არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიჰბაძეთ იეჰოვას და ისე აღზარდეთ შვილები

მიჰბაძეთ იეჰოვას და ისე აღზარდეთ შვილები

მიჰბაძეთ იეჰოვას და ისე აღზარდეთ შვილები

„განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს?“ (ებრაელთა 12:7).

1, 2. რატომ აწყდებიან დღეს მშობლები სირთულეებს შვილების აღზრდისას?

 როგორც რამდენიმე წლის წინათ იაპონიაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, გამოკითხულ უფროსი ასაკის ადამიანთა დაახლოებით ნახევარი ფიქრობდა, რომ მშობლებსა და შვილებს მეტისმეტად იშვიათი ურთიერთობა ჰქონდათ და მშობლები ზედმეტად ანებივრებდნენ მათ. ამავე ქვეყანაში ჩატარებული სხვა გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა მეოთხედმა აღიარა, რომ არ იციან, როგორ იქონიონ ბავშვთან ურთიერთობა. ასეთი ტენდენცია მხოლოდ აღმოსავლეთისთვის არ არის დამახასიათებელი. „ბევრმა კანადელმა მშობელმა აღიარა, რომ ორჭოფობენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეუძლიათ კარგი მშობლები იყვნენ“, — იტყობინებოდა „ტორონტო სტარი“. მსოფლიოს ყველა კუთხეში მშობლები სირთულეებს აწყდებიან შვილების აღზრდისას.

2 რა არის ამის მიზეზი? ძირითადად ის, რომ „უკანასკნელ დღეებში“ ვცხოვრობთ და „საზარელი ჟამი“ დგას (2 ტიმოთე 3:1). გარდა ამისა, როგორც ბიბლია ამბობს, „ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე“ (დაბადება 8:21). და ახალგაზრდები განსაკუთრებით ადვილად ექცევიან სატანის გავლენის ქვეშ მისი თავდასხმების დროს, რადგან „მბრდღვინავი ლომივით“ ნადირობს გამოუცდელებზე (1 პეტრე 5:8). მართლაც რომ ბევრ წინააღმდეგობას აწყდებიან ქრისტიანი მშობლები, რომლებმაც თავიანთი შვილების „უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ აღზრდა იკისრეს (ეფესელთა 6:4). როგორ შეუძლიათ მშობლებს შვილებისათვის დახმარების გაწევა, რათა ისინი იეჰოვას მოწიფულ თაყვანისმცემლებად აღიზარდონ და „კეთილისა და ბოროტის“ გარჩევა შეეძლოთ? (ებრაელთა 5:14).

3. რატომაა მშობლის მიერ გაწვრთნა და ხელმძღვანელობა მნიშვნელოვანი ბავშვების წარმატებით აღსაზრდელად?

3 „ყმაწვილის გულში სიბრიყვე ბუდობს“, — შენიშნა ბრძენმა მეფე სოლომონმა (იგავნი 13:1; 22:15). გულიდან რომ ეს სიბრიყვე მოიშორონ, ახალგაზრდებს მშობლების სიყვარულით აღსავსე შეგონება ესაჭიროებათ. მაგრამ ყმაწვილებს ყოველთვის როდი სიამოვნებთ ეს. სინამდვილეში, ხშირად სწყინთ კიდეც, რჩევას რომ აძლევენ, იმისდა მიუხედავად, თუ ვინ მისცა მათ ეს რჩევა. ამიტომ, მშობლებმა «ყმაწვილის მისი გზის დასაწყისშივე [„მისი გზის შესაბამისად“, აქ] გაწვრთნა» უნდა ისწავლონ (იგავნი 22:6). როდესაც ბავშვები ასეთ შეგონებას ეჭიდებიან, ამგვარი მოქმედება შეიძლება სიცოცხლის ტოლფასი იყოს მათთვის (იგავნი 4:13). რაოდენ დიდმნიშვნელოვანია მშობლებისთვის იმის ცოდნა, თუ რას ნიშნავს პატარების გაწვრთნა!

რა იგულისხმება გაწვრთნაში?

4. რა ძირითადი მნიშვნელობა აქვს ბიბლიაში გამოყენებულ სიტყვა „გაწვრთნას“?

