არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სინათლის ქალაქში მნათობთა ნათება

სინათლის ქალაქში მნათობთა ნათება

სინათლის ქალაქში მნათობთა ნათება

„Fluctuat nec mergitur“, რაც ნიშნავს „ტალღები აწყდება, მაგრამ არ იძირება“, — ასეთი ლოზუნგი აქვს ქალაქ პარიზს.

უკანასკნელი 2 000 წლის განმავლობაში პარიზი შტორმში მოხვედრილი გემივით მტრის მრავალრიცხოვანი შემოსევებისა თუ ქვეყანაში მომხდარი ამბოხებებისას გადარჩენისთვის იბრძოდა. ამჟამად მსოფლიოს ეს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი, პარიზი, მრავალს ხიბლავს თავისი დიდებული არქიტექტურით, მწვანე ბულვარებითა და მსოფლიოში სახელგანთქმული მუზეუმებით. ზოგისთვის პარიზი პოეტების, მხატვრებისა და ფილოსოფოსების ქალაქია. ზოგი შესანიშნავი საკვებითა და მოდელების სახლებით არის აღფრთოვანებული.

როგორც ისტორიიდან ვიგებთ, პარიზი კათოლიციზმის ბურჯი იყო. ორასი წლის წინათ პარიზს ევროპაში ფილოსოფიური მიმდინარეობის, განმანათლებლობის, განვითარებაში გადამწყვეტი როლის შესრულებისთვის სინათლის ქალაქი უწოდეს. დღეისათვის შეგნებულად თუ შეუგნებლად, პარიზელთა უმეტესობაზე უფრო დიდ გავლენას ახდენს იმ პერიოდის ფილოსოფია, ვიდრე რელიგია.

მაგრამ ადამიანის სიბრძნემ ვერ გაანათა ადამიანების ცხოვრება ისე, როგორც ამას მოელოდნენ. დღეს ბევრი ეძიებს განათლებას სხვადასხვა წყაროში. დაახლოებით 90 წელია, რაც იეჰოვას მოწმეები ‘ანათებენ როგორც მნათობნი’ პარიზში (ფილიპელთა 2:15). გამოცდილი მეზღვაურებივით ისინი გამუდმებით ეგუებოდნენ მოვლენათა ცვალებად დინებას, რათა გემზე აეყვანათ „ყოველი ერიდან სასურველები“ (ანგია 2:7, აქ).

რთული ქალაქი

1850 წელს პარიზში 600 000 ადამიანი ცხოვრობდა. დღეისათვის კი მისმა მოსახლეობამ, გარეუბნების ჩათვლით, ცხრა მილიონს გადააჭარბა. ასეთი ზრდის შედეგად პარიზი საფრანგეთის ყველაზე მრავალფეროვანი ქალაქი გახდა. მთელ მსოფლიოში პარიზი უმაღლესი განათლების მნიშვნელოვანი ცენტრია; აქ არის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტი და 250 000 სტუდენტი ცხოვრობს. პარიზის ზოგიერთი გარეუბნის მრავალსართულიანი სახლების კვარტალებისთვის დამნაშავეობა და უმუშევრობაა დამახასიათებელი, რაც პარიზის სიბნელით მოცული მხარეა. უეჭველია, იეჰოვას მოწმეებს სიმარჯვე და შეგუების უნარი სჭირდებათ, რომ ყველას მიმზიდველად წარუდგინონ კეთილი ცნობა (1 ტიმოთე 4:10).

ყოველწლიურად პარიზს 20 მილიონი ტურისტი ინახულებს. ისინი შეძლება აღფრთოვანებული ადიან ეიფელის კოშკზე, სეირნობენ მდინარე სენის სანაპიროზე ან ჩერდებიან გზისპირა

კაფეებსა და „ბისტროებში“ და აკვირდებიან გარემოს. თუმცა პარიზელთა ყოველდღიური ცხოვრება შეიძლება საკმაოდ დაძაბული იყოს. „ხალხი ყოველთვის სადღაც მიიჩქარის, — ჰყვება კრისტიანი, სრული დროით მსახური. — სამუშაოდან უკან დაბრუნებისას კი ქანცგაწყვეტილები არიან“. ასეთი გადატვირთული გრაფიკის მქონე ხალხთან ლაპარაკი არცთუ ისე ადვილია.

