არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ შეგიძლიათ „უძღებ“ შვილს დაეხმაროთ?

როგორ შეგიძლიათ „უძღებ“ შვილს დაეხმაროთ?

როგორ შეგიძლიათ „უძღებ“ შვილს დაეხმაროთ?

„ვმხიარულობდეთ, ვინაიდან... დაკარგული იყო და გამოჩნდა“ (ლუკა 15:32).

1, 2. ა) როგორ მოექცა ზოგი ახალგაზრდა ქრისტიანულ ჭეშმარიტებას? ბ) როგორი გრძნობები შეიძლება დაეუფლოთ მშობლებსა და შვილებს ასეთ შემთხვევებში?

 „მე ვტოვებ ჭეშმარიტებას!“ რაოდენ შემაძრწუნებელია შვილისგან ამ სიტყვების მოსმენა ღვთისმოშიში მშობლებისთვის, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებდნენ ბავშვების ქრისტიანული წესით აღსაზრდელად! სხვა ახალგაზრდები კი ისე ‘უხვევენ’ ჭეშმარიტების გზიდან, რომ არც არაფერს ამბობენ თავიანთი განზრახვების შესახებ (ებრაელთა 2:1). ბევრი მათგანი იესოს იგავში მოხსენიებულ უძღებ შვილს ჰგავს, რომელიც თავისი მამის სახლიდან წავიდა და შორეულ ქვეყანაში გაფლანგა თავისი ქონება (ლუკა 15:11—16).

2 თუმცა იეჰოვას მოწმეთა მშობლების უმრავლესობა ამ პრობლემას არ აწყდება, მათ, ვინც ასეთ მდგომარეობაშია, ნუგეშის ვერანაირი სიტყვები დარდს სრულად ვერ განუქარვებს. და მხედველობიდან არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ თავად გზასაცდენილი ახალგაზრდაც შეიძლება დიდად წუხდეს. სადღაც გულის სიღრმეში მას შეიძლება სინდისი ქენჯნიდეს. იესოს იგავში უძღები შვილი თავისი მამის გასახარად, საბოლოოდ, „გონს მოეგო“. როგორ შეუძლიათ მშობლებსა და კრებაში მყოფ სხვა ქრისტიანებს, უძღებ შვილებს დაეხმარონ, რათა ისინი ‘გონს მოეგონ’? (ლუკა 15:17).

რატომ ტოვებს ზოგი შვილი ჭეშმარიტებას?

3. რა მიზეზების გამო შეიძლება დატოვონ ახალგაზრდებმა ქრისტიანული კრება?

3 ქრისტიანულ კრებაში ასი ათასობით ახალგაზრდა სიხარულით ემსახურება იეჰოვას. მაშ, რატომღა ტოვებს ზოგიერთი მათგანი ჭეშმარიტებას? ისინი შეიძლება ფიქრობენ, რომ ხელიდან უშვებენ რაიმე მნიშვნელოვანს, რასაც ეს წუთისოფელი სთავაზობს (2 ტიმოთე 4:10). ანდა შეიძლება იეჰოვას სულიერად დამცავი ფარეხი მათ მეტისმეტად შემზღუდველად მიიჩნიონ. გარდა ამისა, სინდისის ქენჯნამ, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებით ძლიერმა დაინტერესებამ ან თანატოლების მხრიდან აღიარების სურვილმაც შეიძლება მოზარდი იეჰოვას სამწყსოს ჩამოაშოროს. ახალგაზრდას შეიძლება მოეჩვენოს, რომ მისი მშობლები ან სხვა რომელიმე ქრისტიანი თვალთმაქცობენ და ამის გამოც შეწყვიტოს ღვთისთვის მსახურება.

4. რა არის ხშირად ახალგაზრდების გზიდან აცდენის ძირითადი მიზეზი?