4 იმის შიშით, რომ უხეშად მოპყრობაში — იქნება ეს ფიზიკური, სიტყვიერი თუ ემოციური — არ დაადანაშაულონ, ზოგი მშობელი თავს იკავებს შვილების შეგონებისგან. ასეთი შიში უსაფუძვლოა და არ უნდა მივცეთ გასაქანი. ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა „გაწვრთნა“ არანაირი სახის ცუდად მოპყრობასა და სისასტიკეს არ გულისხმობს. ბერძნული სიტყვა, რომელიც „გაწვრთნად“ არის ნათარგმნი, ძირითადად აღზრდას, დამოძღვრას, შეგონებას და ზოგჯერ მტკიცედ, მაგრამ სიყვარულით დასჯასაც გულისხმობს.

5. რატომ არის სასარგებლო იმის მხედველობაში მიღება, თუ როგორ ეპყრობოდა იეჰოვა თავის ხალხს?

5 ამგვარ გაწვრთნაში იეჰოვა ღმერთი სრულყოფილ მაგალითს გვაძლევს. მოციქულმა პავლემ იეჰოვა მშობელ მამას შეადარა და დაწერა: „განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს?.. ჩვენი ხორციელი მამები... გვწვრთნიდნენ თვითნებურად მცირე დღეებისათვის, [ღმერთი] კი — ჩვენი სარგებლობისათვის, რათა წილი გვქონდეს მის სიწმიდეში“ (ებრაელთა 12:7—10). დიახ, იეჰოვა იმ მიზნით წვრთნის თავის ხალხს, რომ უმწიკვლონი, წმინდანი იყვნენ. ჩვენ მართლაც ბევრს ვისწავლით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავწვრთნათ საკუთარი შვილები, თუკი მხედველობაში მივიღებთ, როგორ წვრთნიდა იეჰოვა თავის ხალხს (მეორე რჯული 32:4; მათე 7:11; ეფესელთა 5:1).

სიყვარული — აღმძვრელი ძალა

6. რატომ შეიძლება მშობლებს ისეთი სიყვარულის გამოვლენა გაუჭირდეთ, როგორიც იეჰოვას აქვს?

6 „ღმერთი სიყვარულია“, — თქვა მოციქულმა იოანემ. მაშასადამე, იეჰოვა ყოველთვის სიყვარულით წვრთნის ადამიანებს (1 იოანე 4:8; იგავნი 3:11, 12). ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მშობლები, რომლებსაც ბუნებრივად უყვართ თავიანთი შვილები, ამ მხრივ ადვილად მიჰბაძავენ იეჰოვას? შესაძლოა, ეს არც ისე ადვილი იყოს. ღვთის სიყვარული პრინციპზეა დაფუძნებული. და როგორც ერთი ბერძენი სწავლული შენიშნავს, ასეთი სიყვარული „ყოველთვის არ თანხვდება ბუნებრივ მიდრეკილებებს“. ღმერთს ვერ აბრმავებს გულჩვილობა. იგი ყოველთვის საუკეთესოს აკეთებს თავისი ხალხისთვის (ესაია 30:20; 48:17).

7, 8. ა) პრინციპზე დაფუძნებული სიყვარულის რა მაგალითი მოგვცა იეჰოვამ თავის ხალხთან ურთიერთობით? ბ) როგორ შეუძლიათ მშობლებს იეჰოვას მიჰბაძონ, როდესაც შვილებს ბიბლიური პრინციპების თანახმად მოქმედების უნარის განვითარებაში ეხმარებიან?

