არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რამდენ ხანს იტანჯებოდა იობი?

ზოგის აზრით, იობის ტანჯვა წლობით გრძელდებოდა, მაგრამ წიგნი „იობი“ არ მიუთითებს ასეთ ხანგრძლივ ტანჯვაზე.

იობის გამოცდის პირველმა ეტაპმა — ოჯახის წევრებისა და საქონლის დაკარგვამ — როგორც ჩანს, ძალიან მცირე ხანს გასტანა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ერთ დღეს. . . მისი [იობის] ვაჟები და ასულები ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ უფროსი ძმის სახლში“. იობი ზედიზედ იღებდა ცნობებს, რომ დაკარგა ხარები, სახედრები, ცხვარი, აქლემები და მათი მწყემსებიც კი. როგორც ჩანს, სწორედ ამის შემდეგ გაიგო იობმა თავისი ვაჟებისა და ასულების სიკვდილის ამბავი, რომლებიც „ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ უფროსი ძმის სახლში“. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ერთ დღეს მოხდა (იობი 1:13—19).

იობის გამოცდის მეორე ეტაპი უფრო დიდხანს უნდა გაგრძელებულიყო. სატანამ იეჰოვას განუცხადა, რომ იობი არ დარჩებოდა ერთგული, თუ პირადად მის სხეულს შეეხებოდნენ. შემდეგ იობს შეეყარა „საშინელი ქეცი ფეხის ტერფიდან თხემამდე“. ეს სნეულება მთელ მის სხეულზე რომ გავრცელებულიყო, დრო იყო საჭირო. და იმასაც დრო დასჭირდა, რომ მის ‘ყველა ამ უბედურების ამბავს’ მიეღწია, ეგრეთ წოდებულ მეგობრებამდე, რომლებიც მისკენ გაეშურნენ (იობი 2:3—11).

ელიფაზი ედომში მდებარე თემანიდან იყო და ცოფარი კი ჩრდილო-დასავლეთ არაბეთიდან. ასე რომ, ისინი შორს არ ცხოვრობდნენ ყუციდან, სადაც იობი ცხოვრობდა და, რომელიც, შესაძლოა, არაბეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობდა. ბილდადი კი შუხელი იყო და, როგორც ვარაუდობენ, ეს ხალხი ევფრატის სანაპიროზე სახლობდა. თუ ბილდადი სახლში იყო, იობის ამბის გასაგებად და ყუცში ჩამოსასვლელად, ალბათ, კვირები ან თვეები დასჭირდებოდა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ სამივე იობის მეზობლად სადმე ყოფილიყო, როდესაც მისი ტანჯვა დაიწყო. როგორც უნდა ყოფილიყო, როდესაც ეს სამი მეგობარი იობთან მივიდა, „ისხდნენ მის წინ მიწაზე შვიდი დღე და შვიდი ღამე“ და ხმა არ ამოუღიათ (იობი 2:12, 13).

შემდეგ დაიწყო იობის გამოცდის საბოლოო ეტაპი, რომელიც „იობის“ რამდენიმე თავში დეტალურად არის აღწერილი. სერიოზული საუბარი გაიმართა მის ეგრეთწოდებულ მეგობრებს შორის, იობიც ხშირად ებმებოდა საუბარში. ამის შემდეგ ახალგაზრდა ელიჰუმ უსაყვედურა მათ და ზეციდან იეჰოვამ აზროვნება გამოუსწორა იობს (იობი 32:1—6; 38:1; 40:1—6; 42:1).

აქედან გამომდინარე, იობის ტანჯვა შეიძლება სულ რამდენიმე თვე გრძელდებოდა, დასაშვებია, წელიწადზე ნაკლებიც კი. ალბათ, გქონიათ ისეთი შეგრძნება, რომ თქვენს მძიმე გამოცდებს ბოლო არ უჩანს. მაგრამ არ უნდა დაივიწყოთ, რომ ისინიც დასრულდება, როგორც იობის გამოცდები დასრულდა. რამდენ ხანსაც უნდა გასტანოს ამ გამოცდებმა, არასდროს დაივიწყოთ, რომ იეჰოვა გვიდგას მხარში, როგორც ღვთივსულიერ სიტყვაშია ნათქვამი, „ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა დიდ და მომეტებულ საუკუნო დიდებას ქმნის ჩვენთვის“ (2 კორინთელთა 4:17). მოციქულმა პეტრემ დაწერა: „ღმერთი ყოველგვარი მადლისა, რომელმაც მოგვიწოდა თავისი სამუდამო დიდებისაკენ ქრისტეში, თქვენი მცირეოდენი ტანჯვის შემდეგ სრულგყოფთ, გაგაძლიერებთ, განგამტკიცებთ და დაგაფუძნებთ“ (1პეტრე 5:10).