არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ნიშნავს ერთგულება?

რას ნიშნავს ერთგულება?

რას ნიშნავს ერთგულება?

იუდაელ ჰასიდებს, რომლებიც ძვ. წ. მეორე საუკუნეში ცხოვრობდნენ, საკუთარი თავი, უეჭველად, ერთგულ ადამიანებად მიაჩნდათ. მათი სახელი სწორედ ებრაული სიტყვიდან — კასიდ — არის ნაწარმოები, რაც ძირითადად „ერთგულს“ ნიშნავს, და უფრო ზუსტად — ებრაული არსებითი სახელიდან კესედ, რაც ხშირად ითარგმნება, როგორც „სიყვარულით აღსავსე სიკეთე“, „გულითადი სიყვარული“, „გულკეთილობა“, „სათნოება“ და „გულმოწყალება“. „ძველი აღთქმის თეოლოგიური ლექსიკონის“ თანახმად, კესედი ნიშნავს „ცოცხალ, შეხმატკბილებულ ურთიერთობასა და მდგრადობას, რაც არა მხოლოდ ადამიანის განწყობილებას გამოხატავს, არამედ ასეთი განწყობილებით მოქმედებასაც. მსგავსმა მოქმედებამ შეიძლება იხსნას ადამიანის სიცოცხლე და მის ცხოვრებას აზრი შეჰმატოს. ამგვარად გასაჭირში ჩავარდნილი ან დამწუხრებული ადამიანის ინტერესებს იცავენ და ეს ნამდვილი მეგობრობის მაჩვენებელია“.

რასაკვირველია, ბევრ ენაში შეუძლებელია, ზუსტად გადმოიცეს ბიბლიაში გამოყენებული ამ ებრაული სიტყვის მნიშვნელობა. როგორც უნდა იყოს, სიტყვა ერთგულება ბიბლიური გაგებით უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ვალდებულების მოხდის მიზნით რაღაცის პირნათლად შესრულებას. ამ სიტყვაში იგულისხმება სიყვარულით აღსავსე მხარდაჭერა, რაც სხვების სასარგებლოდ მთელი გულით გაკეთებული კეთილი საქმეებით ვლინდება. ნამდვილი ერთგულების ზუსტი მნიშვნელობის გასაგებად, დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ გამოავლინა იეჰოვამ ეს თვისება აბრაამის, მოსეს, დავითის, ისრაელი ერისა და, საერთოდ, მთელი კაცობრიობის მიმართ.

იეჰოვას მიერ გამოვლენილი ერთგულება

იეჰოვამ ასეთი რამ უთხრა თავის მეგობარ აბრაამს: „მე ვარ ფარი შენი!“ (დაბადება 15:1; ესაია 41:8). ეს არ იყო ლიტონი სიტყვები. ღმერთმა დაიცვა და იხსნა აბრაამი და მისი ოჯახი ფარაონისა და აბიმელექისგან; ოთხი მოკავშირე მეფის ტყვეობისგან დაიხსნა ლოტი; 100 წლის აბრაამსა და 90 წლის სარას შვილის ყოლის უნარი მისცა, რათა მათ საგვარეულო ხაზში მოსულიყო აღთქმული თესლი. იეჰოვას ყოველთვის ჰქონდა ურთიერთობა აბრაამთან ხილვების, სიზმრებისა და ანგელოზი–მაცნეების მეშვეობით. იეჰოვამ აბრაამს არა მარტო მის სიცოცხლეში უერთგულა, არამედ — მისი სიკვდილიდან დიდი ხნის გასვლის შემდეგაც. საუკუნეების მანძილზე იეჰოვა თავის დანაპირებს უსრულებდა აბრაამის შთამომავლებს, ისრაელ ერს, მათი ურჩობის მიუხედავად. აბრაამთან იეჰოვას ურთიერთობამ ცხადყო, რას ნიშნავს ნამდვილი ერთგულება — სიყვარულს, რომელიც საქმით ვლინდება (დაბადება, თავები 12—25).

ბიბლიაში ნათქვამია, რომ „პირისპირ ელაპარაკებოდა უფალი მოსეს, როგორც კაცი ელაპარაკება კაცს“ (გამოსვლა 33:11). დიახ, მოსეს უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდა იეჰოვასთან, ვიდრე იესო ქრისტემდე მცხოვრებ რომელიმე სხვა წინასწარმეტყველს. როგორ გამოავლინა იეჰოვამ ერთგულება მოსეს მიმართ?

