არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გეწევათ იეჰოვას კურთხევა?

გეწევათ იეჰოვას კურთხევა?

გეწევათ იეჰოვას კურთხევა?

„გადმოვა შენზე ყველა ეს კურთხევა და გეწევა, როცა გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას“ (მეორე რჯული 28:2).

1. რას უნდა განეპირობებინა, კურთხევებს მიიღებდნენ ისრაელები თუ წყევლას დაიმსახურებდნენ?

 უდაბნოში ორმოცწლიანი მოგზაურობის დასასრულს ისრაელები მოაბის ველზე დაბანაკდნენ. აღთქმული მიწა მათ წინ იყო გადაშლილი. მოსემ იმ ხანად დაწერა „მეორე რჯული“, რომელშიც კურთხევები და წყევლაა ჩამოთვლილი. თუ ისრაელები ‘უფლის სიტყვას გაიგონებდნენ’, ანუ დაემორჩილებოდნენ მას, კურთხევები ‘ეწეოდათ’. იეჰოვას უყვარდა ისინი, როგორც „რჩეული ერი“, და თავისი ძალის მათ საკეთილდღეოდ გამოყენება სურდა. მაგრამ, თუ არ გაუგონებდნენ მას, უსათუოდ წყევლა ეწეოდათ (მეორე რჯული 8:10—14; 26:18; 28:2, 15).

2. რა არის იმ ებრაული ზმნების მნიშვნელობა, რომლებიც ქართულ ბიბლიაში გადმოთარგმნილია „გაგონებად“ და სიტყვით „გეწევა“?

2 ებრაული ზმნა, რომელიც მეორე რჯულის 28:2-ში „გაგონებად“ არის გადმოთარგმნილი, განგრძობით მოქმედებას აღნიშნავს. იეჰოვას თავისი ხალხი მხოლოდ ხანდახან არ უნდა უგონებდეს; ისინი ყოველთვის, მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა უგონებდნენ მას. მხოლოდ მაშინ ეწევათ ღვთის კურთხევები. ებრაული ზმნა, რომელიც ქართულ ბიბლიაში გადმოთარგმნილია სიტყვით „გეწევა“, მონადირეთა ტერმინად არის მიჩნეული და უმრავლეს შემთხვევაში „დაწევას“, ან „მიწვდომას“ ნიშნავს.

3. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესო ნავეს ძეს, და რატომ არის ეს ერთობ მნიშვნელოვანი?

3 ისრაელმა წინამძღოლმა იესო ნავეს ძემ გადაწყვიტა, იეჰოვასთვის გაეგონა, და ამიტომაც კურთხევები მიიღო. იესომ ხალხს უთხრა: „ახლავე გადაწყვიტეთ ვის ემსახუროთ... მე და ჩემი სახლი კი უფლის სამსახურში ვიქნებით“. ამაზე მათ მიუგეს: „არ იქნება ჩვენგან უფლის დავიწყება, უცხო ღმერთების სამსახური“ (იესო ნავეს ძე 24:15, 16). რადგან იესოს ასეთი შესანიშნავი განწყობა ჰქონდა, იგი ერთ-ერთი იყო თავისი თაობის იმ რამდენიმე ადამიანს შორის, რომლებსაც აღთქმულ ქვეყანაში შესვლის პატივი ხვდათ წილად. დღეს ჩვენ გაცილებით უფრო დიდებული აღთქმული მიწის ზღურბლზე ვდგავართ — ეს არის სამოთხე დედამიწაზე, სადაც ყველას, ვინც ღვთის თვალში მოწონებას იმსახურებს, იმაზე გაცილებით დიდი კურთხევები ელის, ვიდრე იესოს დღეებში ჰქონდათ. გეწევათ პირადად თქვენ ეს კურთხევები? იმ შემთხვევაში, თუ ყოველთვის უგონებთ იეჰოვას. იმისათვის, რომ თქვენი გადაწყვეტილება — გაუგონოთ იეჰოვას — კიდევ უფრო განმტკიცდეს, გულდასმით დაუკვირდით ძველი ისრაელი ერის ისტორიასა და ჩვენთვის ჭკუის სასწავლებელ ცალკეული ადამიანების მაგალითებს, რომლებსაც ქვემოთ განვიხილავთ (რომაელთა 15:4).