7 დაფიქრდით იმ სიყვარულის შესახებ, რომელიც იეჰოვამ ისრაელებთან ურთიერთობისას გამოავლინა. მოსემ ლამაზი შედარება მოიყვანა, რათა ახლად ჩამოყალიბებული ისრაელი ერისადმი იეჰოვას სიყვარული აღეწერა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „როგორც არწივი ფხიზლობს თავის ბუდეზე, ზედ ეფოფრება თავის მართვეებს, ფრთებს შლის, აიტაცებს და მიჰყავს თავისი მხრებით, ასე მარტო დაატარებდა [იაკობს] უფალი“ (მეორე რჯული 32:9, 11, 12). მართვეებს რომ ფრენა ასწავლოს, დედა არწივი ‘თავის ბუდეზე ფხიზლობს’, და ფრთების ქნევითა და ბარტყუნით გასაფრენად უბიძგებს თავის პატარებს. როდესაც, საბოლოოდ, პატარა მართვე გაბედავს ბუდიდან გადმოძვრომას — ბუდე კი ხშირად ფრიალო კლდეზეა გაკეთებული — და ფრენას ცდილობს, დედა „ზედ ეფოფრება“. თუ დედა დაატყობს, რომ მართვე მიწას ენარცხება, უცბად ქვემოდან შეუფრინდება და ‘თავისი მხრებით აიტაცებს’. ასევე, იეჰოვაც სიყვარულით ზრუნავდა ახალშობილ ისრაელ ერზე. მან ხალხს რჯული მისცა მოსეს მეშვეობით (ფსალმუნი 77:5—7). შემდეგ ღმერთი ფხიზელი თვალით დარაჯობდა თავის ერს და მზად იყო მათ დასახსნელად, როდესაც ისინი გასაჭირში ცვიოდნენ.

8 როგორ შეუძლიათ ქრისტიან მშობლებს იეჰოვას მიჰბაძონ სიყვარულის გამოვლენაში? უპირველეს ყოვლისა, თავიანთ შვილებს ღვთის სიტყვაში მოცემული პრინციპები და ნორმები უნდა ასწავლონ (მეორე რჯული 6:4—9). რა არის ამ დროს მათი მიზანი? — ახალგაზრდებისთვის დახმარების აღმოჩენა, რათა გადაწყვეტილებების ბიბლიურ პრინციპებთან შეთანხმებულად მიღება ისწავლონ. ამ დროს მოსიყვარულე მშობლები, ასე ვთქვათ, ზედ ეფოფრებიან შვილებს და თვალყურს ადევნებენ, როგორ იყენებენ ნასწავლ პრინციპებს. როდესაც ბავშვები იზრდებიან და სულ უფრო მეტი თავისუფლებით სარგებლობენ, მზრუნველი მშობლები მზად არიან, საფრთხის შემთხვევაში „შეუფრინდნენ“ მათ და ‘თავიანთი მხრებით აიტაცონ ისინი’. რა საფრთხემ შეიძლება იჩინოს თავი?

9. განსაკუთრებით რა საშიშროებასთან დაკავშირებით უნდა იყვნენ მოსიყვარულე მშობლები ფხიზლად? მოიყვანეთ მაგალითი.

9 იეჰოვა ღმერთმა გააფრთხილა ისრაელები იმის თაობაზე, თუ რა შედეგები მოჰყვებოდა ცუდ საზოგადოებასთან ურთიერთობას (რიცხვნი 25:1—18; პირველი ეზრა 10:10—14). შეუფერებელ საზოგადოებასთან ურთიერთობა დღესაც საყოველთაოდ გავრცელებული საშიშროებაა (1 კორინთელთა 15:33). ქრისტიანმა მშობლებმა ამასთან დაკავშირებით იეჰოვას უნდა მიჰბაძონ. 15 წლის ლიზას ერთი ბიჭი მოსწონდა, რომელიც მისი ოჯახის ზნეობრივ და სულიერ ღირებულებებს არ იზიარებდა. „დედამ და მამამ მაშინვე შენიშნეს ჩემში მომხდარი ცვლილება და ჩემ გამო შეწუხდნენ, — ამბობს ლიზა. — ისინი ზოგჯერ მარიგებდნენ, ზოგჯერ კი სიყვარულით მამხნევებდნენ“. მშობლები დაუსხდნენ ლიზას და მოთმინებით მოუსმინეს; ამგვარად დაეხმარნენ იმის დაძლევაში, რაც, როგორც მათ აღმოაჩინეს, პრობლემის არსი იყო — კერძოდ, თანატოლების მხრიდან აღიარებისა და მოწონების სურვილი a.

შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობა

10. რის შესანიშნავი მაგალითი მოგვცა იეჰოვამ ისრაელებთან ურთიერთობით?

