არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წიგნი, რომელიც ახალგაზრდების უმრავლესობას არ აინტერესებს

წიგნი, რომელიც ახალგაზრდების უმრავლესობას არ აინტერესებს

წიგნი, რომელიც ახალგაზრდების უმრავლესობას არ აინტერესებს

„საიდან უნდა ვიცოდე, მართლა ღვთის სიტყვაა თუ არა ბიბლია? როგორც წიგნი, არ მაინტერესებს“, — შენიშნა ახალგაზრდა ქალმა, სახელად ბეატამ.

გერმანიაში, სადაც ბეატა ცხოვრობს, ახალგაზრდების უმრავლესობა ამავე აზრისაა; მაშასადამე ისინი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ ბიბლიის კითხვას. ამ ქვეყანაში ახლახან ჩატარებულმა გამოკითხვამ გამოავლინა, რომ ახალგაზრდების დაახლოებით 1 პროცენტი კითხულობს ბიბლიას ძალიან ხშირად, 2 პროცენტი — ხშირად, 19 პროცენტი — იშვიათად და თითქმის 80 პროცენტი საერთოდ არ კითხულობს. ალბათ, იგივე სტატისტიკური მდგომარეობა იქნება სხვა ქვეყნებშიც, შესაძლოა იქაც, სადაც შენ ცხოვრობ. ნათელია, ბიბლია ის წიგნია, რომელიც ახალგაზრდების უმრავლესობას არ აინტერესებს.

ამიტომ გასაკვირი აღარ არის, რომ ბიბლიის უცოდინარობა ფართოდ არის გავრცელებული ახალგაზრდა თაობაში! გაზეთი „ლაუზიცა რუნთშაუ“ 2000 წლის დასაწყისში იუწყებოდა ერთი გამოკვლევის შესახებ, რომლის მეშვეობითაც გამოვლინდა, თუ რამდენმა ადამიანმა იცოდა ათი მცნება და სახელმძღვანელო პრინციპებად იყენებდა ცხოვრებაში. 60 წელს გადაცილებულ ადამიანთა 67-მა პროცენტმა იცოდა ათი მცნება და მათით ხელმძღვანელობდა; ხოლო მათ შემთხვევაში, ვინც 30 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს ეკუთვნოდა, პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ 28 იყო. დიახ, მრავალ ახალგაზრდას ღვთის სიტყვაზე ელემენტარული წარმოდგენაც კი არა აქვს.

ზოგს განსხვავებული შეხედულება აქვს

სხვა მხრივ კი, მთელ მსოფლიოში მცხოვრები მილიონობით ახალგაზრდა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ღვთის სიტყვა უაღრესად სასარგებლოა. მაგალითად, ალექსანდრე 19 წლისაა და ბიბლიას ყოველ დილით კითხულობს სამსახურში წასვლამდე. „დღის ამაზე უკეთესად დაწყება ვერც კი წარმომიდგენია“, —შენიშნავს ის. სანდრას ბიბლიის გარკვეული მონაკვეთის საღამოობით წაკითხვა აქვს ჩვევად. „ეს ჩემი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა“, — ამბობს იგი. იულიამ, რომელიც 13 წლის არის, უკვე ჩვევად იქცია ძილის წინ ბიბლიიდან, სულ მცირე, ერთი თავის წაკითხვა. „ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს და მსურს, შემდეგშიც ასე განვაგრძო“.

რომელი თვალსაზრისია სწორი და გონივრული? მართლა ღირს თუ არა ბიბლიის წაკითხვა? სასარგებლო და საყურადღებოა ეს წიგნი ახალგაზრდა თაობისთვის? თვითონ შენ რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით?