ვაკეთოთ ყველაფერი საუკეთესოდ, რაც ჩვენს ძალებს შესწევს!
ვაკეთოთ ყველაფერი საუკეთესოდ, რაც ჩვენს ძალებს შესწევს!
„საუკეთესოდ გააკეთე ყველაფერი, რაც შენს ძალებს შესწევს“. ასეთი პრაქტიკული რჩევა მისცა ერთხელ იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა ერთ მისიონერს. მაგრამ რატომ მისცეს გამოცდილ მსახურს ასეთი რჩევა? განა მისიონერები ის ხალხი არ არიან, რომლებიც ყოველდღე უშიშრად ხვდებიან ბაღლინჯოებს, გველებს, სიცხეს, ავადმყოფობასა და სხვადასხვაგვარ გაჭირვებას?
სინამდვილეში, იეჰოვას მოწმე მისიონერები ჩვეულებრივი მამაკაცები და ქალები არიან, ქრისტიანები, რომლებიც იეჰოვასადმი და მოყვასისადმი დიდმა სიყვარულმა აღძრა, ემსახურათ საზღვარგარეთ. ისინი მთელ ძალ-ღონეს ახმარენ იმას, რომ იეჰოვასთვის მსახურებას მთელი თავისი უნარი მოახმარონ, ძალებისთვის კი იეჰოვას ეყრდნობიან (ეფესელთა 6:10).
მისიონერული მსახურების შესახებ უფრო მეტი რომ გავიგოთ, მოდი წარმოვიდგინოთ, რომ ერთი დღით დასავლეთ აფრიკის მისიონერთა ჩვეულებრივ სახლში ვიმყოფებით.
მისიონერული მსახურების ერთი დღე
დილის 7 საათი სრულდება. ეს-ეს არის მისიონერთა სახლში მივედით, რათა ყოველდღიური მუხლის განხილვაში მივიღოთ მონაწილეობა. ათმა მისიონერმა გულთბილად მიგვიღო და მაგიდასთან ადგილი მიგვიჩინა. გაცნობის შემდეგ ერთ-ერთი მისიონერი, რომელიც დიდი ხანია მისიონერად მსახურობს, მსახურებასთან დაკავშირებულ კურიოზულ ამბავს გვიყვება. მაგრამ საუბარს ვწყვეტთ, როდესაც თავმჯდომარე, რომელიც დღიური მუხლის განხილვას უძღვება, ჯგუფს ახსენებს, რომ ყოველდღიური მუხლის განხილვის დრო დგება. განხილვა ფრანგულ ენაზე ჩატარდება. თუმცა ჩვენ ფრანგული არ ვიცით, ნათლად ვხედავთ, რომ საზღვარგარეთ დაბადებული მისიონერები ამ ენას კარგად ფლობენ.
მუხლის განხილვისა და გულწრფელი ლოცვის შემდეგ საუზმის დროც დგება. მარცვლეულის ფაფის საკმაოდ დიდ ულუფას შევექცევით, გვერდით მჯდომი მისიონერი კი გვირჩევს, ამ ფაფას ზემოდან ბანანი დავაჭრათ. ვუხსნით, რომ არ გვიყვარს ბანანი, მაგრამ ის გვარწმუნებს, რომ სრულიად შეგვეცვლება აზრი, ერთხელ მაინც თუ გავსინჯავთ აქ მოწეულ ბანანს. ასე რომ, ჩვენს ულუფას რამდენიმე ნაჭერ ბანანს ვამატებთ. მართლაცდა, ეს ასეა! ეს ბანანი ნაყინივით გემრიელი და ტკბილია! გვეუბნებიან, რომ ფრანგული პური, რომელსაც შევექცევით, მისიონერული სახლის მოპირდაპირე ქუჩაზე მდებარე პატარა მაღაზიაშია ამ დილით გამომცხვარი.
საუზმის შემდეგ მთელ დღეს გავატარებთ მისიონერებთან, რომლებსაც ჩვენ ბენს და კარენს დავარქმევთ. როგორც გავიგეთ, დასავლეთ აფრიკის ამ ქვეყანაში ძალიან კარგად ვრცელდება სამეფოს ცნობა და ახლა გვინდა, ამაში ჩვენ თვითონაც დავრწმუნდეთ.
