არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ანდებში მაცოცხლებელი წყლები ჩქეფს

ანდებში მაცოცხლებელი წყლები ჩქეფს

ანდებში მაცოცხლებელი წყლები ჩქეფს

ანდების მთები პერუს შუაგულშია გადაჭიმული და ქვეყანას ორ ნაწილად ყოფს. მის დასავლეთით ხრიოკი, აღმოსავლეთით კი ბარაქიანი და, ამავე დროს, ნოტიო, გაუვალი ტყეებით მდიდარი მიწაა. პერუს 27-მილიონიანი მოსახლეობის მესამედზე მეტი სწორედ ამ მთიან მხარეში ცხოვრობს. ისინი ან მაღალ პლატოებზე, ან ანდების მთების ციცაბოებზე, ან, უბრალოდ, თვალუწვდენელ ხეობებსა და მთაგრეხილების ნოყიერ ველებზე სახლობენ.

ანდების მთაგრეხილები თავიანთი განლაგებით ამ ტერიტორიაზე გარეშეთა იოლად შეღწევას უშლის ხელს. ამიტომ აქ მცხოვრები მილიონები, ცოტა არ იყოს, გარეშეთაგან „მოწყვეტილები“ არიან. მათ თავიანთი ტერიტორიის გარდა, თითქმის არც იციან, თუ რა ხდება და როგორ ვითარდება მოვლენები დანარჩენ მსოფლიოში.

პატარა სოფლები მდინარეების სანაპიროებზეა გაშენებული, რადგან ბოსტნეულისა და ხეხილის მოსავლელად, აგრეთვე ლამას, ცხვრისა და სხვა ცხოველების ფარებისა თუ ჯოგების დასარწყულებლად წყალია საჭირო. მაგრამ აქ, ანდებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვაგვარი წყალიც მოსჩქეფს. გამომაცოცხლებელი სულიერი წყლები, რომლებიც „ცოცხალი წყაროსთვლიდან“, იეჰოვასგან მოედინება (იერემია 2:13). ღმერთი თავის მოწმეებს იყენებს, რომ ანდების ფერდობებზე მცხოვრებ ხალხს მის და მისი განზრახვების შესახებ ზუსტი შემეცნების მიღებაში გაუწიონ დახმარება (ესაია 12:3; იოანე 17:3).

რადგან ღვთის ნებაა, რომ „ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“, ეს მსახურები ძალ-ღონეს არ იშურებენ ძნელად მისადგომ ადგილებში მცხოვრებთა მოსანახულებლად და მათ მაცოცხლებელ ბიბლიურ ცნობას გადასცემენ (1 ტიმოთე 2:4). ეს ბიბლიური ცნობა მარადნათებადი და კეთილშობილურია. მან ადგილობრივი გულწრფელი ადამიანები ცრურწმენისგან, ადათ-წესებისა და ისეთი აზროვნებისგან გაათავისუფლა, რომელიც მათში მიცვალებულისადმი, ბოროტი სულებისა და ბუნების ძალებისადმი შიშს იწვევდა. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ეს ცნობა მათ დედამიწაზე სამოთხეში მარადიული სიცოცხლის საუცხოო იმედს უნერგავს.

თავდაუზოგავი შრომა სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად

სამეფოს მაუწყებლებს ამ შორეული ტერიტორიების მოსანახულებლად ბევრი რამის გაკეთება სჭირდებათ. იქაური ხალხის გულებამდე ბიბლიურ სწავლებათა მისატანად ადგილობრივი ორი ენა, კეჩუა და აიმარა ენები, უნდა იცოდნენ.

ანდებში მდებარე სოფლებამდე აღწევა ადვილი არ არის. ამ მხარეს არცთუ ისე ბევრი სარკინიგზო ხაზი ემსახურება. აქ ავტოტრანსპორტით მგზავრობა საკმაოდ სარისკოა ცუდი ამინდებისა და უჩვეულო ტოპოგრაფიის გამო. მაშ, როგორ უკავშირდებიან მოწმეები იქაურ ხალხს სამეფოს ცნობით?

