არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეგიძლიათ მსოფლიო შედარებით უკეთეს საცხოვრებელ ადგილად აქციოთ?

შეგიძლიათ მსოფლიო შედარებით უკეთეს საცხოვრებელ ადგილად აქციოთ?

შეგიძლიათ მსოფლიო შედარებით უკეთეს საცხოვრებელ ადგილად აქციოთ?

„პოლიტიკოსებს არ ძალუძთ გათიშული საზოგადოების კვლავ გაერთიანება. ტრადიციული ზნეობრივი შეხედულებების აღსადგენად მათ მწირი შესაძლებლობები აქვთ. მთავრობის მიერ საუკეთესო ზომების გატარებითაც კი შეუძლებელია ქორწინებამდე ქალ-ვაჟს შორის ურთიერთობასა და ქორწინებაში ადრინდელი ღირებულებების დაბრუნება, მამებისთვის შვილების მიმართ ოდესღაც არსებული პასუხისმგებლობის გრძნობის აღდგენა, აღშფოთებისა თუ სირცხვილის გრძნობის კვლავ ძველებურად მწვავედ განცდა... კანონის საშუალებით შეუძლებელია ზნეობრივი პრობლემების უმეტესობის აღმოფხვრა, პრობლემებისა, რომლებიც ასე ძალიან გვაწუხებს“.

ეთანხმებით თუ არა შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყოფილი საზოგადო მოღვაწის ამ სიტყვებს? თუ დიახ, მაშ, რა გადაჭრის დღეს არსებულ იმ მრავალ პრობლემას, რომლის მიზეზიც სიხარბე, ოჯახში სიყვარულის ნაკლებობა, ზნეობის დეგრადაცია, უმეცრება და საზოგადოებრივი სტრუქტურის დამშლელი სხვა ფაქტორებია? ზოგი ადამიანის აზრით ამ საქმეს არაფერი ეშველება. ამიტომ, ისინი მხოლოდ საკუთარ ცხოვრებაზე ზრუნავენ და ცდილობენ, მაქსიმალურად კარგად იცხოვრონ. სხვები იმედოვნებენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს გამოჩნდება ქარიზმატული და ბრწყინვალე წინამძღოლი, შესაძლოა, რელიგიურიც კი, რომელიც მათ სწორი მიმართულებით წაიყვანს.

ორი ათასი წლის წინათ, ხალხს იესო ქრისტეს გამეფება სურდა, რადგან იცოდნენ, რომ ის ღვთის მიერ იყო წარმოგზავნილი და ყველაზე კომპეტენტური მმართველი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, როგორც კი იესომ მათი განზრახვა შეიტყო, მაშინვე გაშორდა იქაურობას (იოანე 6:14, 15). „ჩემი სამეფო არ არის ამ წუთისოფლისა“ — განუმარტა მან მოგვიანებით რომაელ მმართველს (იოანე 18:36). მაგრამ დღეს არც ისე ბევრს — თვით რელიგიურ წინამძღოლებსაც კი, რომლებიც თავს ქრისტეს მიმდევრებად აცხადებენ — უჭირავს ისეთივე პოზიცია, როგორიც იესოს ეჭირა. ზოგი მათგანი იმასაც კი ცდილობდა, მსოფლიო შედარებით უკეთეს საცხოვრებელ ადგილად ექცია, და ამას საერო მმართველებზე გავლენის მოხდენის ან პოლიტიკური სადავეების ხელში ჩაგდებით აპირებდა. ამ ფაქტის დამადასტურებელი მაგალითების პოვნა მეოცე საუკუნის 60-იან 70-იან წლებში შეგვიძლია.

