არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გადალახე წინსვლაში ხელის შემშლელი დაბრკოლებები!

გადალახე წინსვლაში ხელის შემშლელი დაბრკოლებები!

გადალახე წინსვლაში ხელის შემშლელი დაბრკოლებები!

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ავტომობილი სიჩქარეშია ჩაგდებული, ძრავა ძლიერად მუშაობს, მაგრამ მანქანა ადგილიდან არ იძვრის. იქნებ რაღაც გაფუჭდა? არა, მისი ერთი ბორბლის წინ დიდი ბარიერია. მანქანა რომ ადგილიდან დაიძრას მისი მოშორებაა საჭირო.

ასევე ხვდებიან სულიერ წინსვლაში ხელისშემშლელ დაბრკოლებებს ისინი, ვინც იეჰოვას მოწმეებთან სწავლობენ ბიბლიას. მაგალითად, იესომ თავისი მოწაფეები გააფრთხილა, რომ ‘წუთისოფლის საზრუნავსა და სიმდიდრის საცდურს შეეძლო ჭეშმარიტების სიტყვის მოშთობა’ და ზრდისთვის ხელის შეშლა (მათე 13:22).

ზოგის წინსვლას კი მათი ჩვევები და სისუსტეები აბრკოლებს. იაპონელ მამაკაცს, იუტაკას, ბიბლიური ცნობა მოსწონდა, მაგრამ სერიოზული პრობლემა ჰქონდა — აზარტული თამაშებით იყო გატაცებული. ის ხშირად ცდილობდა ამ ცუდი ჩვევისგან გათავისუფლებას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ეს ჩვევა მას ძვირად დაუჯდა: დაკარგა სამი სახლი, ოჯახის პატივისცემა და პირადი ღირსების გრძნობაც კი. შეეძლო მას მოეშალა ეს დამაბრკოლებელი ჩვევა და ქრისტიანი გამხდარიყო?

განვიხილოთ ერთ-ერთი მანდილოსნის, კაოკოს, მაგალითიც. ბიბლიის დახმარებით მან უარი თქვა ისეთ მანკიერებებზე, როგორიცაა კერპთაყვანისმცემლობა, უზნეობა და მკითხაობა. მიუხედავად ამისა: „ჩემთვის ყველაზე დიდი დაბრკოლება თამბაქოს წევა იყო. ბევრჯერ ვცადე თავის დანებება, მაგრამ ვერაფერს გავხდი“, — აღიარებს კაოკო.

შეიძლება შენც გიშლის რაღაც ხელს წინსვლაში და გადაულახავი გეჩვენება. რაც უნდა იყოს ეს, დარწმუნებული იყავი, რომ ღვთის დახმარებით მის გადალახვას შეძლებ.

გავიხსენოთ იესოს რჩევა-დარიგება, რომელიც თავის მოწაფეებს მისცა, როდესაც მათ ვერ შეძლეს მთვარეულისგან დემონის განდევნა. იესომ მას შემდეგ, რაც თავისი მოწაფეებისთვის შეუძლებელი შეძლო, უთხრა მათ: „მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: აქედან იქით გადადიო, იგი გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი“ (მათე 17:14—20; მარკოზი 9:17—29). დიახ, წამოჭრილი პრობლემა, რომელიც შეიძლება ჩვენ უზარმაზარ მთად გვეჩვენება, ყოვლისშემძლე შემოქმედისთვის მცირედი და უმნიშვნელოა (დაბადება 18:14; მარკოზი 10:27).

წინსვლაში ხელის შემშლელი დაბრკოლებების ამოცნობა

დაბრკოლებების გადალახვამდე, თავდაპირველად უნდა ამოიცნო ისინი. როგორ შეგიძლია ამის გაკეთება? ზოგჯერ კრების წევრმა, მაგალითად, უხუცესმა ან მან, ვინც გასწავლის ბიბლიას, შეიძლება შენიშვნა მოგცეს. სიყვარულით ნათქვამი რჩევა-დარიგება კი არ უნდა გეწყინოს, არამედ თავმდაბლურად უნდა ‘მოისმინო შეგონება და დაბრძენდე’ (იგავნი 8:33). სხვა დროს სისუსტეებს ბიბლიის შესწავლა დაგანახვებს. დიახ, ღვთის სიტყვა არის „ცოცხალი, მოქმედი“ (ებრაელთა 4:12). ბიბლიისა და ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების კითხვას შეუძლია დაგანახვოს საკუთარი გულისნადები, გრძნობები და მოტივები. ეს დაგეხმარებათ, იეჰოვას მაღალი სტანდარტებით თავის შეფასებაში. ის საშუალებას მოგცემს ამოიცნო ის, რასაც შენი სულიერი წინსვლისათვის ხელის შეშლა შეუძლია (იაკობი 1:23—25).

