არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საშუალება მიეცით ჩვეულებას, თქვენდა სასიკეთოდ იმოქმედოს

საშუალება მიეცით ჩვეულებას, თქვენდა სასიკეთოდ იმოქმედოს

საშუალება მიეცით ჩვეულებას, თქვენდა სასიკეთოდ იმოქმედოს

ერთი მამაკაცი 12 წელი ცხოვრობდა ათენის გარეუბანში. იგი ყოველდღე ერთი და იმავე გზით ბრუნდებოდა სამსახურიდან სახლში. გარკვეული დროის შემდეგ ის ქალაქის მეორე მხარეს, სხვა გარეუბანში, გადავიდა საცხოვრებლად. ერთ დღესაც სამსახურის შემდეგ შინისაკენ გაემართა. როდესაც თავისი ძველი უბანი იცნო, მხოლოდ მაშინღა მიხვდა, რომ მცდარი გზით წამოსულა. ჩვეულებამ თავისი ძველი სახლისკენ წამოიყვანა!

გასაკვირი არ არის, რომ ამბობენ: „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო“ — იგი ხომ მეტად ძლიერ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. ამ მხრივ, ადამიანის ჩვევები ცეცხლს შეგვიძლია შევადაროთ. ცეცხლის ალს წყვდიადის გაფანტვა შეუძლია, მას ძალუძს ჩვენი გათბობა და მისი მეშვეობით საჭმლის გაცხელებაც შეგვიძლია. მაგრამ ცეცხლი შეიძლება დაუნდობელ მტრადაც მოგვევლინოს, რომელიც ადამიანთა სიცოცხლესა და საკუთრებას სპობს. იმავეს თქმა შეგვიძლია ჩვევებზეც. თუ ჯეროვნად გამოვიმუშავებთ, ისინი დიდ სარგებლობას მოგვიტანს, მაგრამ მათ დამღუპველი გავლენაც შეუძლიათ იქონიონ.

დასაწყისში მოხსენიებულ მამაკაცს თავისმა ჩვეულებამ მხოლოდ დრო დააკარგვინა ტრანსპორტის ჭედვაში. მაგრამ, როდესაც საქმე უფრო მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, ჩვეულებებს ჩვენთვის წარმატების ან უბედურების მოტანა შეუძლიათ. მოდი განვიხილოთ ბიბლიაში მოცემული რამდენიმე ცხოვრებისეული მაგალითი, რომლებიც გვიჩვენებენ, თუ როგორ შეუძლიათ ჩვევებს ჩვენთვის ხელის შეწყობა ან შეშლა ღვთისთვის მსახურებასა და მასთან ურთიერთობაში.

კარგი და ცუდი ჩვევების ბიბლიური მაგალითები

ნოე, იობი და დანიელი კურთხეული იყვნენ ღმერთთან ახლო ურთიერთობით. ბიბლია აქებს მათ ‘თავიანთი სიმართლის’ გამო (ეზეკიელი 14:14). ჩვენთვის საგულისხმოა ის ფაქტი, რომ როგორც ამ სამი მამაკაცის მიერ განვლილი ცხოვრების გზა გვანახვებს, მათ კარგი ჩვევები ჰქონიათ გამომუშავებული.

