არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვასთვის მსახურებაში გატარებული მდიდარი ცხოვრება

იეჰოვასთვის მსახურებაში გატარებული მდიდარი ცხოვრება

ბიოგრაფია

იეჰოვასთვის მსახურებაში გატარებული მდიდარი ცხოვრება

მოგვითხრო რასელ კარზენმა

დავიბადე 1907 წლის 22 სექტემბერს, შვიდი წლით ადრე, სანამ დაიწყებოდა ის ისტორიული ხანა, რომელიც პირველ მსოფლიო ომს მოჰყვა. ჩვენი ოჯახი განსაკუთრებულ სიმდიდრეს ფლობდა. ვფიქრობ, ამაში თქვენც დამეთანხმებით ამ ისტორიის რამდენიმე დეტალის მოსმენის შემდეგ.

ბებიაჩემი, მამაჩემის დედა, ჯერ ისევ პატარა იყო რომ უკვე ღვთის შესახებ ჭეშმარიტებას ეძებდა. სანამ წამოიზრდებოდა, თავის თვალწარმტაც, მშობლიურ ქალაქ შპიცში (შვეიცარია) რამდენიმე სხვადასხვა ეკლესია მოინახულა. 1887 წელს, როდესაც უკვე რამდენიმე წლის გათხოვილი იყო, კარენზების ოჯახი შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად.

მათი ოჯახი დასახლდა ოჰაიოში, სადაც, დაახლოებით 1900 წლისთვის, ბებიაჩემმა ის განძი იპოვა, რომელსაც ეძებდა. ეს განძი მან აღმოაჩინა ჩარლზ ტეიზ რასელის გერმანულ ენაზე გამოსულ წიგნში „დრო ახლოსაა“. ის მალევე მიხვდა, რომ, რაც ამ წიგნში წაიკითხა, ბიბლიური ჭეშმარიტება იყო. თუმცა ბებიაჩემი ძლივძლივობით კითხულობდა ინგლისურად, მაინც გამოიწერა ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“. ასე ისწავლა მან ბიბლიური ჭეშმარიტება და, ამავე დროს, ინგლისური ენა. პაპაჩემს კი მეუღლის მსგავსად სულიერი საკითხებისადმი ინტერესი არასდროს გამოუვლენია.

ბებიაჩემის 11 შვილიდან მხოლოდ ორი ვაჟი, ჯონი და ადოლფი, აფასებდნენ დედის მიერ ნაპოვნ განძს. ჯონი მამაჩემი იყო. ის 1904 წელს ბიბლიის მკვლევართა (ასე იყვნენ იეჰოვას მოწმეები ადრე ცნობილი) კონგრესზე მოინათლა სენტ-ლუისში (მისური). რადგან ბიბლიის მკვლევართა უმეტესობას დიდი თანხები არ ჰქონდა, კონგრესი იმ დროს დანიშნეს, როდესაც სენტ-ლუისში მსოფლიო გამოფენა ეწყობოდა და მატარებლის ბილეთები შედარებით იაფი ღირდა. მოგვიანებით, 1907 წელს ბიძაჩემი ადოლფი მოინათლა ნიაგარა-ფოლზში (ნიუ-იორკის შტატი) გამართულ კონგრესზე. მამაჩემი და ბიძაჩემი გულმოდგინედ ქადაგებდნენ იმას, რაც ბიბლიიდან გაიგეს და ორივენი, საბოლოოდ, სრული დროით მსახურები (ახლა მათ პიონერები ჰქვიათ) გახდნენ.

ასე რომ, როდესაც 1907 წელს დავიბადე, ჩემი ოჯახი უკვე სულიერად მდიდარი იყო (იგავნი 10:22). ჯერ კიდევ თოთო ბავშვი ვიყავი 1908 წელს, როდესაც მშობლებმა, ჯონმა და იდამ, წამიყვანეს ფუტ-ინ-ბეიში (ოჰაიო) გამართულ კონგრესზე, დევიზით — „გამარჯვებისკენ“.ამ კონგრესის თავჯდომარე იყო ჯოზეფ რუტერფორდი, რომელიც მაშინ მიმომსვლელ მსახურად იყო დანიშნული. რამდენიმე კვირის წინ ის დალტონში (ოჰაიო) იყო, სადაც ჩვენ გვეწვია სახლში და ადგილობრივ ბიბლიის მკვლევარებს მოხსენებები წაუკითხა.

რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა მე თვითონ არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს 1911 წელს მაუნთეინ ლეიკ-პარკში (მერილენდში) გამართული კონგრესი. აქ მე და ჩემი უმცროსი და, ესთერი, შევხვდით ჩარლზ ტეიზ რასელს, რომელიც ბიბლიის მკვლევართა სამქადაგებლო საქმიანობას უწევდა მეთვალყურეობას მთელ მსოფლიოში.

1914 წლის 28 ივნისს, როდესაც მსოფლიო ომის ქარცეცხლში გაეხვია, სარაევოში ერცჰერცოგ ფერდინანდისა და მისი მეუღლის მკვლელობის შემდეგ, მე და ჩემი ოჯახი კოლუმბუსში (ოჰაიო) გამართულ მშვიდობიან კონგრესს ვესწრებოდით. ამ ადრეული წლებიდან მოყოლებული იეჰოვას ხალხის უამრავ კონგრესზე დასწრების შესაძლებლობა მქონდა. ზოგიერთ ამ კონგრესზე დამსწრეთა რაოდენობა ასი ან უფრო ნაკლები იყო; სხვები კი მრავალათასიანი შეკრებები იყო, რომლებიც მსოფლიოს უდიდეს სტადიონებზე გაიმართა.

ჩვენი სახლის სტრატეგიული მდებარეობა

თითქმის 1908 წლიდან 1918 წლამდე ჩვენს სახლში, დალტონში, რომელიც პიტსბურგისა (პენსილვანია) და კლივლენდის (ოჰაიოს) შუაგზაზე მდებარეობდა, ბიბლიის მკვლევართა მცირე ჯგუფის შეხვედრები ტარდებოდა. ჩვენი სახლი მიმომსვლელი მომხსენებლებისთვის სტუმართმოყვარე ცენტრი გახდა. ისინი ოთხთვალებში შებმულ ცხენებს ჩვენი ბეღლის უკან აბამდნენ და შეკრებილთ აღმაფრთოვანებელ შემთხვევებს უყვებოდნენ და სხვა სულიერ საკითხებზე ესაუბრებოდნენ. როგორი გამამხნევებელი იყო ის დრო!

მამაჩემი სკოლის მასწავლებელი იყო, მაგრამ გული უფრო დიდი დამსწავლებლური საქმიანობისკენ, ქრისტიანული მსახურებისკენ, მიუწევდა. მას არ ავიწყდებოდა ოჯახის წევრებისთვის იეჰოვას შესახებ ესწავლებინა და საღამოობით მთელი ოჯახი ერთად ვლოცულობდით. 1919 წლის გაზაფხულზე მამამ ჩვენი ცხენი და ოთხთვალა გაყიდა და 1914 წელს გამოშვებული ფორდის ფირმის ავტომობილი იყიდა 175 დოლარად. ამან საშუალება მისცა, უფრო მეტ ხალხს დაკავშირებოდა სამქადაგებლო მსახურებაში. 1919 და 1922 წლებში ამ მანქანით მთელი ოჯახი სიდარ-პოინტში (ოჰაიო) გამართულ ბიბლიის მკვლევართა ღირსშესანიშნავ კონგრესებზე გავემგზავრეთ.

მთელი ჩვენი ოჯახი — დედ-მამა, ესთერი, ჩემი უმცროსი ძმა ჯონი და მე — მონაწილეობდა სამქადაგებლო მსახურებაში. კარგად მახსოვს ის პირველი შემთხვევა, როდესაც ერთმა მობინადრემ ბიბლიური კითხვა დამისვა. მაშინ თითქმის შვიდი წლის ვიყავი. „ბიჭუნი, რა არის არმაგედონი?“ — შემეკითხა ეს მამაკაცი. მამაჩემის დახმარებით შევძელი ბიბლიაში მეჩვენებინა პასუხი.