4 ბავშვის ურჩობა და თავნებობა, ჩვეულებრივ, სულიერი სისუსტის სიმპტომებია და მისი გულის მდგომარეობას ირეკლავს (იგავნი 15:13; მათე 12:34). რა მიზეზითაც უნდა სცდებოდეს მოზარდი გზას, პრობლემის არსი ხშირად „ჭეშმარიტების ზუსტი შემეცნების“ არქონაა (2 ტიმოთე 3:7, აქ). ნაცვლად იმისა, რომ იეჰოვასადმი ახალგაზრდების თაყვანისცემა ზერელე და მექანიკური იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ პირადად განავითარონ ახლო ურთიერთობა ღმერთთან. რა დაეხმარება მათ ამაში?

დაუახლოვდით ღმერთს

5. რა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იმისათვის, რომ ახალგაზრდამ პირადად განავითაროს ურთიერთობა ღმერთთან?

5 „დაუახლოვდით ღმერთს, — წერდა მოწაფე იაკობი, — და ისიც დაგიახლოვდებათ თქვენ“ (იაკობი 4:8, აქ). ღმერთთან დაახლოება რომ შეძლოს, ახალგაზრდას ღვთის სიტყვისადმი სიყვარულის განვითარებაში უნდა დაეხმარონ (ფსალმუნი 33:9). თავდაპირველად მას „რძე“ — ბიბლიის ძირითადი მოძღვრება დასჭირდება. მაგრამ, თანდათანობით, რაც უფრო მეტ სიამოვნებას მიანიჭებს ღვთის სიტყვის კითხვა და რაც უფრო შეუყვარდება „მაგარი საჭმელი“ — ღრმა სულიერი ინფორმაცია — მით უფრო სულიერად მოწიფული იქნება (ებრაელთა 5:11—14; ფსალმუნი 1:2). ერთმა მოზარდმა, რომელმაც აღიარა, რომ წუთისოფლისეულმა ცხოვრებამ ჩაითრია, ბიბლიური ფასეულობების დაფასება დაიწყო. რა დაეხმარა მას, რომ ასე შეცვლილიყო? იგი გამოეხმაურა რჩევას, მთლიანი ბიბლია წაეკითხა და მისი რეგულარულად კითხვა დაიწყო. დიახ, ღვთის სიტყვის რეგულარულად კითხვა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის განსავითარებლად.

6, 7. როგორ შეუძლიათ მშობლებს, ბავშვებს ღვთის სიტყვის შეყვარებაში დაეხმარონ?

6 უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მშობლები თავიანთ შვილებს ღვთის სიტყვისადმი სიყვარულის განვითარებაში დაეხმარონ. მიუხედავად იმისა, რომ ერთი გოგონას ოჯახში რეგულარულად ტარდებოდა ოჯახური შესწავლა, მას დამნაშავეებთან ჰქონდა ურთიერთობა. ოჯახურ შესწავლასთან დაკავშირებით იგი იხსენებს: „როდესაც მამა შეკითხვებს სვამდა, პასუხებს, უბრალოდ, ნაჩქარევად ამოვიკითხავდი ხოლმე და მას არც კი ვუყურებდი თვალებში“. გონიერი მშობლები ოჯახურ შესწავლას, უბრალოდ, მასალის გავლის მიზნით კი არ ჩაატარებენ, არამედ სწავლების ხელოვნებას მიმართავენ (2 ტიმოთე 4:2). შესწავლა რომ მოზარდისთვისაც საინტერესო იყოს, ისიც ჩაბმული უნდა იყოს ამ შესწავლაში. დაუსვით სააზროვნო კითხვები და თვალსაზრისის გამოთქმის საშუალება მიეცით. წაახალისეთ მოზარდები, რომ განხილული მასალა ცხოვრებაში გამოიყენონ a.

7 გარდა ამისა, ცოცხალი გახადეთ საღვთო წერილის განხილვა. როდესაც შესაფერისი იქნება, ბავშვებს ბიბლიური მოვლენები და დრამები გაათამაშებინეთ. დაეხმარეთ იმ მხარის ადგილმდებარეობისა და თავისებურებების წარმოდგენაში, სადაც თქვენ მიერ განსახილველი მოვლენები მოხდა. შეიძლება ამაში რუკებისა და ტაბულების გამოყენება დაგეხმაროთ. დიახ, ცოტა წარმოსახვის უნარი — და ოჯახური შესწავლა ცოცხალი და მრავალფეროვანი გახდება. მშობლებმა იეჰოვასთან თავიანთი ურთიერთობაც უნდა შეამოწმონ. თუკი ისინი თავად დაუახლოვდებიან იეჰოვას, შვილებსაც დაეხმარებიან მასთან დაახლოებაში (მეორე რჯული 6:5—7).

