რაზეა დაფუძნებული თქვენი მრწამსი?
რაზეა დაფუძნებული თქვენი მრწამსი?
რწმენა ნიშნავს რისამე ჭეშმარიტად, ნამდვილად, უტყუარად მიჩნევას. გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია აღიარებს და იცავს ყოველი ადამიანის „აზროვნების, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლებას“. ეს უფლება ნებას რთავს ადამიანს „შეიცვალოს თავისი რელიგია ან მრწამსი“, თუკი მას სურს.
მაგრამ რატომ უნდა სურდეს ვინმეს თავისი რელიგიის ან მრწამსის შეცვლა? „მე ჩემი მრწამსი მაქვს და ამით ბედნიერი ვარ“, — ხშირად გაიგონებთ მსგავს გამონათქვამს. ბევრი ფიქრობს, რომ ადამიანისთვის თვით მცდარ მრწამსსაც კი დიდი არაფერი ზიანი მოაქვს. მაგალითად, თუ ვინმეს სწამს, რომ დედამიწა ბრტყელია, შესაძლებელია ამით მან არც საკუთარ თავს ავნოს და არც სხვებს. „ჩვენ, უბრალოდ, უნდა შევეგუოთ განსხვავებულ აზრს“, — ამბობს ზოგი. ყოველთვის გონივრულია ასეთი მიდგომა? ნუთუ ექიმი უბრალოდ შეეგუებოდა განსხვავებულ აზრს, თუ რომელიმე მისი კოლეგა თავისი მრწამსის თანახმად დასაშვებად მიიჩნევდა, მორგში გვამებთან შეხების შემდეგ პირდაპირ პალატაში წასულიყო და პაციენტები გაესინჯა?
რაც შეეხება რელიგიას, მასთან დაკავშირებულ მცდარ შეხედულებებს მთელი ისტორიის განმავლობაში მოჰქონდა დიდი ზიანი. დაფიქრდით იმ საშინელებებზე, რომლებიც შუა საუკუნეებში რელიგიურ წინამძღოლთა მიერ „ქრისტიანი ფანატიკოსების უმოწყალო ძალადობისკენ წაქეზებას“ მოჰყვა შედეგად ეგრეთ წოდებული წმინდა ჯვაროსნული ლაშქრობების დროს. ანდა დაფიქრდით ახლახან მომხდარ სამოქალაქო ომში მონაწილე „ქრისტიან“ მებრძოლებზე; „შუა საუკუნეებში მებრძოლი მეომრების მსგავსად, რომელთაც ხმლის ვადებზე წმინდანთა სახელები ჰქონდათ ამოკვეთილი, [ამ მებრძოლებმა] შაშხანის კონდახებზე ღვთისმშობლის სურათები მიამაგრეს“. ყველა ამ ფანატიკოსს სწამდა, რომ ისინი მართებულად იქცეოდნენ. მაგრამ ცხადია, ამ და სხვა რელიგიური მიზეზით გამოწვეულ შუღლსა და ბრძოლებში რაღაც ძალზე უმართებულო ხდებოდა.
რატომაა დღეს ასე გავრცელებული არეულობა და კონფლიქტები? როგორც ბიბლია გვპასუხობს, ამის მიზეზი ის არის, რომ სატანა ეშმაკი ‘მთელ წუთისოფელს აცდუნებს’ (გამოცხადება 12:9; 2 კორინთელთა 4:4; 11:3). მოციქულმა პავლემ გაგვაფრთხილა, რომ, სამწუხაროდ, ბევრი მორწმუნე ადამიანი „განწირული იქნებოდა დასაღუპად“, რადგან მათ აცდუნებდა სატანა, რომელიც „მოსატყუებლად გამიზნულ სასწაულებსა და საკვირველებებს მოიმოქმედებდა“. როგორც პავლემ თქვა, ასეთი ადამიანები „გონებას დაიხშობდნენ, რათა ჭეშმარიტება არ შეყვარებოდათ, რასაც მათი გადარჩენა შეეძლო“, და ამგვარად, ‘გზა-კვალ აბნეულები სიცრუეს იწამებდნენ’ (2 თესალონიკელთა 2:9—12, The New Testament, by William Barclay). როგორ შეგიძლიათ მინიმუმამდე დაიყვანოთ სიცრუის დაჯერების შესაძლებლობა? სინამდვილეში, რაზეა დაფუძნებული თქვენი მრწამსი?
აღზრდით მიღებული მრწამსი?
შესაძლოა თქვენი ოჯახის მრწამსით აღიზარდეთ. ეს შესაძლოა ძალიან კარგიც იყოს. ღმერთს სურს, რომ მშობლებმა თავიანთ შვილებს ასწავლონ (მეორე რჯული 6:4—9; 11:18—21). მაგალითად, ყმაწვილ ტიმოთეს კარგი სამსახური გაუწია თავისი დედისა და ბებიისთვის ყურის გდებამ (2 ტიმოთე 1:5; 3:14, 15). საღვთო წერილი მოგვიწოდებს, რომ პატივისცემით მოვეკიდოთ მშობლების მრწამსს (იგავნი 1:8; ეფესელთა 6:1). მაგრამ, განა ჩვენი შემოქმედი მოელის ჩვენგან, მხოლოდ იმიტომ ვიწამოთ რაიმე, რომ ჩვენს მშობლებს სწამთ ასე? წინა თაობების მრწამსისა და მათი მოქმედებებისადმი დაუფიქრებელი ერთგულება, სინამდვილეში, შეიძლება სახიფათო იყოს (ფსალმუნი 77:8; ამოსი 2:4).
