არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვასთვის სიურპრიზებით აღსავსე მსახურება

იეჰოვასთვის სიურპრიზებით აღსავსე მსახურება

ბიოგრაფია

იეჰოვასთვის სიურპრიზებით აღსავსე მსახურება

გვიამბეს ერიკ და ჰეიზელ ბევერიჯებმა

„ექვსთვიან პატიმრობას მოგისჯი“, — ჩამესმა ეს სიტყვები. შემდეგ მანჩესტერში (ინგლისი) მდებარე სთრეინჯვეის ციხეში მომათავსეს. ეს მოხდა 1950 წლის დეკემბერში, როდესაც სულ 19 წლის ვიყავი. ეს ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდა იყო — სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარი განვაცხადე (2 კორინთელთა 10:3—5).

მე იეჰოვას მოწმე სრული დროით მსახური პიონერი ვიყავი, რის გამოც სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან უნდა გავთავისუფლებულიყავი, მაგრამ ბრიტანეთის კანონმა ჩვენი სტატუსი არ სცნო. ამიტომ ციხის საკანში აღმოვჩნდი, სადაც მამაჩემზე ვფიქრობდი. შეიძლება ითქვას, მამაჩემმა გარკვეული „როლი“ შეასრულა, რომ მე ციხეში მოვმხვდარიყავი.

მამაჩემი, რომელიც ციხის ოფიცრად მსახურობდა, იორქშირელი იყო და მტკიცე შეხედულებები და პრინციპები ჰქონდა. სამხედროსა და ციხეში მიღებული გამოცდილებების საფუძველზე, მამაჩემს კათოლიციზმიც ძალიან სძულდა. ის პირველად იეჰოვას მოწმეებს 30-იან წლებში შეხვდა, როდესაც კარზე მოსულთა მოსაშორებლად გავიდა, უკან კი მათი წიგნებით დაბრუნდა! მოგვიანებით კი გამოიწერა ჟურნალი „ნუგეში“ (დღევანდელი „გამოიღვიძეთ!“). მოწმეები მამაჩემს ყოველწელს აკითხავდნენ, რომ ჟუნრალის გამოწერა განეახლებინა. 15 წლის ვიყავი, როდესაც მამაჩემი მათთან მსჯელობაში ჩაება, მათ მეც შევუერთდი და მოწმეების მხარეც დავიჭირე. აი, სწორედ მაშინ დავიწყე ბიბლიის სწავლა.

1949 წლის მარტში, როდესაც 17 წლის ვიყავი, იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად წყალში მოვინათლე. მოგვიანებით იმავე წელს გავიცანი ჯონ და მაიკლ ჩარუკები, რომელთაც ის-ის იყო მისიონერული სკოლა „გალაადი“ დაემთავრებინათ და ნიგერიაში მიემგზავრებოდნენ. მათმა მისიონერულმა სულისკვეთებამ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. არ ვიცი, შეამჩნიეს თუ არა, მაგრამ ჩემში ასეთივე სულისკვეთება გააღვიძეს.

ბიბლიის სწავლისას უნივერსიტეტში სწავლის ინტერესი სულ დამეკარგა. ერთი წლის შემდეგ სახლიდან წავედი და ლონდონში საბაჟო დაბეგვრისა და სააქციო მარკების განყოფილებაში დავიწყე მუშაობა. მაგრამ ვგრძნობდი, რომ არ ვიქცეოდი ღვთისადმი ჩემი მიძღვნის თანახმად, რადგან ასეთ სამსახურში ვმუშაობდი. როდესაც იქ მუშაობას თავი დავანებე, ერთმა გამოცდილმა კოლეგამ მომილოცა, რომ მივატოვე „სულის გამანადგურებელი სამუშაო“.

