არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იარე ‘მართალთა სწორ გზაზე’

იარე ‘მართალთა სწორ გზაზე’

იარე ‘მართალთა სწორ გზაზე’

„მართალს... სიკეთე ეწევა, — თქვა წინასწარმეტყველმა ესაიამ, — ყველა თავის ნამოქმედარს შეჭამს“. შემდეგ კი დასძინა: „სწორია მართალთა გზა“ (ესაია 3:10; 26:7). მართლაცდა, ჩვენმა ნამოქმედარმა კარგი ნაყოფი რომ გამოიღოს, ის უნდა ვაკეთოთ, რაც ღვთის თვალშია სწორი.

მაგრამ როგორ შეგვიძლია მართალთა სწორ გზაზე სიარული? თუ ასე მოვიქცევით, რა კურთხევებს მივიღებთ? და რა სარგებლობა შეიძლება მოვუტანოთ სხვებს, თუ ღვთის სიმართლის ნორმებს დავიცავთ? ბიბლიური წიგნის, „იგავნის“, მე-10 მუხლში ძველი ისრაელის მეფე სოლომონი მართლებსა და ბოროტებს განასხვავებს და ამ კითხვებზე გვპასუხობს, როდესაც ის ამ თავში 13-ჯერ იყენებს გამოთქმას „მართალნი“, აქედან ეს გამოთქმა 9-ჯერ 15—32 მუხლებში გვხვდება. ასე რომ, იგავნის 10:15—32-ის განხილვა გამამხნევებელი იქნება a.

ჩაეჭიდე შეგონებას

სოლომონი აღნიშნავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მართალი რომ იყო: „მდიდრის ქონება მისი ციხე-ქალაქია, ხოლო ღარიბთა დამღუპველი — მათი სიღატაკე. მართლის შრომა სასიცოცხლოდ არის, ხოლო ბოროტეულთა მონახვეჭი ცოდვაა“ (იგავნი 10:15, 16).

სიმდიდრეს ისევე შეუძლია ადამიანის დაცვა ცვალებადი მდგომარეობისგან, როგორც გამაგრებულ ქალაქს — თავისი მცხოვრებლებისთვის უსაფრთხოების შენარჩუნება. სიღარიბე კი შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს მოვლენების უცაბედი ცვლილების დროს (ეკლესიასტე 7:12). მაგრამ ამ ბრძენმა მეფემ ის საშიშროებაც მოიხსენია, რომელიც როგორც სიმდიდრესთან, ისე სიღარიბესთან არის დაკავშირებული. მდიდარმა კაცმა შეიძლება თავისი მთელი იმედები სიმდიდრეზე დაამყაროს; იფიქროს, რომ თავისი ძვირფასი ნივთები „მაღალი კედელივით იფარავს“ (იგავნი 18:11). ღარიბმა კაცმა კი შეიძლება სიღარიბის გამო მომავლის ყველანაირი იმედი გადაიწუროს. ამიტომ სიმდიდრე და სიღარიბე ხელის შემშლელია ღმერთთან კარგი სახელის მოპოვებაში.

მართალი ადამიანი კი, ბევრი აქვს თუ ცოტა, ცხოვრებაში თავისი სიმართლით ხელმძღვანელობს. როგორ? კმაყოფილია იმით, რაც აქვს. ის თავის ფინანსურ მდგომარეობას იმის საშუალებას არ აძლევს, რომ ღვთის კეთილგანწყობილება დააკარგვინოს. მართალი ადამიანისთვის, მდიდარი იქნება ის თუ ღარიბი, ცხოვრებაში არჩეულ კურსს დღესვე მოაქვს ბედნიერება, სამომავლოდ კი მარადიული სიცოცხლის იმედს უნერგავს (იობი 42:10—13). ბოროტი ადამიანი რომ გამდიდრდეს კიდეც, მაინც ვერ ნახავს სარგებელს. იმის მაგივრად, რომ დააფასოს თავისი სიმდიდრის მფარველი ძალა და ღვთის ნებისამებრ იცხოვროს, თავის სიმდიდრეს ცოდვის გასამრავლებლად იყენებს.