ძლიერმა და უნარიანმა მოსემ 40 წლის ასაკში თავისი ერის გათავისუფლება იტვირთა, მაგრამ ვიდრე ამის დრო დადგებოდა, ეგვიპტიდან გაიქცა. 40 წლის მანძილზე იგი ცხვარს მწყემსავდა მიდიანში (საქმეები 7:23—30). ამის მიუხედავად, იეჰოვას არ მიუტოვებია მოსე. როდესაც შესაფერისი დრო დადგა, ღმერთმა დააბრუნა მოსე ეგვიპტეში, რათა მისი თაოსნობით ისრაელი ერი ამ ქვეყნიდან გამოსულიყო.

იეჰოვამ ერთგულება გამოავლინა დავითის, ისრაელის მეორე მეფის, მიმართ. როდესაც დავითი ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, იეჰოვამ უთხრა წინასწარმეტყველ სამუელს: „ადექი, სცხე მას, რადგან სწორედ ეს არის ის!“ მას შემდეგ იეჰოვა იცავდა და ხელმძღვანელობდა დავითს, და სწორედ ასეთი ერთგული მფარველობით მიიყვანა მეფობამდე; იეჰოვამ დაიხსნა ის „ლომისაგან და დათვისაგან“ და ფილისტიმელი გოლიათისგან. ღმერთმა არაერთხელ მოაპოვებინა გამარჯვება დავითს ისრაელის მტრებზე და იხსნა შურიანი და მისი მოძულე საულისგან, რომელსაც შუბით სურდა მისი განგმირვა (პირველი მეფეთა 16:12; 17:37; 18:11; 19:10).

რასაკვირველია დავითი არ იყო სრულყოფილი მამაკაცი. მას მართლაც სერიოზული ცოდვა ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ იეჰოვას ზურგი არ შეუქცევია მისთვის, მან ერთგულად გამოავლინა სიყვარული გულწრფელად მომნანიე დავითის მიმართ. იეჰოვამ არაერთხელ დაიცვა ის და მოაპოვებინა წარმატება. ღმერთი გასაჭირში მყოფთა სასარგებლოდ მოქმედებდა. ეს მართლაც სიყვარულით აღსავსე სიკეთის გამოვლენა იყო (მეორე მეფეთა 11:1—12:25; 24:1—17).

მთელმა ისრაელმა ერმა ღვთისადმი მიძღვნით განსაკუთრებული ურთიერთობა დაამყარა იეჰოვასთან, როცა მოსეს რჯულის კავშირით გათვალისწინებული მოთხოვნები ერთხმად მიიღო სინაის მთაზე (გამოსვლა 19:3—8). ამიტომ ისრაელი აღიწერება, როგორც იეჰოვაზე დაქორწინებული ერი. ისრაელ ერს ეთქვა: „უფალმა მოგიხმო, როგორც ცოლს“. იეჰოვამ უთხრა მას: „საუკუნო წყალობით შეგიბრალებ“ (ესაია 54:6, 8). როგორ გამოავლინა იეჰოვამ ერთგულება ამ განსაკუთრებული ურთიერთობის დროს?

იეჰოვამ თავად იზრუნა ისრაელიანთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და უფრო განამტკიცა მათთან დადებული კავშირი. მან გამოიყვანა ისინი ეგვიპტიდან, ერად ჩამოაყალიბა და წაიყვანა „ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება თაფლი და რძე“ (გამოსვლა 3:8). ის განუწყვეტლივ მოძღვრავდა მათ მღვდლების, ლევიანების, მთელი რიგი წინასწარმეტყველებისა და მაცნეების მეშვეობით (მეორე ნეშტთა 17:7—9; ნეემია 8:7—9; იერემია 7:25 ). როდესაც ამ ერმა სხვა ღმერთების მსახურება დაიყო, იეჰოვამ დასაჯა ისინი, მაგრამ, როცა მოინანიეს, ღმერთმა შეუნდო მათ დანაშაული. საერთოდ, ისრაელი ერი, ბიბლიის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, რთული ასატანი მეუღლე იყო. მაგრამ იეჰოვას დაუყოვნებლივ არ მიუტოვებია იგი. აბრაამთან დადებული აღთქმის გამო ის ერთგულად განაგრძობდა ისრაელებთან ურთიერთობას მანამ, სანამ მათთან დაკავშირებულ თავის განზრახვებს განახორციელებდა (მეორე რჯული 7:7—9). რა შესანიშნავი მაგალითია ეს დაქორწინებული წყვილებისთვის!

