არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იყავით სიხარულით აღსავსე მომკელნი!

იყავით სიხარულით აღსავსე მომკელნი!

იყავით სიხარულით აღსავსე მომკელნი!

„სამკალი ბევრია, მუშაკნი კი — ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკლის უფალს, რომ წარმოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში“ (მათე 9:37, 38).

1. რა გვეხმარება ღვთის ნების შესრულების შეუპოვრად გაგრძელებაში?

 როდესაც იეჰოვას მსახურად ჩვენი მონათვლის დღეს ვიხსენებთ — მნიშვნელობა არა აქვს, ეს იყო მხოლოდ რამდენიმე თუ მრავალი წლის წინათ — შესაძლოა, ისეთი გრძნობა გვეუფლება, რომ ეს მოვლენა გუშინ მოხდა. იეჰოვას განდიდებამ, მისადმი მიძღვნის შემდეგ, უმთავრესი ადგილი დაიკავა ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ მოვივაჭრეთ ჟამი, რათა ადამიანებს დავხმარებოდით და გვეუწყებინა სამეფოს შესახებ ცნობა, რომელსაც ისინი შეიძლება დადებითად გამოხმაურებოდნენ და, ამგვარად, იეჰოვასთვის სიხარულით მსახურება ჩვენი ცხოვრების უმთავრეს და განუყოფელ ნაწილად იქცა (ეფესელთა 5:15, 16). დღესაც, როდესაც დაკავებული ვართ და ‘ვუხვობთ უფლის საქმეში’, ვატყობთ, რომ დრო სწრაფად გადის (1 კორინთელთა 15:58). თუმცა სირთულეებს ვაწყდებით, სიხარული, რომელიც იეჰოვას ნების შესრულებას მოაქვს, მსახურების შეუპოვრად გაგრძელებისკენ აღგვძრავს (ნეემია 8:10).

2. რა გვმატებს სიხარულს მკის ფიგურალურ საქმიანობაში მონაწილეობისას?

2 ჩვენ, როგორც ქრისტიანები, მკის ფიგურალური საქმიანობით ვართ დაკავებული. იესო ქრისტემ მარადიული სიცოცხლისთვის ადამიანთა შეგროვება მკას შეადარა (იოანე 4:35—38). ვინაიდან მკის ამ საქმიანობაში ვმონაწილეობთ, გაგვამხნევებს იმ სიხარულზე დაფიქრება, რომელსაც ადრინდელი ქრისტიანი მომკელები ავლენდნენ. განვიხილავთ სამ ფაქტორს, რომლებიც მკის დღევანდელ საქმიანობაში მონაწილეობისას სიხარულს გვმატებს. ესენია: 1) იმედის ცნობა, რომელსაც ჩვენ ვაუწყებთ; 2) ჩვენ მიერ ადამიანთა ნაყოფიერი ძებნა და 3) ჩვენი, როგორც მომკელების, მშვიდობიანი განწყობა.

მომკელებად წარგზავნილები

3. რა ანიჭებდა სიხარულს იესოს ადრინდელ მიმდევრებს?

3 ახ. წ. 33 წელს ადრინდელი მომკელების, განსაკუთრებით კი იესოს 11 ერთგული მოციქულის, ცხოვრებაში ერთ მშვენიერ დღეს დიდი ცვლილება მოხდა, როდესაც ისინი მკვდრეთით აღმდგარ იესოსთან შესახვედრად გალილეაში მდებარე ერთ-ერთ მთაზე ავიდნენ (მათე 28:16). ამ მოვლენას, შესაძლოა, ‘ხუთასზე მეტი ძმა’ ესწრებოდა (1 კორინთელთა 15:6). მათ განუწყვეტლივ ჩაესმოდათ იესოს დანაბარები — დავალება, რომელიც უნდა შეესრულებინათ: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:19, 20). სასტიკი დევნის მიუხედავად, მკის საქმიანობაში მონაწილეობას მათთვის დიდი სიხარული მოჰქონდა, ვინაიდან ხედავდნენ, როგორ ყალიბდებოდა ქრისტეს მიმდევართა კრებები სხვადასხვა ადგილას. დროთა განმავლობაში ‘სახარება ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში’ (კოლასელთა 1:23; საქმეები 1:8; 16:5).

