენებული საკითხები უშუალოდ თქვენ გეხებათ და უდიდესი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს თქვენთვის. გთხოვთ შემოგვიერთდეთ შემდგომ განხილვაში.