არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას კურთხევა გვამდიდრებს

იეჰოვას კურთხევა გვამდიდრებს

იეჰოვას კურთხევა გვამდიდრებს

«უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და მწუხარება [„ტკივილი“, აქ] არ ეწევა მას» (იგავნი 10:22).

1, 2. რატომ ვერ მოაქვს მატერიალურ სიმდიდრეს ბედნიერება?

 დღესდღეობით მატერიალური კეთილდღეობის სინდრომით მილიონობით ადამიანია დაავადებული. მაგრამ საინტერესოა, აბედნიერებთ კი მათ მატერიალური ნივთები? „არ მახსოვს, რომ ოდესმე ადამიანები ასე უკმაყოფილო ყოფილიყვნენ თავიანთი ხვედრით, როგორც დღეს“, — ნათქვამია „ავსტრალიურ ქალთა ყოველკვირეულში“. შემდეგ დასძენს: „ნამდვილად პარადოქსია. გვეუბნებიან, რომ ავსტრალიაში საუცხოო ეკონომიკური მდგომარეობაა, რომ ამაზე კარგ ცხოვრებას ვერც კი ინატრებს კაცი... და მიუხედავად ამისა, ქვეყანა პესიმიზმითაა მოცული. როგორც მამაკაცები, ისე ქალები გრძნობენ, რომ მათ ცხოვრებას რაღაც აკლია, მაგრამ ვერ ხვდებიან, რა უნდა იყოს ეს“. რაოდენ ჭეშმარიტია ის, რაზეც საღვთო წერილი მიგვითითებს — რომ არც ბედნიერებაა და არც სიცოცხლე დამოკიდებული იმაზე, რასაც ვფლობთ! (ეკლესიასტე 5:10; ლუკა 12:15).

2 ბიბლია გვასწავლის, რომ უდიდესი ბედნიერება ღვთის კურთხევას მოაქვს. ამასთან დაკავშირებით იგავნის 10:22 ამბობს: «უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და მწუხარება [„ტკივილი“, აქ] არ ეწევა მას». სიმდიდრეზე დახარბებას ხშირად ტკივილი მოაქვს. ამიტომაც გაგვაფრთხილა მოციქულმა პავლემ: „გამდიდრების მსურველნი ცვივიან განსაცდელსა და მახეში, მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში, რომელნიც გასანადგურებლად და დასაღუპად უბიძგებენ ადამიანს. ვინაიდან ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა და ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს“ (1 ტიმოთე 6:9, 10).

3. რატომ ცვივიან განსაცდელში ღვთის მსახურები?

3 სხვა მხრივ კი, ყველა, ვინც ‘უფლის სიტყვას იგონებს’ კურთხევებს იღებს, რომლებსაც ტკივილი არ ახლავს (მეორე რჯული 28:2). მაგრამ ზოგი შეიძლება დაინტერესდეს: თუ იეჰოვას კურთხევას ტკივილი თან არ სდევს, მაშ რატომღა იტანჯება ღვთის მრავალი მსახური? როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ღმერთი უშვებს ჩვენს განსაცდელებს, მაგრამ სინამდვილეში მათი სათავე სატანა, მისი ბოროტი სისტემა და ჩვენი არასრულყოფილი ბუნებაა (დაბადება 6:5; მეორე რჯული 32:4, 5; იოანე 15:19; იაკობი 1:14, 15). იეჰოვაა «ყველა კეთილი საბოძვარისა და ყველა სრულყოფილი ნიჭის [„ძღვნის“, აქ]» წყარო (იაკობი 1:17). ამიტომ მის კურთხევებს არასდროს მოაქვს ჩვენთვის ტკივილი. მაშ, მოდი განვიხილოთ ღვთის ზოგიერთი სრულყოფილი ძღვენი.

ღვთის სიტყვა — ფასდაუდებელი ძღვენი

4. რა კურთხევასა და ფასდაუდებელ ძღვენს ფლობს იეჰოვას ხალხი ამ „უკანასკნელ ჟამს“?

