არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ძალუძს ადამიანთა გაერთიანება?

რას ძალუძს ადამიანთა გაერთიანება?

რას ძალუძს ადამიანთა გაერთიანება?

თქვენი მრწამსის მიუხედავად, ალბათ, დაეთანხმებით იმ აზრს, რომ თითქმის ყველა რელიგიაში უნდა იყვნენ ჭეშმარიტების მოყვარულები. ისეთი ადამიანები, რომლებიც დიდად აფასებენ ჭეშმარიტებას და მისი პოვნის სურვილი აქვთ, შეიძლება ნახოთ ინდუსებს, კათოლიკეებს, იუდეველებსა და სხვა რელიგიის წარმომადგენლებს შორის. მაგრამ, როგორც ჩანს, რელიგია ადამიანებს ყოფს. ზოგიერთი რელიგიას ბოროტი მიზნებისთვისაც კი იყენებს. მიუხედავად ამისა, გაერთიანდებიან თუ არა სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელი გულწრფელი ადამიანები, რომელთაც პატიოსნება და სიმართლე უყვართ? შეუძლიათ მათ საერთო მიზნისთვის გაერთიანება?

რაოდენ სამწუხაროა, რომ რელიგია სულ უფრო ყოფს ადამიანებს! გავიხსენოთ ზოგიერთი კონფლიქტი: ინდუსები ბუდისტებს ებრძვიან შრი-ლანკაზე; სხვადასხვა ქვეყანაში ერთმანეთის სისხლს ღვრიან პროტესტანტები, კათოლიკეები და იუდეველები; ეგრეთ წოდებული ქრისტიანები იბრძვიან მუსულმანების წინააღმდეგ ბოსნიაში, ინდონეზიაში, კოსოვოსა და ჩეჩნეთში; 2000 წლის მარტში 300 ნიგერიელი შეეწირა რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ კონფლიქტს. მართლაცდა, ამ სასტიკი კონფლიქტების სულისჩამდგმელი რელიგიური სიძულვილი იყო.

გულწრფელი ადამიანები ხშირად შეშფოთებული არიან რელიგიის სახელით ჩადენილი საშინელებების გამო. მაგალითად, ეკლესიაში მოსიარულე ბევრი ადამიანი გაოგნებულია, რადგან ის მღვდლები, რომლებმაც ბავშვები გააუპატიურეს, ზოგიერთმა ეკლესიამ ოფიციალურად შეიწყნარა. სხვა მორწმუნეები კი შეცბუნებული არიან, რადგან ეგრეთ წოდებულ ქრისტიანულ სექტებს ჰომოსექსუალიზმსა და აბორტზე სხვადასხვა თვალსაზრისი აქვთ. ნათელია, რელიგიამ კაცობრიობა ვერ გააერთიანა. მაგრამ, როგორც მომდევნო შემთხვევებიდან დავინახავთ, მრავალ რელიგიაში არიან სიმართლის ნამდვილად მოყვარული ადამიანები.

მათ ჭეშმარიტება სწყუროდათ

ფედელია ლა-პასში (ბოლივია) მდებარე სან-ფრანცისკოს კათოლიკური ეკლესიის მრევლის გულწრფელი და ერთგული წევრი იყო. ის მარიამის ხატთან მუხლს იყრიდა და საუკეთესო სანთლებს ყიდულობდა იესოს ჯვარცმის გამოსახულებასთან დასანთებად. ყოველკვირა დიდი ოდენობით საკვები მიჰქონდა მღვდელთან ღარიბებისთვის დასარიგებლად. მაგრამ ფედელიას ხუთი ბავშვი დაეღუპა ისე, რომ მათი მონათვლაც კი ვერ მოასწრო. როდესაც მღვდელმა უთხრა, რომ ისინი განსაწმენდელის წყვდიადში იტანჯებოდნენ, ფედელია დაეჭვდა: „თუ ღმერთი მოსიყვარულე და კეთილია, რატომ ხდება ასეთი რამ?“.

კატმანდუელი (ნეპალი) ექიმი თარა ინდუსად აღზარდეს. ის თავისი წინაპრების საუკუნოვან ადათ-წესებს იცავდა, თაყვანს სცემდა ღვთაებებს ინდუსურ ტაძრებში და სახლშიც კერპები ჰქონდა. მაგრამ თარას ყოველთვის აფიქრებდა ისეთი კითხვები, როგორიცაა: რატომ არის ამდენი ტანჯვა-წამება? რატომ იხოცებიან ადამიანები? მაგრამ ამ კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხები ვერ იპოვა თავის რელიგიაში.