10 შვილების აღზრდაში რომ წარმატებული იყვნენ, მშობლები მათთან კარგ ურთიერთობას უნდა ინარჩუნებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვამ სრულად უწყის, თუ რა არის ჩვენს გულში, მაინც მოგვიწოდებს, მასთან ურთიერთობა ვიქონიოთ (პირველი ნეშტთა 28:9). ისრაელებისთვის რჯულის მიცემის შემდეგ, იეჰოვამ ლევიანები განაწესა ხალხის დასამოძღვრავად, და წინასწარმეტყველები გაგზავნა ხალხის შესაგონებლად და დასარიგებლად. გარდა ამისა, იგი მათი ლოცვების მოსასმენადაც მზად იყო (მეორე ნეშტთა 17:7—9; ფსალმუნი 64:3; ესაია 1:1—3, 18—20; იერემია 25:4; გალატელთა 3:22—24).

11. ა) როგორ შეუძლიათ მშობლებს, შვილებთან კარგ ურთიერთობას შეუწყონ ხელი? ბ) რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ შვილებთან ურთიერთობისას მშობლები კარგი მსმენელები იყვნენ?

11 როგორ შეუძლიათ მშობლებს, იეჰოვას მიჰბაძონ, როდესაც შვილებთან აქვთ ურთიერთობა? უპირველეს ყოვლისა, მათ დრო უნდა გამოუყონ ბავშვებს. გარდა ამისა, თავი უნდა აარიდონ დაუფიქრებლად ისეთი რამის თქმას, რაც დამამცირებელი იქნებოდა ახალგაზრდისთვის. მაგალითად: „სულ ეგ იყო? მე კი რაღაც უფრო მნიშვნელოვანი მეგონა“, „უაზრობაა“, „აბა, რა გეგონა? ჯერ ტუჩებზე რძე არ შეგშრობია“ (იგავნი 12:18). ბავშვს რომ გულის გადაშლაში დაეხმარონ, გონიერი მშობლები შეეცდებიან, კარგი მსმენელები იყვნენ. მშობლები, რომლებიც უგულებელყოფენ შვილებს ბავშვობისას, შეიძლება თავადაც უგულებელყოფილი აღმოჩნდნენ, როდესაც ისინი წამოიზრდებიან. იეჰოვა ყოველთვის მზად არის თავისი ხალხის მოსასმენად. მისი ყური მათდამია მიპყრობილი, ვინც თავმდაბლად მიმართავს ლოცვით (ფსალმუნი 90:15; იერემია 29:12; ლუკა 11:9—13).

12. მშობლების მხრიდან რა თვისებების გამოვლენა გაუადვილებს შვილებს მათთან ურთიერთობას?

12 ვნახოთ აგრეთვე, ღვთის პიროვნების ზოგიერთმა თავისებურებამ როგორ გაუადვილა მის ხალხს, თავისუფლად მიემართათ მისთვის. მაგალითად, ძველი ისრაელის მეფემ, დავითმა, მძიმედ შესცოდა, როცა ბათშებაყთან იმრუშა. არასრულყოფილების გამო დავითმა სხვა სერიოზული ცოდვებიც ჩაიდინა თავისი ცხოვრების განმავლობაში. მიუხედავად ამისა, მას არასოდეს უთქვამს უარი იმაზე, რომ იეჰოვასთვის მიემართა მიტევებისა და გამოსწორების სათხოვნელად. უეჭველია, იეჰოვას მრავალმოწყალეობამ და ლმობიერებამ გაუადვილა დავითს, მისკენ მოქცეულიყო (ფსალმუნი 102:8). თუ ღვთისთვის დამახასიათებელ ისეთ თვისებებს გამოავლენენ, როგორიცაა თანაგრძნობა და შემწყნარებლობა, მშობლები შვილებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას მაშინაც კი შეძლებენ, როდესაც ბავშვები შეცდომას უშვებენ (ფსალმუნი 102:13; მალაქია 3:17).

იყავით კეთილგონიერნი

13. რა იგულისხმება კეთილგონიერების გამოვლენაში?