8. როგორ ეხმარება ლოცვა ახალგაზრდას ღმერთთან დაახლოებაში?

8 ღმერთთან დაახლოებაში ლოცვაც დაეხმარება ახალგაზრდებს. ერთი გოგონა გატანჯული იყო, რადგან ვეღარ გაეგო, ქრისტიანული ცხოვრების გზა აერჩია თუ თავის მეგობრებთან ურთიერთობა, რომლებიც მის მრწამს არ იზიარებდნენ (იაკობი 4:4). რა მოიმოქმედა მან? „პირველად ჩემი ცხოვრების მანძილზე, — გამოტყდა ის, — მართლაც მთელი გულით ვილოცე იეჰოვასადმი და გავუმჟღავნე, რას ვგრძნობდი“. ბოლოს, როდესაც ქრისტიანულ კრებაში მეგობარი იპოვა, რომელსაც გულს გადაუშლიდა, მან დაასკვნა, რომ ეს იყო პასუხი მის ლოცვაზე. იგი გრძნობდა, რომ იეჰოვა ხელმძღვანელობდა და მასთან უშუალო ურთიერთობის განვითარება დაიწყო. თუ მშობლები თავიანთ ლოცვებს გააუმჯობესებენ, ამით შვილებსაც დაეხმარებიან. როდესაც ოჯახი ერთად ლოცულობს, მშობლებს შეუძლიათ გული გადმოღვარონ ღვთის წინაშე; ეს ბავშვებს საშუალებას მისცემს, მშობლებსა და იეჰოვას შორის არსებული უშუალო კავშირი შეიგრძნონ.

იყავით მომთმენი და, იმავდროულად, გამოიჩინეთ სიმტკიცე

9, 10. რა მაგალითი მოგვცა იეჰოვამ გზასაცდენილი ისრაელებისადმი სულგრძელობის გამოვლენით?

9 როდესაც ახალგაზრდა ჭეშმარიტებიდან ჩამოშორებას იწყებს, იგი შეიძლება თავის ნაჭუჭში ჩაკეტვას ლამობდეს და გაურბოდეს ისეთ სიტუაციებს, როდესაც მშობლები მასთან სულიერ საკითხებზე საუბარს ცდილობენ. რის გაკეთება შეუძლიათ მშობლებს ასეთ მძიმე სიტუაციაში? ვნახოთ, როგორ მოექცა იეჰოვა ძველ ისრაელ ერს. იგი 900-ზე მეტი წლის მანძილზე უთმენდა „ურჩ“ ისრაელებს, ვიდრე თავიანთ უკუღმართ გზაზე მიატოვებდა (გამოსვლა 34:9; მეორე ნეშტთა 36:17—21; რომაელთა 10:21). მიუხედავად იმისა, რომ ისინი განუწყვეტლივ „სცდიდნენ“ მას, იეჰოვა „გულმოწყალე“ იყო მათდამი. ‘მრავალჯერ უკუაგდო თავისი რისხვა და არ აღაგზნო მთელი თავისი გულისწყრომა’ (ფსალმუნი 77:38—42). ღმერთი ისე ექცეოდა ისრაელებს, რომ მას ვერაფერში დასდებდნენ ბრალს. მოსიყვარულე მშობლები იეჰოვას ჰბაძავენ და მოთმინებას იჩენენ, როდესაც ბავშვი მაშინვე არ რეაგირებს მათ მიერ მის დასახმარებლად გადადგმულ ნაბიჯებზე.