„შეგონების დამმარხველი სიცოცხლის გზას ადგას, — დასძენს ისრაელის მეფე, — დარიგების უკუმგდებელი გზააბნეული დაეხეტება“ (იგავნი 10:17). ბიბლიის ერთი მკვლევარი ამბობს, რომ ამ მუხლის ორგვარად გაგება შეიძლება. პირველი გაგება ის არის, რომ ადამიანი, რომელიც იღებს შეგონებას და მისდევს სიმართლეს, სიცოცხლის გზას ადგას, სხვა კი დარიგებას უკუაგდებს და გზიდან უხვევს. ეს მუხლი შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ „ის, ვინც შეგონებას შეისმენს, სიცოცხლის გზას უჩვენებს [სხვებს, რადგან მისი კარგი მაგალითით ისინი სარგებლობენ], ხოლო, ვინც დარიგებას უგულებელყოფს, თავგზას უბნევს სხვებს“ (იგავნი 10:17, „ახალი საერთაშორისო თარგმანი“ ). ორივე შემთხვევაში, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ შეგონება და დარიგება არ უკუვაგდოთ!

სიყვარული სიძულვილის წილ

შემდეგ სოლომონი მსგავსი გაგების ორნაწილიან იგავს გვთავაზობს, რომლის მეორე ნაწილიც პირველს განამტკიცებს. ის ამბობს: „სიძულვილის დამფარველს ცრუ ბაგეები აქვს“. თუ კაცს ვინმე სძულს, მაგრამ ტკბილი ან პირფერული სიტყვებით თავს სხვანაირად აჩვენებს, მატყუარაა და „ცრუ ბაგეები აქვს“. შემდეგ ბრძენი მეფე დასძენს: „ჭორის გამავრცელებელი კი სულელია“ (იგავნი 10:18). მიუხედავად იმისა, რომ სიძულვილს არ მალავენ, ზოგი იმ ადამიანს, ვინც სძულს, ცილს სწამებს ან ხმებს უვრცელებს დასამცირებლად. ეს სისულელეა, რადგან უხამსი ხმები, რომლებსაც ცილისმწამებელი ავრცელებს, სინამდვილეში ვერ შეცვლის პიროვნებას. გამჭრიახი მსმენელი კი დაინახავს ღვარძლს და ცილისმწამებლისადმი პატივისცემას დაკარგავს. ასე რომ, ის, ვინც უხამს ამბებს ავრცელებს, საკუთარ თავს ვნებს.

ტყუილიც და ცილისწამებაც უმართლო მოქმედებაა. ღმერთმა ისრაელებს უთხრა: „მტრობა ნუ გექნება გულში შენი მოძმისადმი“ (ლევიანნი 19:17). იესომ კი თავის მსმენებლებს ურჩია: „გიყვარდეთ თქვენი მტრები[ც კი], დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით. რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი“ (მათე 5:44, 45). რამდენად უკეთესია, რომ გულები სიყვარულით ავივსოთ და არა სიძულვილით!

ბაგეების ალაგმვა

ბრძენი მეფე ენის დამორჩილების აუცილებლობას უსვამს ხაზს, როდესაც აბობს: „ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია, საკუთარი ბაგეების ამლაგმავი გონიერია“ (იგავნი 10:19).

„ბრიყვი მრავალსიტყვაა“ (ეკლესიასტე 10:14). მისი პირი „სისულელეს როშავს“ (იგავნი 15:2). ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლაპარაკის მოყვარული ყველა ადამიანი სულელია. მაგრამ რამდენად ადვილია სიტყვამრავალი ადამიანისთვის, ჭორებისა და ხმების გავრცელების პირველწყაროდ იქცეს! უგუნურმა საუბარმა ხშირად შეიძლება ადამიანს ცუდი რეპუტაცია შეუქმნას, მტკივნეული გრძნობები გაუღვივოს, დაძაბული ურთიერთობის მსხვერპლად აქციოს და ფიზიკური ზიანიც კი მოუტანოს. „ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია“ (იგავნი 10:19). უფრო მეტიც, გამაღიზიანებელიც კია ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც არაფერს ტოვებს უკომენტაროდ. მოდი ნუ მოვყვებით გაუთავებელ ლაპარაკს.