მანამდე კი კიდევ ერთი გამოცდის გადატანა მომიხდა. მიჭირდა, მამაჩემისთვის მეთქვა, რომ სრული დროით მსახურების დაწყებას ვაპირებდი და ამიტომ მუშაობისთვის თავის დანებება მინდოდა. ერთ საღამოს, როდესაც შვებულების დროს სახლში ვიმყოფებოდი, ჩემი გადაწყვეტილება გავუმხილე. ველოდი, რომ მამა განმირისხდებოდა, ჩემდა გასაოცრად კი მან უბრალოდ მითხრა, შენ იცი შენი საქმისაო. მაგრამ, თუ გაგიჭირდა მე ვერაფრით დაგეხმარებიო. ჩემი დღიური 1950 წლის 1 იანვარს შემდეგი სიტყვებით იწყება: „მამაჩემს პიონერული მსახურების დაწყების შესახებ ვუთხარი. მაგრამ სრულიად არ მოველოდი, რომ ასე დადებითად შეხვდებოდა ამ ამბავს. მისმა გულკეთილობამ გული ამიჩუყა და ავტირდი“. სამსახურს თავი დავანებე და საერთო პიონერად დავინიშნე.

დანიშვნა კოტეჯებიან ტერიტორიაზე

ღვთისადმი ჩემი ერთგულების შემდეგი გამოცდის დროც დადგა. მე და ერთ უელსელ მოწმეს, ლოიდ გრიფტს, ლანკაშირის კოტეჯებში პიონერობა შემოგვთავაზეს. ამ კოტეჯებზე ფანტაზიებითა და ოცნებებით ფრთაშესხმული, უღიმღამო, ნესტიან ქალაქ ბეიკუპში ჩავედი. მალე ჩამოვფრინდი მიწაზე, როდესაც კოტეჯის ნაცვლად სარდაფში ამოვყავი თავი. მთელი ღამე თაგვებისა და ტარაკნების გარემოცვაში გავატარეთ. კინაღამ გადავიფიქრე ყველაფერი და უკან გავბრუნდი. მაგრამ იეჰოვას გულში ვთხოვე, გავეძლიერებინე ამ გამოცდისას. უეცრად სიმშვიდე დამეუფლა და ყველაფერს ობიექტური თვალით შევხედე. ეს იეჰოვას ორგანიზაციისგან მიღებული დანიშნულება იყო. იმედი უნდა მქონოდა, რომ იეჰოვა დამეხმარებოდა. ძალიან მიხარია, რომ გავუძელი ამ გამოცდას, რადგან მაშინ რომ მიმეტოვებინა მსახურება, სამუდამოდ შეიცვლებოდა ჩემი ცხოვრება (ესაია 26:3, 4).

ცხრა თვით ადრე, სანამ სამხედროში წასვლაზე უარის თქმის გამო დამაპატიმრებდნენ, როსენდალის დაბლობზე ვქადაგებდი. აქ იმ დროს ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა. სთრეინჯვეის ციხეში ორი კვირა ვიჯექი, შემდეგ კი ინგლისის სამხრეთ საზღვართან მდებარე ლუისის ციხეში გადამიყვანეს. აქ ხუთი მოწმე ვიყავით ერთად და საშუალება გვქონდა, ციხის საკანში ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო აღგვენიშნა.

ერთხელ მამაჩემი მოვიდა ციხეში ჩემს სანახავად. ამით მას სიამაყის გადალახვა მოუწევდა, რადგან, როგორც ციხის ოფიცერი, თავის პატიმარ ვაჟს ინახულებდა! ამ მონახულებისთვის მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები. ბოლოს, 1951 წლის აპრილში, ციხიდან ჩემი გათავისუფლების დღეც დადგა.

ლუისის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მატარებლით კარდიფში (უელსი) წავედი. იქ მამაჩემი ციხის მთავარ ზედამხედველად მსახურობდა. ოთხი შვილიდან მე უფროსი ვიყავი, მყავდა ორი ძმა და ერთი და. თავი რომ მერჩინა, ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო უნდა მეშოვნა, რაც პიონერობის გაგრძელების შესაძლებლობას მომცემდა. ტანსაცმელების მაღაზიაში დავიწყე მუშაობა, მაგრამ ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი ქრისტიანული მსახურება იყო. იმ დროს დედამ მიგვატოვა. ამან მამაჩემს და ჩვენ, 8—19 წლის ბავშვებს, დიდი დარტყმა მოგვაყენა. სამწუხაროდ, მშობლები გაიყარნენ.

ვინც კარგი ცოლი ჰპოვა...