ღმერთმა ნოეს კიდობნის აგება დაავალა; ეს იყო ხომალდი, რომელიც სიგრძით ფეხბურთის მოედანს, ხოლო სიმაღლით ხუთსართულიან შენობას აღემატებოდა. ასეთი გრანდიოზული პროექტის განხორციელება ძველი დროის ნებისმიერ გემთმშენებელს ჩააგდებდა საგონებელში. ნოემ და მისი ოჯახის შვიდმა წევრმა თანამედროვე ტექნიკის გამოუყენებლად ააგო კიდობანი. ამ ყველაფერთან ერთად, ნოე თავის თანამედროვე ადამიანებსაც უქადაგებდა. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის თავისი ოჯახის სულიერ და მატერიალურ საჭიროებებზეც ზრუნავდა (2 პეტრე 2:5). ამ ყველაფრისთვის წარმატებით რომ გაერთმია თავი, ნოეს მუშაობის კარგი ჩვევები უნდა ჰქონოდა. ბიბლიურ ისტორიაში ნოე ‘ღმერთთან მოსიარულე’ ადამიანად შევიდა. „ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა დაარიგა“ (დაბადება 6:9, 22; 7:5). რადგან ბიბლიაში მას „მართალი“ კაცი ეწოდა, ის უთუოდ განაგრძობდა ღმერთთან სიარულს წარღვნისა და თვით იეჰოვას წინააღმდეგ ბაბილონში მომხდარი აჯანყების შემდეგაც. მართლაც, თვით სიკვდილამდე, 950 წლის ასაკში, ნოე ერთგულად დადიოდა ღმერთთან (დაბადება 9:29).

იობს კარგი ჩვევები დაეხმარა „ალალ“ და „წრფელ“ კაცად ჩამოყალიბებაში (იობი 1:1, 8; 2:3). იგი წესისამებრ, ანუ ჩვეულებისამებრ, ოჯახში მღვდლის მოვალეობას ასრულებდა და ყოველი ლხინის შემდეგ მსხვერპლს სწირავდა თავისი შვილებისთვის, რადგან „ვაითუ რამე შესცოდესო. . . და დაჰგმესო ღმერთი თავიანთ გულში. მუდამ ასე იქცეოდა იობი“ (იობი 1:5). ჩვეულებებს, რომლებიც იეჰოვასადმი თაყვანისცემას უჭერდა მხარს, უთუოდ დიდი ყურადღება ეთმობოდა იობის ოჯახში.

დანიელი „ერთგულად“ ემსახურებოდა იეჰოვას მთელი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში (დანიელი 6:17, 21). რა სასარგებლო სულიერი ჩვევები ჰქონდა დანიელს? დავიწყოთ იქიდან, რომ ის რეგულარულად მიმართავდა იეჰოვას ლოცვით. მეფის ბრძანების მიუხედავად, რომელიც ამ ჩვეულებას კრძალავდა, „[დანიელი] დღეში სამჯერ იდრეკდა მუხლს, ევედრებოდა თავის ღმერთს და ჰმადლობდა, როგორც ამის წინ იქცეოდა“ (დანიელი 6:11). მას არ შეეძლო ღვთისადმი ლოცვის ჩვევაზე უარის თქმა, თუნდაც ამას მისი სიცოცხლე ჩაეგდო საფრთხეში. უეჭველია, ამ ჩვევამ განამტკიცა დანიელი და შეაძლებინა, ღვთისადმი განსაკუთრებული უმწიკვლობით გამორჩეული ცხოვრების გზა განევლო. როგორც ჩანს, დანიელს ღვთის ამაღელვებელი აღთქმების შესწავლისა და მათი ღრმა გაანალიზების კარგი ჩვევაც ჰქონდა (იერემია 25:11, 12; დანიელი 9:2). უეჭველად ეს კარგი ჩვევები დაეხმარა მას ბოლომდე მოთმენასა და სიცოცხლისთვის რბოლის ბოლომდე ერთგულად გასრულებაში.

ამის სრულიად საპირისპიროდ, თავისმა ცუდმა ჩვევამ დინა ტრაგედიამდე მიიყვანა. ის «გავიდა [„გადიოდა ხოლმე“, აქ]. . . იქაური ქალიშვილების სანახავად», რომლებიც იეჰოვას არ სცემდნენ თაყვანს (დაბადება 34:1). ეს ერთი შეხედვით უწყინარი ჩვეულება უბედურების მიზეზი გახდა. ჯერ იყო და, იგი ‘მამისეულ სახლში ყველაზე პატივდებულად’ მიჩნეულმა ყმაწვილმა კაცმა შექემმა გააუპატიურა, შემდეგ კი შურისძიებით შეპყრობილმა მისმა ორმა ძმამ ქალაქში მცხოვრები ყველა მამრი ამოხოცა. რაოდენ შემაძრწუნებელი შედეგებით დასრულდა ეს ყველაფერი! (დაბადება 34:19, 25—29).