ვინც თავის ბაგეებს ლაგმავს, არა მარტო სიცრუეს არიდებს თავს, არამედ გონივრულადაც იქცევა. სანამ რამეს იტყოდეს, ჯერ დაფიქრდება. პიროვნება, რომელიც იეჰოვას ნორმებისადმი სიყვარულით ცხოვრობს და სურს, მოყვასს დაეხმაროს, ყოველთვის მხედველობაში იღებს იმას, თუ რა გავლენას მოახდენს მისი სიტყვები სხვებზე. რასაც ამბობს, სიყვარულითა და სიკეთით ამბობს. ის უფიქრდება თავის სიტყვებს, ცდილობს განსაზღვროს, თუ როგორ თქვას სათქმელი ისე, რომ ხალხს ასიამოვნოს და მათაც სარგებლობა მიიღონ. მისი სიტყვები „მოვერცხლილი ოქროს ვაშლებივითაა“ — ყოველთვის გონივრულად შერჩეული და ღირსეული (იგავნი 25:11).

„მრავალს მწყემსავენ“

„მართლის ენა რჩეული ვერცხლია, — შემდეგ დასძენს, — ბოროტეულთა გული კი ნამცეცის ოდენაა“ (იგავნი 10:20). მართლის ნათქვამი მაღალხარისხოვანი, განწმენდილი ვერცხლივით სუფთაა. რა თქმა უნდა, ასე შეიძლება ითქვას იეჰოვას მსახურებზე, რადგან ისინი ღვთის სიტყვაზე დაფუძნებულ სიცოცხლის გადამრჩენ შემეცნებას უზიარებენ სხვებს. ისინი თავიანთმა დიდებულმა მოძღვარმა, იეჰოვა ღმერთმა, დამოძღვრა და სწავლულთა ენა მისცა დამაშვრალთა სიტყვით გასამხნევებლად (ესაია 30:20; 50:4). მართლაცდა, მათი ენა რჩეული ვერცხლივით არის, რადგან მათი ბაგეები ბიბლიურ ჭეშმარიტებას ღაღადებენ. განა გულწრფელ ადამიანთათვის ბევრად უფრო ძვირფასი არ არის ღვთის მსახურთა საუბარი, ვიდრე ბოროტთა ზრახვები! მოდი მთელი გულით ყველას მივაწვდინოთ ხმა ღვთის სამეფოსა და მისი შესანიშნავი საქმეების შესახებ.

მართალი ადამიანი გარშემო მყოფთათვის კურთხევაა. „მართლის ბაგენი მრავალს მწყემსავენ, — განაგრძობს სოლომონი, — ბრიყვები კი თავიანთი უჭკუობით იხოცებიან“ (იგავნი 10:21).

„მართლის ბაგენი მრავალს მწყემსავენ“. როგორ? მწყემსის საქმიანობაა, უხელმძღვანელოს თავის ფარას და აბალახოს, ანუ გამოკვებოს. სწორედ ასე ზრუნავდა ძველად მწყემსი თავის სამწყსოზე (პირველი მეფეთა 16:11; ფსალმუნი 22:1—3; ქებათა-ქება 1:7). მართალი ადამიანი სიმართლით ხელმძღვანელობს სხვებს და თავისი საუბრით მსმენელებს „დააპურებს“. ამიტომ მათი ცხოვრება უფრო ბედნიერი და სასიამოვნოა და შეიძლება მარადიული სიცოცხლეც კი დაიმკვიდრონ.