4 „უკანასკნელი ჟამის“ შესახებ დანიელის წინასწარმეტყველება ამბობს: „ჭეშმარიტი შემეცნება უხვად იქნება“, (აქ). მაგრამ, შემდეგ დასძენს, რომ „ვერცერთი ბოროტეული ვერ მიხვდება, ხოლო გონიერნი მიხვდებიან“ (დანიელი 12:4, 10). დაუფიქრდით! ღვთის სიტყვა — რომელიც ძირითადად წინასწარმეტყველებაა — იმგვარი ღვთიური სიბრძნითაა გადმოცემული, რომ ბოროტეულებს არ ძალუძთ მისი ნამდვილი მნიშვნელობის მიხვედრა, იეჰოვას ხალხს კი ძალუძს. „გადიდებ, შენ, მამაო, უფალო ცისა და ქვეყნისაო, — ლოცულობდა ღვთის ძე, — რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ და ჩვილებს განუცხადე“ (ლუკა 10:21). რაოდენ დიდი კურთხევაა, რომ ეს ფასდაუდებელი ძღვენი, ღვთის სიტყვა ბიბლია გვაქვს, და ჩვენც ერთ-ერთი მათგანი ვართ, ვისაც იეჰოვამ სულიერი წვდომის უნარი უბოძა! (1 კორინთელთა 1:21, 27, 28; 2:14, 15).

5. რა არის სიბრძნე, და როგორ შეგვიძლია მისი შეძენა?

5 ჩვენ საერთოდ არ გვექნებოდა სულიერი წვდომის უნარი, სიბრძნე რომ არ მიგვეღო მაღლიდან (იაკობი 3:17). სიბრძნე არის ცოდნისა და გაგების მეშვეობით პრობლემების გადაწყვეტის, საფრთხის თავიდან აცილების, მიზნების მიღწევის და გონივრული რჩევის მიცემის უნარი. როგორ ვიძენთ ღვთიურ სიბრძნეს? იგავნის 2:6-ში ნათქვამია: „უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და შეგნება“. დიახ, თუ დაჟინებით ვილოცებთ სიბრძნისთვის, იეჰოვა გვაკურთხებს და გვიბოძებს მას, ისევე როგორც „ბრძენი და გონიერი გული“ უბოძა მეფე სოლომონს (მესამე მეფეთა 3:11, 12; იაკობი 1:5—8). სიბრძნე რომ შევიძინოთ, ყოველთვის უნდა ვუგონებდეთ იეჰოვას; ამისთვის კი მისი სიტყვის რეგულარულად შესწავლა და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებაა საჭირო.

6. რატომ არის გონივრული ღვთის კანონებისა და პრინციპების ცხოვრებაში გამოყენება?

6 ღვთიური სიბრძნე, ძირითადად, ბიბლიური კანონებისა და პრინციპების სახითაა წარმოდგენილი. მათ ყოველმხრივი — ფიზიკური, გონებრივი, ემოციური და სულიერი — სარგებლობა მოაქვთ ჩვენთვის. მართებულად მღეროდა ფსალმუნმომღერალი: „რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა ჭეშმარიტია, გააბრძნობს გულუბრყვილოებს. მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს. შიში უფლისა წმიდა არის, მარადიული. უფლის განსჯანი — ჭეშმარიტნი, მართალნი ერთობ. სასურველი არიან ოქროზე და თვით ბაჯაღლოზე მეტად“ (ფსალმუნი 18:8—11; 118:72).

7. რა შედეგები მოაქვს ღვთის სამართლიანი ნორმების უგულებელყოფას?

7 მეორე მხრივ კი, ღვთის სამართლიანი ნორმების უგულებელმყოფელნი ვერ პოულობენ ესოდენ საწადელ ბედნიერებასა და თავისუფლებას. კაცი რასაც დათესავს, იმას მოიმკისო და ამიტომ, ადრე თუ გვიან, ისინი მიხვდებიან, რომ ღმერთი მათი დასაცინი პიროვნება არ არის (გალატელთა 6:7). ბიბლიური პრინციპების უგულებელმყოფელი მილიონობით ადამიანი ისეთ სავალალო შედეგებს იმკის, როგორიცაა არასასურველი ფეხმძიმობა, საშინელი სნეულებანი ან დამაუძლურებელი მავნე ჩვევები. თუ ისინი არ მოინანიებენ და არ მიატოვებენ უწინდელი ცხოვრების წესს, ასეთი საქციელი მათ, საბოლოოდ, დაღუპავს და შეიძლება ღვთის ხელითაც განადგურდნენ (მათე 7:13, 14).