სამარიელი ქალი, რომელიც იესო ქრისტეს შეხვდა, სამარიული რელიგიური მრწამსით იყო აღზრდილი (იოანე 4:20). იესო პატივს სცემდა მის უფლებას, რაც სურდა ის ეწამა, მაგრამ ისიც უთხრა: „თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს“. სინამდვილეში, ამ ქალის რელიგიურ მრწამსში მრავალი რამ იყო მცდარი და როგორც იესომ უთხრა, თუკი სურდა, მისაღები სახით — „სულითა და ჭეშმარიტებით“ — ეცა ღვთისთვის თაყვანი, თავისი შეხედულებები უნდა შეეცვალა. ნაცვლად იმისა, რომ ჯიუტად მდგარიყვნენ თავიანთ პოზიციაზე და არ დაეთმოთ მათთვის მართლაც რომ სანუკვარი მრწამსი, ისიც და სხვებიც მის მსგავსად, დროთა განმავლობაში, იესო ქრისტეს მიერ გამჟღავნებულ ‘რწმენას უნდა დამორჩილებოდნენ’ (იოანე 4:21—24, 39—41; საქმეები 6:7).
განათლებით მიღებული მრწამსი?
ბევრი მასწავლებელი თუ მეცნიერი, ცხადია, დიდ პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ ისტორიამ უამრავი ცნობა შემოგვინახა იმ სახელგანთქმული მასწავლებლების შესახებ, რომლებიც სავსებით ცდებოდნენ. მაგალითად, ბერძენი ფილოსოფოსის, არისტოტელეს მიერ დაწერილი ორი სამეცნიერო წიგნის შესახებ ისტორიკოსმა ბერტრან რასელმა განაცხადა: „თუ მათ თანამედროვე მეცნიერების შუქზე განვიხილავთ, საეჭვოა, ამ ორი წიგნიდან ერთი წინადადება მაინც მივიჩნიოდ სარწმუნოდ“. ხშირად თანამედროვე სპეციალისტებიც კი საოცრად მცდარ დასკვნებამდე მიდიან. „ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატის არსებობა შეუძლებელია“ — თამამად განაცხადა ბრიტანელმა მეცნიერმა ლორდ კელვინმა 1895 წელს. ამიტომ, გონიერი ადამიანი უბრალოდ ავტორიტეტული მასწავლებლის განაცხადის საფუძველზე ბრმად არ იჯერებს რაღაცის ჭეშმარიტებას (ფსალმუნი 145:3).
ასეთივე სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო რელიგიურ განათლებასთან დაკავშირებით. მოციქულ პავლეს კარგი რელიგიური განათლება ჰქონდა მიღებული თავისი მოძღვრებისგან და ‘მამების გადმოცემების მოშურნე იყო მეტისმეტად’. მაგრამ წინაპრების ტრადიციული მრწამსის მოშურნეობამ სინამდვილეში პრობლემები შეუქმნა. ამან იქამდე მიიყვანა, რომ ‘ღვთის ეკლესიის დევნა და დარბევა’ დაიწყო (გალატელთა 1:13, 14; იოანე 16:2, 3). კიდევ უფრო უარესი ის იყო, რომ დიდი ხნის განმავლობაში პავლე ‘დეზს წიხლავდა’ ანუ წინააღმდეგობას უწევდა ყველაფერს, რისი წყალობითაც მას შეიძლებოდა იესო ქრისტე ეწამა. საჭირო გახდა თავად იესოს სასწაულებრივი ჩარევა, რათა პავლეს თავისი მრწამსი შეეცვალა (საქმეები 9:1—6; 26:14).
მასმედიის ზეგავლენა?
შესაძლოა მასმედიამ დიდი ზეგავლენა მოახდინა თქვენი მრწამსის ჩამოყალიბებაზე. ადამიანთა უმრავლესობა მოხარულია, რომ მასმედია სიტყვის თავისუფლებით სარგებლობს; მისი წყალობით ხელი მიუწვდებათ ინფორმაციაზე, რომელიც შეიძლება სასარგებლო იყოს მათთვის. მაგრამ, არსებობენ გავლენიანი ძალები, რომლებსაც შეუძლიათ და, ხშირად, იყენებენ კიდეც მასმედიას თავიანთ სასარგებლოდ. მასმედიის მეშვეობით ხშირად იბეჭდება ან გადაიცემა არაობიექტური ინფორმაცია, რომელსაც თქვენს გონებაზე ვერაგული ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
გარდა ამისა, ფართო მასების ყურადღების მისაპყრობად, მასმედია საზოგადოებას ხშირად სენსაციურ და უჩვეულო ინფორმაციას სთავაზობს. ის, რასაც ესაია 5:20; 1 კორინთელთა 6:9, 10).