10 სულგრძელობის ანუ დიდი მოთმინების გამოვლენა არ შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში ტანჯვასთან გავაიგივოთ. მაგრამ მას შეიძლება ასეთი განმარტებაც კი მოვარგოთ: სულგრძელია პიროვნება, რომელიც არ იწურავს იმედს და გაუარესებული ურთიერთობის გაუმჯობესების სწამს. იეჰოვამ მაგალითი მოგვცა, როგორ ვიყოთ სულგრძელი. მან თავად აიღო ინიციატივა და „კიდევ და კიდევ“ (აქ) უგზავნიდა თავის მოციქულებს ისრაელებს. იეჰოვას „ებრალებოდა... თავისი ერი“, მიუხედავად იმისა, რომ ისინი „აბუჩად იგდებდნენ მოციქულებს, არად აგდებდნენ მის სიტყვებს“ (მეორე ნეშტთა 36:15, 16). ის სთხოვდა ისრაელებს: „მიატოვეთ თითოეულმა თქვენი ბოროტი გზა“ (იერემია 25:4, 5). მაგრამ იეჰოვა არასოდეს თმობდა თავის სამართლიან პრინციპებს. იგი მოუწოდებდა ისრაელ ერს, დაბრუნებოდნენ მას და მის გზებს.

11. როგორ შეუძლიათ მშობლებს სულგრძელობისა და, იმავდროულად, სიმტკიცის გამოვლენა გზასაცდენილი შვილისადმი?

11 მშობლებს შეუძლიათ იეჰოვას მიჰბაძონ სულგრძელობის გამოვლენაში და მაშინვე არ ჩაიქნიონ ხელი გზასაცდენილ შვილზე. მათ არ უნდა გადაიწურონ იმედი და ურთიერთობის შესანარჩუნებლად ან აღსადგენად თავადვე უნდა გამოავლინონ ინიციატივა. მშობლებმა სამართლიან პრინციპებს უნდა უერთგულონ, მაგრამ, იმავდროულად, „კიდევ და კიდევ“ უნდა მოუწოდონ თავიანთ შვილს, ჭეშმარიტების გზას დაუბრუნდეს.

როდესაც არასრულწლოვანი კრებიდან ირიცხება

12. რა პასუხისმგებლობა აკისრიათ მშობლებს იმ არასრულწლოვანი შვილისადმი, რომელიც მათთან ცხოვრობს, მაგრამ კრებიდანაა გარიცხული?

12 რა უნდა გაკეთდეს იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი, რომელიც მშობლებთან ცხოვრობს, სერიოზულ ცოდვას სჩადის და, რადგან არ ინანიებს თავის საქციელს, კრებიდან ირიცხება? რადგან ბავშვი მშობლებთან ცხოვრობს, ჯერ კიდევ მათ აკისრიათ ღვთის სიტყვის თანახმად მისი დამოძღვრისა და გაწვრთნის პასუხისმგებლობა. როგორ შეუძლიათ ამ ვალდებულებისთვის თავის გართმევა? (იგავნი 6:20—22; 29:17).

13. როგორ შეიძლება მშობლებმა შემცოდველი შვილის სათუთი გრძნობების გაღვიძება სცადონ?

13 ასეთი ბავშვის დამოძღვრა და გაწვრთნა შესაძლებელია — და საუკეთესოც იქნებოდა — ბიბლიის პირადი შესწავლის დროს. მშობელი მხოლოდ ბავშვის გაუხეშებულ დამოკიდებულებას კი არ უნდა აჰყვეს, არამედ იმის ამოცნობას უნდა შეეცადოს, თუ რა უდევს მას გულში. რამდენად მრავლისმომცველია მისი სულიერი ავადმყოფობა? (იგავნი 20:5). შესაძლებელია თუ არა მის გულში სათუთი გრძნობების გაღვიძება? რომელი ბიბლიური მუხლების გამოყენება იქნებოდა ეფექტური? მოციქული პავლე გვარწმუნებს: „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სიმშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე, და სჯის გულის აზრებსა და ზრახვებს“ (ებრაელთა 4:12). დიახ, შვილების უბრალოდ გაფრთხილების ნაცვლად, რომ ამიერიდან აღარ შესცოდონ, მშობლებს უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ. მათ შეუძლიათ განკურნების პროცესის დაწყებასა და მისთვის ხელის შეწყობას შეეცადონ.

