არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გვაქვს თუ არა უკვდავი სული?

გვაქვს თუ არა უკვდავი სული?

გვაქვს თუ არა უკვდავი სული?

„მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში“, — დაწერა მოციქულმა პავლემ (2 ტიმოთე 3:16). დიახ, ბიბლია ჭეშმარიტებათა საგანძურია — წიგნი, რომელიც ჭეშმარიტმა ღმერთმა, იეჰოვამ, გვიბოძა (ფსალმუნი 82:19, [83:18, აქ]).

რადგან იეჰოვა ყოველივეს, მათ შორის კაცობრიობის, შემოქმედია, მან ყველაზე კარგად იცის, რა ხდება სიკვდილის შემდეგ (ებრაელთა 3:4; გამოცხადება 4:11). თავისი შთაგონებით დაწერილ სიტყვაში, ბიბლიაში, ზუსტი და დამაკმაყოფილებელი პასუხები მოგვცა ჩვენთვის ესოდენ საინტერესო კითხვაზე — რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

რა არის სული?

ებრაული და ბერძნული სიტყვები (რუაჰ და პნეუმა), რომლებიც ბიბლიაში „სულად“ არის თარგმნილი, ძირითადად, ნიშნავს „სუნთქვას“, მაგრამ მასში სუნთქვის პროცესზე გაცილებით მეტი იგულისხმება. მაგალითად, ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი, იაკობი, ამბობს: ‘სხეული მკვდარია სულის გარეშე’ (იაკობი 2:26). მაშასადამე, სული არის ის, რაც სიცოცხლეს ანიჭებს სხეულს.

ეს მაცოცხლებელი ძალა შეუძლებელია უბრალოდ სუნთქვა ან ფილტვებში მოძრავი ჰაერი იყოს. რატომ? იმიტომ რომ, როგორც ენციკლოპედია „უორლდ ბუკშია“ ნათქვამი, სუნთქვის შეწყვეტის შემდეგ სხეულის უჯრედები რამდენიმე ხანს — „რამდენიმე წუთის განმავლობაში“ — კვლავ განაგრძობენ სიცოცხლეს. ამიტომ ადამიანის მობრუნება ამ დროს ჯერ კიდევ შესაძლებელია. მაგრამ, როდესაც სხეულის უჯრედებში სიცოცხლის უკანასკნელი ნაპერწკალი ქრება, ადამიანის რეანიმაცია შეუძლებელი ხდება. ამის შემდეგ ვერანაირი სუნთქვა, — ვერც მთელი მსოფლიოს ჰაერი, — ერთ უჯრედსაც ვეღარ აღადგენს. ამგვარად, სული უხილავი სასიცოცხლო ძალაა — ის, ასე ვთქვათ, სიცოცხლის ნაპერწკალია, რომელიც უჯრედებს და, შესაბამისად, ადამიანს სიცოცხლეს უნარჩუნებს. ამ სასიცოცხლო ძალას კი სუნთქვა გვინარჩუნებს (იობი 34:14, 15).

მხოლოდ ადამიანებს აქვთ ასეთი სული? ბიბლია ამ კითხვაზე სწორი პასუხის მიღებაში გვეხმარება. ბრძენმა მეფე სოლომონმა აღიარა, რომ, ადამიანებსა და ცხოველებს, „ყველას ერთი სული უდგას“ და შემდეგ იკითხა: „რომელი იტყვის, რომ კაცთა სული ზევით მიილტვის, ხოლო პირუტყვის ქვევით ჩადის, ქვესკნელისკენ?“ (ეკლესიასტე 3:19—21). გამოდის რომ, ისევე როგორც ადამიანებს, ცხოველებსაც აქვთ სული. როგორაა ეს შესაძლებელი?

სული ანუ სასიცოცხლო ძალა შეგვიძლია ელექტროენერგიას შევადაროთ, რომელიც რაიმე მოწყობილობას ან ხელსაწყოს მიეწოდება. იმისდა მიხედვით, თუ რა სახის მოწყობილობას მიეწოდება, უხილავმა ელექტრობამ შეიძლება სხვადასხვა ფუნქცია შეასრულოს. მაგალითად, ელექტროღუმელი შეგვიძლია გასათბობად გამოვიყენოთ, კომპიუტერი — ინფორმაციის დასამუშავებლად, ხოლო ტელევიზორი — გამოსახულებისა და ხმის მისაღებად. მაგრამ ელექტროდენი არასოდეს იძენს იმ მოწყობილობის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს, რომელსაც ამოქმედებს. ის, უბრალოდ, მოქმედ ძალად რჩება. მსგავსად ამისა, სასიცოცხლო ძალა იმ ქმნილებების დამახასიათებელ არც ერთ თვისებას არ იძენს, რომლებსაც სიცოცხლეს ანიჭებს. ის არ არის პიროვნება და არც აზროვნების უნარი აქვს. ადამიანებსა და ცხოველებს „ერთი სული უდგას“ (ეკლესიასტე 3:19). ამიტომ ადამიანის სული სიკვდილის შემდეგ სადღაც სხვა სფეროში სულიერი ქმნილების სახით არ განაგრძობს არსებობას.

