კონგრესები — ჩვენი ძმობის სასიამოვნო მტკიცება
იდექით სრულყოფილნი და მტკიცედ დარწმუნებულნი
კონგრესები — ჩვენი ძმობის სასიამოვნო მტკიცება
ორმოცდაათი წლის ჯოზეფ რუტერფორდი, რომელსაც ჯანმრთელობა შეერყა მას შემდეგ, რაც თითქმის ერთი წელი უსამართლოდ ჰყავდათ დაპატიმრებული, სიხარულით ემსახურებოდა თანაქრისტიანებს — ენერგიულად მიჰქონდა ჩემოდნები და თანაქრისტიანებს სასტუმროს ოთახების მონახვაში ეხმარებოდა. ბიბლიის ორი მკვლევარი, რომლებიც მასთან ერთად ისხდნენ ციხეში, ხალხს ურიგებდა ფურცლებს, სადაც აღნიშნული იყო, ვინ სად იცხოვრებდა. შუაღამეს უკვე კარგად გადაცილებული იყო, მაგრამ მზადება გრძელდებოდა. ყველა აღფრთოვანებული იყო. რა მიზეზით ხდებოდა ეს?
იდგა 1919 წელი და ბიბლიის მკვლევართა (დღეს ცნობილი არიან, როგორც იეჰოვას მოწმეები) სასტიკი დევნა უკვე წარსულს იყო ჩაბარებული. თავიანთი საძმოს გასაძლიერებლად, ახლა ისინი სიდარ-პოინტში (ოჰაიო, აშშ) 1919 წლის 1-ლიდან 8 სექტემბრის ჩათვლით კონგრესს ატარებდნენ. კონგრესის ბოლო დღეს 7000 ადამიანი დიდი ყურადღებით უსმენდა ძმა რუტერფორდის გამამხნევებელ სიტყვებს, რომლებიც თითოეული დამსწრისკენ იყო მიმართული: „თქვენა ხართ მეფეთ მეფისა და უფალთ უფლის წარმომადგენლები, რომლებიც აუწყებენ ხალხს... ჩვენი უფლის დიადი სამეფოს შესახებ“.
იეჰოვას ხალხის კონგრესები ძველი ისრაელიდან მოდის (გამოსვლა 23:14—17; ლუკა 2:41—43). ასეთი შეკრებები სასიხარულო იყო და თითოეული დამსწრის ყურადღება ღვთის სიტყვაზე მახვილდებოდა. დღესაც იეჰოვას მოწმეების კონგრესები სულიერ ინტერესებზეა კონცენტრირებული. გულწრფელ დამკვირვებლებს ასეთი სიხარულით აღსავსე შეხვედრები უცილობლად უმტკიცებენ, რომ მოწმეები ქრისტიანული ძმობის ძლიერი კვანძებით არიან გაერთიანებულნი.
კონგრესებზე დასასწრებად გაწეული ძალისხმევა
დღეს ქრისტიანებმა იციან, რომ მათი კონგრესები სულიერ გამოცოცხლებასა და ღვთის სიტყვის შესწავლას ემსახურება. ისინი ამ დიდ კონგრესებს უბადლო დახმარებად მიიჩნევენ, იმისათვის რომ „იდგნენ სრულყოფილნი და მტკიცედ დარწმუნებულნი ღვთის ყველა ნება-სურვილში“ (კოლასელთა 4:12, აქ). ამიტომ მოწმეები სულითა და გულით უჭერენ მხარს ამ შეკრებების ჩატარებას და მთელ ძალ-ღონეს ახმარენ მათზე დასწრებას.
ზოგისგან ასეთ კონგრესებზე დასწრება რწმენის გამოვლენას და დიდი დაბრკოლებების გადალახვას მოითხოვს. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანია ავსტრალიელი ხანდაზმული მოწმე. თუმცა მას დიაბეტი აქვს და ყოველდღე ინსულინის გაკეთება სჭირდება, თავის ქვეყანაში გამართული კონგრესის არც ერთი დღე არ გაუცდენია. ინდოეთში ერთ-ერთ მრავალსულიან, ღარიბ ოჯახს კონგრესზე დასწრება არ შეეძლო. მათთვის ოჯახის ერთ-ერთი წევრი აღმოჩნდა გაჭირვების ტალ-კვესი. „კონგრესი რომ არ გაგვეცდინა, — თქვა მან, — საყურე გავყიდე და სამგზავრო ფულიც გამოგვიჩნდა. ამის მსხვერპლად გაღება ღირდა, რადგან ძმებთან ურთიერთობამ და შემთხვევების მოსმენამ რწმენა განგვიმტკიცა“.
