არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„რა ხდება საფრანგეთში?“

„რა ხდება საფრანგეთში?“

„რა ხდება საფრანგეთში?“

„თავისუფლება, სანატრელი თავისუფლება“, — ეს სიტყვები საფრანგეთის ეროვნული ჰიმნიდან, მარსელიეზადან არის. უეჭველია, რომ თავისუფლება დასაფასებელი რამ არის. მაგრამ საფრანგეთში ახლახან მომხდარი მოვლენები, სამწუხაროდ, თავისუფლების ძირითად პრინციპებს ძალას უკარგავს. სწორედ ამიტომ 2000 წლის 3 ნოემბერს, პარასკევს, იეჰოვას ათი ათასობით მოწმემ გაავრცელა სპეციალური ტრაქტატის „რა ხდება საფრანგეთში? ძალას კარგავს თავისუფლება?“ 12 მილიონი ეგზემპლარი.

უკვე რამდენიმე წელია, რაც საფრანგეთში იეჰოვას მოწმეები სხვადასხვა პოლიტიკოსებისა და ანტისექტანტური ჯგუფების სამიზნედ იქცნენ. ამან მთელ საფრანგეთში იეჰოვას თითოეული მოწმე და ზოგადად კრებები პრობლემების წინაშე დააყენა. მიუხედავად ამისა, 2000 წლის 23 ივნისს საფრანგეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ — სახელმწიფო საბჭომ (Conseil d’État), მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც განამტკიცა 31 ქვემდგომ სასამართლოში 1100 სასამართლო საქმის შედეგად ჩამოყალიბებული შეხედულება. უმაღლესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ იეჰოვას მოწმეების თაყვანისმცემლობა არავითარ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება საფრანგეთის კანონს და, რომ მათი სამეფო დარბაზები ისევე თავისუფლდება გადასახადებისგან, როგორც სხვა დანარჩენი რელიგიების თაყვანისმცემლობის ადგილები.

მიუხედავად ამისა, საფრანგეთის ფინანსთა სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება სრულიად უგულებელყო და კლავ უარი თქვა იეჰოვას მოწმეების გადასახადებისგან გათავისუფლებაზე, რაც რელიგიურ ორგანიზაციებთან დაკავშირებული კანონით არის გათვალისწინებული. სამინისტრომ 60%-იანი გადასახადით დაბეგრა შესაწირავები, რასაც იეჰოვას მოწმეები და მათი კეთილისმსურველები სწირავენ საფრანგეთის 1500 კრებას. ამასთან დაკავშირებით ახლა სასამართლო საქმე არის აღძრული.

ზემოთ აღნიშნული კამპანიის მიზანი იყო, გამოეაშკარავებინა ეს პარადოქსი და თვალნათლივ დაენახვებინა ხალხისთვის თვითნებურად დაბეგვრისა და ისეთი კანონების დადგენის საშიშროება, რომლებიც თითოეულის რელიგიურ თავისუფლებას დაემუქრებოდა a.

გრძელი დღე

ღამის ორი საათიდან კრების წევრებმა ქარხნებთან, რკინიგზის სადგურებთან და აეროპორტებთან ტრაქტატის გავრცელება დაიწყეს. ექვსი საათისთვის პარიზმაც გაიღვიძა. 6000-მდე მოხალისე მრავალ ხელსაყრელ ადგილას, გარეუბნებიდან ქალაქისკენ, სამსახურში მიმავალ მგზავრებს ხვდებოდა. ერთმა ახალგაზრდა ქალმა აღნიშნა: „რასაც თქვენ რელიგიის თავისუფლებისთვის აკეთებთ საქებარია. ეს არ არის მარტო იეჰოვას მოწმეებს პრობლემა“. მარსელის მეტროპოლიტენის სადგურებსა და ქუჩებში 350-ზე მეტი მოწმე ავრცელებდა სპეციალურ ტრაქტატს. ერთი საათის შემდეგ ეროვნულმა რადიომ ამ კამპანიის შესახებ ინფორმაცია გადასცა და მსმენელები გააფრთხილა, არ გაკვირვებოდათ, თუ იეჰოვას მოწმეები მათაც მიმართავდნენ. სტრასბურგში, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოა, ცენტრალურ სადგურთან ხალხი რიგს იკავებდა და მოუთმენლად ელოდნენ თავიანთი ეგზემპლარების მიღებას. ერთ-ერთმა იურისტმა აღნიშნა, რომ მართალია არ იზიარებს ჩვენს შეხედულებებს, სასამართლო საქმეს ინტერესით ადევნებს თვალყურს, რადგან ჩვენი ბრძოლა მნიშვნელოვანი და სამართლიანია.