8. რატომ არიან ბედნიერი ისინი, ვისაც ღვთის სიტყვა უყვარს?

8 მაგრამ იმ ადამიანებს, ვისაც ღვთის სიტყვა უყვარს და მას ცხოვრებაში იყენებს, უხვი კურთხევები ეწევათ ახლაც და მომავალშიც. ისინი მართებულად ფიქრობენ, რომ ღვთის რჯულით გათავისუფლდნენ, ნამდვილად ბედნიერი არიან და მოუთმენლად მოელიან იმ დროს, როდესაც ცოდვასა და მის მომაკვდინებელ შედეგებს დააღწევენ თავს (რომაელთა 8:20, 21; იაკობი 1:25). ეს იმედი უტყუარია, რადგან იგი იმ ძღვენზეა დაფუძნებული, რომელიც ღმერთმა უდიდესი სიყვარულით გაიღო კაცობრიობისთვის — ეს არის მისი მხოლოდშობილი ძის, იესო ქრისტეს, გამომსყიდველური მსხვერპლი (მათე 20:28; იოანე 3:16; რომაელთა 6:23). ასეთი უბადლო ძღვენი კაცობრიობისადმი ღვთის უდიდეს სიყვარულზე მოწმობს და უწყვეტ კურთხევებს აღუთქვამს ყველას, ვინც მუდამ უგონებს იეჰოვას (რომაელთა 8:32).

მადლიერები სულიწმიდის ძღვნისთვის

9, 10. რა სარგებლობას ვიღებთ იეჰოვას მიერ ბოძებული სულიწმიდის ძღვენით? მოიყვანეთ მაგალითი.

9 ღვთის მიერ სიყვარულით ბოძებული კიდევ ერთი ძღვენი, რომლისთვისაც მადლიერი უნდა ვიყოთ, მისი სულიწმიდაა. ახ. წ.33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მოციქულმა პეტრემ იერუსალიმში თავმოყრილ დიდძალ ხალხს მოუწოდა: «მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს [„მიიღებთ სულიწმიდას ძღვნად“, აქ]» (საქმეები 2:38). დღეს იეჰოვა სულიწმიდას აძლევს თავის მიძღვნილ მსახურებს, რომლებიც მის მისაღებად ლოცულობენ და რომლებსაც ღვთის ნების შესრულება სურთ (ლუკა 11:9—13). ძველ დროში, სამყაროში არსებული ეს უძლიერესი ძალა — ღვთის სულიწმიდა, ანუ მოქმედი ძალა — მორწმუნე მამაკაცებსა და ქალებს, მათ შორის ადრინდელ ქრისტიანებს, განამტკიცებდა (ზაქარია 4:6; საქმეები 4:31). როგორც იეჰოვას ხალხი, რა საშიშ დაბრკოლებებს ან სირთულეებსაც უნდა წავაწყდეთ, სულიწმიდას ჩვენი განმტკიცების ძალაც შესწევს (იოველი 2:28, 29).