ავტობუსის გაჩერებაზე უამრავი ხალხია. მალე ჩვენი მისიონერი თანამგზავრები ერთ მანდილოსანთან და მის ვაჟთან ბიბლიურ თემაზე ცხოველ საუბარს იწყებენ. რადგან ფრანგული არ ვიცით, მხოლოდ ვდგავართ და ვიღიმით! ეს ქალი იღებს ჟურნალებს „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ს და ავტობუსიც მოდის. ყველა ერთდროულად ცდილობს ავტობუსში ასვლას. ჩვენ წინ მივიწევთ, რომ ავიდეთ ავტობუსში, ხალხი კი უკნიდან გვაწვება. ძლივს ვინარჩუნებთ წონასწორობას, როდესაც ავტობუსის უკანა ნაწილისკენ მივიწევთ. ავტობუსი დაიძრა და ჩვენც ხელის მოსაკიდს ჩავაფრინდით. დროდადრო ის გაჩერებებზე ჩერდება და უფრო მეტი ხალხი იჭეჭყება. ჩვენ თანამგზავრებს ვუღიმით და ისინიც ღიმილითვე გვპასუხობენ. როგორ გვინდა გამოველაპარაკოთ ამ ხალხს!
ჩვენი ავტობუსი სვლას განაგრძობს და ფანჯრიდან ყურადღებით ვათვალიერებთ ქუჩაში მოფუსფუსე ხალხს. ორი ქალი მიდის ქუჩაში ერთმანეთის გვერდიგვერდ და თავზე მძიმე ტვირთი ადევთ. ერთ-ერთ მათგანს წყლით სავსე კასრი ადგას თავზე. ერთი ფხიანი მამაკაცი კი ტროტუარზე გადასაფარებელს შლის და მასზე იაფფასიან სამშვენისებს ალაგებს გასაყიდად. ყველგან ისეთი ხალხია, რომლებიც ყიდულობენ ან ყიდიან თითქმის ყველაფერს, რისი ყიდვა-გაყიდვაც კი შეიძლება.
უცბად ბენი, რომელიც ჩემს გვერდით დგას, გრძნობს, რომ ფეხზე რაღაც უნისკარტებს. რა შეიძლება იყოს ეს? ავტობუსი გაჭედილია, მაგრამ კიდევ რაღაც უნისკარტებს. ბენი ახერხებს და დაბლა იყურება. მის ფეხებთან ჩანთა დევს, რომელშიც ცოცხალი იხვია. ეს იხვი დროდადრო ჩანთიდან თავს ყოფს და ბენს უნისკარტებს! ბენი მიხსნის, რომ, როგორც ჩანს, ის პატრონს ბაზარში გასაყიდად მიჰყავს.
როდესაც ჩვენს ტერიტორიას ვაღწევთ, გახარებული ვართ იმის გაგებით, რომ ტიპურ აფრიკულ კვარტალს ვეწვევით. პირველ სახლს როგორც კი ვუახლოვდებით ბენი ხელი ხელს შემოჰკრავს, რომ სახლის პატრონს თავის მისვლა შეატყობინოს. ასე აკეთებენ დედამიწის ამ ნაწილში „კარზე დაკაკუნების“ ნაცვლად. ახალგაზდა კაცი გამოდის და გვეუბნება, რომ დაკავებულია, მაგრამ გვთხოვს, მოგვიანებით შევუაროთ.
