არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ეშმაკი — უბრალოდ ცრურწმენის გადმონაშთი არ არის

ეშმაკი — უბრალოდ ცრურწმენის გადმონაშთი არ არის

ეშმაკი — უბრალოდ ცრურწმენის გადმონაშთი არ არის

«მთელ „ახალ აღთქმაში“ სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს ორ მხარეს — ღვთიურ ძალასა და სატანურ ძალას, სიკეთესა და ბოროტებას — შორის. ეს ბიბლიის ერთი ან ორი დამწერის აზრი კი არა, საერთო აზრია... „ახალ აღთქმაში“ ცხადად არის წარმოდგენილი ამის დამადასტურებელი მტკიცება. სატანა ბოროტი რეალური არსებაა, რომელიც ყოველთვის მტრულად არის განწყობილი ღვთისა და მისი ხალხის მიმართ», — ნათქვამია „ბიბლიის ახალ ლექსიკონში“.

მაშ, უმრავლესობა, რომლებიც თავს დებენ ქრისტიანობაზე და აცხადებენ, რომ ბიბლია სარწმუნო წიგნია, რატომ უარყოფს ეშმაკს, როგორც რეალურ პიროვნებას? მიზეზი ისაა, რომ სინამდვილეში ისინი ბიბლიას ღვთის სიტყვად არ მიიჩნევენ (იერემია 8:9). ასეთი ადამიანები ამბობენ, რომ ბიბლიის დამწერებმა გაითავისეს მათ გარშემო მცხოვრები ერების ფილოსოფიური შეხედულებები და ღვთისგან მომდინარე ჭეშმარიტება ზუსტად არ გადმოსცეს. კათოლიკე თეოლოგი ჰანს კიუნგი თავის წიგნში წერს: „სატანისა და მისი დემონებისგან შემდგარი ლეგიონის შესახებ მითოლოგიურმა შეხედულებებმა ბაბილონური მითოლოგიიდან ადრეული პერიოდის იუდაიზმში გაიდგა ფესვები და შემდეგ „ახალ აღთქმაშიც“ გამოჩნდა“ (On Being a Christian).

მაგრამ ბიბლია უბრალოდ ადამიანის აზროვნების ნაყოფი არ არის; სინამდვილეში, ის ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვაა. ამიტომ გონივრულად მოვიქცევით, თუ სერიოზულობით მოვეკიდებით ეშმაკის შესახებ ბიბლიაში მოცემულ ინფორმაციას (2 ტიმოთე 3:14—17; 2 პეტრე 1:20, 21).

როგორი თვალსაზრისი ჰქონდა იესოს?

იესო ქრისტეს სჯეროდა, რომ ეშმაკი რეალურად არსებობდა. იესოს შეცდენას მასში არსებული ბოროტი სული კი არ ცდილობდა, არამედ რეალური პიროვნება, რომელსაც მოგვიანებით „წუთისოფლის მთავარი“ უწოდა (იოანე 14:30; მათე 4:1—11). იესოს ისიც სჯეროდა, რომ სატანას სხვა სულიერი ქმნილებებიც შეუერთდნენ ბოროტი ჩანაფიქრის განხორციელებაში. იესო კურნავდა „ეშმაკეულ“ ხალხს (მათე 12:22—28). ერთ-ერთ ათეისტურ პუბლიკაციაშიც კი ხაზი ესმება ამ მნიშვნელოვან მხარეს: „თეოლოგებს ყოველთვის საგონებელში აგდებდა ის, თუ, სახარებების მიხედვით, როგორ უნდა ერწმუნა იესოს ბოროტი სულიერი ქმნილებების არსებობა“ (A Rationalist Encyclopædia). როდესაც იესო ეშმაკისა და მისი დემონების შესახებ ლაპარაკობდა, უბრალოდ, ცრუმორწმუნეობრივ შეხედულებებს არ იმეორებდა, რომლებმაც ბაბილონური მითოლოგიიდან გაიდგეს ფესვები. მან იცოდა, რომ ეს ქმნილებები ნამდვილად არსებობდნენ.

ჩვენ ბევრ რამეს ვიგებთ ეშმაკის შესახებ, როდესაც ვუფიქრდებით იმას, თუ რა უთხრა იესომ რელიგიურ მოძღვრებს თავისი მოღვაწეობის პერიოდში: „თქვენი მამა არის ეშმაკი და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცისმკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა“ (იოანე 8:44).

ამ მუხლის თანახმად, ეშმაკი, რომლის სახელიც „ცილისმწამებელს“ ნიშნავს, „ცრუ და სიცრუის მამაა“. ის პირველი ქმნილება იყო, რომელმაც იცრუა ღვთის შესახებ და ამგვარადვე მოიქცა ედემის ბაღში ყოფნისას. იეჰოვამ თქვა, რომ ჩვენი წინაპრები ‘მოკვდებოდნენ’, თუ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფს შეჭამდნენ. გველის სახით სატანამ თქვა, რომ ეს სიტყვები არ იყო მართალი (დაბადება 2:17; 3:4). შესაბამისად, მას დაერქვა „დასაბამის გველი, რომელსაც ეწოდება ეშმაკი და სატანა“ (გამოცხადება 12:9, სსგ).