10 მოდი, ლორელის შემთხვევა განვიხილოთ, რომელიც პოლიომიელიტით დაავადდა და 37 წლის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატი უნარჩუნებდა სიცოცხლეს a. მეტისმეტად მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, იგი სიკვდილამდე გულმოდგინედ ემსახურებოდა ღმერთს. წლების მანძილზე იეჰოვას უხვი კურთხევა ეწია ლორელს. მაგალითად, იგი 17 ადამიანს დაეხმარა ბიბლიური ჭეშმარიტების ზუსტი შემეცნების შეძენაში, მიუხედავად იმისა, რომ 24 საათის განმავლობაში სასუნთქ აპარატზე იყო მიჯაჭვული! მისი მდგომარეობა პავლე მოციქულის სიტყვებს გვახსენებს: „როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი“ (2 კორინთელთა 12:10). დიახ, ნებისმიერი წარმატება, რომელსაც სასიხარულო ცნობის ქადაგებისას შეიძლება მივაღწიოთ, ჩვენი უნარიანობის შედეგი კი არ არის, არამედ სულიწმიდის მეშვეობით ღვთის დახმარების შედეგია; სულიწმიდას კი ღმერთი იმ ადამიანებს აძლევს, რომლებიც მის სიტყვას უგონებენ (ესაია 40:29—31).

11. რა თვისებებს ავითარებს ღვთის სული იმ ადამიანებში, ვინც „ახალ კაცად“ იმოსება?

11 თუ მორჩილად ვუგონებთ ღმერთს, მისი სული ისეთ თვისებებს გვივითარებს, როგორიცაა სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება (გალატელთა 5:22, 23). სულის ეს ნაყოფი „ახალი კაცის“ ნაწილია; „ახალ კაცს“ კი ქრისტიანები იმ სიხარბისა და მხეცური თვისებების ნაცვლად იმოსავენ, რომელთაც უწინ ავლენდნენ (ეფესელთა 4:20—24; ესაია 11:6—9). ამ ნაყოფიდან მეტად მნიშვნელოვანია სიყვარული — „სრულქმნილობის კავშირი“ (კოლასელთა 3:14).

ქრისტიანული სიყვარული — დიდად დასაფასებელი ძღვენი

12. როგორ ავლენდნენ ტაბითა და პირველი საუკუნის სხვა ქრისტიანები სიყვარულს?

12 ქრისტიანული სიყვარული კიდევ ერთი ძღვენია, რომლითაც იეჰოვამ გვაკურთხა და კარგად ვიქცევით, რომ დიდად ვაფასებთ მას. იგი პრინციპზეა დაფუძნებული, მაგრამ ნათესაურ კავშირთან შედარებით მისი ძალა იმდენად დიდია, რომ თანამორწმუნეებს უფრო მეტად აახლოებს (იოანე 15:12, 13; 1 პეტრე 1:22). მაგალითად, დავფიქრდეთ ტაბითაზე, პირველ საუკუნეში მცხოვრებ შესანიშნავ ქრისტიან ქალზე. „იგი სავსე იყო კეთილი საქმეებითა და მოწყალებით“, განსაკუთრებით კი კრებაში მყოფი ქვრივი ქალებისადმი ავლენდა მოწყალებას (საქმეები 9:36). ამ ქალებს შესაძლოა ნათესავებიც ჰყავდათ, მაგრამ ტაბითას სურდა, ყველაფერი ეღონა მათ დასახმარებლად და გასამხნევებლად (1 იოანე 3:18). რა შესანიშნავი მაგალითი მოგვცა ტაბითამ! ძმური სიყვარულით აღძრული პრისკილა და აკვილა „თავს სწირავდნენ“ პავლეს გულისთვის. სიყვარულმა აღძრა ეპაფრასი, ლუკა, ონისიფორე და სხვები, რომ დახმარებოდნენ მოციქულს რომში პატიმრობისას (რომაელთა 16:3, 4; 2 ტიმოთე 1:16; 4:11; ფილიმონი 23, 24). დიახ, ასეთ ქრისტიანებს დღეს ‘სიყვარული აქვთ ერთმანეთში’ — ეს არის ძღვენი, რომლითაც იეჰოვამ აკურთხა ისინი და სწორედ ამ ძღვენით შეიძლება მათი, როგორც იესოს ჭეშმარიტი მოწაფეების, ამოცნობა (იოანე 13:34, 35).

13. როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ დიდად ვაფასებთ ჩვენს ქრისტიანულ საძმოს?