შემდეგ სახლში ცხოვრობს მანდილოსანი, რომელიც რომელიღაც დიალექტზე ლაპარაკობს და ბენს არ შეუძლია მისი ნათქვამის გაგება. ეს მანდილოსანი ეძახის თავის ვაჟს და სთხოვს მისი ნათქვამი გადაუთარგმნოს. ბენი ასრულებს საუბარს და ბიბლიურ ბროშურას უტოვებს ქალს; მისი ვაჟი გვპირდება, რომ დედამისს გადაუთარგმნის ამ ბროშურას. მესამე სახლში რამდენიმე ახალგაზრდა ზის სახლის წინ ეზოში. ორი მათგანი მაშინვე წამოხტა სკამებიდან და ადგილი დაგვითმო. ცხოველი მსჯელობა გაიმართა თაყვანისმცემლობაში ჯვრის გამოყენებასთან დაკავშირებით. დავუთქვით, რომ მომავალ კვირას მოვიდოდით და საუბარს განვაგრძობდით. ახლა კი ვბრუნდებით პირველ სახლში იმ ახალგაზრდასთან, რომელსაც არ ეცალა. არ ვიცით როგორ, მაგრამ მას ახალგაზრდებთან ჩვენი საუბრის შესახებ უკვე გაუგია. ბიბლიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვები აქვს და გვთხოვს, ბიბლია ვასწავლოთ. ბენი თავის კალენდარში იყურება და ამ ახალგაზრდას ჰპირდება, რომ მომდევნო კვირას ამავე დროს მივა. ვბრუნდებით მისიონერულ სახლში, რომ ვისადილოთ და ბენი და კარენი გვიხსნიან, რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ბიბლიის შესწავლის დაწყებისას, რადგან მათ ადვილად შეუძლიათ დაიწყონ იმდენი ბიბლიის შესწავლა, რამდენის ჩატარებასაც ვერ შეძლებენ.
ჩვენ ვაქებთ მათ, რომ ასე კარგად საუბრობენ ფრანგულად. ბენი აბობს, რომ უკვე ექვსი წელია კარენი და ის მისიონერებად მსახურობენ და უკვე კარგად ფლობენ ფრანგულს. ისინი გვარწმუნებენ, რომ, მართალია, უცხო ენის სწავლა ადვილი არ არის, მაგრამ გულმოდგინება ჯილდოვდება.
პირველის ნახევარზე მისიონერები მაგიდის ირგვლივ სხდებიან, რომ ისადილონ. გვითხრეს, რომ საუზმის, სადილისა და ვახშმის მოსამზადებლად და, აგრეთვე, ჭურჭლის დასარეცხად მორიგეობენ. დღეს ერთ-ერთმა მისიონერმა
შესანიშნავი საჭმელი ოსტატურად მოამზადა: შემწვარი ვარია და შემწვარი კარტოფილი და, ამასთანავე, პომიდვრის სალათა!რას გეგმავენ ბენი და კარინი სადილის შემდეგ? ისინი გვეუბნებიან, რომ პირველიდან სამ საათამდე აქ ყველა ემალება მზეს, ასე რომ, მისიონერებიც ამ დროს ან ისვენებენ, ან პირადი შესწავლა აქვთ. არ გვიკვირს, როდესაც კარინი გვეუბნება, რომ ახალი მისიონერები მალე ეჩვევიან ამ წესს!
დასვენების შემდეგ სამქადაგებლო მსახურებაში ვბრუნდებით. ერთი დაინტერესებული მამაკაცი, რომელსაც ბენი რამდენიმეჯერ ვერ დაუკავშირდა, კვლავ არ არის სახლში, მაგრამ როდესაც ბენმა შემოჰკრა ტაში, ორმა ახალგაზრდამ გააღო კარი. ისინი გვეუბნებიან, რომ სახლის პატრონმა ბენის სტუმრობის შესახებ უთხრა მათ, და ძალიან სთხოვა, გამოერთმიათ ბიბლიის შესასწავლი საშუალება „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. ჩვენ სიხარულით ვუტოვებთ მათ ამ წიგნს. ახლა კი ავტობუსში ავდივართ, რომელიც იმ რაიონში წაგვიყვანს, სადაც კარენს ერთ დაინტერესებულ მანდილოსანთან ექნება ბიბლიის შესწავლა.