ეშმაკმა იცრუა კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის შესახებ. ის ამტკიცებდა, რომ ამ ხის ნაყოფის შეჭმასთან დაკავშირებული აკრძალვა გაუმართლებელი იყო და ძალის ბოროტად გამოყენებაზე მიუთითებდა. როგორც ეშმაკმა უთხრა ადამსა და ევას, მათ შეეძლოთ „ღმერთივით“ გადაეწყვიტათ, რა იქნებოდა მათთვის კარგი და რა — ცუდი. სატანა გულისხმობდა, რომ ადამსა და ევას, როგორც ნების თავისუფლების მქონეთ, გადაწყვეტილების თავად მიღების სრული უფლება უნდა ჰქონოდათ (დაბადება 3:1—5). ღვთის სამართლიან მმართველობაზე იერიშის ამგვარად მიტანამ საკამათო საკითხი წამოჭრა. ამიტომ იეჰოვამ დაუშვა, რომ დროს გადაეწყვიტა ეს საკითხი. ეს ნიშნავს, რომ სატანას განსაზღვრული დროის განმავლობაში არსებობის ნება მიეცა. ამჟამად ეს შეზღუდული დრო იწურება (გამოცხადება 12:12). სატანა სიცრუითა და ეშმაკობით ჯერ კიდევ ცდილობს ღვთისგან კაცობრიობის ჩამოცილებას, და თავისი სწავლებების გასავრცელებლად იესოს დღეებში მცხოვრებ მწიგნობართა და ფარისეველთა მსგავს ადამიანებს იყენებს (მათე 23:13, 15).

იესომ აგრეთვე თქვა, რომ ეშმაკი „კაცისმკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა“. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იეჰოვამ ეშმაკი „კაცისმკვლელად“ შექმნა. ის საშინელ მხეცისმაგვარ არსებად არ იყო შექმნილი, რათა ღვთის ნებისმიერი მოწინააღმდეგე ცეცხლში ეწამებინა. ბიბლიაში „ჯოჯოხეთი“ სატანის ადგილსამყოფელად არ აღიწერება. ის, უბრალოდ, კაცობრიობის საერთო სამარეზე მიუთითებს (საქმეები 2:25—27; გამოცხადება 20:13, 14).

თავდაპირველად ეშმაკი „ჭეშმარიტებაში“ იყო. ის ერთ დროს, როგორც ღვთის სრულყოფილი სულიერი ძე, იეჰოვას ზეციერი ოჯახის წევრი იყო. მაგრამ ის „ჭეშმარიტებაში ვერ დადგა“. მან უპირატესობა საკუთარ არჩევანსა და ვერაგულ პრინციპებს მიანიჭა. ის თავიდანვე, როცა ზეციერ ძედ შეიქმნა, არ ყოფილა ეშმაკი და კაცისმკვლელი, არამედ მაშინ გახდა ასეთი პიროვნება, როცა საკუთარი ნებით იეჰოვას წინააღმდეგ აჯანყდა და ადამი და ევა მოატყუა. ეშმაკი იმ ადამიანებს ჰგავს, რომლებიც მოსეს დროს იეჰოვას წინააღმდეგ აჯანყდნენ. მათ შესახებ ვკითხულობთ: „გაერყვნენ მას, აღარ არიან მისი შვილები, რადგან შეიგინენ“ (მეორე რჯული 32:5). იმავეს თქმა შეიძლება სატანაზე. ის მაშინ გახდა „კაცისმკვლელი“, როცა აჯანყდა და ადამისა და ევას და, ფაქტობრივად, მთელი კაცობრიობის სიკვდილში გახდა დამნაშავე (რომაელთა 5:12).

ურჩი ანგელოზები

სხვა ანგელოზებიც შეუერთდნენ სატანას ამბოხებაში (ლუკა 11:14, 15). მათ „მიატოვეს თავიანთი სავანე“ და ხორცი შეისხეს, რათა სქესობრივი კავშირი ჰქონოდათ ნოეს დროს მცხოვრებ „ადამიანის ასულებთან“ (იუდა 6; დაბადება 6:1—4; 1 პეტრე 3:19, 20). „ცის ვარსკვლავების მესამედი’’ ანუ სულიერი ქმნილებების მცირე ნაწილი ასეთ გზას დაადგა (გამოცხადება 12:4).

წიგნ „გამოცხადებაში“, სადაც, უმთავრესად, სიმბოლური ენაა გამოყენებული, ეშმაკი აღწერილია, როგორც „დიდი წითელი გველეშაპი“ (გამოცხადება 12:3). რატომ? იმიტომ კი არა, რომ მას პირდაპირი გაგებით საშინელი და უშნო სხეული აქვს. ფაქტობრივად, ჩვენ არ ვიცით, როგორი სხეული აქვთ სულიერ ქმნილებებს, მაგრამ შესაძლოა, სატანა გარეგნულად არ განსხვავდებოდეს სხვა ზეციერი ქმნილებებისგან. მიუხედავად ამისა, სიმბოლური „წითელი დიდი გველეშაპი“ ზუსტად აღწერს სატანას, როგორც ხარბ, საშინელ, ძლიერ და მავნე სულიერ პიროვნებას.

