არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაუფრთხილდით სინდისს

გაუფრთხილდით სინდისს

გაუფრთხილდით სინდისს

თვითმფრინავით ფრენის დროს იმ აზრის გაელვებაც კი, რომ კომპიუტერი არასწორად არის დაპროგრამებული, შემზარავია. წარმოიდგინეთ, ვინმეს თვითნებურად რომ აერია თვითმფრინავის სამარშრუტო სისტემა ან წინასწარგანზრახვით არასწორად შეეცვალა მასში შეტანილი მონაცემები! ამნაირადვე, გადატანითი მნიშვნელობით, ვიღაც ცდილობს, ზუსტად ასე ხელყოს თქვენი სინდისი. მან გადაწყვიტა, რომ თქვენი ცხოვრების წარმმართველ ზნეობრივ ნორმებს ძირი გამოუთხაროს. მისი მიზანია, ღმერთთან დაგაპირისპიროთ (იობი 2:2—5; იოანე 8:44).

ვინ არის ეს საშინელი თავდამსხმელი? ბიბლიაში მას ეწოდება „ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია, მთელი წუთისოფლის მაცდუნებელი“ (გამოცხადება 12:9). იგი პირველად ედემის ბაღში გამოჩნდა, როდესაც ვითომდა დამაჯერებელი არგუმენტების მოყვანით დაითანხმა ევა, უარი ეთქვა იმაზე, რაც თავად ევამაც იცოდა, რომ სწორი იყო და ღვთის წინააღმდეგ აჯანყებულიყო (დაბადება 3:1—6, 16—19). იმ დროიდან მოყოლებული სატანის თაოსნობით ცხოვრების ყველა სფეროში სიცრუემ გაიდგა ფესვები, რამაც ადამიანები მასობრივად დააპირისპირა ღმერთთან. ამ სფეროებიდან ყველაზე საძრახისი ცრუ რელიგიაა (2 კორინთელთა 11:14, 15).

ცრუ რელიგია სინდისს ბღალავს

ბიბლიის წიგნ „გამოცხადებაში“ ცრუ რელიგია სიმბოლურად მეძავად არის აღწერილი, რომელსაც დიდი ბაბილონი ეწოდება. მისმა სწავლებებმა ბევრს სწორისა და არასწორის გარჩევის უნარი დაუკარგა, სხვა რწმენის ადამიანები შეაძულა და მათ მიმართ ძალადობაც კი გამოავლენინა. ფაქტობრივად, წიგნ „გამოცხადების“ თანახმად, ღმერთი, ძირითადად, ცრუ რელიგიას ადანაშაულებს „დედამიწაზე ყველა მოკლულის“, მათ შორის ღვთის თაყვანისმცემლების, სისხლში (გამოცხადება 17:1—6; 18:3, 24).

იესომ გააფრთხილა თავისი მოწაფეები იმის შესახებ, თუ რამდენად გააუფასურებდა ზოგის თვალში ცრუ რელიგია მორალურ ნორმებს: „მოდის ჟამიც, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ღმერთს ემსახურება“. ზნეობრივად როგორი დაცემული არიან ასეთი გამძვინვარებული ადამიანები! იესომ აგვიხსნა: „არ იცნეს არც მამა, არც მე“ (იოანე 16:2, 3). ამ სიტყვების წარმოთქმიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ იესო იმ რელიგიური წინამძღოლების თაოსნობით მოკლეს, რომელთაც ბოროტმოქმედების ჩასადენად სინდისმა ნება დართო (იოანე 11:47—50). ამის საპირისპიროდ, იესომ თქვა, რომ მისი ჭეშმარიტი მიმდევრები ერთმანეთის სიყვარულით ამოიცნობოდნენ. მათი სიყვარული უფრო და უფრო აშკარა ხდება, რადგან ამ თვისებას თავიანთი მტრების მიმართაც კი ავლენენ (მათე 5:44—48; იოანე 13:35).

კიდევ ერთი საშუალება, რითაც ცრუ რელიგია ბევრს სინდისს უბღალავს, ის არის, რომ თუკი რაიმე პოპულარული გახდება, ნებისმიერ მორალურ ქცევას ან უზნეობას დაუჭერს მხარს. მოციქულმა პავლემ, რომელმაც ეს იწინასწარმეტყველა, თქვა: „დადგება დრო, როდესაც საღ მოძღვრებას არ მიიღებენ, არამედ თავიანთი გულისთქმებით ამოირჩევენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს“ (2 ტიმოთე 4:3).