13 როდესაც შვილებს უსმენენ, მშობლებმა კეთილგონიერება უნდა გამოავლინონ და „მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნე“ უნდა აირეკლონ (იაკობი 3:17). «თქვენი თავმდაბლობა [„კეთილგონიერება“, აქ] ცნობილი იყოს ყველა ადამიანისათვის», — წერდა მოციქული პავლე (ფილიპელთა 4:5). რას ნიშნავს, იყო კეთილგონიერი? ერთ-ერთი განმარტების თანახმად, ბერძნული სიტყვა, რომელიც „კეთილგონიერად“ ითარგმნება, „წვრილმანებზე არჩაჭიდებას“ ნიშნავს. როგორ შეუძლიათ მშობლებს, მტკიცე ზნეობრივი და სულიერი ნორმებიც დაიცვან და, კეთილგონიერებაც გამოავლინონ?

14. როგორ გამოავლინა იეჰოვამ კეთილგონიერება ლოტთან მოპყრობით?

14 იეჰოვა კეთილგონიერების გამოვლენის საუკეთესო მაგალითს გვაძლევს (ფსალმუნი 9:17). როდესაც ის ლოტსა და მის ოჯახს აჩქარებდა, რომ გასანადგურებლად განწირული სოდომიდან გამოსულიყვნენ, ლოტი ამ დროს „ფეხს ითრევდა“. შემდეგ, როდესაც ღვთის ანგელოზმა შესთავაზა, მთაში შეეფარებინა თავი, ლოტმა უთხრა მას: „მთას ვერ შევეფარები... აგერ, ეს ქალაქი [ცოღარი] უფრო ახლოსაა გასაქცევად, პატარაც არის, იქ შევაფარებ თავს“. როგორ მოიქცა იეჰოვა? მან უთხრა: „კეთილი, შეგისრულებ ამ სათხოვარსაც: არ დავამხობ ამ ქალაქს, შენ რომ ახსენე“ (დაბადება 19:16—21, 30). იეჰოვა მზად იყო, ლოტის თხოვნა შეესრულებინა. დიახ, მშობლებმა უნდა უერთგულონ იმ პრინციპებს, რომლებსაც იეჰოვა ღმერთი თავის სიტყვაში, ბიბლიაში, წარმოგვიდგენს, მაგრამ ახალგაზრდების სურვილების გათვალისწინებაც შესაძლებელია, როდესაც ბიბლიური პრინციპები არ ირღვევა.

15, 16. რის სწავლა შეუძლიათ მშობლებს ესაიას 28:24, 25-ში ჩაწერილი თვალსაჩინო მაგალითიდან?

15 კეთილგონიერების გამოვლენაში რჩევის მისაღებად ბავშვის გულის მომზადებაც იგულისხმება. ესაიამ თვალსაჩინო მაგალითი მოიყვანა, რომელშიც იეჰოვა მიწათმოქმედს შეადარა: „განა სულმუდამ ხნავს მხვნელი დასათესად? განა სულმუდამ აბრუნებს და ფარცხავს თავის მიწას? განა არ ასწორებს მის ზედაპირს, მიმოფანტავს სოინჯს და თესავს კვლიავს, ჩადებს ხორბალს ხნულში და ქერს თავის ადგილზე და ასლს ყანის კიდეებზე?“ (ესაია 28:24, 25).

16 იეჰოვა ‘დასათესად ხნავს’ და „აბრუნებს და ფარცხავს თავის მიწას“. ის ამგვარად ამზადებს თავისი ხალხის გულს, ვიდრე შეაგონებდეს მათ. როდესაც ბავშვის შეგონებას აპირებენ, როგორ შეუძლიათ მშობლებს ამნაირადვე „დაამუშაონ“ მისი გული? ერთმა მამამ იეჰოვას მიჰბაძა, როდესაც თავის ოთხი წლის ბიჭუნას არიგებდა. მას შემდეგ, რაც მისმა შვილმა მეზობელ ბიჭს გაარტყა, თავდაპირველად, მამა მოთმინებით უსმენდა მის თავის მართლებას. შემდეგ მამამ, ასე ვთქვათ, მისი გულის დამუშავება დაიწყო, და ამბავი მოუყვა პატარა ბიჭის შესახებ, რომელიც ერთმა ჩხუბისთავმა საშინელ დღეში ჩააგდო. ეს ამბავი ბიჭუნამ გულთან ახლოს მიიტანა და თქვა, რომ ჩხუბისთავი დასჯას იმსახურებდა. ამგვარმა „დამუშავებამ“ ბიჭის გული მოამზადა და გაუადვილა იმის დანახვა, რომ მეზობელი ბიჭისთვის გარტყმა ჩხუბისთავობა და არასწორი საქციელი იყო (მეორე მეფეთა 12:1—14).