13 დიდად აფასებთ თუ არა სიყვარულს, რომელიც ქრისტიანულ კრებაში სუფევს? ხართ თუ არა მადლიერი მსოფლიო სულიერი საძმოსთვის? ესენიც იეჰოვას მიერ ბოძებული კმაყოფილების მომნიჭებელი და სულიერად გამამდიდრებელი ძღვენია. როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ვაფასებთ ამ საჩუქრებს? ამას ცხადვყოფთ, თუკი წმინდა მსახურებას შევასრულებთ ღვთისთვის, მონაწილეობას მივიღებთ ქრისტიანულ შეხვედრებში და სიყვარულსა და ღვთის სულის სხვა ნაყოფებს გამოვავლენთ (ფილიპელთა 1:9; ებრაელთა 10:24, 25).

„ძღვენი ადამიანთა სახით“

14. რა მოეთხოვება ქრისტიან ძმას, რომელსაც უხუცესად ან სამსახურებრივ თანაშემწედ სურს მსახურება?

14 ქრისტიან მამაკაცებს, რომლებსაც თანამორწმუნეებისთვის უხუცესებად და სამსახურებრივ თანაშემწეებად მსახურება სურთ, შესანიშნავი მიზანი აქვთ დასახული (1 ტიმოთე 3:1, 8). ამ უპირატესობით სარგებლობა რომ შეეძლოს, ძმა სულიერი მამაკაცი, საღვთო წერილის კარგი მცოდნე და გულმოდგინე მქადაგებელი უნდა იყოს (საქმეები 18:24; 1 ტიმოთე 4:15; 2 ტიმოთე 4:5). იგი თავმდაბალი, მოკრძალებული და მომთმენი უნდა იყოს, რადგან ღვთის კურთხევები ამპარტავანი, ამაყი და პატივმოყვარე ადამიანებისგან შორს არის (იგავნი 11:2; ებრაელთა 6:15; 3 იოანე 9, 10). თუ დაქორწინებულია, მოსიყვარულე ოჯახისთავი უნდა იყოს, რომელიც კარგად განაგებს თავის სახლს (1 ტიმოთე 3:4, 5, 12). რადგან ასეთი ადამიანი სულიერ სიმდიდრეს აფასებს, მას იეჰოვას კურთხევა ეწევა (მათე 6:19—21).

15, 16. ვინ არიან „ძღვენი ადამიანთა“ სახით? მოიყვანეთ მაგალითები.

15 კრებაში უხუცესად მომსახურე ძმები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ სახარების მქადაგებლები, მწყემსები და მასწავლებლები იყვნენ. სწორედ ამიტომ დიდად უნდა დავაფასოთ ასეთი „ძღვენი ადამიანთა სახით“ (ეფესელთა 4:8, 11, აქ). მათ, ვინც სარგებლობას იღებს სიყვარულით შესრულებული მათი მსახურებიდან, შეიძლება ყოველთვის არ გამოხატონ მადლიერება, მაგრამ იეჰოვა ერთგული უხუცესების გაკეთებულ ყველა საქმეს ხედავს. იგი არ დაივიწყებს იმ სიყვარულს, რომელსაც ისინი მისი სახელისთვის იჩენენ, რაც იმაში გამოიხატება, რომ მის ხალხს ემსახურებიან (1 ტიმოთე 5:17; ებრაელთა 6:10).