ჩვენს დროში რელიგიური წინამძღოლების ერთი ჯგუფი ყურის მაამებელი სიტყვებით მიმართავს ადამიანებს, — ქორწინებამდელი სქესობრივი კავშირი მისაღებია ღვთისთვის. მეორე კი ამართლებს ჰომოსექსუალიზმს. სინამდვილეში, ზოგი სასულიერო პირი თავადვე არის ჰომოსექსუალისტი. ბრიტანული გაზეთის „ტაიმზის“ ერთ-ერთ სტატიაში ნათქვამია, რომ „საქვეყნოდ ცნობილი ჰომოსექსუალისტი მღვდლები“ აირჩიეს ანგლიკანური ეკლესიის გენერალური სინოდის წევრებად. მაშინ, როცა ეკლესიის წინამძღოლები უარყოფენ ბიბლიურ ზნეობრივ ნორმებს და ეკლესიებში თითქმის არაფერს აკეთებენ მდგომარეობის გამოსასწორებლად, მრევლს რაღა უნდა მოჰკითხო? გასაკვირი არ არის, რომ მილიონობით ადამიანი სრულ დაბნეულობაში იმყოფება.

რამდენად უკეთესია, ვიხელმძღვანელოთ მორალთან და სულიერობასთან დაკავშირებული ბიბლიური ჭეშმარიტებით! (ფსალმუნი 42:3; იოანე 17:17). მაგალითად, ბიბლია გვასწავლის, რომ ვერც მეძავნი და ვერც მრუშნი „ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“ (1 კორინთელთა 6:9, 10). მასში ნათქვამია, რომ მამაკაცები და ქალები, რომლებიც „ბუნებრივ წესს ცვლიან ბუნების საწინააღმდეგოთი... სამარცხვინოს სჩადიან“ იეჰოვას თვალში (რომაელთა 1:26, 27, 32). ეს ჭეშმარიტი მორალური პრინციპები არასრულყოფილი ადამიანის მიერ კი არ არის შეთითხნილი, არამედ ღვთივსულიერია; ეს ნორმები მას არასდროს გაუუქმებია (გალატელთა 1:8; 2 ტიმოთე 3:16). მაგრამ სატანა ადამიანის სინდისის შესაბღალავად სხვა მეთოდებსაც იყენებს.

სიფრთხილე გამოიჩინეთ გართობის საკითხში

ერთია, აიძულო ვინმეს უკანონობის ჩადენა, მაგრამ სულ სხვაა, უკანონობის ჩადენის სურვილი აღუძრა. სწორედ ეს არის „ამ წუთისოფლის მთავრის“, სატანის მიზანი. იმისათვის, რომ ისეთ გარყვნილ აზროვნებას მიაჩვიოს უგუნურები და გულუბრყვილოები, როგორიც თვითონ აქვს — განსაკუთრებით კი ყველაზე დაუცველი ახალგაზრდები — ის ისეთ საშუალებებს იყენებს, როგორიცაა მაცდუნებელი ლიტერატურა, ფილმები, მუსიკა, კომპიუტერული თამაშები და ინტერნეტის პორნოგრაფიული საიტები (იოანე 14:30; ეფესელთა 2:2).

„შეერთებულ შტატებში ახალგაზრდები ყოველწლიურად ტელევიზიით დაახლოებით 10000 ძალადობის ამსახველ სცენას ადევნებენ თვალ-ყურს, — იუწყება ჟურნალი „პედიატრია“. — და ყველაზე საშინელ ძალადობის ამსახველ კადრებს საბავშვო გადაცემებში აჩვენებენ“. ამ ცნობაში აგრეთვე ნაჩვენებია, რომ „ყოველწლიურად მოზარდები ისეთ ტელეგადაცემებს უყურებენ, რომლებშიც დაახლოებით 15000-ჯერ ამახვილებენ ყურადღებას სექსუალურ თემაზე, და იყენებენ ქარაგმულ ფრაზებსა და ხუმრობებს“. ცნობაში ნათქვამია, რომ საღამოს საათებშიც კი, როდესაც უმრავლესობა ტელევიზორს უზის, „ყოველ საათში 8-ზე მეტ სექსუალურ სცენას უჩვენებენ ეკრანზე, რაც ოთხჯერ აღემატება იმას, რასაც 1976 წელს უჩვენებდნენ“. არც ის არის გასაკვირი, რაც დაკვირვებამ ცხადყო იმასთან დაკავშირებით, რომ „უწმაწური სიტყვების გამოყენებაც საგრძნობლად გახშირდა“. მაგრამ, როგორც ბიბლია, ისე სამეცნიერო გამოკვლევები იუწყება, რომ ასეთი ცვლილებების გათავისება ადამიანებს კიდევ უფრო რყვნის. ამიტომ, თუ ნამდვილად გსურთ, ასიამოვნოთ ღმერთს და საკუთარ თავსაც სარგებლობა მოუტანოთ, ყურადღება მიაქციეთ იგავნის 4:23-ში ჩაწერილ სიტყვებს: „შეინახე გული... რადგან მასშია სიცოცხლის წყარო“ (ესაია 48:17).