რვა საათზე კოკისპირულად წვიმდა, მაგრამ 507 მოწმე ალპურ ქალაქ გრენობლში ტრაქტატების ჩასაგდებად გაფაციცებით ეძებდა ქალაქის საფოსტო ყუთებს. ავტომობილებისა და ტრამვაის მძღოლები, ხედავდნენ, რომ ქუჩაში ტრაქტატებს არიგებდნენ, ჩერდებოდნენ და თვითონაც იღებდნენ. დასავლეთით, ქალაქ პუატიეში ცხრა საათზე მატარებლით ჩამოსული მგზავრებისთვის მოწმეებს ტრაქტატები უკვე მიეცათ მატარებელში ჩაჯდომამდე. გერმანიის საზღვართან მდებარე ქალაქ მიულუზში 40000 ეგზემპლარი უკვე გავრცელებული იყო.

ათი საათისთვის ბევრ კრებას ტრაქტატების ნახევარი გავრცელებული ჰქონდა. შუადღისთვის ძალიან ცოტა თუ ამბობდა უარს ტრაქტატის აღებაზე. მრავალი საინტერესო საუბარიც იმართებოდა. ბეზანსონში, რომელიც შვეიცარიის საზღვრიდან 80 კილომეტრითაა დაშორებული, ერთ-ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა ბიბლიისადმი ინტერესი გამოავლინა და იკითხა, თუ რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა-წამებას. მოწმემ ეს ახალგაზრდა ახლომდებარე სამეფო დარბაზში მიიწვია და ბროშურით „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ ბიბლიის შესწავლაც დაიწყეს.

შუადღისას ბევრი მოწმე იყენებდა შესვენების დროს, რათა ერთი-ორი საათით მაინც ექადაგათ. ტრაქტატის გავრცელება ნაშუადღევსაც გაგრძელდა; მრავალმა კრებამ 3-4 საათისთვის დაასრულა კამპანია. შამპანურით სახელგანთქმულ ქალაქ რეიმსში ზოგმა, ვინც ადრე იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდა ან მათთან ურთიერთობა ჰქონდა, კრებასთან ურთიერთობის განახლების სურვილი გამოთქვა. ბორდოში ბიბლიის სამი საშინაო შესწავლა დაიწყეს. ამავე ქალაქში, მაღაზიაში გაზეთის საყიდლად შესულ ერთ მოწმეს დახლზე ტრაქტატების დასტა დაუნახავს. თურმე, გამყიდველს, რომელიც ადრე მოწმე ყოფილა, ტრაქტატის ერთი ეგზემპლარი მიუღია, რის შემდეგაც, ტრაქტატში მოცემული ცნობის მნიშვნელოვნებაში დარწმუნებულს ფოტოასლები გაეკეთებინა გასავრცელებლად.

ჰავრში (ნორმანდია) ერთმა პროტესტანტმა მანდილოსანმა რადიოთი მოისმინა ინფორმაცია, რომ იეჰოვას მოწმეების შესაწირავები გადასახადით დაიბეგრა და შეცბუნდა. მან დიდი სიამოვნებით აიღო ტრაქტატი და მადლობაც გადაუხადა მოწმეებს, რათა ასეთი უსამართლობის წინააღმდეგ ხმა აღიმაღლეს. 19 საათსა და 20 წუთზე ლიონის რეგიონალურმა ტელევიზიამ ტრაქტატის გავრცელების თაობაზე ინფორმაცია გადასცა: „ამ დილით წვიმის წვეთებს უფრო დაემალებოდით, ვიდრე იეჰოვას მოწმეების ტრაქტატებს“. შემდეგ კი კამპანიასთან დაკავშირებით ორი მოწმისგან აიღეს ინტერვიუ.