სასიხარულო ცნობის გაბედულმა მქადაგებლებმა ამ საძნელო საქმეს მოჰკიდეს ხელი, რითაც წინასწარმეტყველ ესაიას სულს ირეკლავენ. ესაიამ თქვა: „აჰა, მიმავლინე“ (ესაია 6:8). მათ სამი ავტომისაბმელი მოიშველიეს, რომ ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ექადაგათ. გულმოდგინე პიონერებმა, ანუ სრული დროით მქადაგებლებმა, რომელთაც ბიბლიებითა და ბიბლიური ლიტერატურით აქვთ ყუთები სავსე, ბიბლიური ჭეშმარიტების თესლი ჩათესეს იქაური, მეგობრულად განწყობილი, სტუმართმოყვარე და გულწრფელი ხალხის გულებში.

მთაში განსაკუთრებით გზებზე მოსახვევებია სახიფათო. ეს მიხვეულ-მოხვეული გზა მშვიდობიანად რომ გაიარონ, ავტომობილებმა ზიგზაგებით ოსტატურად უნდა იარონ. ერთ-ერთი ასეთი მოხვევის დროს მისიონერმა ფანჯრიდან გადაიხედა და დაინახა რომ ავტობუსი, რომელშიც უკან იჯდა, ერთ-ერთი უკანა საბურავით ორასმეტრიანი უფსკრულის, სწორედ რომ, კიდეზე მიდიოდა! შეშინებულმა თვალები დახუჭა და, სანამ ავტობუსი იქაურობას არ გასცდა, არ გაუხელია.

ზოგიერთი გზა ცუდ მდგომარეობაშია და, ამასთანავე, ძალიან ვიწროა. ერთხელ ასეთ ოღროჩოღრო გზებზე მგზავრობისას, ერთ-ერთი მანქანა თავის ავტომისაბმელით ჩაუყვა ვიწრო გზას და შუაგზაში სატვირთო მანქანას შეხვდა, რომელიც აღმართზე ამოდიოდა. ავტომისაბმელს მანამდე მოუწია უკან დახევა, სანამ ისეთ გზამდე არ ააღწია, სადაც ორი ავტომობილი ასცდებოდა ერთმანეთს.

მიუხედავად ამისა, ასეთ შეუპოვარ ძალისხმევას შესანიშნავი შედეგები მოჰყვა. ხომ არ ისურვებდით, უფრო მეტი გაგეგოთ იმის შესახებ, თუ შემდგომ როგორ განვითარდა მოვლენები?

„წყურვილის მომკვლელი“ ტიტიკაკას ტბა

ტიტიკაკას ტბა, რომელიც ანდების წყალსატევში ზღვის დონიდან 3800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, დიდ ტბათა შორის ყველაზე მაღლა მდებარე სანაოსნოდ ვარგისი ტბაა დედამიწაზე. თოვლით დაფარული მწვერვალებიდან, რომელთაგანაც ზოგის სიმაღლე 6400 მეტრზე მეტია, იმ 25 მდინარის უმეტესობა იღებს სათავეს, რომლებიც ტიტიკაკას ტბაში ჩაედინებიან. რადგან ზღვის დონიდან ასე მაღლა მდებარეობს, აქ ძალიან ცივი კლიმატია და სტუმრებს მისი ატანა საკმაოდ უძნელდებათ.

რამდენიმე ხნის წინათ კეჩუა და აიმარა ენაზე მოლაპარაკე პიონერები ტიტიკაკას ტბაში მდებარე კუნძულებს, ამანტანსა და თექელს, ესტუმრნენ. მათ თან წაიღეს სლაიდები, სახელწოდებით „ეკლესიების ხილვა სიახლოვიდან“, რომელიც ამხილებდა ქრისტიანული სამყაროს სიცრუეს, რასაც კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ერთმა მამაკაცმა სიხარულით მიიღო ძმები თავის სახლში, ერთი დიდი ოთახიც გამოუყო, რომ დარჩენილიყვნენ და ბიბლია ესწავლებინათ.