ხალხმრავალ ქუჩას მივუყვებით და კარენი მიყვება, თუ როგორ გაიცნო ეს ქალი, როდესაც რამდენიმე სხვა მგზავრთან ერთად ტაქსით მგზავრობდა. კარენს ამ მანდილოსნისთვის წასაკითხად ტრაქტატი მიუცია. ქალს ეს ტარქტატი წაუკითხავს და სხვაც მოუთხოვია. ესეც დიდი ინტერესით წაუკითხავს. მგზავრობის ბოლოს კი კარენს მისამართი გამოურთმევია, შემდეგ მოუნახულებია მანდილოსანი და ბიბლიის შესწავლა დაუწყიათ ბროშურით „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“. დღეს კი კარენი მასთან მეხუთე გაკვეთილის განხილვას აპირებს.
ჩვენ საფუძვლიანი მონაწილეობა მივიღეთ ამ დღეს სამქადაგებლო მსახურებაში, მაგრამ მისიონერული მსახურების შესახებ კვლავ უპასუხო კითხვები დაგვრჩა. ჩვენი მასპინძლები გვარწმუნებენ, რომ, როდესაც სახლში დავბრუნდებით, მსუბუქ ვახშამს მოამზადებენ და კითხვებზეც გვიპასუხებენ.
როგორ აგრძელებენ მსახურებას
ახლა შემწვარ კვერცხს, ფრანგულ პურსა და ყველს მივირთმევთ და მისიონერული ცხოვრების შესახებ უფრო მეტს ვიგებთ. ორშაბათობით მისიონერები, ჩვეულებრივ, ისვენებენ ან პირადი საქმეებით არიან დაკავებული. მათი უმეტესობა ამ დღეს ძირითად დროს ოჯახის წევრებისა და მეგობრებისათვის წერილების წერას უთმობს. მათთვის სახლიდან მიღებული ახალი ამბები ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ მისიონერებს ძალიან ახარებთ ფოსტის გაგზავნა თუ მიღება.
რადგან მისიონერები ერთად ცხოვრობენ და ერთად მსახურობენ, ძალიან მნიშვნელოვანია კარგი დამოკიდებულების შენარჩუნება თანამისიონერებთან ურთიერთობითა და სულიერ საკითხებზე საუბრით. ამ მიზნით, გარდა რეგულარული ბიბლიის პირადი შესწავლისა, ორშაბათობით მისიონერთა სახლში „საგუშაგო კოშკის“ ოჯახური შესწავლაც ტარდება. ბენი აღნიშნავს, რომ, როდესაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მისიონერები ცხოვრობენ ერთად, უმნიშვნელო გაუგებრობები გარდაუვალია, მაგრამ ოჯახური შესწავლის სულიერი ღონისძიება მათ მშვიდობისა და ერთიანობის შენარჩუნებაში ეხმარება. ის აგრეთვე იმ აზროვნების შენარჩუნებაშიც ეხმარება, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ იქონიონ.
პირველი მეფეთა 25:23—28). „მშვიდობის ქონა“ კარგი მისიონერობისთვის დიდად მნიშვნელოვანია (2 კორინთელთა 13:11, სსგ).
თავმდაბლობაც დიდად მნიშვნელოვანია. მისიონერები იმისათვის კი არ არიან გაგზავნილი, რომ მათ ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად მოემსახურონ სხვებს. ჩვენი მეგობრები აღნიშნავენ, რომ ნებისმიერ ენაზე ყველაზე ძნელი მაინც ამის თქმაა: „მაპატიე“, განსაკუთრებით, როდესაც ვინმე ბოდიშს იხდის რაიმე უნებლიედ ნათქვამის ან ნამოქმედარის გამო. ბენი გვახსენებს ბიბლიიდან აბიგაილის მაგალითს, რომელმაც თავისი ქმრის უხეში მოქმედებისთვის მოიბოდიშა და განმუხტა სიტუაცია, რომელსაც შეიძლება უბედურება მოჰყოლოდა (ყოველთვიურად მისიონერებს აქვთ შეხვედრა, სადაც განიხილავენ ოჯახის საკითხებსა და გეგმების ცვლილებებს. შემდეგ კი ერთად საგანგებოდ მომზადებულ დესერტს შეექცევიან. ვფიქრობთ ეს ძალზე პრაქტიკული, „გემრიელი“ ღონიძიებაა.