კრებაში რამდენიმე პიონერი ვიყავით. ერთ-ერთი და სამუშაოდ და საქადაგებლად ყოველდღე ჩამოდიოდა რონდის დაბლობიდან, სადაც ქვანახშირი მოიპოვებოდა. ეს იყო ჰეიზელ გრინი — შესანიშნავი პიონერი. ჰეიზელმა ჩემზე ადრე გაიგო ჭეშმარიტება. მისი მშობლები ბიბლიის მკვლევართა (ახლა იეჰოვას მოწმეთა) კრებებს 20-იანი წლებიდან ესწრებოდნენ. მაგრამ მოდი ახლა მან თვითონ მოგვითხროს თავის შესახებ:

«1944 წლამდე, სანამ წავიკითხავდი წიგნს „რელიგია იმკის ქარიშხალს“, ბიბლიისადმი არ მქონდა სერიოზული დამოკიდებულება. დედაჩემმა წამახალისა, რომ ქალაქ კარდიფში გამართულ სარაიონო კონგრესს დავსწრებოდი. ბიბლიიდან ძალიან ცოტა რამ ვიცოდი, მაგრამ მთავარ სავაჭრო ცენტრში კისერზე ჩამოკიდებული პლაკატით აღმოვჩნდი, რომელიც საჯარო მოხსენების შესახებ იუწყებოდა. მაშინ გაბრაზებულ მღვდლებსა და სხვებს ძლივს გადავურჩი. 1946 წელს მოვინათლე და იმავე წელს დეკემბერში პიონერად მსახურება დავიწყე. შემდეგ, 1951 წელს, კარდიფში ციხიდან ახლად გამოსული ახალგაზრდა პიონერი ჩამოვიდა. ეს იყო ერიკი.

ჩვენ ერთად ვქადაგებდით. კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. ამასთანავე, ერთნაირი მიზნები გვქონდა ცხოვრებაში, გვსურდა წინ წაგვეწია ღვთის სამეფოს ინტერესები. ასე რომ, 1952 წელს დავქორწინდით. თუმცა ორივე სრული დროით პიონერად ვმსახურობდით და ძალიან მცირე შემოსავალი გვქონდა, არასოდეს გვაკლდა ის, რაც აუცილებელი იყო. ზოგჯერ ერთ-ერთი მოწმე, როცა ბევრ მურაბას და საპონს ყიდულობდა, გვასაჩუქრებდა ხოლმე. ეს სწორედ მაშინ ხდებოდა, როდესაც ამას ვსაჭიროებდით! ასეთ დახმარებას დიდად ვაფასებდით. მაგრამ უფრო დიდი სიურპრიზები ჯერ კიდევ წინ გველოდებოდა».

სიურპრიზი, რომელმაც ჩვენი ცხოვრება შეცვალა

1954 წლის ნოემბერს მე და ჰეიზელმა მოულოდნელი სიურპრიზი მივიღეთ. ეს იყო გამოგზავნილი განცხადება, იეჰოვას მოწმეთა ფილიალიდან, რომელიც ლონდონში მდებარეობს, რათა მიმომსვლელ ზედამხედველად მემსახურა და ყოველკვირა სხვადასხვა კრება მომენახულებინა. ვფიქრობდით, რომ ეს შეცდომა იყო და ამიტომ კრებაში არავისთვის გვითქვამს. მაგრამ განცხადება მაინც შევავსე და გავაგზავნე; პასუხს მოუთმენლად ველოდით. რამდენიმე დღეში პასუხმაც არ დააყოვნა: „ჩამოდი ლონდონში მოსამზადებლად“.

არ მჯეროდა, რომ მე, 23 წლისა, ლონდონის ფილიალში ისეთი გამორჩეული ძმების გვერდით ვიყავი, რომლებიც ჩემთვის სულიერობის ეტალონს წარმოადგენდნენ. ესენი იყვნენ: პრაის ჰიუზი, ემლინ უაინზი, ერნი ბივორი, ერნი გივერი, ბობ გოფი, გლინ პარი, სტენ და მარტინ ვუდბერნები და სხვები, რომელთა უმეტესობაც დღეისათვის გარდაცვლილია. მათ ბრიტანეთში 40-იან, 50-იან წლებში გულმოდგინე და ერთგულად მსახურებას ჩაუყარეს მყარი საძირკველი.