სრული დროით მსახურების დაწყება

1931 წელს ჩვენი ოჯახი ესწრებოდა კოლუმბუსში (ოჰაიო) გამართულ კონგრესს, სადაც სიხარულით მივიღეთ ახალი სახელი, იეჰოვას მოწმეები. ჯონი ისეთი აღფრთოვანებული იყო, რომ გადაწყვიტა ორივეს პიონერული მსახურება დაგვეწყო a. ასე მოვიქეცით არა მარტო ჩვენ, არამედ დედა, მამა და ესთერიც. რა დიდებული განძი გვქონდა — ოჯახი, რომელიც ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას გაერთიანებულად ავრცელებდა! არასოდეს დავიღლები იმით, რომ ამ კურთხევებისთვის იეჰოვას მადლობა გადავუხადო. თუმცა ძალიან ბედნიერები ვიყავით, მომავალში უფრო მეტი სიხარული გველოდა.

1934 წლის თებერვალში ბრუკლინში (ნიუ-იორკი), იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოში (ბეთელში), დავიწყე მსახურება. რამდენიმე კვირის შემდეგ კი ჯონიც შემომიერთდა. აქ მე და ჯონი 1953 წლამდე, სანამ ის ჯესის მოიყვანდა ცოლად, ერთად ვცხოვრობდით.

მას შემდეგ, რაც მე და ჯონმა ბეთელში მსახურება დავიწყეთ, მშობლები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებში მსახურობდნენ პიონერებად. მათთან ერთად იყვნენ ესთერი და მის მეუღლე, ჯორჯ რიდიც. ჩვენი მშობლები თავიანთი მიწიერი ცხოვრების დასრულებამდე, 1963 წლამდე, პიონერებად მსახურობდნენ. ესთერს და მის მეუღლეს კარგი ოჯახი აქვთ და ბედნიერი ვარ, რომ მყავს დისწულები, რომლებიც ძალიან მიყვარს.

ბეთელში მსახურება და სხვებთან ურთიერთობა

ჯონი ბეთელში ტექნიკურ ცოდნას იყენებდა და სხვა ბეთელელებთან ერთად ისეთ პროექტებზე მუშაობდა, როგორიცაა პორტატული გრამაფონების დამზადება. იეჰოვას ათასობით მოწმე იყენებდა ამ გრამაფონებს კარდაკარ მსახურებაში. ჯონი აგრეთვე ეხმარებოდა ისეთი მექანიზმის გამოგონებასა და აწყობაში, რომელიც გამომწერებისთვის ფოსტით გასაგზავნ ჟურნალებს ფუთავდა და ეტიკეტს არტყამდა.

ბეთელში ჩემი მსახურება საამკინძაოში დაიწყო. იმ დროს იქ მომუშავე ახალგაზრდები დღესაც ერთგულად მსახურობენ ბეთელში. მათ შორის არიან კერი ბარბერი და რობერტ ჰაცსფელდი. დიდი სიყვარულით ვიხსენებ აწ უკვე გარდაცვლილთ, რომელთა შორისაც იყვნენ: ნეითან ნორი, კარლ კლაინი, ლაიმენ სვინგლი, კლაუს ჯენსენი, გრანტ სუიტერი, ჯორჯ განგასი, ორინ ჰიბარდი, ჯონ სიორასი, რობერტ პენი, ჩარლზ ფეკელი, ბენო ბურჩიკო და ჯონ პერი. ისინი წლიდან წლამდე ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს და არასდროს წუწუნებდნენ ან არ მოელოდნენ „დაწინაურებას“. ორგანიზაციის ზრდასთან ერთად ამ ერთგულ, სულითცხებულ ქრისტიანებს დიდი პასუხისმგებლობები დაეკისრათ. ზოგიერთი მათგანი იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელ საბჭოშიც კი მსახურობდა.

