ნამდვილად შემწყნარებელი ხარ?
ნამდვილად შემწყნარებელი ხარ?
განურისხებიხარ ოდესმე ვინმეს არასწორ მოქმედებას? უცბად რეაგირებ, როდესაც შენი ახლო მეგობრები გარყვნილების მსხვერპლნი ხდებიან?
ზოგჯერ სერიოზული ცოდვის შესაჩერებლად სასწრაფო და მტკიცე მოქმედებაა საჭირო. მაგალითად, როდესაც ძვ. წ XV საუკუნეში ისრაელს სამარცხვინო ცოდვით შებღალვა დაემუქრა, აარონის შვილიშვილმა, ფინხასმა სერიოზული ზომები მიიღო უზნეობის ამოსაძირკვად. იეჰოვა ღმერთმა მოიწონა მისი მოქმედება შემდეგი სიტყვებით: «ფინხასმა. . . აარიდა ჩემი რისხვა ისრაელიანებს, რადგან მათ შორის შური აღეძრა ჩემს გამო [„არ შეიწყნარა ჩემ მომართ მათი ქიშპობა“, აქ]» (რიცხვნი 25:1—11).
ფინხასი მართებულად მოიქცა წაბილწვის შესაჩერებლად. მაგრამ რა შეიძლება ითქვას სხვების შეცდომების გამო დაუოკებელ რისხვაზე? ძალზე ნაჩქარევად ან სამართლიანი მიზეზის გარეშე რომ ვმოქმედებდეთ, გავხდებოდით არა სამართლიანობის დამცველი, არამედ შეუწყნარებელი, რომელიც არ ითვალისწინებს სხვების არასრულყოფილებას. რა დაგვეხმარება ამ ხაფანგისგან თავის არიდებაში?
იეჰოვაა ‘შემნდობი ყველა შენი ბრალისა’
იეჰოვა არის „ღმერთი მოშურნე; ღმერთი, რომელიც არ იწყნარებს ქიშპობას“ (გამოსვლა 20:5, აქ, სქოლიო). რადგან შემოქმედია, მას სრული უფლება აქვს, განსაკუთრებული ერთგულება მოითხოვოს ჩვენგან (გამოცხადება 4:11). მაგრამ ის შემწყნარეა ადამიანთა სისუსტეების მიმართ. სწორედ ამიტომ მღეროდა მის შესახებ ფსალმუნმომღერალი დავითი: „შემბრალე და ლმობიერია უფალი, სულგრძელი და მრავალმოწყალე. არც სამუდამოდ იდავებს. . . არც ჩვენი ცოდვების მიხედვით მოგვაგო და არც ჩვენი ბრალისამებრ გადაგვიხადა“. დიახ, თუ ვინანიებთ, ღმერთი არის ‘შემნდობი ყველა ჩვენი ბრალისა’ (ფსალმუნი 102:3, 8—10).
იეჰოვამ იცის, რომ ადამიანი ცოდვისკენ არის მიდრეკილი და ამიტომ ‘სამუდამოდ არ ედავება’ მომნანიებელ შემცოდველს (ფსალმუნი 50:7; რომაელთა 5:12). ფაქტობრივად, მას ცოდვისა და არასრულყოფილების მოსპობა აქვს განზრახული. მანამდე კი, სანამ ეს განზრახვა შესრულდება, ‘ჩვენი ბრალისამებრ კი არ გვიხდის’, მოწყალებით გვპატიებს იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე. განსჯისას, იეჰოვამ მოწყალება რომ არ გამოავლინოს, როდესაც ეს მართებულია, არავინ იქნებოდა სიცოცხლის ღირსი (ფსალმუნი 129:3). რაოდენ მადლიერი უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი ზეციერი მამა, რომელიც სამართლიანად მოითხოვს განსაკუთრებულ ერთგულებას, მოწყალე ღმერთია!
საჭიროა გაწონასწორებულობა
რადგან სამყაროს უზენაესი უფალი არასრულყოფილი ადამიანების მიმართ შემწყნარებლობას ავლენს, განა ჩვენც იგივე არ უნდა გავაკეთოთ? ტოლერანტობა ანუ შემწყნარებლობა განიმარტება, როგორც „სხვისი აზრის, რწმენის შემწყნარებლობა“. პირადად ჩვენც ასეთივე პოზიციას ვიკავებთ — ვცდილობთ გამოვავლინოთ მოთმინება, როდესაც ვიღაც ამბობს ან აკეთებს იმას, რაც არცთუ ისე დიდი ცოდვა, მაგრამ უადგილოა?
რა თქმა უნდა, ზედმეტ შემწყნარებლობასაც უნდა მოვერიდოთ. მაგალითად, საშინელება ხდება, როდესაც რელიგიური ხელმძღვანელები შემწყნარებლობას ავლენენ იმ აგრესიული მღვდლების მიმართ, რომლებიც სექსუალურად გამუდმებით ძალადობენ ბიჭებსა და გოგონებზე. „ბავშვების მიმართ ცოდვის ჩადენის შემთხვევაში, — იუწყებოდა ერთი ირლანდიელი კომენტატორი, — შემცოდველი მღვდელი ეკლესიის ხელმძღვანელობას, უბრალოდ, სხვა ადგილზე გადაჰყავს“.