კურთხევა თუ წყევლა?

4. რა უბოძა ღმერთმა სოლომონს ლოცვაზე პასუხად, და რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს ასეთ კურთხევებზე?

4 სოლომონ მეფის მმართველობის პერიოდის უმეტესი ნაწილის განმავლობაში ისრაელები არაჩვეულებრივ კურთხევებს იღებდნენ იეჰოვასგან. ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ და მატერიალურადაც უხვად იყვნენ უზრუნველყოფილი (მესამე მეფეთა 4:25). სოლომონის სიმდიდრე საქვეყნოდ გახდა ცნობილი, თუმცა მას ღვთისთვის ავლა-დიდება არც უთხოვია. ნაცვლად ამისა, როდესაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო, მან ლოცვაში გამგები გული სთხოვა ღმერთს. იეჰოვამ შეუსრულა ეს თხოვნა და სიბრძნითა და გონიერებით აკურთხა. ამან საშუალება მისცა სოლომონს, მართებულად განეგო ხალხი, სიკეთე და ბოროტება გაერჩია ერთმანეთისგან. თუმცა ღმერთმა მატერიალური სიმდიდრე და დიდებაც უბოძა, ახალგაზრდა სოლომონი დიდად აფასებდა სულიერ სიმდიდრეს (მესამე მეფეთა 3:9—13). დიდძალ მატერიალურ ქონებას ვფლობთ თუ ცოტას, რაოდენ მადლიერი შეგვიძლია ვიყოთ, თუ იეჰოვას კურთხევა გვაქვს და სულიერად მდიდარი ვართ!

5. რა მოჰყვა შედეგად იმას, რომ ისრაელები და იუდაელები არ უგონებდნენ იეჰოვას?

5 ისრაელებმა ვერ შეძლეს მადლიერების გამოვლენა იეჰოვასგან მიღებული კურთხევების სანაცვლოდ. გაუგონრობის გამო ნაწინასწარმეტყველები წყევლა ეწიათ. შედეგად, მათ მიწას მტრები დაეპატრონნენ და ისრაელისა და იუდას მკვიდრნი გადაასახლეს (მეორე რჯული 28:36; მეოთხე მეფეთა 17:22, 23; მეორე ნეშტთა 36:17—20). ისწავლა თუ არა ღვთის ხალხმა ამ განსაცდელიდან, რომ ღვთის კურთხევები მხოლოდ მათ ეწევათ, ვინც ყოველთვის უგონებს იეჰოვას? ებრაელთა დარჩენილ ნაწილს, რომელიც ძვ. წ. 537 წელს დაბრუნდა სამშობლოში, საშუალება მიეცა, დაემტკიცებინა, შეიძინეს თუ არა „სიბრძნე გულისა“, და ახლა მაინც თუ ხედავდნენ იმის აუცილებლობას, რომ ყოველთვის გაეგონათ ღვთისთვის (ფსალმუნი 89:12).

6. ა) რა მიზნით გაგზავნა იეჰოვამ ანგია და ზაქარია თავისი ხალხისთვის საწინასწარმეტყველოდ? ბ) რა პრინციპს აშუქებდა ანგიას პირით გადაცემული ღვთის ცნობა?

6 სამშობლოში დაბრუნებულმა ებრაელებმა სამსხვერპლო აღმართეს და იერუსალიმში ტაძრის მშენებლობას შეუდგნენ. მაგრამ როდესაც ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდნენ, მათი ენთუზიაზმი შესუსტდა და მშენებლობაც შეჩერდა (პირველი ეზრა 3:1—3, 10; 4:1—4, 23, 24). გარდა ამისა, მათთვის უმთავრესი პირად კეთილდღეობაზე ზრუნვა გახდა. ამიტომ ღმერთმა წინასწარმეტყველი ანგია და ზაქარია წარგზავნა, რათა თავის ხალხში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის ენთუზიაზმი კვლავ გაეღვივებინა. ანგიას პირით იეჰოვამ თქვა: „იმის ჟამი კი არის, რომ გადახურულ სახლებში ისხდეთ, [თაყვანისცემისთვის განკუთვნილი] ეს სახლი კი მიგდებული იყოს?.. დაუკვირდით თქვენს საქციელს. ბევრს თესავთ, მაგრამ ცოტასა მკით; ჭამთ, მაგრამ ვერ ძღებით... გახვრეტილი ქისისთვის იღებს მშრომელი შრომის საზღაურს“ (ანგია 1:4—6). მატერიალური კეთილდღეობის გულისთვის სულიერ ინტერესებზე უარის თქმას იეჰოვას კურთხევა არ მოაქვს (ლუკა 12:15—21).