როგორ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ჩვევები სარგებლობას მოგვიტანს და არ იმოქმედებს ჩვენდა საზიანოდ?

გამოიყენეთ ჩვევები თქვენდა სასიკეთოდ

„ჩვენი ჩვევები ჩვენივე ბედისწერაა“ — დაწერა ერთმა ფილოსოფოსმა. მაგრამ ჩვევები არ არის წინასწარ განსაზღვრული. ბიბლია საკმაოდ ნათლად გვანახვებს, რომ თითოეულ ადამიანს არჩევნის თავისუფლება აქვს — შეუძლია ცუდი ჩვევების მოშლა და კარგი ჩვევების გამომუშავება.

თუ ადამიანს კარგი ჩვევები აქვს, ის უფრო წარმატებული იქნება ცხოვრების ქრისტიანულ გზაზე და უფრო გაუადვილდება კიდეც ამ გზაზე დარჩენა. ალექსი, ქრისტიანი მამაკაცი საბერძნეთიდან, ამბობს: „ჩვევა იმისა, რომ სხვადასხვა საქმის შესასრულებლად შედგენილი განრიგი ზედმიწევნით დავიცვა, ძვირფას დროს მიზოგავს“. ქრისტიანი უხუცესი თეოფილე ფიქრობს, რომ ის სწორედ დაგეგმვის ჩვევის წყალობით ასრულებს საქმეს ნაყოფიერად. იგი ამბობს: „ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემ ქრისტიანულ მოვალეობებს წარმატებით ვერ გავართმევდი თავს, რომ არა კარგად დაგეგმვის ჩვევა“.

ჩვენ, ქრისტიანებს, ბიბლია მოგვიწოდებს, რომ „რასაც მივაღწიეთ, ისევე უნდა ვფიქრობდეთ და იმავე წესს ვადგეთ“ (ფილიპელთა 3:16, [სსგ]). წესში „გარკვეული ქცევის ნორმა, რიგი, ჩვეულება“ იგულისხმება. ასეთ კარგ ჩვევებს სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის, იმიტომ რომ აღარ გვჭირდება თითოეული ნაბიჯის აწონ-დაწონაზე დროის დახარჯვა — უკვე შესისხლხორცებული გვაქვს ქცევის სამაგალითო ნორმა, რომლითაც ჩვეულების გამო ვმოქმედებთ. ხასიათში გამჯდარი ჩვევები თითქმის ავტომატურად აღგვძრავს მოქმედებისკენ. ისე როგორც ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვის ჩვევები ეხმარება მძღოლს, გზაზე შექმნილი ავარიული სიტუაციების დროს მეყსეულად იმოქმედოს, რაზეც ადამიანების სიცოცხლეა დამოკიდებული, ასევე ქრისტიანული ცხოვრების გზაზე სიარულისას კარგ ჩვევებსაც შეუძლიათ ჩვენთვის დახმარების გაწევა სათანადო გადაწყვეტილებების დროულად მიღებაში.

ინგლისელმა მწერალმა ჯერემი ტეილორმა თქვა: „ჩვევები ქცევის ნაყოფია“. თუ კარგი ჩვევები გვაქვს, ჩვენთვის არც თუ ისე რთული იქნება კარგი საქმეების კეთება. მაგალითად, როგორც ქრისტიან მსახურებს, თუ, რეგულარულად ქადაგება ჩვევად გვაქვს ქცეული, ჩვენთვის უფრო ადვილი და უფრო სასიამოვნო იქნება სამქადაგებლო მსახურებაში წასვლა. მოციქულების შესახებ ვკითხულობთ, რომ ისინი „ყოველდღე დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ ტაძარში და სახლებში ქრისტე იესოს“ (საქმეები 5:42; 17:2). სხვა მხრივ კი, თუ მსახურებაში ათასში ერთხელ ვმონაწილეობთ, შესაძლოა ნერვიულობა დაგვჩემდეს და უფრო მეტი დრო დაგვჭირდეს ჩვეულ ფორმაში ჩასადგომად, ვიდრე ამ მნიშვნელოვან ქრისტიანულ საქმიანობისთვის თვითრწმენა დაგვიბრუნდება.