14. რა არის პირველი ნაბიჯი, რომელიც შემცოდველმა მოზარდმა უნდა გადადგას იეჰოვასთან ურთიერთობის აღსადგენად და როგორ შეუძლიათ მშობლებს, შვილს ამ ნაბიჯის გადადგმაში დაეხმარონ?

14 შემცოდველ მოზარდს იეჰოვასთან ურთიერთობის აღდგენა ესაჭიროება. პირველი ნაბიჯი, რომელიც მან უნდა გადადგას, ‘მონანიება და მოქცევაა’ (საქმეები 3:19; ესაია 55:6, 7). როდესაც მშობლები ოჯახში ახალგაზრდას მონანიებაში ეხმარებიან, ისინი ‘შემწყნარე უნდა იყვნენ და სიმშვიდით არწმუნებდნენ’ ბავშვს, რომელიც კარგად არ არის განწყობილი (2 ტიმოთე 2:24—26). მათ უნდა „ამხილონ“ ის — ამ სიტყვის ბიბლიური გაგებით. ბერძნული სიტყვა, რომელიც „მხილებად“ არის ნათარგმნი, შეიძლება „დამაჯერებელი ჩვენების მიცემადაც“ (აქ) ითარგმნოს (გამოცხადება 3:19; იოანე 16:8). მაშასადამე, მხილება საკმარისი ჩვენების მიცემასაც გულისხმობს ბავშვის იმაში დასარწმუნებლად, რომ იგი ცოდვის გზას ადგას. უნდა ვაღიაროთ, რომ ამის გაკეთება ადვილი არ არის. რამდენადაც შესაძლებელია, მშობლებს შეუძლიათ მისი გულის აღძვრას ეცადონ და საღვთო წერილით გამართლებული ყოველგვარი საშუალება გამოიყენონ მის დასარწმუნებლად. ისინი უნდა ეცადონ, ‘ბოროტის შეძულებისა და კეთილის შეყვარების’ საჭიროება დაანახვონ (ამოსი 5:15). ის შეიძლება გონს მოეგოს და ‘გათავისუფლდეს ეშმაკის მახისაგან’.

15. რა როლს ასრულებს ლოცვა შემცოდველი მოზარდის იეჰოვასთან ურთიერთობის აღდგენაში?

15 იეჰოვასთან ურთიერთობის აღსადგენად ლოცვა აუცილებელია. რა თქმა უნდა, არავინ უნდა „ილოცოს“ იმ უხამს ცოდვაზე, რომელსაც დაუფარავად სჩადის და არც ინანიებს ერთ დროს ქრისტიანული კრების წევრი (1 იოანე 5:16, 17; იერემია 7:16—20; ებრაელთა 10:26, 27). მაგრამ მშობლებს შეუძლიათ სიბრძნე სთხოვონ იეჰოვას, რათა შექმნილ ვითარებას გაართვან თავი (იაკობი 1:5). თუ გარიცხული ახალგაზრდა მონანიების ნიშნებს ავლენს, მაგრამ ‘თავისუფლად ვერ ლაპარაკობს ღვთის წინაშე’ (აქ), მშობლებს შეუძლიათ ილოცონ, რომ, თუ ღმერთს საფუძველი აქვს მათი შვილის ცოდვის საპატიებლად, დაე აღასრულოს თავისი ნება (1 იოანე 3:21). ამ ლოცვების მოსმენა ახალგაზრდას დაანახვებს, რომ იეჰოვა მწყალობელი ღმერთია b (გამოსვლა 34:6, 7; იაკობი 5:16).

16. როგორ შეგვიძლია კრებიდან გარიცხულ არასრულწლოვანთა ოჯახის წევრების დახმარება?

16 თუ კრებიდან მონათლული მოზარდი ირიცხება, კრების წევრებმა არ უნდა ‘იქონიონ მასთან კავშირი’ (1 კორინთელთა 5:11; 2 იოანე 10, 11). ეს შეიძლება დაეხმაროს მას, რომ საბოლოოდ ‘გონს მოეგოს’ და ღვთის სულიერად დამცავ სამწყსოს დაუბრუნდეს (ლუკა 15:17). მიუხედავად იმისა, უბრუნდება თუ არა იგი ღვთის ორგანიზაციას, კრების წევრებმა გარიცხული მოზარდის ოჯახი უნდა გაამხნეონ. კარგი იქნება, რომ ყოველი ხელსაყრელი შემთხვევისას, ‘გულშემატკივრობა’ გამოვავლინოთ და „ერთობ თანამგრძნობი“ (აქ) ვიყოთ მათდამი (1 პეტრე 3:8, 9).