ამ თავდაუზოგავ ძმებთან მსახურებამ მნიშვნელოვანი რამ მასწავლა. ჩვეულებრივ, სამსახურში მუშებს თავიანთი შრომის საზღაურად ხელფასს უხდიან. ეს არის მათი გასამრჯელო. ბეთელში მსახურებას კი მდიდარი სულიერი კურთხევები მოსდევს და მხოლოდ სულიერად ძლიერი მამაკაცები და ქალები აფასებენ ასეთ ჯილდოს (1 კორინთელთა 2:6—16).

ნეითან ნორი 1923 წელს ჯერ კიდევ მოზარდი მოვიდა ბეთელში; 30-იან წლებში სტამბის ზედამხედველი იყო. ის ყოველ დღე ჩამოუვლიდა ხოლმე სტამბაში ყველას და ესალმებოდა. ჩვენ, ახალი ბეთელელები, ჩვენდამი გამოვლენილი ასეთი ინტერესისთვის დიდად მადლიერნი ვიყავით. 1936 წელს გერმანიიდან ახალი საბეჭდი დაზგა მივიღეთ და ზოგ ახალგაზრდა ძმას ძალიან უჭირდა მისი აწყობა. ასე რომ, ძმა ნორმა ჩაიცვა კომბინეზონი და თვეზე მეტი, დაზგის აწყობამდე, მუშაობდა ჩვენთან ერთად.

ძმა ნორი ისეთი გულმოდგინე მშრომელი იყო, რომ უმეტესობა მუშაობაში ვერ ვუტოლდებოდით. მაგრამ მან დასვენების ფასიც იცოდა. მაშინაც კი, როდესაც მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა სამქადაგებლო საქმიანობის ზედამხედველად დანიშნეს 1942 წლის იანვარში, ბეთელის ოჯახის წევრებთან ან მისიონერული სკოლა „გალაადის“ სტუდენტებთან ერთად ზოგჯერ ბეისბოლს თამაშობდა საუტ-ლანსინგის (ნიუ-იორკი) მახლობლად მდებარე სპორტულ მოედანზე.

1950 წელს ბეთელის ოჯახი ბრუკლინში კოლუმბია ჰაითსი 124-ზე ახლად აშენებულ ათ სართულიან შენობებში გადავიდა. ახალ სასადილოში უკვე გვქონდა შესაძლებლობა, რომ მთელ ოჯახს ერთად გვესაუზმა. თითქმის სამი წლის განმავლობაში, რაც საამშენებლო სამუშაოები მიდიოდა, დილის თაყვანისცემას ვერ ვატარებდით. როგორი გახარებულები ვიყავით, რომ ეს პროგრამა კვლავ დღის წესრიგში ჩაჯდა! ძმა ნორმა, თავმჯდომარის მაგიდასთან, თავის გვერდით დამსვა, რომ დავხმარებოდი ბეთელის ოჯახის ახალი წევრების სახელების გახსენებაში. 50 წლის განმავლობაში ამ მაგიდასთან იმავე ადგილზე ვიჯექი დილის თაყვანისცემასა და სადილზე. 2000 წლის 4 აგვისტოს კი ეს სასადილო დაიკეტა და ყოფილ ოტელ „ტაუერში“ ახლად შეკეთებულ ერთ-ერთ სასადილოში გამანაწილეს.

50-იან წლებში დროებით სტამბაში ლინოტიპზე ვმუშაობდი. ლინოტიპზე სტრიქონებს ვასხამდი, რომლებსაც გვერდებად აერთიანებდნენ საბეჭდი ფორმების მისაღებად. თუმცა მე ეს სამუშაო არ მიტაცებდა, მაგრამ უილიამ პეტერსონი, რომელიც მანქანებს ამოწმებდა, იმდენად კარგი პიროვნება იყო, რომ მსიამოვნებდა იქ მუშაობა. 1960 წელს ახლად აშენებულ საცხოვრებელ სახლ კოლუმბია ჰაითს 170-ის შესაღებად მოხალისეები იყვნენ საჭირო. მე დიდი სიხარულით შევთავაზე დახმარება, ჩვენი მზარდი ბეთელის ოჯახისთვის, ამ ახალი შენობების მოსამზადებლად.