ამანტანაზე პირველ კრებას 100 ადამიანი დაესწრო, თექელზე კი — 140. ეს კრებები კეჩუა ენაზე ჩატარდა. ერთმა ცოლ-ქმარმა, რომელიც ადრე იმ მიდამოებში ცხოვრობდა, თქვა: „უკვე დრო იყო, რომ მოწმეებს გავხსენებოდით. ჩვენ ვლოცულობდით თქვენი გამოჩენისთვის“.

გარდა ამ ორი დიდი კუნძულისა, სასიხარულო ცნობა ტიტიკაკას ტბის სხვა 40-მდე „მოტივტივე“ კუნძულზეც გავრცელდა. მოტივტივე კუნძულები? დიახ, ისინი დაწნულია კალიფორნიული ლერწმებისგან, რომლებიც ტბაში იმ ადგილებზე იზრდება, სადაც შედარებით თხელი წყლებია. ეს ლერწმები იზრდება წყალში და ზედაპირზე ტივტივებს. კუნძულის გასაკეთებლად ლერწმებს ღუნავენ, რომლებსაც ტბის ფსკერზე კვლავ აქვთ ფესვები გადგმული. შემდეგ ერთმანეთში გადაწნავენ და ზედაპირს აკეთებენ. მის ზედაპირს ტალახით ლესავენ და მოჭრილი ლერწმებით უფრო ამაგრებენ. ბოლოს კი მასზე ლერწმისავე ქოხებს აშენებენ და ცხოვრობენ.

იეჰოვას მოწმეებმა ნავები იშოვეს, რომ ტიტიკაკას ამ კუნძულებზე ექადაგათ. ეს ნავები 16 კაცს იტევს. მოწმეები ამ კუნძულებთან მიაყენებენ ხოლმე ნავებს და ამ ლერწმის ზედაპირზე დადიან ბინიდან ბინაში. ამბობენ ხოლმე, რომ გრძნობენ, თუ როგორ მოძრაობს მათი ფეხსადგამი. მათთვის, ვისაც ზღვის ავადმყოფობა აქვს, უკეთესია, იქ არ წავიდნენ.

აიმარა ენაზე მოლაპარაკენი ცხოვრობენ უამრავ დასახლებასა და სოფელში, რომლებიც განლაგებულია ტბის სანაპიროებზე ან ამავე ტბაში წარმოქმნილ ნახევარკუნძულებზე. მათთან ნავით უფრო ადვილია მისვლა, ვიდრე ხმელეთის გავლით. ვარაუდობენ, რომ მთლიანობაში 400000-მდე ადამიანი ცხოვრობს ამ რეგიონებში, სადაც ასეთი ნავებით ავრცელებენ სამეფოს შესახებ ცნობას. ნავებით ქადაგება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება.

სულიერი წყურვილის მოკვლა

ფლავიო ანდებში სოფელ სანტა ლუსიაში ცხოვრობს, რომელიც ჰულიაკას მახლობლად მდებარეობს. მას ევანგელისტურ ეკლესიაში ასწავლეს, ჯოჯოხეთი არსებობსო. წლების მანძილზე მარადიული ცეცხლის სასჯელის ეშინოდა. ხშირად უკვირდა, როგორ შეიძლებოდა, მოსიყვარულე ღმერთს ცეცხლში ეწამებინა ადამიანები. როდესაც მათ სოფელს იეჰოვას სრული დროით მსახური მოწმე ტიტო ეწვია, ის ფლავიოსთანაც მივიდა.

პირველი, რაც ფლავიომ ამ მოწმეს ჰკითხა, ეს იყო: „ასწავლის შენი რელიგია იმას, რომ ხალხი ჯოჯოხეთში იტანჯება?“. ტიტომ უპასუხა, რომ ასეთი აზრი არა თუ სძულს შემოქმედს, არამედ მის სახელს, იეჰოვას, აყენებს ჩრდილს, როგორც სიყვარულის ღმერთს. ტიტომ ფლავიოს მისივე ბიბლიაში აჩვენა, რომ მკვდრებს აღარაფერი ესმით და, რომ ისინი ღვთის სამეფოში დედამიწაზე აღდგენას მოელიან (ეკლესიასტე 9:5; იოანე 5:28, 29). ამან ფლავიოს თვალები აუხილა. მან მაშინვე დაიწყო ბიბლიის შესწავლა და მალე მონათლული ქრისტიანი გახდა.

