არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არსებობს ეშმაკი?

არსებობს ეშმაკი?

არსებობს ეშმაკი?

«ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში იყო ისეთი პერიოდი, როცა ეშმაკი, ბელზებული ანუ სატანა, ბოროტების მეუფე, რეალურ და ძლიერ პიროვნებად მიაჩნდათ. დღესდღეობითაც გარკვეულ ადამიანებს, რომელთა რაოდენობაც სულ უფრო მცირდება, „ღმერთი“ კვლავ რეალურ და ძლევამოსილ პიროვნებად მიაჩნიათ; ეშმაკი ებრაელებმა და ადრინდელმა ქრისტიანებმა გამოიგონეს, რომლებმაც ნახევრად ადამიანისმაგვარ და ნახევრად მხეცისმაგვარ ქმნილებას მნიშვნელობა მიანიჭეს და თავიანთ გარშემო არსებული ბოროტება უწოდეს. მოგვიანებით ქრისტიანებმა აღიარეს, რომ ეს გამოგონილი ქმნილება იყო, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა რეალობასთან და უხმაუროდ უკუაგდეს», — ნათქვამია ლუდოვიკ კენედის წიგნში (All in the Mind — A Farewell to God).

როგორც მწერალმა და დიქტორმა ლუდოვიკ კენედიმ განაცხადა, საუკუნეების მანძილზე ქრისტიანულ სამყაროში არავის ეპარებოდა ეჭვი ეშმაკის რეალურად არსებობაში. უფრო მეტიც, როგორც პროფესორი ნორმან კონი აღნიშნავს თავის ნაშრომში, ქრისტიანები დროდადრო „სატანისა და მისი დემონების ძალით იყვნენ დატყვევებული“ (Europe’s Inner Demons). ამ ძალით მხოლოდ უბრალო, გაუნათლებელი გლეხები არ იყვნენ დატყვევებული. მაგალითად, რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ მხეცისმაგვარი ხორცშესხმული ეშმაკი ბოროტების მეუფე იყო და უწმინდურ რიტუალებს წინამძღოლობდა, სათავეს იღებს არა გაუნათლებელი უმრავლესობის ხალხური ზეპირსიტყვიერებიდან, არამედ, ამის საპირისპიროდ, ინტელექტუალურად განვითარებული ელიტის შეხედულებებიდან“, — ამბობს პროფესორი კონი. ამ „ინტელექტუალურად განვითარებულმა ელიტამ“, რომელშიც სასულიერო პირებიც შედიოდნენ, XV—XVII საუკუნეებში მთელი ევროპის მასშტაბით ჯადოქრებზე ნადირობა მოაწყო; და, როგორც ამბობენ, ეკლესიისა და მთავრობის წარმომადგენლებმა, ჯადოქრობაში ბრალდებულ დაახლოებით 50000 ადამიანს წამებით ამოხადეს სული.

გასაკვირი არ არის, რომ უმრავლესობამ უარყო ის, რაც ეშმაკის შესახებ სიგიჟედ და ცრუმორწმუნეობრივ წარმოდგენად მიაჩნდათ. შორეულ წარსულში, თუნდაც 1726 წელს დანიელ დეფომ მასხრად აიგდო ადამიანთა მრწამსი, თითქოს ეშმაკი საშინელი ურჩხული იყო, რომელსაც „ღამურის ფრთები, რქები, ჩლიქები, გრძელი კუდი, ორად გაყოფილი ენა და ამის მსგავსი ბევრი რამ ჰქონდა“. „ასეთი შეხედულებები, — აღნიშნა მან თავის წიგნში „ეშმაკის ისტორია“ — გონივრულობას მოკლებული ფანტაზიით სავსე აზროვნების ნაყოფი იყო, და იმ ადამიანებისგან მომდინარეობდა, რომლებმაც ეშმაკი შემზარავი გარეგნობის ქმნილებად წარმოადგინეს, მისი გამოსახულება შექმნეს და გაუთვითცნობიერებელ ხალხს თავიანთ მიერ გამოგონილ ეშმაკზე არასწორი წარმოდგენა შეუქმნეს“.

თქვენც ასეთივე თვალსაზრისი გაქვთ? ფიქრობთ, რომ „სინამდვილეში ეშმაკი ადამიანმა საკუთარი ცოდვილი მდგომარეობის აღსაწერად გამოიგონა“? ასეთი მოსაზრება „ზონდერვანის ილუსტრირებულ ბიბლიურ ენციკლოპედიაში“ (Tte Zondervan Pictorial Encyclopedia of the Bible) ჩნდება; ბევრს, ვინც საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს, მსგავსი თვალსაზრისი აქვს. „ქრისტიანული სამყაროს ღვთისმეტყველებმა, — აღნიშნავს ჯეფრი ბერტენ რასელი, — საერთოდ უკუაგდეს ეშმაკსა და დემონებზე შექმნილი ცრუმორწმუნეობრივი წარმოდგენები“.

და მაინც, ზოგისთვის ეშმაკი რეალური არსებაა. მათ მიაჩნიათ, რომ კაცობრიობის ისტორიაში გამეფებული ბოროტება რაღაც ზეადამიანური, ბოროტი ძალის არსებობით აიხსნება. „მეოცე საუკუნის თანამგზავრად ქცეული საშინელებანი, — ამბობს რასელი, — იმის ერთ-ერთი მიზეზია, თუ, დიდი ხნის გასვლის მიუხედავად, რწმენა სატანის არსებობის შესახებ კვლავ რატომ იკიდებს ფეხს ასეთი ელვისებური სისწრაფით“. როგორც მწერალმა დონ ლუისმა თავის წიგნში აღნიშნა, „თუმცა განათლებულ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი სინანულით უყურებს და, ამავე დროს, სასაცილოდ იგდებს ადამიანთა ცრუმორწმუნეობრივ მრწამსსა და გაუნათლებელ წინაპართაგან გადმოცემულ შიშებს, თავად ეშმაკის ზებუნებრივი ძალით არიან დატყვევებული“ („საუკუნეების მანძილზე არსებული რელიგიური ცრუმორწმუნეობა“).

მაშ, რა არის სინამდვილე? არის ეშმაკი, უბრალოდ, ადამიანთა ცრუმორწმუნეობის შედეგად გამოგონილი ქმნილება? თუ ისეთი არსებაა, რომელიც XXI საუკუნეშიც კი რეალობად უნდა მივიჩნიოთ?

[სურათი 4 გვერდზე]

როგორც გიუსტავ დორეს მიერ შესრულებულ გრავიურაზე არის გამოსახული, ძველად, ცრუ წარმოდგენების თანახმად, ეშმაკს ნახევრად ადამიანისმაგვარ და ნახევრად მხეცისმაგვარ ქმნილებად აღწერდნენ.

[საავტორო უფლება]

The Judecca​—Lucifer/The Doré Illustrations For Dante’s Divine Comedy/Dover Publications Inc.