4. რა მდგომარეობა იყო, როდესაც ქრისტემ თავისი მოწაფეები წარგზავნა?

4 გალილეაში მსახურების პირველ დღეებში იესომ თავისი 12 მოციქული მოიხმო და, უმთავრესად, იმ მიზნით წარგზავნა, რომ ‘ცათა სასუფევლის მოახლოება’ ეუწყებინათ (მათე 10:1—7). იესო თავადაც დადიოდა „[გალილეის] ყველა ქალაქსა და სოფელში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას, კურნავდა ყოველგვარ სენს და ყოველგვარ უძლურებას“. იესოს ებრალებოდა ხალხის ბრბო, „ვინაიდან ისინი დაუძლურებულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი“ (მათე 9:35, 36). შემდეგ, შინაგანად შეძრულმა იესომ, თავის მოწაფეებს მიმართა: „სამკალი ბევრია, მუშაკნი კი — ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკლის უფალს [იეჰოვა ღმერთს], რომ წარმოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში“ (მათე 9:37, 38). მკაში მონაწილე მომკელებზე მოთხოვნილება იესომ ამნაირადვე შეაფასა იუდეაშიც; ამ დროს მას დედამიწაზე მსახურების ექვსი თვეღა დარჩენოდა (ლუკა 10:2). ორივე შემთხვევაში, მან მომკელებად წარგზავნა თავისი მიმდევრები (მათე 10:5; ლუკა 10:3).

იმედის ცნობა, რომელსაც ვაუწყებთ

5. რა ცნობას ვაუწყებთ?

5 როგორც იეჰოვას თანამედროვე მსახურები, ჩვენ სიხარულით ვეხმაურებით მოწვევას მკაში მონაწილეობის მისაღებად. დიდი სიხარულის მომნიჭებელი ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ იმედის ცნობა მიგვაქვს სასოწარკვეთილ და გულდამძიმებულ ადამიანებთან. ისე როგორც პირველ საუკუნეში მცხოვრებ იესოს მოწაფეებს, რაოდენ სასიამოვნოა, რომ ჩვენც გვაქვს უპირატესობა, ვაუწყოთ კეთილი ცნობა — იმედის ნამდვილი ცნობა — ‘დაუძლურებულთ და უმწყემსო ცხვარივით დაფანტულთ’!

6. რა საქმიანობაში იყვნენ ჩაბმული მოციქულები პირველ საუკუნეში?

6 პირველი საუკუნის შუა ხანებისთვის მოციქული პავლე კეთილი ცნობის ქადაგებით იყო დაკავებული და მკის საქმიანობაში მისი მოღვაწეობა უთუოდ ნაყოფიერი იყო; ამის დასტურად დაახლოებით ახ. წ. 55 წელს კორინთელი ქრისტიანებისადმი მიწერილი მისივე სიტყვები შეგვიძლია მოვიყვანოთ: «გაუწყებთ თქვენ, ძმანო, სახარებას [„კეთილ ცნობას“, აქ], რომელიც მე გახარეთ, რომელიც კიდეც მიიღეთ და რომელზეც დგახართ» (1 კორინთელთა 15:1). მოციქულები და სხვა ადრინდელი ქრისტიანები მუხლჩაუხრელად მკიდნენ. თუმცა ბიბლია არ გვატყობინებს, რამდენი მოციქული დარჩა ცოცხალი იმ ღირსშესანიშნავი მოვლენების შემდეგ, რომელთა კულმინაციური წერტილი ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის განადგურება იყო, ჩვენ ვიცით, რომ ამ ამბებიდან 25 წლის შემდეგ მოციქული იოანე ჯერ კიდევ ქადაგებდა (გამოცხადება 1:9).

7, 8. იმედის რა ცნობას აუწყებენ იეჰოვას მოწმეები დღეს, ვიდრე ოდესმე უწინ, გადაუდებლობის უფრო მეტი გრძნობით?

7 ამ მოვლენებს მოჰყვა ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოების, განდგომილი „ურჯულოების კაცის“, ბატონობის პერიოდი, რომელმაც საუკუნეები გასტანა (2 თესალონიკელთა 2:3). მაგრამ XIX საუკუნის მიწურულს, მათ, ვინც თავდაპირველი ქრისტიანული მოძღვრების თანახმად ცხოვრებისკენ ისწრაფოდა, იმედის ცნობის ქადაგება დაიწყეს; ეს იმედის ცნობა სამეფოს შესახებ იუწყებოდა. პირველი გამოცემიდან (1879 წლის ივლისი) მოყოლებული, ამ ჟურნალის სათაური თავდაპირველად შეიცავდა სიტყვებს: „იესოს თანდასწრების მაცნე“, შემდეგ „ქრისტეს სამეფოს მაცნე“ და ბოლოს „იუწყება იეჰოვას სამეფოს“.

8 ღვთის ზეციერი სამეფო, რომელსაც იესო ქრისტე ხელმძღვანელობს, 1914 წელს დამყარდა. ჩვენ დღეს უფრო მეტი გადაუდებლობის გრძნობით ვაუწყებთ იმედის ცნობას, ვიდრე ოდესმე უწინ. რატომ? იმიტომ რომ იმ კურთხევებში, რომელთაც ღვთის სამეფო მოიტანს, თანამედროვე ბოროტი სისტემის მოახლოებული განადგურებაც შედის (დანიელი 2:44). განა შეიძლება ამაზე უკეთესი ცნობა არსებობდეს? და განა შეუძლია რამეს, იმაზე დიდი სიხარული მოგვგვაროს, რასაც „დიდი გასაჭირის“ დადგომამდე სამეფოს შესახებ უწყებაში მონაწილეობა გვანიჭებს? (მათე 24:21; მარკოზი 13:10).

ძებნა, რომელსაც ნაყოფი მოაქვს

9. რა მითითება მისცა იესომ თავის მოწაფეებს და როგორ რეაგირებდა ხალხი სამეფოს შესახებ ცნობის მოსმენისას?

9 ჩვენთვის, მომკელებისთვის, სიხარულის მომტანი სხვა ფაქტორი არის ის, რომ ჩვენ მიერ იმ ადამიანთა ძებნას, რომლებიც მოწაფეები ხდებიან და მკის საქმიანობაში გვიერთდებიან, ნაყოფი მოაქვს. ახ. წ. 31, 32 წლებში იესომ მითითება მისცა თავის მოწაფეებს: „რომელ ქალაქში ან სოფელშიც არ უნდა შეხვიდეთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული“ (მათე 10:11). ყველა ადამიანი როდი იყო ღირსეული, როგორც ეს სამეფოს შესახებ ცნობის მოსმენისას მათი რეაგირებიდან ჩანდა. მიუხედავად ამისა, იესოს მოწაფეები დაუცხრომლად ქადაგებდნენ კეთილ ცნობას ყველგან, სადაც კი ხალხი იყო.

10. როგორ ეძებდა პავლე ღირსეულებს?

10 იესოს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ღირსეულთა ძებნა ახალი ძალებით განახლდა. პავლე ელაპარაკებოდა იუდეველებს თავიანთ სინაგოგებში და მათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა ათენის მოედანზე. როდესაც მან ამ ბერძნული ქალაქის არეოპაგში იქადაგა, „ზოგიერთნი მიემხრნენ და ირწმუნეს — მათ შორის დიონისიოს არეოპაგელმა და ქალმა, სახელად დამარისმა, და სხვებმაც მათთან ერთად“. სადაც უნდა წასულიყო, პავლე სამაგალითო იყო „საჯაროდ თუ კარდაკარ“ (აქ) ქადაგებაში (საქმეები 17:17, 34; 20:20).

11. რა მეთოდებს იყენებდნენ წლების წინათ სამქადაგებლო მსახურებაში?