ასე, უბრალოდ, სხვა ადგილზე გადაყვანა
სათანადო შემწყნარებლობაა? რა თქმა უნდა, არა! მაგალითად, ავიღოთ მედიკოსთა ჯგუფი, რომელიც უპასუხისმგებლო ქირურგს ოპერაციების გაკეთების უფლებას აძლევს ერთი საავადმყოფოდან მეორეში გადაყვანით, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტებს კლავდა ან ახეიბრებდა. პროფესიული ერთგულების მცდარმა გრძნობამ შეიძლება ასეთი „შემწყნარებლობა“ წარმოშვას. მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ მრავალ მსხვერპლზე, რომელთაც სიცოცხლე წაართვეს ან ეს სიცოცხლე საფრთხეში ჩაუგდეს დაუდევრობის ან თუნდაც ჩადენილი ბოროტმოქმედების გამო?აგრეთვე საშიშია ზედმეტი შეუწყნარებლობის გამოვლენა. დედამიწაზე იესოს ყოფნის დროს ზოგიერთი იუდეველი, რომლებსაც ზელოტებად იცნობდნენ, არასწორად ცდილობდა ფინხასის მაგალითის გამოყენებას თავის საქციელის გასამართლებლად. ზოგიერთი ზელოტის ერთ-ერთი ყველაზე უკიდურესი მოქმედება იყო „იერუსალიმში ზეიმებისა თუ სხვა ღონისძიებების დროს ხალხში გარევა და მოულოდნელად თავიანთ მტრებზე ცივი იარაღით თავდასხმა“.
ჩვენ, ქრისტიანები, არასდროს უნდა მოვიქცეთ ზელოტების მსგავსად მათზე ფიზიკური თავდასხმით, ვინც ჩვენ არ მოგვწონს. მაგრამ ხომ არ ვავლენთ შეუწყნარებლობას იმით, რომ სხვაგვარ თავდასხმას ვახდენთ მათზე, ვინც არ მოგვწონს — შესაძლებელია, მათზე შეურაცხმყოფელი ლაპარაკით? თუ მართლა შემწყნარებლები ვართ, არ ვილაპარაკებთ ამგვარად.
პირველ საუკუნეში კიდევ ერთი შეუწყნარებელი ჯგუფი იყო. ესენი ფარისევლები იყვნენ. ისინი გაუთავებლად განსჯიდნენ სხვებს და არავითარ ანგარიშს არ უწევდნენ ადამიანთა არასრულყოფილებას. ამაყი ფარისევლები ქედმაღლურად დაჰყურებდნენ ხალხს და მათ ‘დაწყევლილ ხალხად’ მოიხსენიებდნენ (იოანე 7:49). ამიტომ განსაჯა იესომ ეს თავიანთ თვალში მართალი მამაკაცები შემდეგი სიტყვებით: „ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით პიტნის, კამისა და კვლიავის მეათედს და მიტოვებული გაქვთ რაც უფრო მთავარია რჯულში — განკითხვა, წყალობა და სარწმუნოება. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ“ (მათე 23:23).
ამის თქმით იესო არ აუფერულებდა მოსეს რჯულის დაცვის მნიშვნელოვნებას. ის მხოლოდ ცხადყოფდა, რომ რჯულის თანახმად „უფრო მთავარი“ ანუ უფრო მნიშვნელოვანი მისი გონივრულად და მოწყალებით გამოყენება იყო. როგორ გამოირჩეოდნენ იესო და მისი მოწაფეები შეუწყნარებელი ფარისევლებისა და ზელოტებისგან!
არც იეჰოვა ღმერთი და არც იესო ქრისტე არ ამართლებენ ბოროტებას. მალე ‘იძიებენ შურს მათზე, ვინც არ შეიცნო ღმერთი და არ ემორჩილება. . . სახარებას’ (2 თესალონიკელთა 1:6—10). მაგრამ იესო სამართლიანობის დაცვისას ყოველთვის ირეკლავს თავისი ზეციერი მამის მოთმინებას, მოწყალებასა და სიყვარულით აღსავსე დამოკიდებულებას ყველას მიმართ, ვისაც სწორად მოქცევა სურს (ესაია 42:1—3; მათე 11:28—30; 12:18—21). რაოდენ დიდებული მაგალითი მოგვცა იესომ!
მოთმინებით შეიწყნარეთ ერთიმეორე
თუმცა შეიძლება დიდად გვწყუროდეს სიმართლე, მოდი პავლე მოციქულის რჩევა გამოვიყენოთ: „შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს. როგორც ქრისტემ მოგიტევათ, ასევე თქვენც“ (კოლასელთა 3:13; მათე 6:14, 15). ტოლერანტობა ანუ შემწყნარებლობა ერთმანეთის ნაკლოვანებების ატანას ნიშნავს ამ არასრულყოფილ წუთისოფელში. გონიერება გვჭირდება, რომ სხვებისგან ძალიან ბევრს არ მოველოდეთ (ფილიპელთა 4:5).