მაგრამ იეჰოვას პარიზელი მოწმეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა სახლში მყოფ ხალხთან დაკავშირებაა. ზოგიერთი შენობა სელექტორული სისტემებით არის აღჭურვილი. მაგრამ, რადგან დამნაშავეობა მატულობს, შენობების შესასვლელებში ხშირად აყენებენ კოდურ სისტემას, რაც შიგნით შეღწევას შეუძლებელს ხდის. ეს ცხადყოფს იმ მიზეზს, თუ რატომ მოდის ზოგიერთ მხარეში ერთ მოწმეზე 1 400 ადამიანი. აქ უფრო ხშირად მიმართავენ ტელეფონით და არაფორმალურ ქადაგებას. აქვთ იეჰოვას მოწმეებს იმის საშუალება, რომ მათმა ‘ნათელმა ანათოს’ სხვა მხრივაც? (მათე 5:16).

არაფორმალური ქადაგებისთვის შესაძლებლობები და ადგილები უხვად არის. მარტინმა შენიშნა, რომ ერთი მანდილოსანი ავტობუსის გაჩერებაზე დამწუხრებული იდგა. ქალს ახლახან ერთადერთი ქალიშვილი დაღუპოდა. მარტინმა მისცა ბროშურა, რომელიც მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით ბიბლიაზე დაფუძნებულ ნუგეშს შეიცავდა. მას შემდეგ რამდენიმე თვე მარტინი ამ მანდილოსანს აღარ შეხვედრია. როდესაც კვლავ შეხვდა, ამ ქალბატონმა მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ქმარი წინააღმდეგი იყო, მოწმე გახდა.

ნაყოფიერი არაფორმალური დამოწმება

პარიზის საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სისტემაა. მისი ცნობილი მეტროპოლიტენით ყოველდღიურად 5 000 000 მგზავრი სარგებლობს. ­ამბობენ, რომ პარიზის მიწისქვეშა სადგური „შათლე-ლე-ოლ“ მსოფლიოში ყველაზე დიდი და ხალხმრავალი სადგურია. აქ ხალხთან შეხვედრის შესაძლებლობები უამრავია. ალექსანდრა ყოველდღე მეტროთი სარგებლობს, როდესაც სამსახურში მიდის. ერთ დღეს ის გამოესაუბრა ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ლევკემიით იყო დაავადებული. ალექსანდრამ მისცა ტრაქტატი, რომელშიც სამოთხესთან დაკავშირებულ იმედზე იყო საუბარი. თვენახევრის განმავლობაში ისინი ყოველდღე ხვდებოდნენ ერთმანეთს ერთსა და იმავე დროსა და ადგილზე და ბიბლიას განიხილავდნენ. ერთ დღეს ამ მამაკაცმა ალექსანდრასთან შეხვედრა შეწყვიტა. მალევე ამ მამაკაცის მეუღლემ დაურეკა ალექსანდრას და სთხოვა, საავადმყოფოში მისულიყო, რადგან მისი ქმარი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სამწუხაროდ, ალექსანდრამ ვერ მიუსწრო. ქმრის სიკვდილის შემდეგ ცოლი ქალაქ ბორდოში, საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, გადავიდა, სადაც ადგილობრივი მოწმეები აკითხავდნენ. როგორ გაიხარა ალექსანდრამ, როდესაც ერთი წლის შემდეგ გაიგო, რომ ეს ქვრივი იეჰოვას ქრისტიანი მონათლული მოწმე გახდა და იმედი გაუჩნდა, რომ თავის აღმდგარ ქმარს შეხვდება! (იოანე 5:28, 29).

ერთი ხანდაზმული ქრისტიანი მანდილოსანი მატარებელში გაესაუბრა რენატას, როდესაც პარიზიდან ლიმოჟში, საფრანგეთის ცენტრში, მიემგზავრებოდა. თავის სამშობლოში, პოლონეთში, რენატა თეოლოგიას, ებრაულსა და ბერძნულს სწავლობდა ხუთი წელი, მაგრამ რწმენა დაკარგული ჰქონდა. სამი თვის წინათ მან ღვთის მიმართ ილოცა. თუმცა სინამდვილეში არ აინტერესებდა ის, რაზეც ეს ხანდაზმული მანდილოსანი ესაუბრებოდა და არც უფიქრია, რომ ის კვლავ დაუკავშირდებოდა, რენატამ ამ მანდილოსანს თავისი ტელეფონის ნომერი მისცა. მაგრამ ამ დამ საქმე არ გადადო და იზრუნა, რომ რენატა მალევე მოენახულებინათ. როდესაც რენატასთან ერთი ცოლ-ქმარი მივიდა, მან გაიფიქრა: „საინტერესოა, რა უნდა მასწავლონ ამათ?“. მიუხედავად იმისა, რომ თეოლოგიური განათლება ჰქონდა, რენატა თავმდაბლად გაეცნო ბიბლიურ ჭეშმარიტებას. „მივხვდი, რომ ეს ნამდვილად ჭეშმარიტება იყო“, — ამბობს ის. ახლა ის სიხარულით უზიარებს სხვებს ბიბლიურ ცნობას.