სახალისო სარაიონო მსახურება ინგლისში

ჩვენი მიმოსვლითი საქმიანობა 1954—1955 წლის დიდთოვლიან ზამთარში დაიწყო. დაგვნიშნეს აღმოსავლეთ ინგლისში, ვრცელ, გაშლილ ტერიტორიაზე, სადაც ჩრდილოეთის ზღვის ქარები იცის. იმ დროს ბრიტანეთში სულ 31000 მოწმე იყო. პირველი შემოვლისას დავინახეთ, რომ ეს საქმე ადვილი არ იყო; ადვილი არ იყო იმ ძმებისთვისაც, ვისაც ჩვენ ვინახულებდით. ჩემი გამოუცდელობითა და, ამასთანავე, იორქშირული ხასიათით ზოგჯერ ძმებს გულს ვტკენდი. წლების შემდეგ ვისწავლე, რომ გულკეთილობა სიმარჯვეზე მნიშვნელოვანია, ხალხი კი — ჩასატარებელ პროცედურებზე. კვლავ ვცდილობ, სხვების გამხნევებისას იესოს მივბაძო, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის (მათე 11:28—30).

აღმოსავლეთ ინგლისში 18 თვე ვიმსახურეთ, შემდეგ კი ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაგვნიშნეს, ნიუკასლიდან ტაინამდე და ნორთამბერლენდამდე. ამ ლამაზ მხარეში გულთბილი ხალხი ცხოვრობდა და შემიყვარდნენ. ძალიან დამეხმარა სიეტლიდან (ვაშინგტონი, აშშ) საოლქო ზედამხედველის, დონ უორდის, მონახულება. მას სკოლა „გალაადის“ მე-20 კლასი ჰქონდა დამთავრებული. მე, როგორც მომხსენებელი ძალიან სწრაფად ვსაუბრობდი ხოლმე. მან მასწავლა, რომ ნელა მელაპარაკა, გამეკეთებინა პაუზები და დამემოძღვრა აუდიტორია.

კიდევ ერთი სიურპრიზი, რომელმაც ჩვენი ცხოვრება შეცვალა

1958 წელს მივიღეთ წერილი, რომელმაც ჩვენი ცხოვრება შეცვალა. სამხრეთ ლანსინგში (ნიუ-იორკი, აშშ) მდებარე სკოლა „გალაადში“ სასწავლებლად მიგვიწვიეს. გავყიდეთ 1935 წელს გამოშვებული ავტომობილი „ოსტინ შვიდი“ და ნიუ-იორკამდე გადასაცურად ბილეთები ვიყიდეთ. ჯერ ქალაქ ნიუ-იორკში იეჰოვას მოწმეთა საერთაშორისო კონგრესს დავესწარით. აქედან პიტერბოროში (ონტარიო) წავედით, სადაც ექვსი თვე პიონერებად ვმსახურობდით, სანამ სკოლა „გალაადში“ სამხრეთისკენ გავემართებოდით.

ჩვენი კლასის ინსტრუქტორები იყვნენ ალბერტ შრედერი, რომელიც ახლა ხელმძღვანელი საბჭოს წევრია, მაქსველ ფრენდი და ჯეკ რედფორდი, რომლებიც გარდაიცვალნენ. 14 ქვეყნიდან ჩამოსულ 82 სტუდენტთან ურთიერთობა ძალზე გამამხნევებელი იყო. ჩვენ ერთმანეთის კულტურას ცოტაოდენ გავეცანით. ზოგიერთ სტუდენტს ინგლისური უჭირდა, რაც იმ სირთულეებზე წარმოდგენას გვიქმნიდა, რომლის მსგავს სირთულეებთან გამკლავებაც სხვა ენის შესწავლის დროს ჩვენც მოგვიწევდა. ხუთ თვეში სწავლების კურსი დავამთავრეთ და 27 ქვეყანაში გაგვანაწილეს. გამოსაშვები საღამოს შემდეგ ქალაქ ნიუ-იორკში გემ „დედოფალ ელისაბედს“ ევროპაში დასაბრუნებლად ველოდებოდით.

პირველი დანიშვნა საზღვარგარეთ

სად დაგვნიშნეს? პორტუგალიაში! ლისაბონში 1959 წლის ნოემბერს ჩავედით. ახალ ენასთან და კულტურასთან შეგუებას შევუდექით. 1959 წელს პორტუგალიაში 643 აქტიური მოწმე იყო. მისი მთლიანი მოსახლეობა კი თითქმის 9 მილიონს შეადგენდა. აქ ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობა კანონიერად აღიარებული არ იყო. თუმცა სამეფო დარბაზები გვქონდა, მაგრამ ყოველგვარი გარეწარწერის გარეშე.