ძალზე პოპულარული მუსიკაც ბღალავს ადამიანის სინდისს. მომღერალი, რომლის სიმღერებმაც დასავლეთის რამდენიმე ქვეყანაში რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა, „მსმენელის ექსტაზში შესაყვანად ძალ-ღონეს არ იშურებს“, — იუწყება ავსტრალიური გაზეთი „სანდი მეილი“. ამ გაზეთში ნათქვამია, რომ „ის უმღერის ნარკომანიას, სისხლის აღრევასა და გაუპატიურებას; იგი თავისი ცოლის მოკვლასა და მისი გვამის ტბაში გადაგდებაზე მღერის“. სხვა სიმღერების ტექსტები კი იმდენად უხამსია, რომ ვერც კი მოვიხსენიებთ ამ სტატიაში. მიუხედავად ამისა, ასეთი სიმღერების შესრულებით, მან პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა. ისურვებდით, რომ თქვენს გულსა და გონებაში ზემოთ მოხსენიებულ დამღუპველ აზრებს გაედგა ფესვები, მაშინაც კი, თუ ისინი სასიამოვნოსა და მიმზიდველს ხდის მუსიკას? ალბათ არა, რადგან ისინი, რომლებმაც ამგვარად შეიბღალეს სინდისი და, საბოლოოდ, გული გაიბოროტეს, ღვთის მტრებად იქცნენ (ებრაელთა 3:12; მათე 12:33—35).

ამიტომ, გონივრულად აირჩიეთ გართობის ფორმა. ბიბლია მოგვიწოდებს: „რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც წმიდაა, რაც საყვარელია, რაც საქებარია, ყოველივე, რაც სათნო და ქებულია, იმაზე იფიქრეთ“ (ფილიპელთა 4:8).

საზოგადოება გავლენას ახდენს თქვენს სინდისზე

ნილსა და ფრენცს ბავშვობაში ჯანსაღი ურთიერთობა ჰქონდათ ნამდვილ ქრისტიანებთან a. მაგრამ დროთა განმავლობაში, როგორც ნილმა თქვა, „ის ხულიგნების წრეში მოხვდა“. მისდა სამწუხაროდ, ამის შედეგი ის იყო, რომ მან დანაშაული ჩაიდინა და ციხეში მოხვდა. ფრენცსაც მსგავსი რამ შეემთხვა. «ვფიქრობდი, რომ ქვეყნიურ ახალგაზრდებთან ურთიერთობა ვერაფერს დამაკლებდა, — სინანულით თქვა მან. — მაგრამ, როგორც გალატელთა 6:7-შია ნათქვამი, „ღმერთი არ შეურაცხყოფს [ღმერთს ვერ დასცინებთ, აქ], ვინაიდან, რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის“. მწარე გამოცდილებით მივხვდი, რომ მე ვიყავი არასწორი და იეჰოვა — მართალი. ჩადენილი დანაშაულის გამო მთელი ჩემი დარჩენილი სიცოცხლე ციხეში უნდა გავატარო».

ჩვეულებისამებრ, ნილისა და ფრენცის მსგავსად, ადამიანები ერთ წამში არ ხდებიან დამნაშავეები; თავდაპირველად მათთვის შეიძლება წარმოუდგენელი იყოს დანაშაულის ჩადენა. როცა ასეთი რამ ხდება, ხშირად უმთავრესი მიზეზი ცუდ საზოგადოებასთან ურთიერთობაა, რასაც შესაძლოა თან მოჰყვეს ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება (1 კორინთელთა 15:33). ასეთ შემთხვევაში სინდისს ალკოჰოლი უგრძნობს ხდის, რის შემდეგაც, დანაშაულის ან უზნეობის ჩადენამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება.

