არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რწმენის თავისუფლება

რწმენის თავისუფლება

რწმენის თავისუფლება

თქვენ ალბათ დიდად აფასებთ თქვენს უფლებას, გწამდეთ ის, რაც გსურთ. იგივეს თქმა შეიძლება თითქმის ყველა ადამიანზე. რადგან დედამიწაზე ექვსი მილიარდი ადამიანი ამ უფლებით სარგებლობს, მათ შორის მრწამსის საოცარი მრავალფეროვნება შეინიშნება. მსგავსად მრავალგვარი ქმნილებებისა, რომლებიც განსხვავდებიან ფერით, ფორმით, აგებულებით, გემოთი, სუნით და ბგერებით, რომლებსაც ისინი გამოსცემენ, განსხვავებული შეხედულებებიც ხშირად სიცოცხლეს უფრო საინტერესოს, მიმზიდველსა და სასიამოვნოს ხდის. ასეთი მრავალფეროვნება მართლაც რომ ლაზათს მატებს სიცოცხლეს (ფსალმუნი 103:24).

მაგრამ საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა. ზოგი ადამიანის მრწამსი არა მარტო განსხვავებულია, არამედ საშიშიც. მაგალითად XX საუკუნის დასაწყისში ზოგს სჯეროდა, რომ ებრაელები და მასონები გეგმავდნენ „ქრისტიანული ცივილიზაციის დანგრევასა და მსოფლიო სახელმწიფოს შექმნას, სადაც ერთობლივად თავად იმმართველებდნენ“. ასეთი მრწამსის ჩამოყალიბების ერთ-ერთი საფუძველი ანტისემიტური ტრაქტატი იყო, სახელწოდებით „სიონის სწავლულ უხუცესთა პროტოკოლები“. ტრაქტატი ირწმუნებოდა, რომ მათ გეგმებში შედიოდა უსაზღვროდ დიდი გადასახადების დაწესება, იარაღწარმოების განვითარებისთვის ხელშეწყობა და გიგანტური მონოპოლიების შექმნა, რათა „წარმართების სიმდიდრე ხელის ერთი მოსმით გაენადგურებინათ“; აგრეთვე, ტრაქტატის მტკიცებით, ისინი გეგმავდნენ განათლების სისტემის ისეთ მანიპულირებას, რომ „არაებრაელები აზროვნების არმქონე პირუტყვებად ექციათ“ და, თითქოს, დედაქალაქების ერთმანეთთან დასაკავშირებლად მიწისქვეშა რკინიგზის გაყვანასაც კი აპირებდნენ, რათა მათი მეშვეობით ებრაელ უხუცესებს „ნებისმიერი მოწინააღმდეგის ძლევა და მოსპობა“ შეძლებოდათ.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სიცრუე იყო — ანტისემიტიზმის გაღვივების მიზნით მოგონილი. „ეს აბსურდული მონაგონი — ამბობს ბრიტანეთის მუზეუმის თანამშრომელი მარკ ჯოუნზი, — სხვა ქვეყნებში რუსეთიდან გავრცელდა“, ხოლო პირველად ამ ქვეყანაში ეს ტრაქტატი 1903 წელს დაიბეჭდა საგაზეთო სტატიაში. შემდეგ, 1920 წლის 8 მაისს ის ლონდონის „ტაიმზში“ გამოჩნდა. ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ „ტაიმზმა“ ამ დოკუმენტის სიყალბეს მოჰფინა ნათელი, მაგრამ ამასობაში მან უკვე მოიტანა ზიანი. ‘ასეთი ტყუილების გაქარწყლება ძნელია’ — ამბობს ჯოუნზი. მას შემდეგ, რაც ხალხი სარწმუნოდ თვლის მათ, ისინი ღვარძლით გაჟღენთილ, ზიანის მომტან და საშიშ მრწამს უყალიბებენ ადამიანებს, რასაც ხშირად დამღუპველი შედეგები მოაქვს, როგორც ეს XX საუკუნის ისტორიამაც დაგვანახვა (იგავნი 6:16—19).

მრწამსი ჭეშმარიტების წინააღმდეგ

რა თქმა უნდა, მცდარი მრწამსი შეიძლება განზრახ მოგონილი ტყუილის ზეგავლენის გარეშეც ჩამოუყალიბდეს ვინმეს. ზოგჯერ ჩვენ, უბრალოდ, არასწორად ვიგებთ რაიმეს. რამდენი ადამიანი დაღუპულა უდროოდ ისეთი რამის კეთების გამო, რაც მათი მრწამსის თანახმად მართებული იყო! გარდა ამისა, ხშირად იმიტომ გვწამს რაღაც, რომ, უბრალოდ, ასე გვსურს. როგორც ერთი პროფესორი ამბობს, თვით მეცნიერებსაც კი „ხშირად თავდავიწყებით უყვარდებათ საკუთარი თეორიები და დასკვნები“. მათი მრწამსი ხელს უშლის მათ, ობიექტურად შეაფასონ მოვლენები. შემდეგ კი შეიძლება მთელი ცხოვრება ამაოდ გაატარონ იმის მცდელობაში, რომ როგორმე თავიანთი მცდარი მრწამსის მართებულობა დაადასტურონ (იერემია 17:9).

იგივეს თქმა შეიძლება სხვადასხვა რელიგიურ მრწამსთან დაკავშირებითაც, რომელთა შორის დიდი წინააღმდეგობა არსებობს (1 ტიმოთე 4:1; 2 ტიმოთე 4:3, 4). ერთს ძლიერ სწამს ღმერთი, მეორე კი ამბობს, რომ ღვთისადმი ადამიანთა რწმენა მათივე ფანტაზიის ნაყოფია და უსაფუძვლოა; მესამე ფიქრობს, რომ ადამიანს უკვდავი სული აქვს, რომელიც სიკვდილის შემდეგ არსებობას განაგრძობს, სხვას კი სწამს, რომ როდესაც ვკვდებით, სავსებით ვწყვეტთ არსებობას. ცხადია, შეუძლებელია, ამ ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებებიდან ყველა ჭეშმარიტი იყოს. ამიტომ, განა გონივრული არ იქნებოდა იმის შემოწმება, რომ რაც გწამთ, ნამდვილად ჭეშმარიტია და ეს არ არის უბრალოდ ის, რაც თქვენ გსურთ, რომ გწამდეთ? (იგავნი 1:5). როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება? ეს საკითხი მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.

[სურათი 3 გვერდზე]

1921 წელს დაბეჭდილი სტატია, რომელმაც „სიონის სწავლულ უხუცესთა პროტოკოლების“ სიყალბეს მოჰფინა ნათელი.