პანია კი ბუდისტად აღზარდეს ბანგკოკში (ტაილანდი) არხის მახლობლად მდებარე სახლში. მას ასწავლეს, რომ ტანჯვა წინა ცხოვრებაში ჩადენილი მოქმედებების შედეგია და რომ მისგან განთავისუფლება მხოლოდ ყოველნაირ სურვილზე უარის თქმით შეიძლება. როგორც ყველა გულწრფელ ბუდისტს, მასაც ასწავლეს, რომ ღრმა პატივი უნდა ეცა ყვითელმოსასხამიანი მღვდლების სიბრძნისთვის, რომლებიც ყოველ გარიჟრაჟზე აკითხავდნენ სახლში მოწყალების მისაღებად. მედიტაციით იყო გატაცებული და ბუდას გამოსახულებებს აგროვებდა, რადგან სწამდა, რომ ისინი დაიცავდნენ. უბედური შემთხვევის შემდეგ, როდესაც წელქვევით მოწყდა, პანია ბუდისტურ მონასტრებში დადიოდა და გულწრფელად სჯეროდა, რომ სასწაულებრივად განიკურნებოდა. მაგრამ ვერც განიკურნა და ვერც სულიერი სიმშვიდე იპოვა. შემდეგ კი სპირიტიზმმა დაიმორჩილა და მას მიჰყვა.

ვერჯილი შეერთებულ შტატებში დაიბადა. კოლეჯში სწავლის დროს შავკანიან მუსულმანებს დაუახლოვდა და თავგამოდებით ავრცელებდა მათ ლიტერატურას, რომელიც ქადაგებდა, რომ თეთრი ადამიანი ეშმაკია. მათი აზრით, სწორედ ამიტომ ავლენდნენ თეთრკანიანები შავკანიანების მიმართ სხვადასხვა სახის სისასტიკეს. თუმცა ყოველივე ეს გულწრფელად სწამდა, ვერჯილს შემდეგი კითხვები მოსვენებას არ აძლევდა: როგორ შეიძლება, რომ ყველა თეთრკანიანი ცუდი იყოს? და რატომ არის ქადაგების დიდი ნაწილი ფულზე დამოკიდებული?

თუმცა ჩარო სამხრეთ ამერიკაში გაიზარდა, სადაც ძირითადად კათოლიციზმი დომინირებს, — და გულწრფელი პროტესტანტი იყო, — მას არ უნდოდა ირგვლივ გავრცელებულ კერპთაყვანისმცემლობაში ჩაბმულიყო. ჩარო ყოველკვირა დადიოდა ეკლესიაში რელიგიურ ცერემონიებზე, სადაც ემოციურად აღტყინებული დაიყვირებდა ხოლმე: „ალილუია!“, და რელიგიურ სიმღერებსა და ცეკვებში ებმებოდა. ჩაროს გულწრფელად სჯეროდა, რომ ცოდვებისგან განწმენდა შეძლო და ეს დიდად აძლიერებდა. მას თავისი შემოსავლის მეათედი ეკლესიაში მიჰქონდა. როდესაც მისმა საყვარელმა ტელეწამყვანმა, რომელიც ევანგელისტი იყო, აფრიკელი ბავშვების დასახმარებლად შესაწირავების გაღება სთხოვა, მან თავისი ფული გაუგზავნა. მოგვიანებით თავის მოძღვარს ჰკითხა, რატომ აწამებდა მოსიყვარულე ღმერთი ჯოჯოხეთში სულებს, მაგრამ დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მიიღო. მერე კი ისიც შეიტყო, რომ მისი შესაწირავები აფრიკელი ბავშვებისთვის დახმარების ნაცვლად სხვა მიზნებისთვის გამოიყენეს.

თუმცა ეს ხუთი ადამიანი სხვადასხვა წარმოშობისაა, ერთი რამ აერთიანებთ: მათ უყვართ ჭეშმარიტება და გულწრფელად ეძებენ სწორ პასუხებს თავიან კითხვებზე. მაგრამ გაერთიანდებიან ისინი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში? ამ კითხვაზე პასუხს მომდევნო სტატია გასცემს.

[სურათი 4 გვერდზე]

ნამდვილად გაერთიანდებიან თუ არა სხვადასხვა წარმოშობის ადამიანები?

[საავტორო უფლება 3 გვერდზე]

G.P.O., Jerusalem