დღესდღეობით იეჰოვა მთელი კაცობრიობის მიმართაც ავლენს ერთგულებას, რაც იმაში ვლინდება, რომ ყველას — როგორც მართლის, ისე არამართლის, სასიცოცხლოდ აუცილებელ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს (მათე 5:45; საქმეები 17:25). უფრო მეტიც, მან თავისი ძე გამომსყიდველურ მსხვერპლად შესწირა და ამით მთელ კაცობრიობას მისცა როგორც ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან განთავისუფლების შესაძლებლობა, ისე სამოთხეში სრულყოფილი, მარადიული სიცოცხლით ტკბობის შესანიშნავი იმედი (მათე 20:28; იოანე 3:16). გამოსასყიდით უზრუნველყოფა ადამიანებისთვის ნაბოძები უდიდესი ძღვენი იყო, რამაც შესაძლებელი გახადა მათი სიცოცხლის ხსნა და აზრიანად ცხოვრება. ეს მართლაც „გასაჭირში ჩავარდნილი ან დამწუხრებული ადამიანის ინტერესების დაცვაზე“ მეტყველებს.

კეთილი საქმეებით დაამტკიცე შენი ერთგულება

ერთგულება არა მხოლოდ სიყვარულით აღსავსე სიკეთის სინონიმია, არამედ ურთიერთგაგების საკმაოდ ძლიერ მნიშვნელობასაც ატარებს. თუ სიყვარულით აღსავსე სიკეთეს ავლენენ შენს მიმართ, შესაძლოა, შენგანაც იგივეს მოელოდნენ. ერთგულება ერთგულებითვე სანაცვლოს მიგებას ნიშნავს. დავითს ესმოდა სიტყვა კესედის მნიშვნელობები, რაც მის სიტყვებში აშკარად გამოჩნდა: „თაყვანს ვცემ შენს წმიდა ტაძარს და ვადიდებ შენს სახელს“. რატომ? «შენი წყალობისა [„სიყვარულით აღსავსე სიკეთის“, აქ] და შენი ჭეშმარიტების გამო» (ფსალმუნი 137:2). დავითი, რომელიც ეხმაურებოდა იეჰოვას სიყვარულით აღსავსე სიკეთეს, მთელი გულით იყო მზად მის თაყვანისსაცემად და განსადიდებლად. ამიტომ, როცა ვფიქრობთ იეჰოვას მიერ ჩვენს მომართ გამოვლენილ სიყვარულით აღსავსე სიკეთეზე, მზად ვართ სანაცვლოს მისაგებად? მაგალითად, თუ იეჰოვას სახელი შეიბღალება, მისი რეპუტაციის შელახვით შეწუხებული არ გამოვესარჩლებით ცრუ ბრალდებას?

ასეთი რამ შეემთხვა ერთ, არც ისე დიდი ხნის წინათ მონათლულ, ქრისტიან ცოლ–ქმარს, როცა იმ ნათესავის დაკრძალვის პროცესიას ესწრებოდნენ, რომელიც მოტოციკლით მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. ამ ცერემონიალს რელიგიის წარმომადგენლები არ ემსახურებოდნენ და დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რაიმე ეთქვათ გარდაცვლილის შესახებ. ერთმა გამომსვლელმა ღმერთი დაადანაშაულა ამ ახალგაზრდა მამაკაცის ნაადრევად სიკვდილში და აღნიშნა, რომ ღმერთს სურდა მისი ზეცაში ყოფნა და ამიტომ წაიყვანა. ჩვენმა ქრისტიანმა ძმამ ვეღარ მოითმინა და სიტყვით გამოსვლა ისურვა, მიუხედავად იმისა, რომ არც ბიბლია ჰქონდა და არც ჩანაწერები. მან ასეთი კითხვა დასვა: „როგორ ფიქრობთ, გულმოწყალე, თანამგრძნობი და ყოვლისშემძლე ღმერთი იწონებს, როდესაც ასეთი უბედურება ხდება?“. შემდეგ ბიბლიური ციტატების მოშველიებით ათი წუთი ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვკვდებით, რა გააკეთა ღმერთმა კაცობრიობის სიკვდილის მონობისგან დასახსნელად და აღდგომის რა სასწაულებრივი იმედი არსებობს, რათა სამოთხეში დედამიწაზე მარადიულად ვიცხოვროთ. მოწონების ნიშნად 100–ზე მეტი დამსწრე მქუხარე ტაშით გამოეხმაურა მის სიტყვებს. მოგვიანებით ამ ძმამ გაიხსენა: „ასეთი შინაგანი სიხარული არასდროს მიგრძვნია. ვმადლობ იეჰოვას, სიბრძნე რომ მიბოძა და თავისი წმინდა სახელის დაცვის შესაძლებლობა მომცა“.