7. რატომ უთხრა იეჰოვამ ებრაელებს: „დაუკვირდით თქვენს საქციელს“?

7 ყოველდღიურ საზრუნავში შთანთქმულ ებრაელებს დავიწყებული ჰქონდათ, რომ ღმერთი მხოლოდ იმ შემთხვევაში აკურთხებდა მათ წვიმითა და ნაყოფიერი დროებით, თუ მუდამ, წინააღმდეგობის პირისპირაც კი, ღვთისადმი მორჩილები იქნებოდნენ (ანგია 1:9—11). ამიტომ, მართლაც მართებული იყო ეს შეგონება: „დაუკვირდით თქვენს საქციელს“! (ანგია 1:7). პრინციპში, იეჰოვამ ასეთი რამ უთხრა მათ: „დაფიქრდით! თქვენი ამაო გარჯა მინდვრებში იმის ბრალია, რომ თაყვანისცემისთვის განკუთვნილი ჩემი სახლი მიტოვებული გაქვთ“. ბოლოს, იეჰოვას წინასწარმეტყველთა მიერ შთაგონებით წარმოთქმული სიტყვები შეეხო მათი მსმენელების გულს, რასაც შედეგად ის მოჰყვა, რომ ხალხმა განაახლა ტაძრის მშენებლობა, რომელიც ძვ. წ. 515 წელს დასრულდა.

8. რისკენ მოუწოდა იეჰოვამ ებრაელებს მალაქიას დღეებში, და რატომ?

8 მოგვიანებით, წინასწარმეტყველ მალაქიას დღეებში, ებრაელებმა სულიერად კვლავ მოიკოჭლეს და მიუღებელ შესაწირავებსაც კი სწირავდნენ ღმერთს (მალაქია 1:6—8). ამიტომ იეჰოვამ მოუწოდა მათ, რომ თავიანთი დოვლათის მეათედი მის საგანძურში მიეტანათ და გამოეცადათ, თუ არ გაუხსნიდა მათ ცის საქანელთ და აუწყველად არ აავსებდა კურთხევებით (მალაქია 3:10). რაოდენ უგუნურად იქცეოდნენ ებრაელები, როცა ზუსტად იმისთვის ირჯებოდნენ ამდენს, რასაც ღმერთი თავად მისცემდა უხვად, თუკი ყოველთვის გაიგონებდნენ მის სიტყვას! (მეორე ნეშტთა 31:10).

9. რომელი სამი ბიბლიური პერსონაჟის ცხოვრებას განვიხილავთ?

9 ისრაელი ერის ისტორიის აღწერის გარდა, ბიბლიაში მოთხრობილია მრავალი ცალკეული ადამიანის შესახებაც, რომლებმაც იქიდან გამომდინარე, ყოველთვის უგონებდნენ თუ არა იეჰოვას, ღვთის კურთხევებს ან წყევლას იმსახურებდნენ. მოდი ვნახოთ, რა შეგვიძლია ვისწავლოთ სამი მათგანის — ბოყაზის, ნაბალისა და ხანას — ცხოვრებიდან. კარგი იქნებოდა, წაგეკითხათ ბიბლიის წიგნი „რუთი“, აგრეთვე 1-ლი მეფეთა 1:1—2:21 და 25:2—42, სადაც ამ ადამიანების შესახებაა მოთხრობილი.

ბოყაზი ღმერთს უგონებდა

10. რა ჰქონდათ საერთო ბოყაზსა და ნაბალს?

10 თუმცა ბოყაზი და ნაბალი ერთმანეთის თანამედროვენი არ ყოფილან, რაღაც საერთო ჰქონდათ. მაგალითად, ორივე იუდას მიწაზე ცხოვრობდა. ორივე შეძლებული მიწათმფლობელი იყო და ორივეს გაჭირვებულთათვის გულმოწყალების გამოვლენის განსაკუთრებული შესაძლებლობა ჰქონდა. მაგრამ მათ შორის მსგავსება ზუსტად აქ მთავრდება.