მადლიერი სოფელი

წარმოიდგინეთ, რამდენად აღმაფრთოვანებელია სოფლის მცხოვრებთათვის ბიბლიების ხილვა, რომლებიც მანამდე თვალითაც კი არ ჰქონდათ ნანახი, ან იმ სოფლებში ქადაგება, სადაც არასდროს მოუსმენიათ იეჰოვას მოწმეების ან იმ სასიხარულო ცნობის შესახებ, რომელსაც ისინი ქადაგებენ. სწორედ ასეთი რამ შეემთხვა სამ პიონერ დას — როზას, ალისიას და სესილიას — რომლებმაც იქადაგეს სოფელ ესქუჩეკასა და კონაიკაში, რომლებიც ცენტრალურ პერუში ზღვის დონიდან 3600 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობენ.

პირველ სოფელში ჩამოსვლისას არ იცოდნენ, სად დაბინავებულიყვნენ. ადგილობრივი პოლიციის უფროსს გამოელაპარაკნენ და თავიანთი ვიზიტის მიზეზი გააცნეს. რა მოჰყვა ამას? მან ღამის გასათევად ისინი მილიციის განყოფილებაში დატოვა. მომდევნო დღეს პიონერებმა იშოვეს სახლი, სადაც უფრო დიდხანს გაჩერდებოდნენ და რომელიც შემდგომში მათი საქმიანობის ცენტრი გახდა.

მალე ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს დღე დადგა. ამ პიონერებმა სოფელ ესქუჩაკაში ყველა ოჯახს მიაკითხეს, გაავრცელეს უამრავი ბიბლია და ბიბლიის მრავალი შესწავლა დაიწყეს. გახსენების საღამოს წინ გაავრცელეს მოსაწვევები, სადაც ახსნილი იყო ამ დღესასწაულის მიზანი და სიმბოლოების გამოყენების მნიშვნელობა. დასახმარებლად მოიწვიეს ძმების ჯგუფი და ერთ-ერთმა მოხსენება წაიკითხა. რა სასიხარულო იყო, რომ ამ პატარა სოფლიდან 50 კაცი ესწრებოდა განსაკუთრებულ მოვლენას! პირველად მიეცათ მათ იმის გაგების საშუალება, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში უფლის სერობა. აგრეთვე რამდენად ძვირფასი იყო მათთვის ის, რომ ღვთის სიტყვა, ბიბლია, საკუთარ ხელში ეჭირათ!

მძიმე ტვირთის მოხსნა

ცრუ რელიგიის ტყვეთათვის ბიბლიური ჭეშმარიტებიდან გამომაცოცხლებელი წყლის მიტანა ყოველთვის სასიხარულოა. პისაკის ციხე-სიმაგრე ძველი ინკების იმპერიას მიეკუთვნებოდა. დღეს აქ მცხოვრებთაგან უმეტესობას ასწავლეს არაბიბლიური მოძღვრება ჯოჯოხეთის შესახებ. მღვდლები ეუბნებოდნენ მათ, რომ ზეცაში ასვლა მხოლოდ მღვდლების შუამდგომლობით შეიძლება.