იეჰოვასადმი ერთგულება მისი სიტყვისადმი, ბიბლიისადმი, ერთგულებას ნიშნავს. რატომ? იმიტომ, რომ ბიბლიის საშუალებით იეჰოვა ცხოვრებას გვასწავლის. მასში ჩაწერილი კანონები და პრინციპები ნამდვილად შესანიშნავი და ძალზე სასარგებლოა ცხოვრებაში გამოსაყენებლად (ესაია 48:17). არ დაუშვა, რომ სხვების ზეგავლენამ და საკუთარმა არასრულყოფილებამ იეჰოვას კანონების მორჩილებაზე უარი გათქმევინოს. ბოლომდე უერთგულე ღვთის სიტყვას.

ღვთისადმი ერთგულებაში მისი ორგანიზაციისადმი ერთგულებაც შედის. საღვთო წერილის განსაზღვრული ადგილების უფრო უკეთ გასაგებად წლების მანძილზე აუცილებელი შესწორებები კეთდება და უფრო ნათელი ხდება ესა თუ ის საკითხი. ფაქტია, რომ სულიერად ჩვენზე უკეთ არავინ იკვებება (მათე 24:45—47). უდავოა, რომ დღეს იეჰოვა ერთგულად უდგას მხარში თავის ორგანიზაციას. ჩვენც ხომ შეგვიძლია იმავეს კეთება? ერთგულებით გამოირჩეოდა ალექსანდრე მაკმილანი. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან თქვა: „საკუთარი თვალით ვხედავ იეჰოვას ორგანიზაციის ზრდას 1900 წლის სექტემბრიდან, როცა 23 წლის ასაკში თავი მივუძღვენი იეჰოვას. მაშინდელი მცირე ჯგუფი ახლა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბედნიერი ხალხისგან შემდგარ საზოგადოებად იქცა, რომლებიც გულმოდგინედ, საჯაროდ აცხადებენ ღვთის ჭეშმარიტ სიტყვას. რადგან ვგრძნობ, რომ ღვთისთვის ჩემი მიწიერი მსახურება დასასრულს უახლოვდება, ახლა ისე, როგორც არასდროს უწინ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იეჰოვა ხელმძღვანელობს თავის ხალხს და მათ ყოველგვარ საჭიროებას დროულად აკმაყოფილებს“. ძმა მაკმილანი სიკვდილამდე, 1966 წლის 26 აგვისტომდე, პირნათლად და ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას თითქმის 66 წლის მანძილზე. მან ღვთის ხილული ორგანიზაციისადმი ერთგულების შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა.

გარდა ორგანიზაციისადმი ერთგულებისა, ვართ ერთგულები ერთმანეთის მიმართ? სასტიკი დევნისას დავრჩებით თუ არა ჩვენი ძმებისა და დების ერთგული? მეორე მსოფლიო ომის დროს ჩვენმა ნიდერლანდელმა ძმებმა ერთგულების შესანიშნავი მაგალითი მოგვცეს. გრონინგენის კრების უხუცესს, ძმა კლაას დე ვრიესს, გესტაპო დაკითხვის დროს სასტიკად და ულმობლად მოეპყრო. ის 12 დღით იზოლირებულ საკანში ჩასვეს, სადაც მხოლოდ პურსა და წყალს აწვდიდნენ, და შემდეგ დაკითხვა განაგრძეს. მას რევოლვერი დაუმიზნეს და სიკვდილით დაემუქრნენ, თუ ორ წუთში არ დაასახელებდა პასუხისმგებელი ძმების სავარაუდო ადგილსამყოფელს და არ მიაწვდიდა სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას. კლაასმა მხოლოდ ეს თქვა: „მე არ გავხდები მოღალატე... ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით“. მას სამჯერ დაემუქრნენ რევოლვერით. საბოლოოდ გესტაპომ თავი დაანება კლასს და სხვა ციხეში გადაიყვანა. მას არასდროს უღალატია თავისი ძმებისთვის.