11. როგორ ცხადყო ბოყაზმა, რომ ყოველთვის უგონებდა იეჰოვას?

11 ბოყაზი იმ პერიოდში ცხოვრობდა, როდესაც ისრაელს მსაჯულები მართავდნენ. იგი ადამიანებს პატივისცემით ეპყრობოდა, და თავისი მომკელებიც დიდ პატივს სცემდნენ (რუთი 2:4). ბოყაზი რჯულის თანახმად მოქმედებდა და სამკალში მკის დროს დაცვენილ თავთავებს ტოვებდა, რათა გაჭირვებულებსა და ღარიბ-ღატაკებს მოეკრიფათ (ლევიანნი 19:9, 10). როგორ მოიქცა ბოყაზი, როდესაც რუთისა და ნაყომის შესახებ შეიტყო და დაინახა, თუ როგორ ზრუნავდა რუთი თავის მოხუც დედამთილზე? იგი განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდა რუთს და თავის მუშებს უბრძანა, რომ მისთვის ყანაში დაცვენილი თავთავების აკრეფის საშუალება მიეცათ. თავისი საუბრითა და სიყვარულით გაკეთებული საქმეებით ბოყაზმა ცხადყო, რომ სულიერი ადამიანი იყო, რომელიც იეჰოვას უგონებდა. ამიტომ ღვთის კეთილგანწყობილება და კურთხევა დაიმსახურა (ლევიანნი 19:18; რუთი 2:5—16).

12, 13. ა) როგორ ცხადყო ბოყაზმა, რომ ღრმა პატივისცემით ეპყრობოდა იეჰოვას კანონს, რომელიც გამოხსნასთან იყო დაკავშირებული? ბ) რა კურთხევები ეწია ბოყაზს ღვთისგან?

12 ბოყაზი რომ ყოველთვის უგონებდა იეჰოვას, ყველაზე თვალსაჩინოდ დაადასტურა მისმა უანგარო მოქმედებამ ღვთის იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც გამოხსნას ეხებოდა. ბოყაზმა ყველაფერი იღონა, რომ თავისი ნათესავის — ნაყომის განსვენებული მეუღლის, ელიმელექის — მემკვიდრეობა მის ოჯახს დარჩენოდა. დაქვრივებული ქალი „ლევირატული ქორწინებით“ უნდა მისთხოვებოდა გარდაცვლილი მეუღლის უახლოეს ნათესავს და ვაჟიშვილს, რომელიც მათ შეეძინებოდათ, მემკვიდრეობის გაგრძელების შესაძლებლობა ექნებოდა (მეორე რჯული 25:5—10 [თეცე 25:5—10, თორა, 1995]; ლევიანნი 25:47—49). ამგვარი ქორწინების ვალდებულება რუთმა იკისრა ნაყომის ნაცვლად, რომელსაც ასაკის გამო ბავშვის გაჩენა აღარ შეეძლო. მას შემდეგ, რაც ელიმელექის შედარებით უფრო ახლო ნათესავმა უარი თქვა ნაყომისთვის დახმარების გაწევაზე, ბოყაზმა თავად მოიყვანა რუთი ცოლად. მათი ვაჟიშვილი ობედი ნაყომის შთამომავლად და ელიმელექის კანონიერ მემკვიდრედ ითვლებოდა (რუთი 2:19, 20; 4:1, 6, 9, 13—16).

13 უხვი კურთხევები ეწია ბოყაზს იმის გამო, რომ ასე უანგაროდ მოქმედებდა ღვთის კანონის თანახმად. თავიანთი ვაჟის, ობედის, მეშვეობით ის და რუთი დიდი უპირატესობით იქნენ კურთხეული — ისინი იესო ქრისტეს წინაპრები გახდნენ (რუთი 2:12; 4:13, 21, 22; მათე 1:1, 5, 6). ბოყაზის უანგარო საქციელიდან ვსწავლობთ, რომ კურთხევები ეწევა მათ, ვინც სიყვარულს ავლენს სხვებისადმი და ღვთის მოთხოვნების თანახმად მოქმედებს.

ნაბალი არ უგონებდა ღმერთს

14. როგორი კაცი იყო ნაბალი?