ვახშამი მთავრდება და მისიონერთა სახლში მოკლე ექსკურსია გვაქვს. ვამჩნევთ, რომ სახლის უბრალოების მიუხედავად, მისიონერები იდეალური სისუფთავის შენარჩუნებაში თანამშრომლობენ. აქვთ მაცივარი, სარეცხი მანქანა და აირღუმელი. კარინი გვეუბნება, რომ ისეთი ტროპიკული ქვეყნისთვის, როგორიც დასავლეთ აფრიკაა, კონდიციონერიც კარგი იქნებოდა. კეთილმოწყობილი სახლი, სასარგებლო საკვები და ჯანმრთელობის მოფრთხილება მისიონერებს ეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და ნაყოფიერ მსახურებაში.
ყურადღების დადებითზე გამახვილება
ყოველივე ნანახმა ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. შეგვიძლია ჩვენც ვიმსახუროთ მისიონერად? როგორ დავადგინოთ ეს? ჩვენმა მასპინძლებმა რამდენიმე საკითხზე დაგვაფიქრეს.
პირველი, ქრისტიანი მისიონერი თავგადასავლების საძიებლად არ მიდის. ისინი ეძებენ გულწრფელ ადამიანებს, რომლებსაც ღვთის საოცარი დანაპირებების გაგება სურთ. მისიონერები ყოველთვიურად, სულ მცირე, 140 საათს ატარებენ სამქადაგებლო მსახურებაში, რისთვისაც მსახურებისადმი სიყვარულია აუცილებელი.
„მაგრამ, — გვიკვირს ჩვენ, — რა შეიძლება ითქვას გველებზე, ხვლიკებსა და ბაღლინჯოებზე“? თუმცა მათი ნახვა ბევრი მისიონერული დანიშნულების ტერიტორიაზე შეიძლება, ბენი გვეუბნება, რომ მისიონერები მათ შეეგუვნენ. ის დასძენს, რომ თითოეულ მისიონერულ დანიშნულებას თავისი ხიბლი აქვს და დროთა განმავლობაში მისიონერები ყურადღებას თავიანთი დანიშნულების დადებით მხარეებზე ამახვილებენ. მდგომარეობა, რომელიც ადრე „ძნელად“ ეჩვენებოდათ, სულ მალე ჩვეულებრივი ხდება და ზოგიერთ შემთხვევაში — სასიამოვნოც კი. ერთმა მისიონერმა, რომელსაც დასავლეთ აფრიკაში მრავალწლიანი მისიონერული მსახურების დატოვება მოუწია იმისათვის, რომ პირადი ვალდებულებები შეესრულებინა, თქვა, რომ მისთვის თავისი დანიშნულების დატოვება უფრო ძნელი იყო, ვიდრე მრავალი წლის წინათ თავისი სამშობლოსი. მისიონერული დანიშნულების ადგილი მისი სახლი გახდა.
ხარ მზად?
ბენმა და კარინმა ბევრ რამეზე ჩაგვაფიქრეს. შენ? გიფიქრია ოდესმე უცხო ქვეყანაში მისიონერად მსახურებაზე? თუ დიახ, მაშინ ამ მიზანთან უფრო ახლოს ხარ, ვიდრე წარმოგიდგენია. ამისათვის მთავარი კი ის არის, რომ გიყვარდეს სრული დროით მსახურება და გსიამოვნებდეს ხალხისთვის დახმარების გაწევა. გახსოვდეთ, რომ მისიონერები განსაკუთრებულები არ არიან, ისინი ჩვეულებრივი მამაკაცები და ქალები არიან. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ შეასრულონ თავიანთი ძალზე მნიშვნელოვანი სამუშაო.
[სურათები 27 გვერდზე]
ყოველი დღე იწყება ბიბლიური მუხლის განხილვით.
[სურათები 28, 29 გვერდებზე]
სცენა აფრიკის ცხოვრებიდან.
[სურათი 29 გვერდზე]
მისიონერად მსახურება შეიძლება უდიდესი სიამოვნების მომგვრელი იყოს.