მაგალითად, დავუშვათ რომ ადამიანს, რომელიც ბიბლიას სწავლობს უზნეო აზრები უჩნდება. ის შეიძლება ცუდს ვერაფერს ხედავს ამაში და ამბობს, რომ, ფაქტობრივად, ცუდს არაფერს აკეთებს. სწავლის პერიოდში კი კითხულობს იაკობის 1:14, 15-ში ჩაწერილ სიტყვებს: „ყოველი იცდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას. შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას. ჩადენილი ცოდვა კი შობს სიკვდილს“. ახლა უკვე ხვდება, ამ კურსს რომ მიჰყოლოდა, ეს დამღუპველი დაბრკოლება იქნებოდა მისი წინსვლისთვის! როგორ შეუძლია მას ამ დაბრკოლების გადალახვა? (მარკოზი 7:21—23).

დაბრკოლებების გადალახვა

შესაძლოა მოწიფული ქრისტიანის დახმარებით, ბიბლიის შემსწავლელი «„საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციების საძიებლის» a გამოყენებით ღვთის სიტყვას დამატებითაც იკვლევდეს. მაგალითად, ქვესათაური „ფიქრები“, მკითხველს მიუთითებს იმ გამოქვეყნებულ სტატიებზე, რომლებშიც მოცემულია თუ როგორ შეიძლება უზნეო აზრების თავიდან აცილება. ეს სტატიები ყურადღებას ამახვილებს სასარგებლო ბიბლიურ მუხლებზე, მაგალითად, როგორიცაა ფილიპელთა 4:8, რომელშიც ნათქვამია: „ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც წმიდაა, რაც საყვარელია, რაც საქებარია, ყოველივე, რაც სათნო და ქებულია, იმაზე იფიქრეთ“. დიახ, უზნეო აზრები უნდა შეიცვალოს უმწიკვლო, აღმშენებლობითი აზრებით!

გამოკვლევის დროს შემსწავლელი, უეჭველია, ბიბლიის სხვა პრინციპებსაც აღმოაჩენს, რომელიც მას პრობლემებთან გამკლავებაში დაეხმარება. მაგალითად, იგავნის 6:27 და მათეს 5:28 გვაფრთხილებს, რომ გონება უზნეობით არ ვკვებოთ. „ააცილე თვალი ჩემი ამაოების ცქერას“, — ლოცულობდა ფსალმუნმომღერალი (ფსალმუნი 118:37). რა თქმა უნდა, ბიბლიის უბრალოდ კითხვა საკმარისი არ არის. „მართლის გული. . . წონის“, — ამბობს ბრძენი კაცი (იგავნი 15:28). შემსწავლელი უფრო კარგად შეიცნობს იეჰოვას გზების სიბრძნესა და გონივრულობას, თუ მხოლოდ იმაზე კი არ დაფიქრდება, რასაც ღმერთი მოითხოვს ჩვენგან, არამედ იმაზეც, თუ რატომ მოითხოვს.

ბოლოს, ის, ვინც წინსვლისთვის ხელის შემშლელი დაბრკოლების გადალახვას ცდილობს, მზადყოფნით უნდა ესწრაფოდეს იეჰოვას დახმარებას. ბოლოს და ბოლოს, ღმერთმა კარგად იცის ჩვენი აგებულება, არასრულყოფილები და მტვრისგან შექმნილები რომ ვართ (ფსალმუნი 102:14). ღვთისთვის მუდამ ლოცვით მიმართვა და ამასთანავე უზნეო აზრებისთვის თავის ასარიდებლად მთელი ძალ-ღონის მოხმარება საბოლოოდ სასურველ შედეგს — სუფთა სინდისს — მოგვიტანს (ებრაელთა 9:14).