11 XIX საუკუნის ბოლო ათწლეულებში ცხებულმა ქრისტიანებმა გაბედულად დაიწყეს ღირსეულთა ძებნა. სტატიაში „საქადაგებლად ცხებულები“, რომელიც ჟურნალ „სიონის საგუშაგო კოშკის“ 1881 წლის ივლის-აგვისტოს გამოცემაში დაიბეჭდა, ნათქვამი იყო: „მიმდინარეობს ქადაგება ‘თვინიერთათვის’ — მათთვის, ვინც მზად არის და ძალუძს კიდეც მოსმენა — ქრისტეს თანამემკვიდრეთათვის, რათა აღაშენონ ქრისტეს სხეული“. ღვთის სამკალში მომუშავენი ხშირად ხვდებოდნენ წირვიდან მომავალ ადამიანებს და სთავაზობდნენ ბიბლიური ცნობების შემცველ ტრაქტატებს, რომლებიც ღირსეულთა გულების აღსაძრავად იყო განკუთვნილი. ქადაგების ამ მეთოდის ეფექტურობის გულმოდგინე გადასინჯვის შემდეგ „საგუშაგო კოშკის“ 1903 წლის 15 მაისის გამოშვება მკაში მონაწილეებს მოუწოდებდა, რომ ტრაქტატები გაევრცელებინათ „კარდაკარ, კვირა დღეს, დილაობით“.

12. როგორ გავხადეთ უფრო ეფექტური ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობა? მოიყვანეთ მაგალითი.

12 უკანასკნელ წლებში ჩვენ გავაფართოეთ მსახურება და ახლა ადამიანებს სახლგარეთაც ვაკითხავთ. ამას ძალიან კარგი შედეგები მოჰყვა იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური მდგომარეობის გამო და გართობა-დასვენების მიზნით ხალხი, ჩვეულებრივ, იმ დროს არ არის სახლში, როდესაც ჩვენ მივაკითხავთ. ინგლისში, როდესაც ერთმა მოწმემ და მისმა პარტნიორმა შენიშნეს, რომ ზღვის სანაპიროზე დღის გატარების შემდეგ ავტობუსით რეგულარულად მიემგზავრებოდა ხალხი, გამბედაობა მოიკრიბეს და ავტობუსებში ასვლა და მგზავრებისთვის „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის შეთავაზება დაიწყეს. ერთ თვეში მათ 229 ჟურნალი გაავრცელეს. ისინი ამბობენ: „ჩვენ არ გვაშინებს ქადაგება ზღვის სანაპიროზე ან საქმიან ტერიტორიაზე, ანდა სხვა რაიმე სირთულე, რომელსაც შეიძლება წავაწყდეთ, იმიტომ რომ ვიცით, იეჰოვა ყოველთვის ჩვენთან არის“. მათ იპოვეს ადამიანი, ვისაც რეგულარულად აწვდიან ჟურნალებს, დაიწყეს ბიბლიის შესწავლა და ორივე დამხმარე პიონერად მსახურობს.

13. ზოგან რა ცვლილების მოხდენაა საჭირო ჩვენს მსახურებაში?

13 დღეს, როდესაც ღირსეულთა ძებნა გრძელდება, ზოგან შეიძლება საჭირო იყოს ჩვენი მსახურების გულდასმით გადასინჯვა. თუმცა ბევრი მოწმე კარდაკარ, ჩვეულებისამებრ, კვირა დილით ქადაგებდა, ისინი მიხვდნენ, რომ ზოგიერთ ტერიტორიაზე მობინადრეთათვის დილაადრიანად მიკითხება ნაკლებად შედეგიანია, ვინაიდან მათ შეიძლება ეძინოთ. ბევრმა მოწმემ შეცვალა თავისი განრიგი და ახლა უფრო მოგვიანებით, შესაძლოა, ქრისტიანული შეხვედრების შემდეგ, მიდის ღირსეულთა მოსაძებნად. ასეთი ძებნა მართლაც რომ ნაყოფიერი აღმოჩნდა. გასულ წელს სამეფოს მაუწყებელთა რიცხვი მსოფლიო მასშტაბით 2,3 პროცენტით გაიზარდა. ეს პატივს მიაგებს სამკლის უფალს და სიხარულით გვივსებს გულებს.