მიშელი ავტოსკოლაში სწავლობდა. ერთხელ მისმა ჯგუფელებმა თეორიის გაკვეთილზე ქორწინებამდელ სექსზე დაიწყეს საუბარი. მიშელმა თქვა, რომ ძრახავდა ასეთ მოქმედებას. ერთი კვირის შემდეგ მათმა ინსტრუქტორმა, სილვიამ, ჰკითხა მას: „იეჰოვას მოწმე ხარ?“. სილვიაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბიბლიაზე დაფუძნებულმა მიშელის თვალსაზრისმა. მასთან ბიბლიის შესწავლა იქნა დაწყებული და ერთი წლის შემდეგ სილვია მოინათლა.

პარიზის უამრავ ბაღში შესანიშნავი გარემოა შექმნილი ხალხთან სასაუბროდ. ჟოზეტი დასასვენებლად პარკში შევიდა, სადაც ხანდაზმული მანდილოსანი, ელინი, სეირნობდა. ჟოზეტმა მას ის შესანიშნავი დანაპირები გააცნო, რომელზეც ბიბლიაშია საუბარი. მასთან ბიბლიის შესწავლა იქნა დაწყებული და მალე ელინი მოინათლა. ახლა ის 74 წლის ასაკში აქტიური პიონერია და ხარობს, რომ სხვებს უზიარებს ქრისტიანულ ჭეშმარიტებას.

სინათლე ყველა ხალხისთვის

პარიზელ მოწმეებს შორეულ ქვეყნებში გამგზავრება არ უწევთ იმისათვის, რომ კულტურის მრავალფეროვნებით დატკბნენ. მოსახლეობის თითქმის 20% უცხოელია. აქ ქრისტიანული კრებებისა და ჯგუფების შეხვედრები დაახლოებით 25 ენაზე ტარდება.

ამ სამქადაგებლო დანიშნულების შესრულებისას ალღოსა და წარმოსახვის უნარს ხშირად კარგი შედეგები მოაქვს. ერთმა ფილიპინელმა მოწმემ თავისი განსაკუთრებული სამქადაგებლო ტერიტორია იშოვა. საყიდლებზე სიარულისას მან შეძლო ბიბლიის რამდენიმე შესწავლის დაწყება მაღაზიებში სხვა ფილიპინელებთან გამოლაპარაკებით.

სამქადაგებლო საქმიანობაში ინიციატივის გამოვლენა ღირს. 1996 წლის დეკემბერში, როდესაც უცხოენოვანი კრების მოწმეებმა გაიგეს, რომ ქალაქში მსოფლიოში სახელგანთქმული ცირკი ჩადიოდა, გადაწყვიტეს, ცირკის მსახიობებს დაკავშირებოდნენ. ერთ საღამოს შოუს შემდეგ მათ მოახერხეს მსახიობებთან გამოლაპარაკება გზაში, როდესაც ისინი სასტუმროში ბრუნდებოდნენ. ამ ინიციატივის შედეგად მათ გაავრცელეს 28 ბიბლია, 59 ქრისტიანული წიგნი, 131 ბროშურა და 290 ჟურნალი. სამკვირიანი გასტროლების დასასრულს ერთ-ერთმა აკრობატმა იკითხა: „როგორ შემიძლია იეჰოვას მოწმე გავხდე?“. მეორემ კი თქვა: „ჩემს ქვეყანაში ვიქადაგებ!“.