მოწმეები, რომლებსაც სამუშაოს შემდეგ ტრაქტატების გავრცელებაში მონაწილეობის მიღება სურდათ, ქალაქიდან გარეუბნებში დაბრუნებულ მოსახლეობას სთავაზობდნენ მათ, ზოგ ეგზემპლარს კი საფოსტო ყუთებში დებდნენ. ბოლოს, დღის დასასრულს, ფაიფურით სახელგანთქმულ ქალაქებში, ბრესტსა და ლიმოჟში, ღამის თერთმეტ საათზე კინოთეატრიდან გამოსულმა ხალხმა მიიღო ტრაქტატი. დარჩენილი ტრაქტატები კი მომდევნო დილას გაავრცელეს.

შედეგები

ერთმა მოწმემ დაწერა: „მოწინააღმდეგენი ფიქრობენ, რომ გვასუსტებენ. სინამდვილეში კი პირიქით ხდება“. იმ დღეს, იეჰოვას მოწმეთა 75%-მა მიიღო ტრაქტატის გავრცელებაში მონაწილეობა. ზოგმა ამ საქმიანობას 10, 12 და 14 საათი დაუთმო. ქალაქ ჰემში, რომელიც ჩრდილოეთ საფრანგეთში მდებარეობს, ერთი მოწმე ღამის ცვლის შემდეგ დილის 5 საათიდან ნაშუადღევს 3 საათამდე ავრცელებდა ტრაქტატებს. დენენის მახლობლად, სადაც 1906 წლიდან არსებობს კრება, პარასკევს 75 მოწმემ 200 საათი დაუთმო ტრაქტატის გავრცელებას. სხვებიც ხანდაზმულობის, ავადმყოფობისა და ცუდი ამინდის მიუხედავად, ერთგულად მონაწილეობდნენ კამპანიაში. მაგალითად, ლე-მანში სამი 80 წლის მოწმე მთელი ორი საათის განმავლობაში საფოსტო ყუთებში ყრიდა ტრაქტატებს; ერთი მოწმე კი ინვალიდის სავარძლით რკინიგზის სადგურთან ავრცელებდა ტრაქტატებს. რაოდენ გამამხნევებელი იყო, იმ უამრავი არააქტიური მოწმის ნახვა, რომლებიც ამ სპეციალურ ღონისძიებაში იღებდნენ მონაწილეობას!

უეჭველია, ტრაქტატის გავრცელება დიდი დამოწმება იყო. საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელმა, რომელთაგანაც ბევრი იშვიათად არის სახლში, მიიღო ეს ტრაქტატი. ბევრის აზრით, ეს საქმიანობა უფრო მეტს ემსახურებოდა, ვიდრე მხოლოდ იეჰოვას მოწმეების ინტერესების დაცვას. როგორც ისინი ამბობდნენ, ეს იყო საფრანგეთის მოსახლეობის სინდისისა და რელიგიის თავისუფლების დასაცავად გადადგმული ნაბიჯი. ამის დასტურად, ხალხი თავიანთი მეგობრების, თანამშრომლებისა და ნათესავებისთვის დამატებით ეგზემპლარებს ითხოვდა.

დიახ, საფრანგეთში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები ამაყობენ, რომ იეჰოვას სახელი ცნობილი გახადეს და სამეფოს ინტერესები დაიცვეს (1 პეტრე 3:15). ისინი გულწრფელად იმედოვნებენ, რომ ‘მშვიდად და წყნარად იცხოვრებენ სრული ღვთისმოსაობით და პატიოსნებით’ და ათასები შეუერთდებიან ზეციერი მამის, იეჰოვას განდიდებაში (1 ტიმოთე 2:2).

[სქოლიოები]

a ანალოგიური კამპანია მოეწყო 1999 წლის იანვარში, რომელიც რელიგიური დისკრიმინაციის წინააღმდეგ იყო მიმართული. იხილეთ 1999 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 9 და „იეჰოვას მოწმეთა 2000 წლის წელიწდეული“, გვერდები 24—26 (რუს).