პაპუა-ახალ გვინეაში დაინტერესებულებმა გადაწყვიტეს დედაქალაქში კონგრესს დასწრებოდნენ. ისინი მივიდნენ თავიანთ თანასოფლელ კაცთან, რომელსაც ავტომობილი ჰყავდა და ჰკითხეს, კონგრესზე რა ფასად წაიყვანდა. რადგან დასახელებული თანხის გადახდა არ შეეძლოთ, ისინი ამ მამაკაცს დაჰპირდნენ, რომ სამზარეულოს გადაკეთებაში დაეხმარებოდნენ. ამგვარად, მათ შეძლეს საოლქო კონგრესზე დასწრება და მთელი პროგრამიდან სარგებლობის მიღება.
მანძილიც არ წარმოადგენს გადაულახავ სიძნელეს იეჰოვას მოწმეებისთვის, რომელთაც კონგრესებზე დასწრება აქვთ განზრახული. 1978 წელს ერთი ახალგაზრდა საფრანგეთის ქალაქ ლილში გამართულ კონგრესზე პოლონეთიდან ველოსიპედით ჩავიდა, რისთვისაც 1200 კილომეტრის გავლა მოუხდა ექვსი დღის განმავლობაში. 1997 წლის ზაფხულში ორმა მოწმემაც 1200 კილომეტრი განვლო მონღოლეთიდან ირკუტსკამდე ქრისტიანულ კონგრესზე დასასწრებად.
ნამდვილი ძმობა მოქმედებს
კონგრესებზე იეჰოვას მოწმეთა ერთიანობა და ძმობა მიუკერძოებელი ადამიანებისთვის ადვილად შესამჩნევია. ბევრზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ კონგრესზე დამსწრეთა შორის მიკერძოება არ არის, და რომ ნამდვილად თბილი ურთიერთობები აქვთ მათაც კი, ვინც შეიძლება პირველად ხვდება ერთმანეთს.
ავსტრალიაში ცოტახნის წინათ გამართულ საერთაშორისო კონგრესზე ერთ ექსკურსიამძღოლს, რომელიც კონგრესის დელეგატებს ახლდა ერთი კვირით, სურდა მათთან ცოტა მეტხანს დარჩენა, რომ მათთან ერთად გაეტარებინა დრო. მოწმეთა სიყვარულისა და ერთიანობისაგან გაოცებული ვერ იჯერებდა, რომ მათ ერთმანეთში ასეთი კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, რადგან უმეტესობა ადრე ერთმანეთს არ იცნობდა. როდესაც მისი წასვლის დრო დადგა, ყურადღება ითხოვა. მსმენელებს მიმართა სიტყვებით „ძმებო და დებო“ და მადლობის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ დაასრულა, რადგან, მოზღვავებული გრძნობებისგან გულაჩუყებულს, თვალები ცრემლებით აევსო.
1997 წელს შრი-ლანკაში დიდ სტადიონზე პირველად ჩატარდა საოლქო კონგრესი სამ ენაზე. მთლიანი პროგრამა ერთდროულად მიდიოდა ინგლისურ, სინჰალურ და ტამილურ ენებზე. დღეს, როდესაც ეთნიკურ ნიადაგზე დაძაბულობა მატულობს, სამ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხის შეკრება შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ერთი პოლიციელი ძმას შეეკითხა: „ვინ უძღვება ამ კონგრესს სინჰალელები, ტამილები თუ ინგლისელები?“. „არც ერთი, — უპასუხა ძმამ. — ამას ყველა ერთად ვაკეთებთ“. პოლიციელს ეს დაუჯერებლად ეჩვენა. როდესაც სამივე ჯგუფისთვის წარმოითქვა დამამთავრებელი ლოცვა და ერთად წარმოთქვეს „ამინ“, რომელმაც მთელ სტადიონზე დაიგუგუნა, მხურვალე ტაშმა იქუხა და თითქმის ყველას აუცრემლდა თვალები. დიახ, კონგრესები, სინამდვილეში, ჩვენი ძმობის სასიამოვნო მტკიცებაა (ფსალმუნი 132:1) a.
[სქოლიოები]
a იხილეთ იეჰოვას მოწმეთა მიერ გამოცემული წიგნი „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“, გვერდები 66—77 და 254—282 [ინგლ].