დამალული განძის ძებნა

საითაც კი გაიხედავენ, პარიზის სტუმრები ყველგან წარსულის შესანიშნავ ხუროთმოძღვრულ განძს ხედავენ. მაგრამ ყველაზე ძვირფასი რამ ჯერ კიდევ მოელის, რომ იპოვიან. ანიზა ბიძასთან ერთად ჩავიდა საფრანგეთში. ის ბიბლიას სახლში რეგულარულად კითხულობდა. ერთ დღეს, როდესაც სახლიდან აჩქარებული გამოდიოდა, ერთმა პიონერმა მისცა ტრაქტატი „რატომ შეგიძლია ენდო ბიბლიას“. მომდევნო კვირას განმეორებით მოინახულეს და მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. ოჯახმა ანიზას დიდი წინააღმდეგობა გაუწია. მიუხედავად ამისა, მან სწავლა განაგრძო და მოინათლა. როგორ უყურებს ის სხვებისთვის ჭეშმარიტების გაზიარების უპირატესობას? „პირველად სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობის მიღება მიძნელდებოდა, რადგან ბუნებით მორცხვი ვარ. მიუხედავად ამისა, ბიბლიის კითხვა სტიმულს მაძლევს. ახლა ვერ ვისვენებ, თუ არაფერს ვაკეთებ“. ასეთივე დამოკიდებულება აქვს ბევრ პარიზელ მოწმეს, რომლებიც ‘უხვობენ უფლის საქმეში“ (1 კორინთელთა 15:58).

ბიბლიური ჭეშმარიტება პარიზის გარეუბნებშიც ანათებს და სხვა „ძვირფას ქვებს“ წარმოაჩენს. ბრუსი თავის მეგობართან, რომელიც ეს-ეს იყო იეჰოვას მოწმე გახდა, მივიდა, რომ მისგან მუსიკალური ჩანაწერები ეთხოვა. ამ დროს ის ბრუსის ნაცნობებთან ბიბლიის შესახებ საუბრობდა და ბრუსმა საუბარი მოისმინა. ის ბიბლიის შესწავლაზე დათანხმდა, მაგრამ პრობლემები ჰქონდა. „ამ მხარეში ძალიან კარგად ვიყავი ცნობილი. ჩემი უფროსი ძმა ყოველთვის ჩხუბობდა, მე კი ხმაურიან წვეულებებს ვმართავდი. რას იფიქრებენ სხვები, მე რომ იეჰოვას მოწმე გავხდე?“. მიუხედავად იმისა, რომ ბრუსს დაჟინებით სთხოვდნენ წვეულებების მოწყობას, მან ეს საქმიანობა შეწყვიტა. ერთი თვის შემდეგ ქადაგება დაიწყო: „ჩვენს მხარეში ყველას აინტერესებდა იმის გაგება, თუ რატომ გავხდი მოწმე“. მალე ის მოინათლა. მოგვიანებით კი წილად ხვდა უპირატესობა, დასწრებოდა „სამსახურებრივი დახელოვნების სკოლას“.

განძის ძებნას შეიძლება დიდი ძალისხმევა სჭირდებოდეს. თუმცა რა სასიხარულოა, როდესაც ძალისხმევას შედეგები მოსდევს! ჟაკი, ბრუნო და დამიენი პარიზში პურის მცხობელები იყვნენ. „შეუძლებელი იყო ჩვენთან შეხვედრა, რადგან გამუდმებით ვმუშაობდით და სახლში არასდროს ვიყავით“, — ჰყვება ჟაკი. პატრიკმა, ერთ-ერთმა პიონერმა, შენიშნა, რომ შენობის სხვენში ოთახები იყო, და იფიქრა, რომ ერთ-ერთ მათგანში მაინც ვიღაცას უნდა ეცხოვრა. მისმა დიდმა ძალისხმევამ — დაკავშირებოდა მობინადრეებს — კარგი შედეგი გამოიღო, როდესაც ერთ ნაშუადღევს, ბოლოს და ბოლოს, ჟაკს შეხვდა, რომელიც სახლში შეყოვნებულიყო. რა მოჰყვა შედეგად მათ შეხვედრას? ეს სამი მეგობარი იეჰოვას მოწმე გახდა და შესაძლებლობა ჰქონდათ ეშოვათ სხვა სამუშაო, რომელიც თეოკრატიულ მსახურებაში სრული მონაწილეობის მიღების საშუალებას აძლევდა.

ქარიშხლის დაცხრომა

ბოლო დროს საფრანგეთის მასმედიამ იეჰოვას მოწმეები რამდენჯერმე მოიხსენია საშიშ რელიგიურ სექტად. 1996 წელს მოწმეებმა გულმოდგინედ მიიღეს მონაწილეობა 9 მილიონზე მეტი სპეციალური ტრაქტატის, სათაურით „იეჰოვას მოწმეები — რა უნდა იცოდეთ“, გავრცელებაში. შედეგები შესანიშნავი იყო.