როგორ შეუძლიათ სხვებს დახმარება

17. რა უნდა იქონიონ მხედველობაში კრების წევრებმა, როცა გზასაცდენილი ბავშვის დახმარებას ცდილობენ?

17 იმ ახალგაზრდაზე რაღას ვიტყოდით, რომელიც გარიცხული არ არის ქრისტიანული კრებიდან, მაგრამ სულიერად მოსუსტდა? „თუ ერთი ასო იტანჯება, — წერდა მოციქული პავლე, — მასთან ერთად ყველა ასო იტანჯება“ (1 კორინთელთა 12:26). სხვებს შეუძლიათ იაქტიურონ და დაინტერესდნენ ასეთი ახალგაზრდით. მაგრამ, რა თქმა უნდა, გარკვეული სიფრთხილის გამოჩენაც არის საჭირო, რადგან სულიერად ავადმყოფ ყმაწვილს საზიანო გავლენის მოხდენა შეუძლია სხვა ახალგაზრდებზე (გალატელთა 5:7—9). ერთ კრებაში, ახალგაზრდებმა, რომლებიც კეთილი განზრახვით მოქმედებდნენ და სულიერად დასუსტებული ზოგი ყმაწვილის დახმარება სურდათ, ისინი მეგობრულ შეხვედრებზე მოიპატიჟეს პოპულარული მელოდიების ერთად შესასრულებლად. მოზარდები ხალისით დასთანხმდნენ და დროსაც სასიამოვნოდ ატარებდნენ ასეთ წვეულებებზე, მაგრამ ერთმანეთზე ურთიერთგავლენამ ბოლოს იქამდე მიიყვანა ისინი, რომ კრებასთან ურთიერთობა შეწყვიტეს (1 კორინთელთა 15:33; იუდა 22, 23). დაავადებულ ბავშვს გამოჯანსაღებაში ვერ დაეხმარება წვეულებები, რომლებიც სულიერ საკითხებზე არ არის კონცენტრირებული; მისი გამოკეთება ისეთ ურთიერთობებს ძალუძს, რომლებიც მას სულიერი ფასეულობებისადმი სიყვარულს უნერგავს c.

18. როგორ შეგვიძლია იესოს იგავში მოხსენიებული უძღები შვილის მამას მივბაძოთ?

18 როდესაც ახალგაზრდა, რომელმაც კრება დატოვა, სამეფო დარბაზში ბრუნდება ან კონგრესს ესწრება, დაფიქრდით იმაზე, თუ რას შეიძლება განიცდიდეს იგი. განა ჩვენც ისე არ უნდა შევხვდეთ მას, როგორც იესოს იგავში უძღებ შვილს შეეგება მამამისი? (ლუკა 15:18—20, 25—32). ერთმა ყმაწვილმა, რომელმაც ქრისტიანული კრება დატოვა და მოგვიანებით საოლქო კონგრესს დაესწრო, თქვა: „ვფიქრობდი, რომ ჩემნაირ ადამიანს ყურადღებას არავინ მიაქცევდა, მაგრამ ძმები და დები მოვიდნენ ჩემთან და მეგობრულად მომესალმნენ. ამაზე გული ამიჩუყდა“. მან კვლავ დაიწყო ბიბლიის შესწავლა და, მოგვიანებით, მოინათლა.

ნუ ჩაიქნევთ ხელს

19, 20. რატომ უნდა ვინარჩუნებდეთ დადებით განწყობას უძღებ შვილთან დაკავშირებით?