რელიგია მსოფლიო მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობს

მეოცე საუკუნის 60-იან წლებში ლათინო-ამერიკული ქვეყნების ზოგმა თეოლოგმა ღარიბებისა და ჩაგრულთა სასარგებლოდ ბრძოლა წამოიწყო. ამ მიზნის მისაღწევად მათ შეიმუშავეს „განმათავისუფლებელი თეოლოგია“, რომელშიც ქრისტე წარმოდგენილი იყო, არა მხოლოდ ბიბლიური გაგებით მხსნელად, არამედ პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გამომსწორებლადაც. შეერთებულ შტატებში ზნეობრივი ღირებულებების გაუფასურებით შეწუხებულმა მრავალი ეკლესიის წინამძღოლმა ჩამოაყალიბა ორგანიზაცია, რომელსაც „მორალური უმრავლესობა“ უწოდეს. მათი მიზანი იყო, პოლიტიკურ სფეროში ადგილი დაემკვიდრებინათ ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც ოჯახური ფასეულობების უკვდავსაყოფად კანონებს გამოსცემდნენ. მსგავსად ამისა, მრავალ მუსლიმანურ ქვეყანაში ესა თუ ის ჯგუფები ყურანის პრინციპების დანერგვით ცდილობდნენ კორუფციისა და ექსცესების ალაგმვას.

გჯერათ თუ არა, რომ ასეთი მცდელობების შედეგად მსოფლიო უკეთეს საცხოვრებელ ადგილად იქცა? ფაქტები ცხადყოფს, რომ, საერთო ჯამში, ზნეობრივი ნორმები კვლავაც ეცემა და მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრული ისევ იზრდება იმ ქვეყნებშიც კი, რომლებშიც „განმათავისუფლებელი თეოლოგია“ დიდი წარმატებით სარგებლობდა.

შეერთებულ შტატებში „მორალურმა უმრავლესობამ“ თავის ძირითად მიზნებს ვერ მიაღწია. ამიტომ მისმა დამფუძნებელმა ჯერი ფელველმა 1989 წელს ეს ორგანიზაცია დაშალა. მისი ადგილი სხვა ორგანიზაციებმა დაიკავა. მიუხედავად ამისა, პოლ ვეირიჩი, რომელმაც პირველად გამოიყენა გამოთქმა „მორალური უმრავლესობა“, ჟურნალში „ქრისტიანობა დღეს“ წერდა: „თუმცა პოლიტიკური ომი მოვიგეთ, ამ გამარჯვებამ ვერ შეგვიქმნა ჩვენთვის მნიშნველოვანი, წარმატებული პოლიტიკური ატმოსფერო“. ის აგრეთვე აღნიშნავდა: „კულტურა უფრო და უფრო ეცემა. ჩვენ მოვხვდით კულტურის რღვევის უდიდეს მორევში და ეს რღვევა იმდენად მასობრივია, რომ მისი აღდგენა პოლიტიკას, უბრალოდ, არ შეუძლია“.

საგაზეთო მიმომხილველმა და მწერალმა კალ ტომასმა განმარტა, თუ რას მიიჩნევდა პირადად ის პოლიტიკის საშუალებით საზოგადოებრივი მდგომარეობის გამოსწორების მცდელობაში მთავარ დეფექტად: „ნამდვილი ცვლილება ადამიანების გულების შეცვლით იწყება და არა პოლიტიკური პროცესების წარმატებებით, რადგან ჩვენი ძირითადი პრობლემები ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათისა კი არ არის, არამედ ზნეობრივი და სულიერი“.

მაგრამ როგორ შეგიძლიათ გადაჭრათ ზნეობრივი და სულიერი პრობლემები მსოფლიოში, რომლისთვისაც არავითარი კრიტერიუმი არ არსებობს და სადაც ყველა თავად წყვეტს რა არის სწორი და რა — არასწორი? თუ გავლენიან და ისეთ ადამიანებს, რომლებსაც საუკეთესოს გაკეთება სურთ — სასულიერო პირები იქნებიან ისინი თუ საერონი — არ შეუძლიათ მსოფლიოს ნამდვილად უკეთეს საცხოვრებელ ადგილად აქციონ, მაშ ვიღას შეუძლია? როგორც მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შესაძლებელია. ფაქტობრივად, ეს პასუხი უდევს, ძირითადად, საფუძვლად იესოს სიტყვებს: „ჩემი სამეფო არ არის ამ წუთისოფლისა“.

[სავტორო უფლება 2 გვერდზე]

COVER: Dirty water: WHO/UNICEF photo; globe: Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.

[სავტორო უფლება 3 გვერდზე]

Children: UN photo; globe: Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.