მას შემდეგ, რაც მისიონერმა ელზა პეკონემ პორტუგალიური ენა გვასწავლა, მე და ჰეიზელი ლისაბონის, ფარუს, ევორას, ბეჟასა და მათ შემოგარენში კრებებსა და ჯგუფებს ვინახულებდით. 1961 წელს მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ამ დროს ბიბლიას ვასწავლიდი ერთ ახალგაზრდა მამაკაცს, ჯოაო გონსალვიშ მათეუშს. როდესაც სამხედრო სამსახურში გამოიძახეს, გადაწყვიტა, ქრისტიანული ნეიტრალიტეტი დაეცვა. ამის შემდეგ მალე პოლიციის განყოფილებაში დამიბარეს დაკითხვაზე. აი კიდევ ერთი სიურპრიზი! რამდენიმე დღის შემდეგ შეგვატყობინეს, რომ 30 დღეში უნდა დაგვეტოვებინა ქვეყანა! ასევე უნდა მოქცეულიყვნენ სხვა მისიონერებიც: ერიკ და კრისტიან ბრიტენები და დომენიკ და ელზა პიკონები.

მე ვითხოვე აეხსნათ, თუ რა ხდებოდა და ნება დაგვრთეს საიდუმლო პოლიციის უფროსს შევხვედროდით. მან პირდაპირ და მტკიცედ გვითხრა, თუ რატომ უნდა დაგვეტოვებინა ქვეყანა და ჯოაო გონსალვიშ მათეუშის სახელი მოიხსენია, რომელსაც ბიბლიას ვასწავლიდი. გვითხრა, რომ პორტუგალია, ბრიტანეთისგან განსხვავებით, არ დაუშვებდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარის თქმას რწმენის გამო. ასე რომ, დავტოვეთ პორტუგალია და ჯოაოსთან კავშირიც გაგვიწყდა. 26 წლის შემდეგ კი სიხარულისგან ცას ვეწიეთ, როდესაც ის ცოლთან და სამ ქალიშვილთან ერთად პორტუგალიის ბეთელის მიძღვნაზე ვნახეთ! პორტუგალიაში ჩვენს მსახურებას უშედეგოდ არ ჩაუვლია (1 კორინთელთა 3:6—9).

სად დაგვნიშნეს შემდეგ? კიდევ ერთი სიურპრიზი! მეზობელ ესპანეთში. 1962 წლის თებერვალში თვალცრემლიანებმა დავტოვეთ ლისაბონი და მატარებლით მადრიდისკენ გავემართეთ.

სხვა კულტურასთან შეგუება

ესპანეთში ქადაგება და კრებების ჩატარება ფარულად გვიხდებოდა, რასაც უნდა შევჩვეოდით. მეზობელი სახლებიდან მხოლოდ ერთში მივდიოდით. ერთ კართან რომ ვიქადაგებდით, შემდეგ სხვა ქუჩაზე სხვა სახლში მივდიოდით. ეს უძნელებდა პოლიციელებსა და მღვდლებს ჩვენი დაჭერის საქმეს. არ დაგავიწყდეთ, რომ ფაშისტებისა და კათოლიკეთა დიქტატურის დროს ვცხოვრობდით და ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობა იკრძალებოდა. ჩვენ, უცხოელებმა, ესპანური სახელები დავირქვით, რომ არ ვეცნეთ. მე პაბლო გავხდი ჰეიზელი კი — ხუანა.

რამდენიმე თვე მადრიდში მსახურების შემდეგ ბარსელონაში დაგვნიშნეს. ამ ქალაქში ვინახულებდით კრებებს და თითოეულ მათგანში ორი-სამი კვირა ვრჩებოდით. ჩვენი მონახულება ასე იმიტომ გრძელდებოდა, რომ კრების თითოეული წიგნის შესწავლა უნდა მოგვენახულებინა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კვირაში, ჩვეულებრივ, ორ ჯგუფს მოვინახულებდით.