ამ საცხოვრებელი სახლების შეღებვიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, სასიამოვნო სიურპრიზი მელოდა. ბეთელის მიმღებში დამნიშნეს სამუშაოდ. ბეთელში მსახურების ეს უკანასკნელი 40 წელი, რაც ბეთელის რეგისტრატორად ვმუშაობ, აქ გატარებული წლებიდან ყველაზე შესანიშნავია. ვინც კი შემოაღებდა ბეთელის კარს, ოჯახის ახალი წევრები იყვნენ თუ ექსკურსიაზე მოსულნი, აღმაფრთოვანებელი იყო სამეფოს ინტერესებისთვის გაწეული ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგებზე დაფიქრება.

ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარები

რადგან ჩვენი ბეთელის ოჯახის წევრებს ბიბლია უყვართ, ოჯახი სულიერად ყვავის. პირველად რომ მოვედი ბეთელში, ემა ჰამილტონს, რომელიც კორექტორად მუშაობდა, ვკითხე, რამდენჯერ ჰქონდა ბიბლია წაკითხული. „ოცდათხუთმეტჯერ, — თქვა მან, — შემდეგ კი სათვალავი ამერია“. ანტონ კერბერი კი, რომელიც აგრეთვე მტკიცე ქრისტიანი იყო და ბეთელში თითქმის იმდენივე ხანს მსახურობდა, რამდენსაც ემა, ამბობდა ხოლმე: „ბიბლია ყოველთვის ხელის გაწვდენაზე გედოს“.

1916 წელს, ძმა რასელის სიკვდილის შემდეგ, ჯოზეფ რუტერფორდმა მოჰკიდა ხელი იმ ორგანიზაციულ პასუხისმგებლობებს, რომელიც რასელს ჰქონდა დაკისრებული. რუტერფორდი ძლიერი, კარგი მომხსენებელი იყო. როგორც ადვოკატი, ის იეჰოვას მოწმეთა ინტერესებს იცავდა შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში გამართულ პროცესებზე. 1942 წელს რუტერფორდის სიკვდილის შემდეგ, ძმა ნორმა დაიკავა მისი ადგილი და ძალიან ბევრს მუშაობდა, რომ კარგი ორატორი გამხდარიყო. რადგან მეზობლად ვცხოვრობდით, ხშირად მესმოდა, რამდენჯერ იმეორებდა თავის მოხსენებებს. ასეთმა დაუღალავმა შრომამ უკვალოდ არ ჩაიარა და, დროთა განმავლობაში, ის შესანიშნავი მომხსენებელი გახდა.

1942 წლის თებერვალში ძმა ნორმა დიდი წვლილი შეიტანა იმ პროგრამის დაარსებაში, რომელიც ბეთელში მყოფ ძმებს უნდა დახმარებოდა დასწავლებისა და ლაპარაკის უნარის განვითარებაში. ეს სკოლა ყურადღებას ამახვილებდა ბიბლიის გამოკვლევასა და საჯაროდ საუბარზე. თავდაპირველად, თითოეულ ჩვენგანს ბიბლიურ პერსონაჟებზე მოკლე მოხსენებების მომზადება დაგვავალეს. ჩემი პირველი მოხსენება მოსეს ეხებოდა. 1943 წელს მსგავსი სკოლის ჩატარება დაიწყო იეჰოვას მოწმეთა კრებებშიც, რომელიც დღემდე გრძელდება. ბეთელში განსაკუთრებული ხაზი კვლავ ბიბლიური შემეცნების მიღებასა და სწავლების ეფექტური მეთოდების განვითარებას ესმება.

1943 წლის თებერვალში მისიონერული სკოლა „გალაადის“ პირველი კლასი შეუდგა მეცადინეობას. ახლა კი ეს-ეს არის „გალაადის“ 111-ე კლასმა დაასრულა სწავლა! 58 წელზე მეტია, რაც ეს სკოლა არსებობს და მთელი ამ ხნის განმავლობაში 7000 და-ძმამ გაიარა მასში მომზადება მთელ მსოფლიოში მისიონერული მსახურებისთვის. აღსანიშნავია, რომ 1943 წელს, ამ სკოლის დაარსებისას, მთელ მსოფლიოში მხოლოდ 100000-ზე მეტი იეჰოვას მოწმე იყო. ახლა კი ექვს მილიონზე მეტი მონაწილეობს ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გავრცელებაში!