ამჟამად სატანა და მისი დემონები საკმაოდ შეზღუდულები არიან. მათ უწინდელივით აღარ შეუძლიათ ხორცის შესხმა. 1914 წელს, როცა ღვთის სამეფომ ქრისტეს მეთაურობით დაიწყო მმართველობა, ისინი დედამიწაზე გადმოყარეს (გამოცხადება 12:7—9).

ეშმაკი ძლიერი მოწინააღმდეგეა

და მაინც, ეშმაკი ძლიერ მოწინააღმდეგედ რჩება. ის „დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს“ (1 პეტრე 5:8). ის, უბრალოდ, რაღაც ბოროტება არ არის, რომელიც ჩვენთვის, როგორც არასრულყოფილთათვის, არის დამახასიათებელი. მართალია, ჩვენ ყოველდღიურად ვებრძვით ცოდვილ მიდრეკილებებს (რომაელთა 7:18—20). მაგრამ, სინამდვილეში, ჩვენ „წუთისოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ“ ვიბრძვით (ეფესელთა 6:12).

რამდენად ძლიერია ეშმაკის ზეგავლენა? «მთელი წუთისოფელი ბოროტებაში ძევს [„ბოროტის ძალაუფლებაშია“, აქ]», — აღნიშნა მოციქულმა იოანემ (1 იოანე 5:19). რასაკვირველია, ჩვენ არ გვსურს, ეშმაკს დავემონოთ ან მის მიმართ ცრუმორწმუნეობრივი შიშის გამო დავძაბუნდეთ. მაგრამ ბრძნულად ვიქცევით, თუ ვფხიზლობთ, რათა მისი მცდელობის მიუხედავად, ჭეშმარიტება არ გაუფერულდეს ჩვენთვის და ღვთის წინაშე ჩვენი უმწიკვლობა არ შეირყეს (იობი 2:3—5; 2 კორინთელთა 4:3, 4).

ეშმაკი, როდესაც ღვთის ნების შესრულების მსურველთ უტევს, ყოველთვის სისასტიკით არ ეპყრობა მათ. დროდადრო ის „ნათლის ანგელოზად გარდაისახება“. მოციქულმა პავლემ ამ საშიშროების შესახებ შემდეგი სიტყვებით გააფრთხილა ქრისტიანები: „ვშიშობ, რომ როგორც გველმა თავისი მზაკვრობით აცდუნა ევა, ასევე არ გაირყვნეს თქვენი აზროვნება და არ გარდახდეთ გულუბრყვილობასა და სიწმიდეს ქრისტეში“ (2 კორინთელთა 11:3, 14).

მაშასადამე, აუცილებელია ‘მღვიძარენი ვიყოთ, ვიფხიზლოთ და წინაღვუდგეთ მას მტკიცე რწმენით’ (1 პეტრე 5:8, 9; 2 კორინთელთა 2:11). სატანამ ადვილად რომ ვერ გვაცდუნოს, თავი უნდა ავარიდოთ ყოველივე იმაში მონაწილეობას, რაც ოკულტიზმთან არის დაკავშირებული (მეორე რჯული 18:10—12). იყავით ღვთის სიტყვის გულმოდგინე შემსწავლელები და გახსოვდეთ, რომ იესო ქრისტეს არაერთხელ მიუმართავს ღვთის სიტყვისთვის მაშინ, როცა ეშმაკი მის შეცდენას ცდილობდა (მათე 4:4, 7, 10). ილოცეთ, რომ ღმერთმა თავისი სულიწმიდა გიბოძოთ. სულის ნაყოფები დაგეხმარებათ იმაში, რომ თავი აარიდოთ ხორცის საქმეებს, რისკენაც სატანა ასე ადვილად აღძრავს ადამიანებს (გალატელთა 5:16—24). გარდა ამისა, მთელი გულით ილოცეთ იეჰოვას წინაშე, როცა გრძნობთ, რომ, ასე თუ ისე, სატანისა და მისი დემონების ზეგავლენაში ექცევით (ფილიპელთა 4:6, 7).

ეშმაკის გამო შიშის ზარი არ უნდა გცემდეთ. იეჰოვა გვპირდება, რომ სატანის ნებისმიერი შემოტევისგან დაგვიცავს (ფსალმუნი 90:1—4; იგავნი 18:10; იაკობი 4:7). „გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით“, — ამბობს მოციქული პავლე. შედეგად, თქვენ ‘შესძლებთ, წინაღუდგეთ ეშმაკის მზაკვრობას’ (ეფესელთა 6:10, 11).

[სურათი 5 გვერდზე]

იესომ იცოდა, რომ ეშმაკი რეალური პიროვნება იყო.

[სურათი 6 გვერდზე]

„მთელი წუთისოფელი ბოროტის ძალაუფლებაშია“.

[საავტორო უფლება]

NASA photo

[სურათები 7 გვერდზე]

წინ აღუდექით ეშმაკს ღვთის სიტყვის შესწავლითა და გამუდმებული ლოცვით.