14 ბოყაზისგან განსხვავებით, ნაბალი არ უგონებდა იეჰოვას. მან დაარღვია ღვთის კანონი: „გიყვარდეს შენი ახლობელი, როგორც თავი შენი“ (ლევიანნი 19:18). ნაბალი არ იყო სულიერობის მქონე კაცი; იგი „უკმეხი და ავისმქმნელი“ იყო. თვით მისი საკუთარი მსახურებიც კი „უკეთურ“ კაცად მიიჩნევდნენ. მართლაც მართებულია, რომ მისი სახელი, ნაბალი, „უგონოს“ ან „უგუნურს“ ნიშნავს (პირველი მეფეთა 25:3, 17, 25). მაშ, როგორ მოიქცეოდა ნაბალი, როდესაც გაჭირვებულისადმი — ამჯერად იეჰოვას მიერ ცხებული დავითისადმი — გულმოწყალების გამოვლენის საშუალება მიეცა? (პირველი მეფეთა 16:13).

15. როგორ მოექცა ნაბალი დავითს, მაგრამ რით განსხვავდებოდა აბიგაილი ამ მხრივ თავისი ქმრისგან?

15 როდესაც დავითი და მასთან მყოფი მამაკაცები ნაბალის ფარის მახლობლად იყვნენ დაბანაკებული, ისინი, ყოველგვარი საფასურის გარეშე, მოთარეშე ავაზაკებისგან იცავდნენ მას. „კედლად გვედგნენ დღითა და ღამით“, — თქვა ნაბალის ერთ-ერთმა მწყემსმა. მაგრამ, როდესაც დავითის მიერ წარგზავნილმა ჭაბუკებმა საკვები სთხოვეს, ნაბალმა „აბუჩად აიგდო ისინი“ და ხელცარიელი გაუშვა (პირველი მეფეთა 25:2—16). ნაბალის ცოლმა, აბიგაილმა, მყისვე წაუღო სანოვაგე დავითს. გაცეცხლებულმა დავითმა კინაღამ ამოწყვიტა ნაბალი და მისი ხალხი. აბიგაილმა თავისი ინიციატივით მრავალს შეუნარჩუნა სიცოცხლე და დავითს სისხლის ღვრაში მონაწილეობა აარიდა თავიდან. მაგრამ ნაბალის სიძუნწე და უკმეხობა მეტისმეტად გასცდა საზღვრებს. „ათიოდე დღის შემდეგ დაჰკრა უფალმა ნაბალს და მოკვდა იგი“ (პირველი მეფეთა 25:18—38).

16. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ბოყაზს და უარი ვთქვათ ნაბალის გზებით სიარულზე?

16 რაოდენ დიდი სხვაობა იყო ბოყაზსა და ნაბალს შორის! მოდი უარვყოთ ნაბალის უკმეხობა და მისი ეგოისტური გზები და ბოყაზს მივბაძოთ სიკეთისა და უანგარობის გამოვლენაში (ებრაელთა 13:16, სსგ). თუ გვინდა, რომ ასე მოვიქცეთ, პავლე მოციქულის რჩევა უნდა ვიღოთ ყურად: „ვიდრე დრო გვაქვს, სიკეთე მოვიმოქმედოთ ყველასთვის და უფრო მეტად მათთვის, ვინც რწმენით ჩვენიანია“ (გალატელთა 6:10, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი, 1990“). დღეს იესოს „სხვა ცხვრებს“, ქრისტიანებს, რომლებსაც მიწიერი იმედი აქვთ, შესაძლებლობა აქვთ, სიკეთე გაუკეთონ იეჰოვას ცხებულებს, 144000-ის დარჩენილი ნაწილის წევრებს, რომლებიც უკვდავებას მიიღებენ ზეცაში (იოანე 10:16; 1 კორინთელთა 15:50—53; გამოცხადება 14:1, 4). სიყვარულით გაკეთებულ ასეთ საქმეებს იესო ისე უყურებს, როგორც პირადად მისთვის გაკეთებულს, და ასეთი სანაქებო საქმეების ქმნას იეჰოვას უხვი კურთხევები მოაქვს (მათე 25:34—40; 1 იოანე 3:18).