17. რას გვასწავლის ესაიას 28:26—29 მშობლების მიერ ბავშვის შეგონებასთან დაკავშირებით?

17 შემდეგ ესაიამ იეჰოვას შეგონება სხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოს — მარცვლეულის გალეწვას — შეადარა. იმისდა მიხედვით, თუ რამდენად მაგარია მარცვლეულის ჩელხი, მიწათმოქმედი სხვადასხვა სალეწ იარაღს იყენებს. სუსტი სოინჯის დასაცეხვად კეტს ხმარობს, კვლიავისთვის — ჯოხს, მაგრამ უფრო მაგარჩელხიანი მარცვლეულის გასალეწად კევრს ან ურმის ბორბალს იყენებს. თუმცა, უფრო მაგარ მარცვლეულსაც იგი ისე არ გადაუვლის, რომ დანაყოს. ასევე, როდესაც იეჰოვას სურს თავისი ხალხისგან რაიმე არასასურველის მოშორება, იგი სხვადასხვანაირად უდგება სიტუაციას არსებული საჭიროებებისა და ვითარების მიხედვით. იგი არასოდეს არ არის დესპოტური და სასტიკი (ესაია 28:26—29). ზოგი ბავშვისთვის მშობლის შეხედვაც კი საკმარისია, რომ თავის დანაშაულს მიხვდეს. სხვები განუწყვეტლივ შეხსენებებს საჭიროებენ, ხოლო ზოგიერთს უფრო მკაცრი შეგონება ესაჭიროება. კეთილგონიერი მშობლები თითოეული ბავშვის საჭიროებებისდა მიხედვით შეეცდებიან მათ შეგონებას.

სასიამოვნო წუთებად აქციეთ ოჯახური შესწავლა

18. როგორ შეუძლიათ მშობლებს რეგულარული ოჯახური შესწავლისთვის დროის გამოყოფა?

18 შვილების დასამოძღვრავად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ბიბლიის რეგულარული ოჯახური შესწავლა და საღვთო წერილის ყოველდღიურად განხილვაა. ოჯახური შესწავლა ყველაზე ეფექტური მაშინაა, როდესაც რეგულარულად ტარდება. თუ ის შემთხვევითობაზე იქნება დამოკიდებული ან სპონტანურად და მოუმზადებლად დაიწყებთ, სხვა რომ აღარაფერი ვთქვათ, ალბათ, იშვიათად თუ შეძლებთ მის ნორმალურად ჩატარებას. ამიტომ მშობლებმა ‘დრო უნდა მოივაჭრონ’ შესწავლისთვის (ეფესელთა 5:15—17). ყველასთვის ხელსაყრელი კონკრეტული დროის შერჩევა შეიძლება რთული იყოს. ერთმა ოჯახისთავმა შენიშნა, რომ, როდესაც ბავშვები წამოიზარდნენ, მათმა განსხვავებულმა დღის განრიგმა უფრო გაართულა მთელი ოჯახის თავმოყრა. მაგრამ ოჯახის ყველა წევრი სახლში იყო ხოლმე იმ საღამოების დროს, როდესაც კრების შეხვედრები ტარდებოდა. ამიტომ მამამ გადაწყვიტა, ოჯახური შესწავლა ერთ-ერთ ასეთ საღამოს ჩაეტარებინათ. ასეთი მიდგომა ეფექტური აღმოჩნდა. მისი სამივე შვილი ახლა იეჰოვას მონათლული მსახურია.

19. როგორ შეუძლიათ მშობლებს იეჰოვას მიჰბაძონ ოჯახური შესწავლის ჩატარებისას?