მოულოდნელი სიძნელეები

1963 წელს ესპანეთში საოლქო ზედამხედველად დამნიშნეს. ამ დროს ესპანეთში თითქმის 3000 აქტიური მაუწყებელი იყო და მთელი ქვეყანა უნდა შემოგვევლო მაშინდელი 9 რაიონის მოსანახულებლად. ყველაზე დაუვიწყარ კონგრესებს, რომლებიც არალეგალურად ჩავატარეთ სევილიის მახლობლად ტყეებში, ხიხონის მახლობლად ფერმის ტერიტორიაზე და მადრიდის, ბარსელონასა და ლოგრონიოს მახლობლად მდინარეებთან ვატარებდით.

კარდაკარ მსახურებისას დიდ სიფრთხილეს ვიჩენდი და ქუჩების განლაგებას ვაკვირდებოდი, რომ გავქცეულიყავი რაიმე საფრთხის შემთხვევაში. ერთხელ მადრიდში ქადაგებისას მაღლა სართულზე ვიყავით მე და ერთი მოწმე, როდესაც ყვირილის ხმა შემოგვესმა დაბლიდან. როდესაც დაბლა ჩამოვედით, იქ ახალგაზრდა გოგონები დაგვიხვდნენ, რომლებიც კათოლიკური ჯგუფის „იხას დე მარიას“ (მარიამის ქალიშვილები) წევრები იყვნენ. ისინი მობინადრეებს ჩვენს შესახებ აფრთხილებდნენ. მათთვის საუბარი არ გაგვიბამს, რადგან ვიცოდით, რომ მყისვე უნდა გავცლოდით იქაურობას, თუ არა და პოლიცია დაგვაკავებდა. ასე რომ, თვალის დახამხამებაში გავუჩინარდით!

ესპანეთში ძალზე დაძაბული წლები გავატარეთ. ჩვენ ვცდილობდით ჩვენი შესანიშნავი ძმებისა და დების, ასევე სპეციალური პიონერების, გამხნევებას. ისინი ციხესაც კი არ უშინდებოდნენ და მრავალ გაჭირვებასაც იტანდნენ, რათა ექადაგათ სასიხარული ცნობა, ჩამოეყალიბებინათ და განემტკიცებინათ კრებები.

ამ დროს ჩვენც შეგვემთხვა არასასიამოვნო რამ. ჰეიზელი ჰყვება: „1964 წელს დედაჩემი, რომელიც ერთგული მოწმე იყო, გარდაიცვალა. ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო; თანაც, სიკვდილის წინ ვერც კი ვნახე იგი. ეს მისიონერული მსახურების ის ერთ-ერთი მსხვერპლია, რომელიც ბევრმა გაიღო“.

როგორც იქნა მოგვანიჭეს თავისუფლება

წლების მანძილზე დევნის შემდეგ 1970 წლის ივლისში ფრანკოს მთავრობამ ჩვენი საქმიანობა საბოლოოდ აღიარა ოფიციალურად. ჰეიზელს და მე გული გვიფანცქალებდა ჯერ მადრიდში და შემდეგ ლესეფსსა და ბარსელონაში სამეფო დარბაზების გახსნაზე. ამ სამეფო დარბაზებზე ყოველთვის იყო გამოკრული ხშირად განათებული დიდი აბრები, გვინდოდა ხალხს გაეგო, რომ იურიდიული აღიარება გვქონდა და ესპანეთიდან ფეხს არ მოვიცვლიდით! ამ დროისათვის, 1972 წელს, ესპანეთში იეჰოვას თითქმის 17000 მოწმე იყო.

ამ დროისთვის ინგლისიდან ძალიან სასიხარულო ამბავი შევიტყვე. 1969 წელს მამაჩემი გვესტუმრა ესპანეთში. მასზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინეს ესპანელმა მოწმეებმა და ისე თბილად მიიღეს, რომ ინგლისში ჩასვლისთანავე ბიბლიის შესწავლა დაიწყო. 1971 წელს კი შევიტყვე, რომ მონათლულიყო! გული ამიჩუყდა, როდესაც სახლში ვესტუმრეთ და მან, როგორც ჩემმა ქრისტიანმა ძმამ, ჭამის წინ ილოცა. 20 წელზე მეტ ხანს ველოდი ამ დღეს. ჩემი ძმა ბობი და მის მეუღლე ირისი 1958 წელს გახდნენ მოწმეები. მათი ვაჟი ფილიპი მეუღლესთან, ჯინისთან, ერთად ახლა ესპანეთში სარაიონო ზედამხედველად მსახურობს. ძალიან გვიხარია, რომ ისინი ასეთ შესანიშნავ ქვეყანაში მსახურობენ.