რის თქმა შეიძლება უგუნურზე? უჭკუო კაცს არ ადარდებს, რა შედეგები მოჰყვება მის მოქმედებებს. ასეთი ადამიანი მხოლოდ იმას აკეთებს, რაც სურს, და შედეგებს ყურადღებას არ აქცევს. ამიტომ იმას იმკის, რასაც თესავს. მართალი ადამიანი სხვებს სიცოცხლის შენარჩუნებაში ეხმარება, ხოლო უჭკუო თავის სიცოცხლესაც კი ვერ ინარჩუნებს.

ნუ მოიქცევით თავაშვებულად

ადამიანის პიროვნება ხშირად იმის მიხედვით ამოიცნობა, თუ რა მოსწონს და რა არა. ამასთან დაკავშირებით ისრაელის მეფე ამბობს: „უგუნურის ხალისი ავის ქმნაშია, ხოლო გონიერი კაცისა — სიბრძნეში“ (იგავნი 10:23).

ზოგი თავაშვებულ ქცევას გართობად ანუ თამაშად მიიჩნევს და ამას მხოლოდ „თავის შესაქცევად“ აკეთებს. ისინი უგულებელყოფენ იმას, რომ ყველამ ღმერთს უნდა ჩააბარონ ანგარიში. გარდა ამისა, თვალს ხუჭავენ თავიანთ არასწორ ქცევებზე (რომაელთა 14:12). განსჯის უნარი დაკარგეს და ჰგონიათ, რომ ღმერთი მათ უკუღმართობას ვერ ხედავს. ისინი თავიანთი მოქმედებით ამბობენ: „არ არის ღმერთი“ (ფსალმუნი 13:1—3; ესაია 29:15, 16). რა უგუნურებაა, არა?!

გამჭრიახი ადამიანი კი ხვდება, რომ თავაშვებული მოქმედება გართობა არ არის. მან იცის, რომ ღმერთს ეს არ მოსწონს და მასთან ურთიერთობასაც კი უსპობს კაცს. ასეთი მოქმედება უგუნურების ტოლფასია, რადგან ის ადამიანს ღირსების გრძნობას უკარგავს, ოჯახებს ანგრევს, ვნებს როგორც გონებას, ისე სხეულს და სულიერი ცხოვრებისადმი ინტერესს აკარგვინებს. გონივრულად ვმოქმედებთ, თუ თავს თავაშვებული ქცევის უფლებას არ ვაძლევთ და სიბრძნის ისეთ სიყვარულს ვიღვივებთ, როგორსაც — ჩვენი ღვიძლი ძვირფასი დისადმი (იგავნი 7:4).

მტკიცე საძირკველზე დააფუძნე

სოლომონი, იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა თავის ცხოვრებას სათანადო საძირკველი ჩაუყაროს, ამბობს: „რაც ბოროტეულს აშინებს, სწორედ ის შეემთხვევა, მართალს კი სასურველი მიეცემა. როცა გაივლის ქარიშხალი, აღარც ბოროტეულია, მართალი კი დაფუძნებულია სამარადისოდ“ (იგავნი 10:24, 25).

ბოროტმა ადამიანმა შეიძლება ბევრი შეაშინოს. მაგრამ ბოლოს არაფერი რჩება უკვალოდ და თავისი სიბოროტე უკანვე უბრუნდება. რადგან მის მოქმედებებს საფუძვლად ღვთის სიმართლის პრინციპები არ უდევს, შერყეული შენობასავით არის, რომელიც ქარიშხალს ვერ უძლებს. როდესაც თავისი საქმეების გამო პასუხს სთხოვენ, ის ფარ-ხმალს ყრის. მართალი ადამიანი კი იესოს ნათქვამისამებრ მოქმედებს. როგორც იესო ამბობს, გონიერი კაცი ის არის, „რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა. მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს; ის კი არ დაეცა, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული“ (მათე 7:24, 25). ასეთი ადამიანი მტკიცეა — მისი ფიქრები და მოქმედებები მყარად არის დაფუძნებული ღვთის პრინციპებზე.

