არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეუძლიათ ადამიანებს, კვლავ ჰქონდეთ ჭეშმარიტი რწმენა?

შეუძლიათ ადამიანებს, კვლავ ჰქონდეთ ჭეშმარიტი რწმენა?

შეუძლიათ ადამიანებს, კვლავ ჰქონდეთ ჭეშმარიტი რწმენა?

„რწმენა ღვთის მადლისა და წყალობის ცოცხალი, ურყევი დაჯერებულობაა. მისი გულისთვის მორწმუნე მზად არის არაერთხელ ჩაიგდოს სიცოცხლე საფრთხეში“ (მარტინ ლუთერი, 1522 წელი).

„უკვე ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, რომელშიც ქრისტიანული რწმენა და ჩვევები თითქმის დავიწყებას მიეცა“ (ლუდოვიკ კენედი, 1999 წელი).

რწმენასთან დაკავშირებული შეხედულებები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. წინათ ღვთისადმი რწმენა ჩვეულებრივი რამ იყო. დღეს კი სკეპტიციზმითა და ტანჯვა-წამებით აღსავსე წუთისოფელში, ღვთისა და ბიბლიისადმი ჭეშმარიტი რწმენა ელვის სისწრაფით იკარგება.

ჭეშმარიტი რწმენა

ბევრისთვის „რწმენა“ უბრალოდ რელიგიური მრწამსის ქონას ან რომელიმე სახის თაყვანისმცემლობის შესრულებას ნიშნავს. მაგრამ სიტყვა „რწმენა“, რომელიც ბიბლიაშია გამოყენებული, ძირითადად ნიშნავს სრულ მინდობას — ღვთისა და მისი დანაპირებისადმი სრულ, ურყევ ნდობას. სწორედ ასეთი რწმენა ჰქონდათ იესო ქრისტეს მოწაფეებს.

ერთხელ იესომ აღნიშნა, რომ ყველას უნდა ელოცა და არ „მობეზრებოდათ“. ამით მან წამოჭრა კითხვა, იარსებებდა, თუ არა ჭეშმარიტი რწმენა ჩვენს დღეებში — „როდესაც კაცის ძე მოვა, ჰპოვებს ნეტა დედამიწაზე [ამ] რწმენას?“ (ლუკა 18:1, 8).

რწმენის დაკარგვა

რწმენის დაკარგვა შეიძლება მრავალმა ფაქტორმა განაპირობოს. მათ შორის არის ყოველდღიური ემოციური სტრესი და სიძნელეები. მაგალითად, ბიბლიის მკვლევარი მაიკლ გულდერი მანჩესტერში (დიდი ბრიტანეთი) ადგილობრივი ეკლესიის მღვდელი იყო, როდესაც მიუნხენში 1958 წელს ავიაკატასტროფის დროს მანჩესტერის ფეხბურთელთა თითქმის მთელი გუნდი დაიღუპა. BBC-ის საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ჯონ ბეიქუელმა თქვა: გულდერი მიხვდა, რომ „უმწეო იყო, როდესაც ხალხის მწუხარება იხილა და დახმარება ვერაფრით შეძლო“. ამას მოჰყვა „რწმენის დაკარგვა ღვთისადმი, რომელიც ადამიანთა ბედს წყვეტს“. მან აღნიშნა, რომ „ბიბლია არ არის... ღვთის უშეცდომო სიტყვა; ეს არის ადამიანის სიტყვა, რომელშიც არაერთი შეცდომაა, თუმცა აქა-იქ შეიძლება ღვთის სიტყვაც იყოს ჩართული“.

ზოგჯერ რწმენა უბრალოდ ქრება. ეს დაემართა მწერალსა და დიქტორს ლუდოვიკ კენედს. ის ამბობს, რომ ბავშვობიდანვე „[ღმერთთან დაკავშირებით] ეჭვები არ მასვენებდა და სულ უფრო ურწმუნო ვხდებოდი“. მისი აზრით, არავის შეეძლო მის კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხების გაცემა. მამამისის ზღვაში დაღუპვამ მისი, ისედაც უსუსური რწმენა, მთლიანად გააქრო. ღვთისადმი აღვლენილი ლოცვები, „დაგვიცავი ზღვაში ხიფათისა და მტრის თავდასხმისგან“, პასუხგაუცემელი აღმოჩნდა, როდესაც გადაკეთებულ სამგზავრო ლაინერზე, რომელზეც მამამისი იმყოფებოდა, გერმანელთა სამხედრო გემმა, მეორე მსოფლიო ომის დროს, იერიში მიიტანა და ჩაძირა („ღმერთთან გამოსათხოვარი ფიქრები“).

ასეთი შემთხვევები იშვიათი არ არის. „ყველაში როდია რწმენა“, — აბობს მოციქული პავლე (2 თესალონიკელთა 3:2). თქვენ როგორ ფიქრობთ? შესაძლებელია თუ არა ღვთისადმი რწმენის გამოვლენა სკეპტიკური სულით გაჟღენთილ წუთისოფელში? მოდი ვნახოთ რას გვეტყვის ამის შესახებ მომდევნო სტატია.