იგივე შეიძლება ითქვას ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების წესის სხვა მხარეებთან დაკავშირებითაც. კარგ ჩვევებს შეუძლია იმაში დაგვეხმაროს, რომ რეგულარულად ‘ვკითხულობდეთ ღვთის სიტყვას დღითა და ღამით’ (იესო ნავეს ძე 1:8; ფსალმუნი 1:2). ერთ ქრისტიანს ძილის წინ 20—30 წუთით ბიბლიის კითხვა აქვს ჩვევად. მან შენიშნა, ძალიან დაღლილიც რომ იყოს, ვერ სძინავს კარგად, დაწოლის წინ ბიბლიას თუ არ წაიკითხავს; მაინც უწევს ადგომა და ამ სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ეს კარგი ჩვევა სხვა რამეშიც დაეხმარა მას — იგი უკვე რამდენიმე წელიწადია, რაც მთლიან ბიბლიას კითხულობს ერთი წლის განმავლობაში.

იესო ქრისტეს, რომლის მაგალითსაც ჩვენ ვბაძავთ, ჩვევად ჰქონდა ისეთ შეხვედრებზე დასწრება, სადაც ბიბლიას განიხილავდნენ. „შაბათ დღეს, თავისი ჩვეულებისამებრ, შევიდა სინაგოგაში და დადგა წასაკითხავად“ (ლუკა 4:16). უხუცეს ჯოუს, რომელსაც დიდი ოჯახი აქვს და საკმაოდ დატვირთული განრიგით მუშაობს, ჩვევის წყალობით მოთხოვნილებად ექცა შეხვედრებზე რეგულარულად დასწრება. ის ამბობს: „ეს ჩვევა მეხმარება, ნაბიჯს არ მოვუკლო, და სირთულეებთან და პრობლემებთან წარმატებით გასამკლავებლად უაღრესად საჭირო სულიერ ძალას მაძლევს“ (ებრაელთა 10:24, 25).

ასეთი ჩვევები აუცილებელია სიცოცხლისთვის ქრისტიანულ რბოლაში. ცნობაში, რომელიც მიღებულ იქნა იმ ქვეყნიდან, სადაც იეჰოვას ხალხი იდევნებოდა, ნათქვამი იყო: «მათ, ვისაც კარგი სულიერი ჩვევები აქვთ და მთელი გულით აფასებენ ჭეშმარიტებას, არ უჭირთ განსაცდელების დროს სიმტკიცის შენარჩუნება; მაგრამ ისინი, ვინც „ხელსაყრელ დროს“ (აქ) აცდენენ შეხვედრებს, არარეგულარულად მონაწილეობენ სამქადაგებლო მსახურებაში და ზოგიერთ წვრილმანთან დაკავშირებით კომპრომისზე მიდიან, ხშირად ეცემიან ‘ცეცხლოვანი’ განსაცდელის დროს» (2 ტიმოთე 4:2).

გაექეცით ცუდ ჩვევებს, გზა მიეცით კარგს

ამბობენ, რომ ‘ადამიანმა მხოლოდ ის ჩვევები უნდა გამოიმუშაოს, რომელთაც მზად არის დაემონოს კიდეც’. ცუდი ჩვევების ბატონობაში მოქცევა მართლაც რომ მძიმედ სატარებელი ტვირთია, მაგრამ მათგან გათავისუფლება შესაძლებელია.