მთლად ახალი სიურპრიზი

1980 წლის თებერვალში ხელმძღვანელი საბჭოს ერთ-ერთი წევრი ესპანეთში სამხარეო მონახულებით ჩამოვიდა. ჩემდა გასაოცრად, საქადაგებლად დამპატიჟა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მაკვირდებოდა! სექტემბერში კი ბრუკლინში (ნიუ-იორკი) მსოფლიო მთავარ სამმართველოში მიგვიწვიეს. სიხარულისგან ცას ვეწიეთ. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელი ძმების დატოვება გულს გვწყვეტდა, ეს წინადადება მივიღეთ. იმ დროს ესპანეთში 48000 მოწმე იყო!

გამომშვიდობებისას ერთმა ძმამ ჯიბის საათი მაჩუქა, რომელზეც ესპანურად ბიბლიის ორი მუხლი იყო ამოტვიფრული „ლუკას 16:10; ლუკას 17:10“. მითხრა, რომ ამ მუხლებით ვხელმძღვანელობდი. ლუკას 16:10-ში საუბარია იმაზე, რომ მცირედშიც ერთგულნი ვიყოთ; ლუკას 17:10-ი კი ამბობს, რომ „უსარგებლო მონები ვართ“ და ამიტომ სიამაყის მიზეზი არ გვაქვს. ყოველთვის მახსოვს, რომ, რასაც უნდა ვაკეთებდეთ იეჰოვასთვის მსახურებაში, ეს ჩვენი, როგორც მიძღვნილი ქრისტიანების, მოვალეობაა.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სიურპრიზი

1990 წელს გულმა დამიწყო ტკივილი. ბოლოს, დახშული არტერიის გასახსნელად სტენტის მეთოდის გამოყენება მომიხდა. ამ რთული პერიოდის დროს ჰეიზელი მუდამ მხარში მედგა და ხშირად თვითონ დაჰქონდა ჩანთები და ჩემოდნები, რომელთა ტარებაც არ შემეძლო სისუსტის გამო. 2000 წლის მაისში ელექტროკარდიოსტიმულატორი ჩამიდგეს, რის შემდეგაც თავს კარგად ვგრძნობ!

ორმოცდაათ წელზე მეტია, რაც მე და ჰეიზელი ვხედავთ, რომ იეჰოვას ხელი არ „მოკლდება“ და რომ მისი განზრახვები მაშინ სრულდება, როცა ის თვლის საჭიროდ, და არა ჩვენ (ესაია 59:1; აბაკუმი 2:3). ცხოვრებაში ბევრი სასიხარულო სიურპრიზი გვქონდა, თუმცა იყო არცთუ ისე ცოტა სამწუხარო ამბავიც, მაგრამ იეჰოვა ყოველთვის მხარში გვედგა. აქ, მსოფლიო მთავარ სამმართველოში, ძალიან გვიხარია, რომ ხელმძღვანელი საბჭოს წევრებთან შეხვედრის საშუალება ყოველდღე გვაქვს. ზოგჯერ საკუთარ თავს ვეკითხები: „ნამდვილად აქ ვარ?“ ეს დაუმსახურებელი სიკეთეა (2 კორინთელთა 12:9). ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა კვლავ დაგვიცავს სატანის ხრიკებისგან და მოგვიფრთხილდება, რათა დედამიწაზე მისი სამართლიანი მმართველობით გავიხაროთ (ეფესელთა 6:11—18; გამოცხადება 21:1—4).

[სურათი 26 გვერდზე]

სთრეინჯეისის ციხე (მანჩესტერი), სადაც თავდაპირველად ჩამსვეს.

[სურათი 27 გვერდზე]

ჩვენ და ჩვენი მანქანა, „ოსტინ შვიდი“, ინგლისში სარაიონო მსახურების დროს.

[სურათი 28 გვერდზე]

1962 წელს საიდუმლოდ ჩატარებული კონგრესი თერსედილიაში (მადრიდი, ესპანეთი).

[სურათი 29 გვერდზე]

სამქადაგებლო მაგიდასთან ბრუკლინში.