19 „უძღები“ შვილისთვის დახმარების გაწევა, რათა ‘გონს მოეგოს’, მოთმინებას მოითხოვს და შეიძლება რთული ამოცანა იყოს მშობლებისა და სხვებისთვის. მაგრამ, ნუ ჩაიქნევთ ხელს. „არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ სულგრძელია თქვენდამი და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად“ (2 პეტრე 3:9). როგორც ბიბლია გვარწმუნებს, იეჰოვას სურს, რომ ხალხმა მოინანიოს და იცოცხლოს. სინამდვილეში, მან თავად გამოავლინა ინიციატივა და მიიღო ზომები, რათა ადამიანები შეერიგებინა თავისთან (2 კორინთელთა 5:18, 19). მისმა მოთმინებამ მილიონობით ადამიანს მისცა გონზე მოსვლის საშუალება (ესაია 2:2, 3).

20 ამიტომ, განა არ უნდა გამოიყენონ მშობლებმა ყოველგვარი შესაძლო ბიბლიური მეთოდი, რათა თავიანთ გზასაცდენილ არასრულწლოვან შვილებს გონს მოგებაში დაეხმარონ? მიჰბაძეთ იეჰოვას სულგრძელობის გამოვლენაში და კონკრეტული ნაბიჯები გადადგით, რათა შვილს იეჰოვასთან დაბრუნებაში დაეხმაროთ. მტკიცედ უერთგულეთ ბიბლიურ პრინციპებს; ლოცვით მიმართეთ იეჰოვას დახმარების სათხოვნელად და მისი ისეთი თვისებების არეკვლას შეეცადეთ, როგორიცაა სიყვარული, სამართლიანობა და სიბრძნე. ისევე როგორც მრავალი გულგაქვავებული მოჯანყე შვილი გამოეხმაურა იეჰოვას სიყვარულით აღსავსე მოწვევას და დაუბრუნდა მას, თქვენი გზასაცდენილი შვილიც შეიძლება დაუბრუნდეს ღვთის სულიერად დამცავ სამწყსოს (ლუკა 15:6, 7).

[სქოლიოები]

a თუ გსურთ, დამატებითი რჩევები წაიკითხოთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ასწავლოთ მოზარდებს ეფექტურად, იხილეთ 1999 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 13—17.

b გარიცხული არასრულწლოვნის გულისთვის ასეთი ლოცვები არ უნდა წარმოითქვას საჯაროდ კრების შეხვედრებზე, რადგან სხვებმა შეიძლება არ იცოდნენ გარიცხულის მდგომარეობის შესახებ (იხილეთ 1979 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 31, [ინგლ.]).

c კონკრეტული რჩევებისთვის იხილეთ ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“: 1972 წლის 22 ივნისის ნომერი, გვ. 13—16, [ინგლ.] და 1997 წლის აპრილ-ივნისის ნომერი, გვ. 29—31.

გახსოვთ თუ არა?

• რა შეიძლება იყოს ახალგაზრდების მიერ კრების დატოვების ძირითადი მიზეზი?

• როგორ შეგვიძლია ახალგაზრდებს იეჰოვასთან უშუალო ურთიერთობის განვითარებაში დავეხმაროთ?

• რატომ უნდა გამოავლინონ მშობლებმა როგორც სულგრძელობა, ისე სიმტკიცე, როდესაც უძღებ შვილს ეხმარებიან?

• როგორ შეუძლიათ კრების წევრებს გზასაცდენილი ახალგაზრდისთვის დახმარების გაწევა იმ მიზნით, რომ ქრისტიანულ გზას დაუბრუნდეს?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 15 გვერდზე]

ღვთის სიტყვის კითხვა უაღრესად მნიშვნელოვანია იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის განსავითარებლად.

[სურათი 15 გვერდზე]

მშობლების გულწრფელი ლოცვა საშუალებას მისცემს ბავშვებს, მშობლებსა და იეჰოვას შორის არსებული უშუალო კავშირი შეიგრძნონ.

[სურათი 17 გვერდზე]

მიეგებეთ უძღებ შვილს, როდესაც იგი ‘გონს მოეგება’.

[სურათი 18 გვერდზე]

კონკრეტული ნაბიჯები გადადგით, რათა შვილს იეჰოვასთან დაბრუნებაში დაეხმაროთ.