სტელა გარკვეული ხნის განმავლობაში თავგადაკლული ტელემაყურებელი იყო. ის აღიარებს: «ყოველი ცუდი ჩვევის უკან, რომელსაც მე დავმონებივარ, ჩვეულებრივ რაიმე „უწყინარი“ მიზეზი მდგარა». იგივე მიზეზი იყო „დამნაშავე“ იმაში, რომ მას ტელევიზორის მეტისმეტად დიდხანს ყურება ჰქონდა ჩვევად. ის თავის თავს არწმუნებდა, რომ მხოლოდ „ცოტა მოსვენების“ ან „განტვირთვის“ მიზნით ჩართავდა ტელევიზორს. მაგრამ მისი ჩვევა კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა და აიძულებდა, ცისფერი ეკრანის წინ საათები მჯდარიყო. „ამ ცუდმა ჩვევამ, სხვა თუ არაფერი, ჩემი სულიერი წინსვლა შეაყოვნა“, — ამბობს იგი. მან ნებისყოფა გამოიმუშავა და ბოლოს მიაღწია იმას, რომ უფრო ნაკლებ დროს უთმობდა ტელევიზორს და პროგრამებსაც მეტი სიფრთხილით არჩევდა. „ვცდილობ, ყოველთვის მახსოვდეს, რატომ მინდოდა ამ ჩვევის მოშლა — ამბობს სტელა — და იეჰოვაზე ვარ მინდობილი, რათა ბოლომდე ჩემ მიერ მიღებული მტკიცე გადაწყვეტილების თანახმად ვიმოქმედო“.

ერთი ქრისტიანი, სახელად ქარალამბოსი, იმ ცუდ ჩვევაზე მიგვითითებს, რომელიც მას სულიერ წინსვლაში უშლიდა ხელს; ეს არის მედღეხვალიეობა. «როდესაც მივხვდი, რომ საქმეების ხვალისთვის გადადების ჩვევა საზიანო იყო, ჩემი ცხოვრების შეცვლას შევეცადე. მიზნების დასახვისას, იმასაც ვგეგმავდი, კონკრეტულად თუ როდის და როგორ დავიწყებდი მათზე მუშაობას. რეგულარობა ჩემი გადაწყვეტილებებისა და დასახული მიზნების განხორციელებაში მედღეხვალიეობის საწინააღმდეგო „წამალი“ აღმოჩნდა და ეს დღემდე კარგ ჩვევად მომყვება». მართლაც, კარგი ჩვევები ცუდი ჩვევების საუკეთესო შემცვლელია.

ჩვენ მიერ კარგი ან ცუდი ჩვევების გამომუშავებაზე ჩვენი ნაცნობების წრესაც შეუძლია გავლენის მოხდენა. კარგი ჩვევები ისევე „გადამდებია“, როგორც ცუდი. თუკი „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს“, კარგ საზოგადოებებს, პირიქით, ჯანსაღი ჩვევების მისაბაძი მაგალითების მოცემა შეუძლიათ (1 კორინთელთა 15:33). რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვევებს ღმერთთან ჩვენი ურთიერთობის განმტკიცება ან შესუსტება შეუძლია. სტელა ამბობს: „თუ კარგი ჩვევები გვაქვს, ეს უფრო გვიადვილებს ბრძოლას — ვემსახუროთ იეჰოვას. მაგრამ თუ ისინი საზიანოა, დაბრკოლებებად გვეღობებიან მოღვაწეობის ასპარეზზე“.

გამოიმუშავეთ კარგი ჩვევები და საშუალება მიეცით მათ, გიხელმძღვანელონ. ისინი ძლიერი და კეთილმოქმედი ძალა იქნება თქვენს ცხოვრებაში.

[სურათი 19 გვერდზე]

ცეცხლის მსგავსად, ჩვევები შეიძლება სასარგებლო ან დამღუპველი იყოს.

[სურათი 21 გვერდზე]

იესოს ჩვევად ჰქონდა ღვთის სიტყვის წასაკითხად შაბათობით სინაგოგაში სიარული.

[სურათები 22 გვერდზე]

კარგი სულიერი ჩვევები ღმერთთან ჩვენს ურთიერთობას ამტკიცებს.