სანამ კვლავ განაგრძობდეს ბოროტსა და მართალს შორის სხვაობებზე საუბარს, ბრძენი მეფე მოკლე, მაგრამ მნიშვნელოვან გაფრთხილებას იძლევა: „რაც ძმარია კბილთათვის და კვამლი თვალთათვის, იგივეა ზანტი კაცი თავისი მიმავლინებლისთვის“ (იგავნი 10:26). ძმარი კბილებისთვის უსიამოვნოა. ძმარმჟავა პირში სიმჟავის გემოს ტოვებს და შეიძლება ადამიანს კბილებიც კი მოკვეთოს. კვამლი კი თვალებს წვავს. მაშასადამე, ვინც ზარმაც ადამიანს იქირავებს ან თავისი წარმომადგენლის უფლებამოსილებით აღჭურავს, იმედი გაუცრუვდება და იზარალებს.

„უფლის გზა სიმტკიცეა“

ისრაელის მეფე განაგრძობს: „უფლის მოშიშება ახანგრძლივებს დღეებს, ხოლო ბოროტეულთა წლები შემოკლდება. მართალთა სასოება სიხარულია, ბოროტეულთა იმედი კი დაიღუპება“ (იგავნი 10:27, 28).

მართალი ადამიანი ღვთისმოშიშებით დადის და ცდილობს, თავისი საუბრით, ფიქრითა და საქციელით იეჰოვას ასიამოვნოს. ღმერთი ზრუნავს ასეთ ადამიანზე და უმართლებს სიმართლის პრინციპებზე დაფუძნებულ იმედებს. ბოროტი კი უღვთო ცხოვრებით ცხოვრობს. მისი იმედები ხანდახან თითქოს მართლდება, მაგრამ ეს დროებითია. თავისი ცხოვრების წესის „წყალობით“ ხშირად ნაადრევად მოკლდება მისი სიცოცხლის დღეები ძალადობის ან დაავადების გამო. ხოლო როცა კვდება, მთელი იმედები უცრუვდება (იგავნი 11:7).

„უფლის გზა სიმტკიცეა უმწიკვლოსთვის და დაღუპვაა ბოროტმოქმედთათვის“, — ამბობს სოლომონი (იგავნი 10:29). ამ მუხლში მოხსენიებული იეჰოვას გზა ეხება არა ცხოვრების გზას, რომლითაც დავდივართ, არამედ ღვთის გზას, რომელსაც კაცობრიობასთან ურთიერთობისთვის იყენებს. „კლდეა იგი, სრულყოფილია მისი ქმნილება, — თქვა მოსემ, — სამართლიანია მისი ყოველი გზა“ (მეორე რჯული 32:4). ღვთის სამართლიანი გზა მართალთათვის უსაფრთხოებაა, ბოროტთათვის კი — დაღუპვა.

როგორ განამტკიცებს იეჰოვა თავის ხალხს! „მართალი არასდროს წაბორძიკდება, ბოროტეულნი კი ვერ დაივანებენ ქვეყანაზე. მართლის პირი სიბრძნეს აღმოაცენებს, ღალატიანი ენა კი მოიკვეთება. მართლის ბაგენი მადლს აუწყებენ, ბოროტეულთა პირი კი — ღალატს“ (იგავნი 10:30—32).

რაღა თქმა უნდა, მართალი ადამიანი კარგად გრძნობს თავს და კურთხეულია, რადგან სიმართლის გზით დადის. ამასთანავე, „უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და მწუხარება არ ეწევა მას“ (იგავნი 10:22). მაშ, მოდი ყოველთვის ღვთის პრინციპების თანახმად მოვიქცეთ. ყოველთვის ავლაგმოთ ჩვენი ბაგეები და ჩვენი ენა ისე გამოვიყენოთ, რომ ვასწავლოთ ხალხს სიცოცხლის გადამრჩენი ღვთის ჭეშმარიტი სიტყვა და სიმართლის გზაზე გავუძღვეთ.

[სქოლიოები]

a იგავნის 10:1—14-ის უფრო დეტალური განხილვისთვის, იხილეთ 2001 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 24—27.

[სურათი 26 გვერდზე]

ენა შეიძლება „რჩეული ვერცხლი“ იყოს.