შემწყნარებლობა სრულებითაც არ ნიშნავს შეცოდების მოწონებას ან მასზე თვალის დახუჭვას. თანამორწმუნეთა აზროვნებაში ან მოქმედებაში შეიძლება ისეთი რამ იყოს, რაც იეჰოვას პრინციპებს ოდნავ არ ეთანხმება. თუმცა ამგვარი გადახრა შეიძლება ჯერ კიდევ ისე სერიოზული არ არის, რომ ღმერთმა უარყოს ასეთი ადამიანი, მაგრამ ეს შესაძლოა გამაფრთხილებელ სიგნალს იძლეოდეს, რომ რაღაც ცვლილების მოხდენაა საჭირო (დაბადება 4:6, 7). რა სასიამოვნოა, როდესაც სულიერად მოწიფულები ცდილობენ ცოდვაში ჩამდგარი ადამიანის თავმდაბლობის სულით გამოსწორებას (გალატელთა 6:1). თუმცა ამის მისაღწევად საჭიროა მზრუნველობის გამოვლენა და არა კრიტიკული მიდგომა.
„სიმშვიდით და მოწიწებით“
რა შეიძლება ითქვას ისეთი ადამიანებისადმი მოთმინების გამოვლენაზე, რომელთა რელიგიური შეხედულებებიც ჩვენი შეხედულებებისგან განსხვავდება? ირლანდიაში 1831 წელს დაარსებულ ყველა ეროვნულ სკოლაში გამოაკრეს ტექსტი, სათაურით „მთავარი გაკვეთილი“, რომელშიც ნათქვამია: „იესო ქრისტეს არ ჰქონია ისეთი განზრახვა, რომ თავისი რელიგია ხალხისთვის თავს მოეხვიათ. . . მოყვასთან ჩხუბი და მათი ლანძღვა სულაც არ არის მათი დარწმუნების საუკეთესო გზა, რომ ჩვენ მართლები და ისინი მტყუანები არიან. ეს მათ იმაში უფრო დაარწმუნებს, რომ არ გვაქვს ქრისტიანული სული“.
იესო ასწავლიდა და მოქმედებდა ისე, რომ ღვთის სიტყვისკენ მიეზიდა ადამიანები და ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც (მარკოზი 6:34; ლუკა 4:22, 32; 1 პეტრე 2:21). მას, როგორც სრულყოფილ ადამიანს, რომელსაც ღვთისგან მოცემული განსაკუთრებული ალღო ჰქონდა, ადამიანთა გულების წაკითხვა შეეძლო. ამიტომ, როცა ეს საჭირო იყო, იესოს შეეძლო აშკარა მსჯავრი დაედო იეჰოვას მტრებისთვის (მათე 23:13—33). ეს მისი მხრიდან შეუწყნარებლობა არ იყო.
იესოსგან განსხვავებით, გულში ვინ რას ფიქრობს, იმის დანახვა არ შეგვიძლია. ამიტომ უნდა მივყვეთ მოციქულ პეტრეს რჩევას: „წმიდაჰყავით ქრისტე, როგორც უფალი, თქვენს გულებში და მუდამ მზად იყავით, რომ სიმშვიდით და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ“ (1 პეტრე 3:15). ჩვენ, იეჰოვას მოწმეებმა, უნდა დავიცვათ ის, რაც გვწამს, რადგან ჩვენი რწმენა ღვთის სიტყვაზე მტკიცედაა დაფუძნებული. მაგრამ ეს იმით უნდა გამოვავლინოთ, რომ პატივი ვცეთ სხვების გულწრფელ შეხედულებებს. პავლემ დაწერა: „თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა პასუხი გასცეთ“ (კოლასელთა 4:6).
იესომ, მთაზე თავისი ცნობილი ქადაგებისას, თქვა: „ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12). მაშ, მოდი მოვუთმინოთ ერთმანეთს და პატივისცემა გამოვავლინოთ მათ მიმართ, ვისაც კეთილ ცნობას ვუქადაგებთ. თუ ბიბლიაზე დაფუძნებული შემწყნარებლობის პრინციპით სამართლიანობის დაცვაში გაწონასწორებულობას გამოვავლენთ, იეჰოვას ვაამებთ და ნამდვილად ტოლერანტები ანუ შემწყნარებლები ვიქნებით.
[სურათი 23 გვერდზე]
მოერიდეთ ისეთივე შეუწყნარებელ დამოკიდებულებას, როგორიც ფარისევლებს ჰქონდათ.
[სურათი 23 გვერდზე]
იესო თავისი მამის შემწყნარებლობას ირეკლავდა. შენც ასევე იქცევი?