ხანას განსაცდელები და კურთხევები

17. რა განსაცდელებს წააწყდა ხანა, და როგორი თვალსაზრისი ჰქონდა მას ამ დროს?

17 იეჰოვას კურთხევა ღვთისმოსავ ხანასაც ეწია. იგი ეფრემის მთებში ცხოვრობდა თავის ლევიან ქმართან, ელკანასთან ერთად. რადგან რჯული უშვებდა და აწესრიგებდა პოლიგამიას, ელკანას სხვა ცოლიც ჰყავდა, სახელად ფენინა. ხანა უშვილო იყო, რაც სირცხვილად ითვლებოდა ისრაელი ქალისთვის, ხოლო ფენინას რამდენიმე შვილი ჰყავდა (პირველი მეფეთა 1:1—3; პირველი ნეშტთა 6:16, 33, 34). იმის ნაცვლად, რომ ენუგეშებინა, ფენინა ჯიბრით ექცეოდა ხანას, რაც ამ უკანასკნელს ისე უმწარებდა სულს, რომ ტირილს იწყებდა და პირში ლუკმაც კი არ ჩასდიოდა. მდგომარეობას ისიც აუარესებდა, რომ ეს „ყოველწლიურად“ მეორდებოდა — ყოველთვის, როდესაც ოჯახი სილოამში მდებარე იეჰოვას სახლში მიდიოდა (პირველი მეფეთა 1:3—8). რაოდენ დიდი გულქვაობა იყო ეს ფენინას მხრიდან, ხოლო ხანასთვის — დიდი განსაცდელი! მიუხედავად ამისა, ხანა არასოდეს ადანაშაულებდა იეჰოვას, და არც სახლში რჩებოდა, როცა მისი ქმარი სილოამში მიდიოდა. ასეთი სიმტკიცის გამო, საბოლოოდ, მას უსათუოდ დიდი კურთხევა უნდა სწეოდა.

18. რა მაგალითი მოგვცა ხანამ?

18 ხანამ შესანიშნავი მაგალითი მისცა იეჰოვას თანამედროვე მსახურებს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც შესაძლოა გული ატკინეს უხეში სიტყვებით. ასეთ შემთხვევაში, სხვებისგან გარიყვა პრობლემას ვერ მოაგვარებს (იგავნი 18:1, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884). ხანამ განსაცდელებს არ მისცა იმის საშუალება, რომ მისთვის იქ ყოფნის სურვილი გაენელებინათ, სადაც ღვთის სიტყვას ასწავლიდნენ და სადაც მისი ხალხი თაყვანისცემისთვის იკრიბებოდა. ამიტომაც მან სულიერი სიმტკიცე შეინარჩუნა. თუ რამდენად დიდი იყო მისი სულიერობა, კარგად ჩანს მის მიერ წარმოთქმულ შესანიშნავ ლოცვაში, რომელიც პირველი მეფეთას 2:1—10-შია ჩაწერილი a.

19. როგორ შეგვიძლია სულიერი ღონისძიებებისთვის მადლიერების გამოხატვა?

19 ჩვენ, იეჰოვას თანამედროვე მსახურები, კარავში არ ვცემთ ღმერთს თაყვანს. მაგრამ ხანას მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია სულიერი ღონისძიებებისთვის მადლიერების გამოვლენა. მაგალითად, სულიერი სიმდიდრისთვის ღრმა მადლიერების გამოხატვა ქრისტიანულ შეხვედრებსა და კონგრესებზე რეგულარული დასწრებით შეგვიძლია. მოდი გამოვიყენოთ ეს შემთხვევები, რათა ერთმანეთი წავახალისოთ იეჰოვას ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში — იეჰოვასი, რომელმაც საშუალება მოგვცა, „უშიშრად... გვემსახურა მისთვის სიწმიდით და სიმართლით“ (ლუკა 1:74, 75; ებრაელთა 10:24, 25).

20, 21. რით დაჯილდოვდა ხანა ღვთისადმი ერთგულების გამო?