გასაგებია, რომ ასეთ ხალხს ბიბლიური ჭეშმარიტებიდან მოჩუხჩუხე სიცოცხლის წყალი სწყურია. კარდაკარ მსახურებისას იეჰოვას სრული დროით მსახურმა მოწმემ, სანტეგომ, ერთ მამაკაცს აუხსნა, რომ მართალი ადამიანები დედამიწაზე სამოთხეში იცხოვრებენ (ფსალმუნი 36:11). სანტეგომ ბიბლიაში აჩვენა ამ მამაკაცს, რომ ადამიანებს მკვდრეთით აღდგომის, იეჰოვას სრულყოფილი გზების შეცნობისა და მარადიული სიცოცხლის დამკვიდრების საშუალება ექნებათ (ესაია 11:9). მანამდე ეს მამაკაცი გულწრფელი კათოლიკე იყო, რომელიც სპირიტიზმში ჩაიძირა და ლოთობას მიჰყო ხელი. ახლა კი, მას უკვე ბიბლიაზე დაფუძნებული იმედი გაუჩნდა და სიცოცხლის მთავარ მიზანად სამოთხეში ცხოვრება დაისახა. მან სპირიტიზმთან დაკავშირებული ყველა ნივთი დაწვა და ლოთობასაც თავი დაანება. თავი მოუყარა ოჯახის წევრებს და ბიბლიის შესწავლა დაიწყო. დროთა განმავლობაში ამ ოჯახის ყველა წევრმა მიუძღვნა თავი იეჰოვა ღმერთს და მოინათლა.

სასიამოვნო სტუმართმოყვარეობა

მთებში მცხოვრები ხალხი ძალზე სტუმართმოყვარეა. თუმცა უბრალო სახლები აქვთ და ღარიბები არიან, სტუმრებისთვის არაფერს იშურებენ. სანამ ბიბლიის ნორმებს გაიგებდა, მასპინძელი საუბრისას კოკაინის ფოთლებს სთავაზობდა ხოლმე დასაღეჭად სტუმარს. მაგრამ მას შემდეგ, რაც მოწმე გახდა, სტუმარს ერთ სავსე კოვზ შაქარს სთავაზობს, რასაც ასეთ „გადაკარგულ“ მხარეში ისეთივე ფასი აქვს, როგორც კოკაინის ფოთოლს.

ერთმა ძმამ სხვა მისიონერ ძმას სთხოვა, განმეორებით მონახულებაზე გაჰყოლოდა. როდესაც ციცაბო მთაზე ვიწრო ბილიკით ძლივძლივობით ავიდნენ, ხელი ხელს შემოჰკრეს, მასპინძლებისთვის რომ შეეტყობინებინათ თავიანთი მისვლა. ისინი ჩალით გადახურულ სახლში შეიპატიჟეს, სადაც, თუ შესვლისას არ დაიხრებოდნენ, კედელს თავს მიარტყამდნენ. სიფრთხილით დგამდნენ ნაბიჯებს მიწის იატაკზე, სადაც დედას ორმო ამოეთხარა, შიგ საბანი ჩაეტენა და ბავშვი ჩაესვა. ამ ბავშვს მაღლა ამოსვლა არ შეეძლო; მოცინარი ლუღლუღებდა და რაღაც უხაროდა. უფროსები კი თავიანთთვის ლაპარაკობდნენ. თბილი საუბრის შემდეგ, რომელიც ღვთის სამეფოს კურთხევებს ეხებოდა, მანდილოსანმა მოგრძო ჭურჭლით მათებურად დაყენებული სასმელი მიართვა. მალე ძმები სხვების მოსანახულებლად თავიანთ სახლისკენ ციცაბოს დაუყვნენ.

უხვი მოსავალი

ახლა ამ რეგიონში ასამდე ჯგუფია, აგრეთვე ათასზე მეტი ადამიანი, რომლებიც იეჰოვას მოწმეებთან სწავლობენ ბიბლიას. ლიმადან სამსახურებრივი დახელოვნების სკოლის კურსდამთავრებულებს აგზავნიან, რომ ამ ჯგუფებს მიეხმარონ კრებებად ჩამოყალიბებაში. გულწრფელი ადამიანები, რომლებიც ამდენ ხანს ცრუ რელიგიასა და ცრურწმენას ჰყავდა დატყვევებული, ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გაგებით განთავისუფლდნენ (იოანე 8:32). ჭეშმარიტებისადმი მათი წყურვილი კმაყოფილდება.

[სურათი 10 გვერდზე]

ტიტიკაკას ტბის „მოტივტივე“ კუნძულებზე ქადაგება.