მას ღმერთმა შეუშრო ცრემლი თვალზე
სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან
მას ღმერთმა შეუშრო ცრემლი თვალზე
ადამიანები, რომლებიც თავიანთ ცხოვრებას იეჰოვას კანონებთან და პრინციპებთან ათანხმებენ, დიდად კურთხეული არიან. თუმცა ცხოვრებაში აუცილებელი ცვლილებების მოხდენა ყოველთვის არ არის იოლი, გამხნევება და დახმარების მიღება ადვილი შესაძლებელია (ფსალმუნი 83:12). ამას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მომხდარი შემთხვევა ცხადყოფს.
ერთმა ფრანგმა მოწმემ თავისი არდადეგების დროს მაღაზიის მფლობელს, სახელად კიმს, დედამიწასთან დაკავშირებით იეჰოვას განზრახვა გაუზიარა. მან კიმს a წიგნიც — „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ — დაუტოვა. ამ წიგნის გადათვალიერებისას კიმი ასეთ სიტყვებს წააწყდა: „მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან“ (გამოცხადება 21:4). „ეს მუხლი ნამდვილად შეეხო ჩემს გულს“ — იხსენებს კიმი. — სამსახურში ყოველთვის მომღიმარი სახით ვხვდებოდი ყველას და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ყოველ საღამოს, ჩაძინებამდე, ვტიროდი. მან თავისი მწუხარების მიზეზი გაამხილა: „18 წლის მანძილზე ვცხოვრობდი მამაკაცთან და ძალიან უბედური ვიყავი, რადგან ის უარს ამბობდა ჩემს ცოლად შერთვაზე. მსურდა, წერტილი დამესვა ასეთი ცხოვრებისთვის, მაგრამ უკვე იმდენ ხანს ვიცხოვრე მასთან, რომ ამის გასაკეთებლად გამბედაობა არ მყოფნიდა“.
ცოტა ხანში კიმი იეჰოვას მოწმეს, ლინს, ბიბლიის შესწავლაზე დათანხმდა. „მე მთელი გულით მეწადა ბიბლიური სწავლების ცხოვრებაში გამოყენება, — ამბობს კიმი. — მივატოვე წინაპრების თაყვანისცემაში მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო წინააღმდეგობას წავაწყდი ოჯახის წევრებისგან. გარდა ამისა, ვცდილობდი, კანონიერად გაგვეფორმებინა ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ ჩემმა მეგობარმა უარი მითხრა. ამ ჩემთვის მეტად რთულ პერიოდში ერთი ფრანგი მოწმე ბიბლიურ პუბლიკაციებს მიგზავნიდა; ლინიც ძალიან მამხნევებდა. ამ დების მოთმინება და სიყვარულით აღსავსე მხარდაჭერა დამეხმარა, მივყოლოდი ცხოვრების დინებას, სანამ არ დავინახე, თუ სინამდვილეში რას წარმოადგენდა ჩემი მეგობარი. გავიგე, რომ თურმე მას ჩემამდე 5 არაკანონიერი მეუღლე და 25 ბავშვი ჰყოლია. ამ ფაქტმა მასთან ურთიერთობის გაწყვეტის ძალა მომცა.
დიდი, კეთილმოწყობილი სახლიდან პატარა ბინაში გადასვლა არც ისე ადვილი იყო. უფრო მეტიც, ჩემი ყოფილი მეგობარი მაიძულებდა კვლავ მასთან მეცხოვრა და მემუქრებოდა კიდეც, რომ, თუ უარს ვეტყოდი, მჟავას შემასხამდა. იეჰოვას დახმარებით შევძელი იმის გაკეთება, რაც სწორი იყო“. კიმმა განაგრძო წინსვლა და ბოლოს, 1998 წლის აპრილში მოინათლა. გარდა ამისა, მისმა ორმა დამ და მოზარდმა ბიჭმა იეჰოვას მოწმეებთან დაიწყეს ბიბლიის შესწავლა.
„მეგონა, რომ ჩემი ცხოვრება ყოველთვის უიმედო იქნებოდა, — ამბობს კიმი. — მაგრამ დღეს ბედნიერი ვარ და აღარ ვტირი ღამღამობით. იეჰოვამ უკვე შემიშრო ცრემლი თვალზე“.
[სქოლიოები]
a სახელი შეცვლილია.