მაშ, რა მდგომარეობაში იმყოფებიან მიცვალებულები და რა ემართება სულს ადამიანის სიკვდილის შემდეგ?

„მტვრადვე მიიქცევი“

პირველ მამაკაცს, ადამს, როდესაც განზრახ უგულებელყო ღვთის მცნება, ღმერთმა უთხრა: „პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი“ (დაბადება 3:19). სად იყო ადამი, ვიდრე იეჰოვა მიწის მტვრისგან გამოსახავდა? სად და — არსად! ის, უბრალოდ, არ არსებობდა. ამრიგად, იეჰოვა ღმერთმა, როდესაც თქვა, რომ ადამი „მიწად მიიქცეოდა“, იგულისხმა, რომ ადამი მოკვდებოდა და მიწის შემადგენელ ელემენტებად იქცეოდა. ადამი არ გადაინაცვლებდა სულიერ სფეროში. სიკვდილის შემდეგ ის კვლავ არარსებობის მდგომარეობას დაუბრუნდებოდა. მისი სასჯელი სიკვდილი — უსიცოცხლო მდგომარეობა — იყო და არა სხვა სფეროში გადასვლა (რომაელთა 6:23).

სხვა მიცვალებულებზე რაღას ვიტყოდით? განსვენებულთა მდგომარეობას ნათლად გვანახვებს ეკლესიასტეს 9:5, 10, სადაც ვკითხულობთ: „მკვდრებმა. . . არაფერი იციან. . . არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში“ (ეკლესიასტე 9:5, 10). მაშასადამე, სიკვდილი არარსებობის მდგომარეობაა. ფსალმუნმომღერალმა დაწერა, რომ სიკვდილის დროს ადამიანს „ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები“ (ფსალმუნი 145:4).

დღესავით ნათელია, რომ მკვდრებს შეწყვეტილი აქვთ არსებობა. მათ აღარაფერი იციან. არ შეუძლიათ თქვენი დანახვა, მოსმენა ანდა თქვენთან საუბარი. მათ არც დახმარების გაწევა ძალუძთ თქვენთვის და არც ზიანის მოყენება. და, რა თქმა უნდა, მათდამი შიშიც უსაფუძვლოა. მაშ, რას ნიშნავს ის, რომ სიკვდილის დროს ადამიანს ‘სული ამოსდის’?

სული ‘უბრუნდება ღმერთს’

ბიბლია ამბობს, რომ სიკვდილის დროს ადამიანის ‘სული უბრუნდება ღმერთს, რომელმაც შთაბერა’ (ეკლესიასტე 12:7). ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ სული პირდაპირი გაგებით, სივრცის გავლით მიფრინავს ღმერთთან? არავითარ შემთხვევაში! ბიბლია აქ სიტყვა „უბრუნდება“-ს არ იყენებს პირდაპირი, ერთი ადგილიდან მეორეზე უშუალო გადანაცვლების, გაგებით. მაგალითად, ორგულ ისრაელებს ღმერთმა უთხრა: «მოიქეცით ჩემკენ [„დამიბრუნდით“, აქ] და მეც მოვიქცევი თქვენკენ [„მეც დაგიბრუნდებით“, აქ], ამბობს ცაბაოთ უფალი» (მალაქია 3:7). ისრაელის იეჰოვასთან ‘დაბრუნებაში’ ბოროტების გზიდან მათი მობრუნება და ღვთის სამართლიან გზაზე დადგომაა ნაგულისხმები. ხოლო იეჰოვას ისრაელთან ‘დაბრუნებაში’ ღვთის მიერ თავისი ხალხისთვის კიდევ ერთხელ კეთილგანწყობით მოხედვა იგულისხმება. ორივე შემთხვევაში სიტყვაში „დაბრუნება“ დამოკიდებულების შეცვლაა ნაგულისხმები და არა უშუალო გადაადგილება ერთი გეოგრაფიული მდებარეობიდან მეორეზე.

მსგავსადვე, სიკვდილის დროს, როდესაც სული ღმერთს ‘უბრუნდება’, ის პირდაპირი გაგებით არ ინაცვლებს დედამიწიდან სულიერ სამყაროში. მას შემდეგ, რაც სასიცოცხლო ძალა ტოვებს ადამიანს, მხოლოდ ღმერთს შესწევს მისთვის მისი კვლავ დაბრუნების უნარი. მაშასადამე, ადამიანის სული იმ გაგებით ‘უბრუნდება ღმერთს’, რომ ახლა მთლიანად ღმერთზეა დამოკიდებული, იცხოვრებს თუ არა ეს ადამიანი მომავალში.