19 მაგრამ შესწავლის დროს საღვთო წერილიდან, უბრალოდ, რაიმე მასალის განხილვა საკმარისი არ არის. იეჰოვა, გადასახლებიდან დაბრუნებულ ისრაელებს, მღვდლების მეშვეობით ასწავლიდა, რომლებიც „განმარტავდნენ“ ღვთის რჯულს და „ხალხსაც ესმოდა წაკითხული“ (ნეემია 8:8). ერთი მამა, რომელმაც წარმატებით ჩაუნერგა იეჰოვასადმი სიყვარული თავის შვიდივე შვილს, ოჯახური შესწავლის დაწყებამდე ყოველთვის განმარტოვდებოდა ხოლმე თავის ოთახში, რათა მასალა თითოეული ბავშვის საჭიროებისდა მიხედვით მოემზადებინა. მან შესწავლა სასიამოვნო წუთებად უქცია ბავშვებს. „შესწავლა ყოველთვის სასიამოვნო იყო, — იხსენებს მისი ერთ-ერთი უკვე მოზრდილი ვაჟი, — თუ ეზოში ბურთს ვთამაშობდით და ამ დროს ოჯახურ შესწავლაზე დასასწრებად დაგვიძახებდნენ, მაშინვე ვდებდით ბურთს და შინისაკენ გავრბოდით. ეს ერთ-ერთი საუკეთესო საღამო იყო კვირის განმავლობაში“.

20. ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული კიდევ რა შესაძლო პრობლემა მოითხოვს ჩვენს ყურადღებას?

20 ფსალმუნმომღერალმა თქვა: „აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან — შვილები, გასამრჯელო — მუცლის ნაყოფი“ (ფსალმუნი 126:3). ბავშვების აღზრდა დროსა და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ სწორედ ჩვენს ამგვარ მოქმედებას შეუძლია მათთვის მარადიული სიცოცხლის მოტანა. რა შესანიშნავი ჯილდოა! მაშ, მოდი მონდომებით მივბაძოთ იეჰოვას და ისე აღვზარდოთ ჩვენი შვილები. თუმცა მშობლებს ‘შვილების უფლის მოძღვრებითა და დარიგებით აღზრდის’ პასუხისმგებლობა აკისრიათ, არ არსებობს იმის გარანტია, რომ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებული იქნებიან (ეფესელთა 6:4). იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მშობლები საუკეთესოდ ზრუნავენ შვილებზე, რომელიმე მათგანი შეიძლება მოჯანყე გახდეს და იეჰოვასთვის მსახურება შეწყვიტოს. რა უნდა გაკეთდეს ასეთ შემთხვევაში? ამ საკითხს მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.

[სქოლიოები]

a ამ და მომდევნო სტატიაში შეიძლება იმ ქვეყნებში მომხდარი შემთხვევები იყოს მოყვანილი, რომელთა კულტურაც თქვენი ქვეყნის კულტურისგან განსხვავდება. შეეცადეთ, ზოგადი პრინციპები ამოიცნოთ და თქვენს კულტურას მიუსადაგოთ.

როგორ უპასუხებთ?

• როგორ შეუძლიათ მშობლებს იეჰოვას მიჰბაძონ სიყვარულის გამოვლენაში, როგორც ეს მეორე რჯულის 32:11, 12-შია აღწერილი?

• რა ისწავლეთ იქიდან, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა იეჰოვას ისრაელებთან?

• რას ვსწავლობთ იეჰოვას მიერ ლოტის თხოვნის შესმენიდან?

• რა ისწავლეთ ესაიას 28:24—29-დან ბავშვების შეგონებასთან დაკავშირებით?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 8, 9 გვერდებზე]

მოსემ იეჰოვას მიერ თავისი ხალხის გაწვრთნა მართვეზე არწივის მზრუნველობას შეადარა.

[სურათები 10 გვერდზე]

მშობლებმა დრო უნდა გამოუყონ ბავშვებს.

[სურათი 12 გვერდზე]

„ეს ერთ-ერთი საუკეთესო საღამო იყო კვირის განმავლობაში“.