შეინარჩუნეთ მშვიდობა მკაში მონაწილეობისას

14. როგორ დამოკიდებულებას ვავლენთ სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებისას, და რატომ?

14 ჩვენი სიხარულის კიდევ ერთი მიზეზი ის მშვიდობიანი განწყობაა, რომელსაც მკაში მონაწილეობისას ვავლენთ. „სახლში შესვლისას, — თქვა იესომ, — მიესალმეთ მას და უთხარით: მშვიდობა ამ სახლს. თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას“ (მათე 10:12, 13). ებრაული მისალმება და მისი შესატყვისი ბიბლიურ ბერძნულში, ორივე ასეთ აზრს გადმოსცემს: „ხელი მოგემართოთ“. ასეთნაირი დამოკიდებულება გვაქვს ჩვენც, როდესაც კეთილი ცნობის ქადაგებისას ხალხს მივმართავთ. ვიმედოვნებთ, რომ ისინი დადებითად გამოეხმაურებიან სამეფოს შესახებ ცნობას. და, თუ მართლაც ასე მოხდება და ისინი მოინანიებენ ცოდვებს, მიატოვებენ ცხოვრების უწინდელ გზას და შეასრულებენ ღვთის ნებას, მათ ღმერთთან შერიგების შესაძლებლობა ექნებათ. თავის მხრივ, ღმერთთან მშვიდობის აღდგენა კი მარადიული სიცოცხლისკენ ხსნის გზას (იოანე 17:3; საქმეები 3:19; 13:38, 48; 2 კორინთელთა 5:18—20).

15. როგორ შევძლებთ მშვიდობიანი განწყობის შენარჩუნებას, როდესაც სამქადაგებლო მსახურებისას არაკეთილსასურველად გვეხმაურებიან?

15 როგორ შევძლებთ მშვიდობის შენარჩუნებას, როდესაც უარყოფითად გვეხმაურებიან? იესომ თქვა: „თუ [სახლი] არ იქნება ღირსი, თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდებათ“ (მათე 10:13). 70 მოწაფის გაგზავნის შესახებ ლუკას მონათხრობში იესოს სიტყვებს ვკითხულობთ: „თუ იქნება იქ მშვიდობის ძე, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა. თუ არა და, თქვენვე დაგიბრუნდებათ“ (ლუკა 10:6). როდესაც ხალხს კეთილ ცნობას ვუზიარებთ, ამის გაკეთება თავაზიანად და მშვიდობიანად გვმართებს. თუ მობინადრე გულგრილობას ავლენს, გვსაყვედურობს ან უხეშად მოგვმართავს, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მშვიდობიანი ცნობა ‘ჩვენვე გვიბრუნდება’; და მათი მხრიდან ვერანაირი ასეთი საქციელი ვერ წაგვართმევს სიხარულს — იეჰოვას სულიწმიდის ნაყოფს (გალატელთა 5:22, 23).

მომკელთა მიერ დასახული შესანიშნავი მიზანი

16, 17. ა) რა არის ჩვენი მიზანი განმეორებითი მონახულებებისას? ბ) როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, ვისაც ბიბლიურ კითხვებზე პასუხის მიღება სურს?

16 ჩვენ, როგორც მომკელებს, უსაზღვროდ გვიხარია, რომ მარადიული სიცოცხლისთვის ადამიანთა შეგროვებაში ვიღებთ მონაწილეობას. და განუზომელია ჩვენი სიხარული, როდესაც ადამიანი, რომელსაც ვუქადაგეთ, დადებითად გვეხმაურება, უფრო მეტის გაგება სურს და, ამგვარად, „მშვიდობის ძე“ ხდება! შესაძლოა, მას უამრავ კითხვაზე სურს ბიბლიიდან პასუხების მიღება და ვატყობთ, რომ ერთ მონახულებაზე ყველა მათგანზე პასუხის გაცემას ვერ შევძლებთ. ვინაიდან პირველი მონახულების გაჭიანურება, შესაძლოა, არ იყოს მიზანშეწონილი, რის გაკეთება შეგვიძლია? ჯერ კიდევ დაახლოებით 60 წლის წინათ მოწმეებს გარკვეული მიზნის დასახვას ურჩევდნენ; შეგვიძლია ჩვენც დავისახოთ ასეთი მიზანი.