სულ რაღაც რამდენიმე წლის წინათ ძნელად თუ იტყოდა ვინმე ან გამოსცემდა საზოგადოებაში გასავრცელებლად და წასაკითხად, დღეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ჩვენს საზოგადოებაში შეიმჩნევა ქცევის საყოველთაოდ მიღებულ ნორმებზე თავდასხმისა და მათი აღმოფხვრის ნელი, მაგრამ პროგრესირებადი პროცესი. ხალხის აზროვნება თანდათანობით მახინჯდება. ისინი ნელ-ნელა იჯერებენ, რომ ‘ბოროტება სიკეთეა და სიკეთე ბოროტება’ (როგორ შეგიძლიათ მყარი საფუძველი შეუქმნათ თქვენს მრწამსს
ადამიანთა იდეებსა და ფილოსოფიაზე მრწამსის დაფუძნება ქვიშაზე სახლის აშენებას ჰგავს (მათე 7:26; 1 კორინთელთა 1:19, 20). მაშ, რაზე შეგიძლიათ თქვენი მრწამსის გულდაჯერებით დაფუძნება? ვინაიდან ღმერთმა გონება გიბოძათ, რათა თქვენს ირგვლივ არსებული სამყარო შეგემეცნებინათ და სულიერ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები გაგჩენოდათ, განა გონივრული არ იქნებოდა, გეფიქრათ, რომ თქვენს შეკითხვებზე პასუხის მისაღებად ის შესაბამისი წყაროთიც უზრუნველგყოფდათ? (1 იოანე 5:20). დიახ, რა თქმა უნდა, ის ასეც მოიქცა! მაგრამ, როგორ შეგიძლიათ განსაზღვროთ, რა არის ჭეშმარიტი, ნამდვილი და უტყუარი ღვთისადმი თაყვანისცემის საკითხში? უყოყმანოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამის განსაზღვრა ერთადერთი სახელმძღვანელოს — ღვთის სიტყვის, ბიბლიის — დახმარებით შეგვიძლია (იოანე 17:17; 2 ტიმოთე 3:16, 17).
„მოიცათ, მოიცათ, — შეიძლება თქვას ვინმემ. — განა სწორედ იმ ადამიანებმა, ვისაც ბიბლია ხელთ უპყრია, არ გამოიწვიეს მსოფლიო კონფლიქტებისა და არეულობების უმეტესობა?“. დიახ, სრული ჭეშმარიტებაა, რომ რელიგიურმა წინამძღოლებმა, რომლებიც, როგორც თვითონ აცხადებენ, ბიბლიით ხელმძღვანელობენ, მრავალი დამაბნეველი და ურთიერთსაწინააღმდეგო იდეები შეიმუშავეს. ეს იმიტომ, რომ, სინამდვილეში, მათი მრწამსი ბიბლიაზე არ იყო დაფუძნებული. მოციქული პეტრე მათ „ცრუწინასწარმეტყველებსა“ და „ცრუმოძღვრებს“ უწოდებდა, რომლებიც „დამღუპველ სექტებს“ (აქ) ჩამოაყალიბებდნენ. როგორც პეტრე ამბობს, მათი მოღვაწეობის შედეგად ‘ჭეშმარიტების გზა დაიგმობოდა’ (2 პეტრე 2:1, 2). მიუხედავად ამისა — განაგრძობს პეტრე. — „ჩვენ გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა და კარგად იქცევით, რომ მიმართავთ მას, როგორც ლამპარს, რომელიც ბნელში ანათებს“ (2 პეტრე 1:19; ფსალმუნი 118:105).
ბიბლია მოგვიწოდებს, ჩვენი მრწამსი ბიბლიური მოძღვრების შუქზე შევამოწმოთ (1 იოანე 4:1). ამ ჟურნალის მილიონობით მკითხველს შეუძლია დაადასტუროს, რომ ასე მოქმედებით მათი სიცოცხლე უფრო აზრიანი და სტაბილური გახდა. ამიტომ, მიბაძეთ კეთილშობილ ბერეელებს. ‘ყოველდღე გულდასმით გამოიკვლიეთ საღვთო წერილი’ (აქ), ვიდრე გადაწყვეტდეთ, რა იწამოთ (საქმეები 17:10, 11). იეჰოვას მოწმეები მოხარული იქნებიან, დახმარება გაგიწიონ ამ საკითხში. რა თქმა უნდა, თქვენი გადასაწყვეტია, რა გსურთ, იწამოთ. მაგრამ, გონივრული იქნებოდა, დარწმუნებულიყავით, რომ თქვენი მრწამსი ადამიანურმა სიბრძნემ და სურვილებმა კი არ ჩამოაყალიბა, არამედ ღვთის მიერ ჩვენთვის გაცხადებულმა ჭეშმარიტებამ (1 თესალონიკელთა 2:13; 5:21).
[სურათები 6 გვერდზე]
თქვენ სრული დაჯერებულობით შეგიძლიათ თქვენი მრწამსის ბიბლიაზე დაფუძნება.