16 მოდი ბეჯითად მომსახურე ერთი უხუცესის შემთხვევა განვიხილოთ. იგი ერთ ქრისტიან გოგონას ეწვია, რომელსაც თავის ტვინის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. „ის ძალიან კეთილი და მზრუნველი იყო, ყოველმხრივ მხარში ამოდგომას ცდილობდა, — წერდა ამ გოგონას ოჯახის მეგობარი, — მან ნებართვა ითხოვა, რომ იეჰოვასადმი ჩვენთან ერთად მიემართა ლოცვით. როდესაც ის ლოცულობდა, გოგონას მამა [რომელიც იეჰოვას მოწმე არ იყო] აქვითინდა. ყველას, ვინც პალატაში იმყოფებოდა ცრემლები წამოუვიდა. რაოდენ დიდი სითბო გამოსჭვიოდა უხუცესის ლოცვაში, და რაოდენ დიდი სიყვარულის გამოვლენა იყო იეჰოვას მხრიდან, რომ ასე დროულად გამოგზავნა იგი!“. იეჰოვას სხვა მოწმემ, რომელიც ავადმყოფობდა, ასეთი რამ თქვა იმ უხუცესების შესახებ, რომლებმაც საავადმყოფოში მოინახულეს: „როდესაც ისინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში საწოლთან მომიახლოვდნენ, დარწმუნებული ვიყავი, რომ, რაც უნდა მომხდარიყო, ახლა უკვე ყველაფერს გადავიტანდი. გავძლიერდი და ჩემს გულში სიმშვიდემ დაისადგურა“. განა შეძლებს ვინმე, ასეთი სიყვარულით აღსავსე მზრუნველობა ფულით იყიდოს? ვერასოდეს! ეს ძღვენია ღვთისგან, რომლით სარგებლობაც ქრისტიანული კრების მეშვეობითაა შესაძლებელი (ესაია 32:1, 2).

სამქადაგებლო მსახურების ძღვენი

17, 18. ა) მსახურების რა ძღვნით სარგებლობის საშუალება მისცა იეჰოვამ ყველა თავის მსახურს? ბ) რა დახმარებით უზრუნველგვყო ღმერთმა ჩვენი მსახურების შესასრულებლად?

17 შეუძლებელია, ადამიანს უზენაესი იეჰოვასთვის მსახურებაზე უფრო დიდი პატივი ხვდეს წილად (ესაია 43:10; 2 კორინთელთა 4:7; 1 პეტრე 2:9). სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის უპირატესობით ყველას შეუძლია სარგებლობა — ახალგაზრდას თუ ხნიერს, მამაკაცსა თუ ქალს — ვისაც გულწრფელად სურს ღვთისთვის მსახურება. სარგებლობთ თუ არა ამ ძვირფასი ძღვნით? ზოგმა შეიძლება თავი შეიკავოს, რადგან ფიქრობს, რომ სათანადოდ არ არის მომზადებული ამ საქმის შესასრულებლად, მაგრამ გახსოვდეთ, რომ იეჰოვა სულიწმიდას აძლევს მათ, ვინც მას ემსახურება და მისი სული ავსებს ნებისმიერ შესაძლო დანაკლისს (იერემია 1:6—8; 20:11).

18 იეჰოვამ სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობა თავის თავმდაბალ მსახურებს მიანდო და არა ამაყ და თავიანთ შესაძლებლობებზე დაიმედებულ ადამიანებს (1 კორინთელთა 1:20, 26—29). თავმდაბალმა და მოკრძალებულმა ადამიანებმა იციან, რომ თავიანთი შესაძლებლობები შეზღუდულია და სამქადაგებლო მსახურებისას ღვთის დახმარების იმედი აქვთ. ისინი დიდად აფასებენ იმ სულიერ დახმარებასაც, რომლითაც ღმერთი უზრუნველყოფს მათ ‘ერთგული განმგებლის’ მეშვეობით (ლუკა 12:42—44; იგავნი 22:4).

ბედნიერი ოჯახური ცხოვრება — შესანიშნავი ძღვენი

19. რა ფაქტორები განაპირობებს წარმატებას ბავშვის აღზრდაში?

19 ქორწინება და ბედნიერი ოჯახური ცხოვრება ღვთისგან ბოძებული ძღვენია (რუთი 1:9; ეფესელთა 3:14, 15). ბავშვებიც ძვირფასი „მემკვიდრეობაა უფლისგან“ და სიხარული მოაქვთ მშობლებისთვის, რომლებიც წარმატებით უნერგავენ მათ ღვთისმოსაწონ თვისებებს (ფსალმუნი 126:3). თუ მშობელი ხართ, ყოველთვის გაუგონეთ იეჰოვას და პატარები მისი სიტყვის თანახმად აღზარდეთ. მათ, ვინც ასე იქცევა, იეჰოვა აუცილებლად დაუჭერს მხარს და უხვადაც აკურთხებს (იგავნი 3:5, 6; 22:6; ეფესელთა 6:1—4).