არ დანებდე

რა სიძნელესთან ბრძოლაც უნდა გიხდებოდეს, გახსოვდეს, რომ ზოგიერთმა სირთულემ შეიძლება კვლავ იჩინოს თავი. როდესაც ეს ასე ხდება, ბუნებრივია, რომ იმედგაცრუებასა და გულგატეხილობას გრძნობ. მაგრამ გახსოვდეს გალატელთა 6:9-ში ჩაწერილი სიტყვები: „სიკეთის კეთება ნუ მოგვეწყინება, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვდუნდებით“. ღვთის ისეთმა ერთგულმა მსახურებმა, როგორებიც იყვნენ დავითი და პეტრე, რამდენიმე დამამცირებელი მარცხი განიცადეს, მაგრამ არ დანებებულან. მათ თავმდაბლურად მიიღეს რჩევა, საჭიროებისამებრ შეიცვალნენ და იმის დასამტკიცებლად, რომ ღვთის გამორჩეული მსახურები იყვნენ, უკან არ დაიხიეს (იგავნი 24:16). მიუხედავად დავითის შეცდომებისა, იეჰოვამ მას უწოდა: „ჩემი გულის სანდომი კაცი, რომელიც შეასრულებს ყველა ჩემს ნება-სურვილს“ (საქმეები 13:22). პეტრემაც დასძლია თავისი შეცდომები და ქრისტიანული კრების სვეტი გახდა.

დაბრკოლებების გადალახვაში დღეს ბევრი აღწევს მსგავს წარმატებას. იუტაკამ, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ის ყვება: «იეჰოვა ყველა სწორი ნაბიჯის გადადგმისას მხარში მედგა და მის კურთხევას ვგრძნობდი. ეს დამეხმარა უარი მეთქვა აზარტულ თამაშებზე. ძალიან მახარებს, იესოს სიტყვების ჭეშმარიტებას საკუთარ თავზე რომ ვცდი, — რწმენით „მთის“ გადაადგილება შეიძლება». მოგვიანებით იუტაკა კრებაში სამსახურებრივ თანაშემეწედ დაინიშნა.

რა შეიძლება ითქვას კაოკოს შესახებ, რომელიც თამბაქოს ეწეოდა? დამ, რომელთანაც ის ბიბლიას სწავლობდა, შესთავაზა, რომ წაეკითხა ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში გამოქვეყნებული სხვადასხვა სტატია თამბაქოს წევასთან დაკავშირებით. კაოკომ საკუთარ ავტომობილშიც კი გააკრა 2 კორინთელთა 7:1-ში ჩაწერილი სიტყვები, რომელიც ყოველდღე შეახსენებდა, რომ იეჰოვას თვალში სუფთა დარჩენილიყო. მიუხედავად ამისა, თავს მაინც ვერ ანებებდა თამბაქოს. „ჩემი თავით ძალიან უკმაყოფილო ვიყავი, — იხსენებს კაოკო. — საკუთარ თავს ვეკითხებოდი, რა მინდოდა სინამდვილეში — იეჰოვას მინდა ვემსახურო თუ სატანას?“. ერთხელ მან გადაწყვიტა რომ იეჰოვასთვის უნდოდა ემსახურა და გამუდმებით ლოცულობდა დახმარებისთვის. „ჩემდა გასაოცრად, — იხსენებს ის, — დიდი წვალების გარეშე დავანებე წევას თავი. მხოლოდ იმას ვნანობ, რომ ეს უფრო ადრე არ გავაკეთე“.

შენც შეგიძლია მიაღწიო წარმატებას წინსვლაში ხელის შემშლელი დაბრკოლებების გადალახვისას. რაც უფრო მეტად შეუთანხმებ შენს ფიქრებს, სურვილებს, სიტყვებსა და მოქმედებებს ბიბლიურ პრინციპებს, მით უფრო გაიძლიერებ საკუთარი თავისადმი პატივისცემის გრძნობას და სხვების ნდობას დაიმსახურებ. შენი სულიერი და-ძმები, ასევე შენი ოჯახის წევრები გახალისებული და გამხნევებული იქნებიან შენთან ურთიერთობით. და რაც ყველაზე მთავარია, უფრო განამტკიცებ იეჰოვასთან შენს ურთიერთობას. ის დაგვპირდა, რომ სატანის გავლენისგან თავის დასაღწევად ‘თავისი ხალხის გზიდან ნებისმიერ დაბრკოლებას მოაშორებს’ (ესაია 57:14, აქ). შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ, თუ სულიერ ზრდაში ხელის შემშლელი დაბრკოლებების გადასალახავად ყოველ ღონეს იხმარ, იეჰოვა უხვად გაკურთხებს.

[სქოლიოები]

a გამოქვეყნებულია იეჰოვას მოწმეების მიერ რამდენიმე ენაზე.

[სურათი 28 გვერდზე]

იესო დაჰპირდა თავის მიმდევრებს, რომ რწმენით მთისმაგვარ დაბრკოლებებს გადალახავდნენ.

[სურათი 30 გვერდზე]

ბიბლიის კითხვა სულიერი ნაკლოვანებების დასაძლევად ძალას გვაძლევს.