ვავლენთ ერთგულებას ყველაზე ახლობელი ადამიანის — ჩვენი მეუღლის — მიმართ? როგორც იეჰოვა იყო ერთგული თავის ერთან, ისრაელთან, დადებული კავშირის, ჩვენც ასეთივე ერთგულები ვართ ჩვენი ქორწინების აღთქმის? საკმარისი არ არის, მხოლოდ დადებითი პასუხი გავცეთ ამ კითხვას; მეუღლესთან ახლო ურთიერთობისთვის აქტიურად უნდა ვიღვაწოთ. თავად ეცადე, რომ შენს ქორწინებას საძირკველი გაუმაგრო. ერთად გაატარეთ დრო, თავისუფლად იგრძენით თავი და გულახდილი იყავით ერთმანეთის მიმართ, გაამხნევეთ ერთმანეთი, მხარში ამოუდექით და მოუსმინეთ ერთიმეორეს, თუ სიცილია — ერთად იცინეთ, თუ გლოვაა — ერთად იგლოვეთ, ერთად გაერთეთ, ერთად იღვაწეთ საერთო მიზნების მისაღწევად, ასიამოვნეთ ერთმანეთს და დარჩით მეგობრებად. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, რომ სხვა ადამიანების მიმართ არ განგივითარდეთ რომანტიკული გრძნობა. თუმცა სავსებით ნორმალურია, გაიცნო ვინმე და ახლო მეგობრული ურთიერთობა მეუღლის გარდა სხვებთანაც განავითარო, რომანტიკული გრძნობა მხოლოდ მეორე ნახევრის მიმართ უნდა გქონდეს. ნუ დაუშვებ, რომ სხვა ვინმე ჩადგეს შენსა და შენს მეუღლეს შორის (იგავნი 5:15—20).

თანამორწმუნე მეგობრებისა და ოჯახის წევრების ერთგული დარჩი. დროთა განმავლობაში ნუ დაივიწყებ მათ. შეინარჩუნე მათთან ურთიერთობა, მისწერე, დაურეკე და მოინახულე. როგორი მდგომარეობაც უნდა გქონდეს, შეეცადე, იმედი არ გაუცრუო მათ. შეეხმიანე და გააგებინე, რა ხდება შენ გარშემო ისეთი, რაც გაახარებს მათ. მათდამი ერთგულება სიმტკიცეს შეგინარჩუნებს და დაგეხმარება, მოიქცე სწორად, რაც თავადვე გაგამხნევებს (ესთერი 4:6—16).

დიახ, ნამდვილი ერთგულების გამოსავლენად საჭიროა გონივრულად მოვიქცეთ, რათა ძვირფასი ურთიერთობები შევინარჩუნოთ. ყველაფერი აკეთე იეჰოვას სიყვარულით აღსავსე სიკეთის სანაცვლოდ! მიბაძე იეჰოვას ერთგულებაში ქრისტიანულ კრებასთან, ცხოვრების თანამგზავრთან, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობისას. ერთგულად ესაუბრე იეჰოვას ღირსებების შესახებ შენს მოყვასს. ფსალმუნმომღერალმა ზუსტად ეს აზრი გამოთქვა: „უფლის წყალობებს მარადჟამს ვუგალობებ. თაობიდან თაობას ვაცნობებ შენს ჭეშმარიტებას ჩემი პირით“ (ფსალმუნი 88:2). ნუთუ არ მიგვიწევს გული ასეთი ღმერთისკენ? ნამდვილად, „საუკუნოა წყალობა მისი“ (ფსალმუნი 99:5).

[სურათი 23 გვერდზე]

ა. ჰ. მაკმილანი.