დიდი ძალისხმევა დასჭირდა, ყველას რომ დაკავშირებოდნენ. ბევრმა სახელმწიფო მოხელემ გამოხატა იეჰოვას მოწმეების მიმართ მადლიერება. ერთმა ადვოკატმა დაწერა: „იეჰოვას მოწმეები კარგად მოიქცნენ, რომ ეს ტრაქტატი გაავრცელეს. ის სიცრუეს აქარწყლებს“. ერთი ექიმი შენიშნავდა: „ამას მე დიდი ხანია ველოდი!“. ერთმა პარიზელმა მამაკაცმა დაწერა: «შემთხვევით წავიკითხე „იეჰოვას მოწმეები — რა უნდა იცოდეთ“. უფრო მეტის გაგების სურვილი გამიჩნდა და გადავწყვიტე, მესარგებლა ბიბლიის უფასო შესწავლით». სხვამ კი მოგვწერა: „მადლობა თქვენი პატიოსნებისთვის“. ერთმა კათოლიკე ქალმა კი მოწმეებს უთხრა: „ახ! როგორც იქნა გამოეხმაურეთ ამ სიცრუეს!“.

ბევრი პარიზელი ახალგაზრდა მოწმისთვის განსაკუთრებით დიდი სიხარულის მომტანი იყო 1997 წელს „ახალგაზრდა კათოლიკეთა საერთაშორისო დღეებისთვის“ სამქადაგებლო კამპანიის მოწყობა. მიუხედავად იმისა, რომ 35 გრადუსი სიცხე იყო, დაახლოებით 2 500-მა მოწმემ მიიღო ამ კამპანიაში მონაწილეობა. სულ რაღაც რამდენიმე დღეში მათ ბროშურის „წიგნი ყველასთვის“ 18 000 ეგზემპლარი მისცეს მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს. იეჰოვას სახელის შესახებ კარგი დამოწმებისა და ჭეშმარიტების თესლის თესვის გარდა, ამ კამპანიამ ახალგაზრდა მოწმეებიც გამოაცოცხლა. ერთმა ახალგაზრდა დამ, რომელმაც თავისი შვებულება შეამოკლა, რომ ამ სპეციალურ ღონისძიებაში მიეღო სრული მონაწილეობა, დაწერა: „იეჰოვას დედამიწაზე ბედნიერი ხალხი ჰყავს, რომელიც თავის ძალებს მისი სახელის განსადიდებლად იყენებს. ასეთი მდიდარი და კურთხევების მომტანი ეს ორი დღე ნამდვილად ღირდა მთელი ცხოვრების შვებულებებად!“ (ფსალმუნი 83:11).

1998 წლის 28 თებერვალს 65 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჰიტლერმა გერმანიაში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აკრძალა. ფრანგმა მოწმეებმა ეს თარიღი გამოიყენეს და დაქირავებულ დარბაზებში მაყურებელს წარუდგინეს ვიდეოფილმი „იეჰოვას მოწმეების სიმტკიცე ნაცისტური თავდასხმის პირისპირ“. ვიდეოფილმი დეტალურად აღწერს იმ დევნას, რომელსაც იეჰოვას ხალხი იტანდა. გავრცელდა შვიდ მილიონზე მეტი მოსაწვევი. ისტორიკოსებმა და მათ, ვინც ადრე ბანაკებში იმყოფებოდა, ამაღელვებლად დაამოწმეს. პარიზში თითქმის 5 000-მა ადამიანმა ნახა ეს ფილმი. მათ შორის ბევრი არ იყო იეჰოვას მოწმე.

პარიზში მრავალი ადამიანი დიდად აფასებს სულიერ სინათლეს და უხარიათ, რომ სამეფოს მაუწყებლები მნათობებივით კაშკაშებენ. როგორც იესომ თქვა: „სამკალი ბევრია, მუშაკნი კი — ცოტა“ (მათე 9:37). იეჰოვას მოწმეების გადაწყვეტილებამ იმასთან დაკავშირებით, რომ გადალახონ ქალაქში არსებული ქადაგებაში ხელშემშლელი პრობლემები, პარიზი იეჰოვას განსადიდებლად ნამდვილად სინათლის ქალაქად აქცია.

[სურათი 9 გვერდზე]

მუნიციპალური საბჭო

[სურათი 9 გვერდზე]

ლუვრის მუზეუმი

[სურათი 9 გვერდზე]

„გრანდ-ოპერა“

[სურათები 10 გვერდზე]

საქმიან ხალხთან ბიბლიური ცნობის გაზიარება ყველგან.