20 იეჰოვას შეუმჩნეველი არ დარჩენია ხანას ერთგულება და უხვად აკურთხა იგი. ერთხელაც, როდესაც მისი ოჯახი, ყოველწლიური ჩვეულებისამებრ, სილოამში იყო ასული, მოტირალი ხანა გულმხურვალედ ლოცულობდა ღვთისადმი და აღუთქვამდა: „ცაბაოთ უფალო, თუ მოხედავ შენი მხევლის ტანჯვას, თუ გამიხსენებ და არ დაივიწყებ შენს მხევალს, და მისცემ შენს მხევალს ვაჟიშვილს, უფალს დავუთმობ მას. ვიდრე ცოცხალი იქნება“ (პირველი მეფეთა 1:9—11). ღმერთმა შეისმინა ხანას ვედრება და ვაჟიშვილით აკურთხა, რომელსაც სამუელი დაარქვა. როდესაც წამოიზარდა, სილოამში წაიყვანა, რათა კარავში ემსახურა (პირველი მეფეთა 1:20, 24—28).

21 ხანამ სიყვარული გამოავლინა ღვთისადმი და სამუელთან დაკავშირებით მიცემული აღთქმა შეასრულა. დაფიქრდით იმ დიდ კურთხევაზე, რომელიც მან და ელკანამ მიიღეს — მათი საყვარელი ვაჟი იეჰოვას კარავში მსახურობდა! ბევრი ქრისტიანი მშობელი მსგავს კურთხევებს იღებს და ხარობს, რადგან მათი ვაჟიშვილები და ქალიშვილები სრული დროით პიონერებად და ბეთელის ოჯახის წევრებად მსახურობენ ან სხვაგვარად ემსახურებიან იეჰოვას.

ყოველთვის უგონებდეთ იეჰოვას!

22, 23. ა) რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, თუკი ყოველთვის ვიგონებთ იეჰოვას სიტყვას? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

22 რას უნდა მოველოდეთ, თუკი ყოველთვის გავუგონებთ იეჰოვას? ჩვენ სულიერად მდიდრები ვიქნებით, თუ მთელი გულით გამოვავლენთ ღვთისადმი სიყვარულს და ჩვენი ცხოვრებით ცხადვყოფთ, რომ მისადმი მიძღვნილი მსახურები ვართ. ასეთი ცხოვრების გამო, თუნდაც მძიმე განსაცდელების გადატანა მოგვიწიოს, იეჰოვას კურთხევა აუცილებლად გვეწევა — და ხშირად ისე დიდებულად, ჩვენ რომ ვერც კი წარმოვიდგენდით (ფსალმუნი 36:4; ებრაელთა 6:10).

23 ღვთის ხალხი მომავალში მრავალ კურთხევას მიიღებს. იმის გამო, რომ იეჰოვას მორჩილად უგონებს, „უამრავი ხალხი“ გადაიტანს „დიდ გასაჭირს“ და ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრებით გაიხარებს (გამოცხადება 7:9—14; 2 პეტრე 3:13). იქ იეჰოვა მთლიანად დააკმაყოფილებს თავისი ხალხის მართებულ სურვილებს (ფსალმუნი 144:16). მაგრამ, როგორც მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, ისინი, ვინც ყოველთვის იგონებს იეჰოვას სიტყვას, დღესაც კი იღებენ ‘კეთილ საბოძვარს და სრულყოფილ ნიჭებს მაღლიდან’ (იაკობი 1:17).

[სქოლიოები]

a ხანას მიერ წარმოთქმული სიტყვები რაღაცით ქალწულ მარიამის ლოცვას წააგავს, რომელიც მას შემდეგ წარმოთქვა, რაც გაიგო, რომ მესიის დედა უნდა გამხდარიყო (ლუკა 1:46—55).

გახსოვთ თუ არა?

რის სწავლა შეგვიძლია ისრაელის ისტორიიდან ღვთის კურთხევების შესახებ?

• რით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან ბოყაზი და ნაბალი?

• როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ხანას?

• რატომ უნდა ვიგონებდეთ იეჰოვას სიტყვას?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 10 გვერდზე]

მეფე სოლომონი ლოცულობდა, რომ გამგები გული ჰქონოდა და იეჰოვამ სიბრძნით აკურთხა იგი.

[სურათი 12 გვერდზე]

ბოყაზი სხვებს პატივისცემით და გულკეთილად ეპყრობოდა.

[სურათი 15 გვერდზე]

ხანამ, იმის გამო, რომ იეჰოვას მიენდო, უხვი კურთხევა მიიღო.