ვნახოთ რას ამბობს საღვთო წერილი, მაგალითად, იესო ქრისტეს სიკვდილზე. სახარების ერთ-ერთი დამწერი, ლუკა, გვიყვება: «იესომ დიდი ხმით შესძახა და თქვა: „მამაო, შენს ხელთ ჩამიბარებია ჩემი სული.“ ეს თქვა და სული განუტევა» (ლუკა 23:46). როდესაც სული განუტევა, იესო, პირდაპირი გაგებით, ზეცად არ ასულა. მესამე დღემდე ის მკვდრეთით არ აღმდგარა და მხოლოდ 40 დღის შემდეგ ამაღლდა ზეცად (საქმეები 1:3, 9). სინამდვილეში, სიკვდილის დროს იესომ გულდაჯერებით ჩააბარა სული თავის მამას — ის სავსებით დარწმუნებული იყო იმაში, რომ იეჰოვას მისი მკვდრეთით აღდგენის უნარი შესწევდა.

დიახ, ღმერთს შეუძლია კვლავ დაუბრუნოს ადამიანს სიცოცხლე (ფსალმუნი 103:30). რაოდენ დიდებულ იმედს გვაძლევს ეს!

უტყუარი იმედი

ბიბლია ამბობს: «მოდის ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც [„სამახსოვრო“, აქ] სამარხებში არიან, [იესოს] ხმას მოისმენენ და გამოვლენ» (იოანე 5:28, 29). დიახ, იესო ქრისტემ აღგვითქვა, რომ ყველა, ვინც იეჰოვას დამახსოვრებული ჰყავს, მკვდრეთით აღდგება, ანუ სიცოცხლე დაუბრუნდება. ამ აღდგენილებს შორის უთუოდ იქნებიან იეჰოვას მსახურები, რომლებიც სიმართლის გზით დადიოდნენ. მაგრამ სხვა მილიონობით ადამიანი ისე მოკვდა, რომ ვერ შესძლეს იმის დანახვება, სურდათ თუ არა ღვთის სამართლიანი პრინციპებისადმი მორჩილება. მათ ან არ იცოდნენ იეჰოვას მოთხოვნების შესახებ, ან საკმარისი დრო არ ჰქონდათ, შეცვლილიყვნენ საჭიროებისამებრ. ღმერთს ასეთი ადამიანებიც ახსოვს და ისინიც აღდგებიან მკვდრეთით, ვინაიდან ბიბლია ადასტურებს: „იქნება მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“ (საქმეები 24:15).

დღეს დედამიწა სავსეა სიძულვილითა და შუღლით, ბოლო არ უჩანს ძალადობასა და სისხლის ღვრას, შემაშფოთებელია გარემოს დაბინძურებისა და დაავადებათა გავრცელების მასშტაბები. მკვდრები რომ ასეთ პირობებში აღმდგარიყვნენ, მათი ბედნიერება უთუოდ ხანმოკლე აღმოჩნდებოდა. მაგრამ შემოქმედმა აღგვითქვა, რომ მალე მოუღებს ბოლოს დღევანდელ ქვეყნიერებას, რომელიც სატანის კონტროლს ექვემდებარება (იგავნი 2:21, 22; დანიელი 2:44; 1 იოანე 5:19). ადამიანთა სამართლიანი საზოგადოება — „ახალი მიწა“ — იმ დროს შესანიშნავ რეალობად იქცევა (2 პეტრე 3:13).

იმ დროს „არ იტყვის მცხოვრები: ავად ვარო“ (ესაია 33:24). თვით სიკვდილით გამოწვეული ტანჯვა და გულისტკივილიც წარსულს ჩაჰბარდება, ვინაიდან ღმერთი „მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:4). მართლაც რომ დიდებული იმედია „სამახსოვრო სამარხებში“ მყოფთათვის!

როდესაც იეჰოვა ბოროტებას აღგვის პირისაგან მიწისა, მართლებს ბოროტებთან ერთად არ მოუღებს ბოლოს (ფსალმუნი 36:10, 11; 144:20). სინამდვილეში, „უამრავი ხალხი. . . ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“ გადაიტანს ‘დიდ გასაჭირს’, რომლის დროსაც ახლანდელი ბოროტი ქვეყნიერება განადგურდება (გამოცხადება 7:9—14). ასე რომ, მკვდრეთით აღმდგართ ეს დიდძალი ხალხი შეეგებება და მზად იქნებიან მათ დასახმარებლად.

გწადია შენთვის ძვირფასი ადამიანების კვლავ ნახვა? გსურს, მარადიულად იცხოვრო სამოთხეში დედამიწაზე? თუ ასეა, ნუ დააყოვნებ ღვთის ნებისა და განზრახვების შესახებ შემეცნების შეძენას (იოანე 17:3). იეჰოვას ნებავს, რომ „ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (1 ტიმოთე 2:3, 4).

[სურათი 4 გვერდზე]

„მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი“.

[სურათი 5 გვერდზე]

სული შეგვიძლია ელექტრობას შევადაროთ.

[სურათი 7 გვერდზე]

მკვდრეთით აღდგომა კაცობრიობას უსაზღვრო სიხარულს მოუტანს.