პირველ რიგში რის გაკეთება გმართებთ ამ დროს? ურთიერთობა იქონიეთ გონიერ ხალხთან, რომლებსაც ნამდვილად უყვართ ღმერთი. ისინი დაგეხმარებიან, ისე განსწავლოთ თქვენი სინდისი, რომ მისით სწორად იხელმძღვანელოთ ცხოვრებაში, რაც თავიდან აგაცილებთ უამრავ ტკივილს (იგავნი 13:20). თუმცა ნილი და ფრენცი ჯერ კიდევ ციხეში იხდიან სასჯელს, ამჟამად მათ ესმით, რომ თავიანთი სინდისი, როგორც ღვთისგან ბოძებული ძღვენი, სწორად უნდა იყოს განსწავლული და სუფთად შენარჩუნებული. გარდა ამისა, ისინი მთელ ძალ-ღონეს ახმარენ იმას, რომ თავიანთ ღმერთთან, იეჰოვასთან, კარგი ურთიერთობა განავითარონ. იყავით გონიერნი და ისწავლეთ მათ შეცდომებზე (იგავნი 22:3).

გაუფრთხილდით სინდისს

თუ ღვთისადმი სიყვარულს, რწმენას და, ამავდროულად, მოკრძალებულ შიშს ვინვითარებთ, ამით ვაჩვენებთ, რომ ვუფრთხილდებით ჩვენს სინდისს (იგავნი 8:13; 1 იოანე 5:3). ბიბლიაში ნაჩვენებია, რომ თუ ამ ყოველივეს ადამიანი არ ავითარებს, ხშირად მას სინდისი ისე უჩლუნგდება, რომ ზნეობას უზნეობისგან ვეღარ არჩევს. მაგალითად, ფსალმუნის 13:1-ში საუბარია მათზე, რომლებიც თავიანთ გულში ამბობენ: „არ არის ღმერთი“. რა შედეგებამდე მიჰყავს ისინი რწმენის უქონლობას? ეს მუხლი განაგრძობს: „სისაძაგლე ჩაიდინეს; არავინ არის კეთილის მქნელი“.

ერთნი, რომელთაც არ გააჩნიათ ნამდვილი რწმენა, ღვთის მიმართ უკეთესი მომავლის მტკიცე იმედს ემშვიდობებიან კიდეც. ამიტომ, ისინი მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობენ და თავიანთ ხორციელ სურვილებს იკმაყოფილებენ. მათი დევიზი ასეთია: „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით!“ (1 კორინთელთა 15:32). მეორენი კი, რომელთა მზერაც მარადიული სიცოცხლის ჯილდოსკენ არის მიპყრობილი, ამ წუთისოფელში წამიერი სიამოვნების მიღების გულისთვის არ უხვევენ სწორი გზიდან. ზუსტად დაპროგრამებული აერონავიგაციული კომპიუტერის მსგავსად, ისინი თავიანთი განსწავლული სინდისით ბოლომდე ღვთის ერთგულები რჩებიან (ფილიპელთა 3:8).

სინდისი რომ არ დაგიჩლუნგდეთ და არ შეგებღალოთ, რეგულარულად უნდა განსწავლოთ იგი ღვთის სიტყვიდან მიღებული ხელმძღვანელობით. ბიბლია სწორედ ასეთი ხელმძღვანელობის მიღების შესაძლებლობაზე მიანიშნებს, რასაც თვალსაჩინოდ აღწერს: „თქვენს ყურებს მოესმება სიტყვა თქვენს უკან: აჰა, გზა, იარეთ მასზე, როცა მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვევთ“ (ესაია 30:21). ამიტომ, დრო გამოყავით ბიბლიის ყოველდღიური კითხვისთვის. მისი კითხვა მაშინ გაძლიერებთ და გამხნევებთ, როცა სიმართლის საკეთებლად ძალებს არ ზოგავთ, ან როცა მწუხარება და დარდი გეუფლებათ. დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა გიხელმძღვანელებთ ზნეობისა და სულიერობის საკითხში, თუ სრულებით მიენდობით მას. დიახ, მიბაძეთ ფსალმუნმომღერალს, რომელმაც დაწერა: „წარმოვიდგენ უფალს ჩემს პირდაპირ მუდამ, რადგან ჩემს მარჯვნივ არის, არ დავეცემი.“ (ფსალმუნი 15:8; 54:23).

[სქოლიოები]

a სახელები შეცვლილია.

[სურათები 5 გვერდზე]

ბიბლიაში ცრუ რელიგია აღიწერება „დიდ ბაბილონად“, რომელიც დამნაშავეა უამრავი ადამიანის სინდისის დაჩლუნგებაში.

[საავტორო უფლება]

Priest blessing troops: U.S. Army photo

[სურათები 6 გვერდზე]

ძალადობისა და უზნეობის ამსახველი სცენების ყურება გააუხეშებს თქვენს სინდისს.

[სურათი 7 გვერდზე]

ღვთის სიტყვიდან ხელმძღვანელობის რეგულარულად მიღება სინდისის დაცვაში დაგეხმარებათ.