17 „იეჰოვას ყველა მოწმე უნდა იყოს მზად ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად“, — ნათქვამი იყო 1937—1941 წლებში დაბეჭდილ სახელმძღვანელო ბროშურათა სერიის, „სწავლების ნიმუში“, მესამე გამოცემაში. შემდეგ გრძელდებოდა: „[სამეფოს] ყველა მაუწყებელი გულმოდგინედ უნდა ცდილობდეს იმ სათნო ადამიანებისთვის ყოველმხრივი დახმარების გაწევას, რომლებიც სამეფოს შესახებ ცნობით ინტერესდებიან. საჭიროა მათი განმეორებით მონახულება, მათ სხვადასხვა კითხვაზე პასუხის გაცემა. . . და შემდეგ შესწავლის დაწყება. . . რაც შეიძლება მალე, რამდენადაც ეს თქვენი მხრიდან იქნება შესაძლებელი“. დიახ, ჩვენი მიზანი განმეორებითი მონახულებებისას ბიბლიის საშინაო შესწავლის დაწყება და მისი რეგულარულად ჩატარებაა a. დაინტერესებული ადამიანისადმი მეგობრული დამოკიდებულება და მათდამი სიყვარული კარგად მომზადებისკენ და წარმატებული შესწავლის ჩატარებისკენ აღგვძრავს.

18. როგორ შეგვიძლია იესო ქრისტეს მოწაფეებად გახდომაში დავეხმაროთ ახლებს?

18 წიგნ „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნებისა“ და ისეთი ბროშურების მეშვეობით, როგორიცაა, მაგალითად, „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან? “, ბიბლიის ეფექტური საშინაო შესწავლების ჩატარება შეგვიძლია და, ამგვარად, ახლად დაინტერესებულებს მოწაფეებად გახდომაში დავეხმარებით. როდესაც ვცდილობთ, დიდებულ მასწავლებელს, იესო ქრისტეს, მივბაძოთ, მოსალოდნელია, რომ ბიბლიის შემსწავლელებიც ისწავლიან და მოგვბაძავენ მშვიდ საქციელსა და სიხარულში, გულწრფელობასა და იეჰოვას პრინციპებისა და ხელმძღვანელობისადმი ჩვენს პატივისცემაში. როდესაც ახლად დაინტერესებულებს ვეხმარებით და პასუხს ვცემთ მათ შეკითხვებს, მოდი ყველანაირად შევეცადოთ ისიც ვასწავლოთ, თუ თავად როგორ უპასუხონ იმ ადამიანებს, ვინც მათ მიმართავს შეკითხვებით (2 ტიმოთე 2:1, 2; 1 პეტრე 2:21). ჩვენ, ფიგურალურ მკაში მონაწილე მომკელებს, ნამდვილად გვაქვს სიხარულის საფუძველი, ვინაიდან გასულ სამსახურებრივ წელს, საშუალოდ, ბიბლიის 4 766 631 საშინაო შესწავლა ტარდებოდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო უშუალოდ იმ მომკელთა შორის ყოფნაა, რომლებიც ბიბლიის საშინაო შესწავლას ატარებენ.

სიხარულით განაგრძეთ მკაში მონაწილეობა

19. დედამიწაზე იესოს მსახურებისას და ამ დროიდან არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ რატომ ჰქონდათ მომკელებს სიხარულის საფუძვლიანი მიზეზები?