20. რა შეიძლება დაეხმაროს მშობლებს, რომელთა შვილებიც ჭეშმარიტ თაყვანისცემას აქცევენ ზურგს?

20 ღვთისმოსავი მშობლების კეთილსინდისიერი მცდელობების მიუხედავად, შესაძლებელია, მათმა ზოგიერთმა შვილმა, როდესაც წამოიზრდებიან, ზურგი აქციოს ჭეშმარიტ თაყვანისცემას (დაბადება 26:34, 35). ამან შეიძლება მშობლებს ემოციური დარტყმა მიაყენოს (იგავნი 17:21, 25). იმედის მთლიანად გადაწურვის ნაცვლად, მათთვის შეიძლება დამხმარე ყოფილიყო იესოს იგავის გახსენება გზასაცდენილი შვილის შესახებ. თუმცა ამ შვილმა სახლი დატოვა და უკუღმართ ცხოვრებას მიჰყო ხელი, მოგვიანებით, როდესაც მამისეულ სახლში დაბრუნდა, მამამ დიდი სიხარულითა და სიყვარულით მიიღო (ლუკა 15:11—32). რაც უნდა მოხდეს, ერთგულ ქრისტიან მშობლებს შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, რომ იეჰოვა გაუგებს მათ, სიყვარულით იზრუნებს მათზე და არასოდეს მოაკლებს მხარდაჭერას (ფსალმუნი 144:14).

21. ვის უნდა გავუგონოთ და რატომ?

21 მაშ, მოდი თითოეულმა ჩვენგანმა განსაზღვროს, თუ რა არის ჩვენს ცხოვრებაში ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი. ხომ არ ვეხარბებით სიმდიდრეს, რასაც ტკივილის მოყენება შეუძლია როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი ოჯახებისთვის? თუ ‘კეთილ საბოძვარსა და სრულყოფილ ძღვნებს’ ვესწრაფვით, რომლებიც „ნათელთა მამისაგან“ მოდის? (იაკობი 1:17). სატანას, სიცრუის მამას, უნდა, რომ სიმდიდრის მოპოვებას შევალიოთ ძალები და როგორც ბედნიერება, ისე სიცოცხლე დაგვაკარგვინოს (იოანე 8:44; ლუკა 12:15). იეჰოვა კი გულწრფელად ზრუნავს ჩვენზე და საუკეთესო სურს ჩვენთვის (ესაია 48:17, 18). მაშ, მოდი ყოველთვის ვუგონებდეთ ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას და მუდამ ‘ვისიამოვნოთ’ მის მიერ (ფსალმუნი 36:4). თუ ასეთ გზას ავირჩევთ, იეჰოვას ფასდაუდებელი ძღვნებით და კურთხევებით გავმდიდრდებით, და მათ არანაირი ტკივილი არ ახლდება თან.

[სქოლიოები]

a იხილეთ 1993 წლის 22 იანვრის „გამოიღვიძეთ!“, გვ. 18—21, (ინგლ.).

გახსოვთ თუ არა?

• სად შეიძლება უდიდესი ბედნიერების პოვნა?

• რა ძღვნებს აძლევს იეჰოვა თავის ხალხს?

• რატომ არის სამქადაგებლო მსახურება ძღვენი?

• როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები შვილების აღზრდისას ღვთის კურთხევის მისაღებად?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 16 გვერდზე]

ხართ თუ არა მადლიერი ღვთის ძღვნისთვის — მისი სიტყვისთვის?

[სურათი 17 გვერდზე]

დიდი სირთულეების მიუხედავად, ლორელ ნიზბეტი გულმოდგინედ ემსახურებოდა ღმერთს.

[სურათები 18 გვერდზე]

ტაბითას მსგავსად, თანამედროვე ქრისტიანებიც ცნობილი არიან სიყვარულის საქმეებით.

[სურათი 19 გვერდზე]

ქრისტიანი უხუცესები სიყვარულით ზრუნავენ თანამორწმუნეებზე.