19 დედამიწაზე იესოს მსახურებისას და ამ დროიდან არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ მომკელებს სიხარულის, მართლაც რომ, საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდათ. იმ დროს კეთილ ცნობას ბევრი გამოეხმაურა დადებითად. განსაკუთრებით დიდი სიხარული ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე სუფევდა; ამის მიზეზი კი ის იყო, რომ 3 000-მდე ადამიანმა ყურად იღო პეტრეს შეგონება, მიიღო იეჰოვას სულიწმიდა და ღვთის ერს, სულიერ ისრაელს შეუერთდა. მართლაც, მათი რიცხვი და, ამასთან ერთად, სიხარულიც განუწყვეტლივ მატულობდა, რადგან „უფალი მათ დღითიდღე სძენდა დახსნილთ“ (საქმეები 2:37—41, 46, 47; გალატელთა 6:16; 1 პეტრე 2:9).

20. რა გვანიჭებს დღეს უსაზღვრო სიხარულს მკაში მონაწილეობისას?

20 იმ დროს სრულდებოდა ესაიას წინასწარმეტყველება: „შენ [იეჰოვა] გაამრავლე ხალხი, გაუზარდე მას სიხარული; მხიარულობდნენ შენ წინაშე, როგორც მკის დროს იციან სიხარული, როგორც ხარობენ ნადავლის გაყოფისას“ (ესაია 9:2). თუმცა ვხედავთ, რომ ამ ‘გამრავლებული ხალხის’ ანუ ცხებულთა შეკრება, ფაქტობრივად, დასრულდა, უსაზღვრო სიხარულს გვანიჭებს სხვა მომკელთა რიცხვის ყოველწლიური ზრდის ხილვა (ფსალმუნი 4:8; ზაქარია 8:23; იოანე 10:16).

21. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

21 ჩვენ, უდავოდ, საფუძვლიანი მიზეზები გვაქვს იმისათვის, რომ სიხარულით განვაგრძოთ მკაში მონაწილეობა. იმედის ცნობა, რომელსაც ვაუწყებთ, ღირსეულ ადამიანთა ძებნა და ჩვენი მშვიდობიანი განწყობა — ყველა ეს ფაქტორი სიხარულს გვანიჭებს, როგორც მომკელებს. მაგრამ სხვა მრავალ ადამიანს ეს ყველაფერი ჩვენდამი მტრულად განაწყობს. მოციქული იოანე სწორედ ასეთი დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა. ის დაპატიმრებული იყო კუნძულ პატმოსზე „ღვთის სიტყვისათვის და იესო ქრისტეს მოწმობისათვის“ (გამოცხადება 1:9). მაშ, როგორ შეგვიძლია სიხარულის შენარჩუნება, როდესაც გვდევნიან ან წინააღმდეგობას ვაწყდებით? რა დაგვეხმარება იმ წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებასთან გამკლავებაში, რომელსაც ქადაგებისას მრავალი ადამიანი ავლენს ჩვენდამი? შევეცდებით, მომდევნო სტატიაში საღვთო წერილის საფუძველზე გავცეთ პასუხი ამ შეკითხვებს.

[სქოლიოები]

a თავდაპირველად შესწავლები ტარდებოდა ისეთ ადგილებში, სადაც დაინტერესებულ ადამიანთა ჯგუფებს შეეძლოთ თავმოყრა. მაგრამ მალე შესწავლების ჩატარება ცალკეულ ადამიანებთან და ოჯახებთანაც დაიწყეს (იხილეთ წიგნი „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“, გვ. 574 [ინგლ.]; გამოცემულია იეჰოვას მოწმეთა მიერ).

როგორ უპასუხებდით?

• რა არის ფიგურალური მკა?

• როგორ ცნობას ვაუწყებთ?

• რატომ არის ჩვენ მიერ მოწაფეების ძებნა ნაყოფიერი?

• როგორ ვინარჩუნებთ მშვიდობას მკაში მონაწილეობისას?

• რატომ განვაგრძობთ მკაში სიხარულით მონაწილეობას?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 12, 13 გვერდებზე]

ქადაგება I და XX საუკუნეებში.

[სურათები 13 გვერდზე]

პავლეს მსგავსად, მომკელები დღესაც ცდილობენ, ყველგან უქადაგონ ხალხს.

[სურათი 13 გვერდზე]

იყავით კეთილგანწყობილი, როდესაც კეთილ ცნობას აუწყებთ.