მადლიერი ვარ ჩემი სულიერი მემკვიდრეობისთვის

სკოლა „გალაადის“ დაარსებამდე სამი ბეთელელი დაგვნიშნეს, რომ შეერთებულ შტატებში არსებული კრებები მოგვენახულებინა. კრებებში ვრჩებოდით ერთი ან რამდენიმე დღე, ან კიდევ მთელი კვირა, რომ ისინი სულიერად გაგვეძლიერებინა. მაშინ ჩვენ ძმების მსახურებს გვეძახდნენ, ეს სახელწოდება მოგვიანებით სარაიონო მსახურად, ანუ სარაიონო ზედამხედველად შეიცვალა. მაგრამ სკოლა „გალაადის“ დაარსებიდან სულ რაღაც მოკლე ხანში, შემომთავაზეს, დავბრუნებულიყავი და ზოგიერთი საგანი მესწავლებინა. მეორედან მეხუთე კლასების რეგულარული ინსტრუქტორი ვიყავი და მეთოთხმეტე კლასის მუდმივი ინსტრუქტორიც შევცვალე. ის, რომ საშუალება მქონდა, სტუდენტებთან განმეხილა იეჰოვას ორგანიზაციის თანამედროვე ისტორიის ადრეული მოვლენები — რომელთაგანაც უმრავლესობა საკუთარი გამოცდილებიდან შემეძლო მომეთხრო — უფრო მეტი მადლიერების გრძნობას მიღვივებს ჩემი მდიდარი სულიერი მემკვიდრეობისადმი.

კიდევ ერთი შესანიშნავი შესაძლებლობა, რომელიც წლების მანძილზე მქონდა, იეჰოვას ხალხის საერთაშორისო კონგრესებზე დასწრება იყო. 1963 წელს 500-ზე მეტ დელეგატთან ერთად დავესწარი მთელ მსოფლიოში გამართულ კონგრესებს, სახელწოდებით „მარადიული სასიხარულო ცნობა.“ სხვა ისტორიული კონგრესები კი, რომლებსაც ვესწრებოდი — 1989 წელს ვარშავაში, 1990 წელს ბერლინსა და 1993 წელს მოსკოვში გაიმართა. თითოეულ კონგრესზე შესაძლებლობა მქონდა, შევხვედროდი იმ ძვირფას და-ძმებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ნაცისტური თუ კომუნისტური, ან ორივე რეჟიმისგან დევნას იტანდნენ. რწმენის განმამტკიცებელი რა კარგი მაგალითები იყო ეს ჩემთვის!

იეჰოვასთვის მსახურებაში გატარებული ჩემი ცხოვრება, მართლაცდა, სულიერად მდიდარია! სულიერ კურთხევებს ბოლო არ უჩანს და მატერიალური სიმდიდრისგან განსხვავებით, რაც უფრო მეტს ვხარჯავთ, მით უფრო მეტი გვემატება. ხანდახან ვისმენ, რომ ზოგს სურს, იეჰოვას მოწმედ არ ყოფილიყო აღზრდილი. ისინი ფიქრობენ, რომ ბიბლიურ ჭეშმარიტებას უფრო დააფასებდნენ, თუ ღვთის ორგანიზაციის გარეთ ცხოვრების გამოცდილება ექნებოდათ.

ყოველთვის ვწუხვარ, როდესაც ახალგაზრდებისგან ვისმენ ასეთ სიტყვებს, რადგან მათ ჰგონიათ, რომ უკეთესია, აღიზარდო იეჰოვას გზების შესახებ შემეცნების გარეშე. დაფიქრდით, იმ ცუდ ჩვევებსა და გარყვნილ აზროვნებაზე, რომელთა მოშორებაც მოუწიათ მათ, ვინც ბავშვობიდან არ იცის ბიბლიური ჭეშმარიტება. ყოველთვის დიდად მადლიერი ვიყავი, რომ ჩვენმა მშობლებმა სამივე შვილი სწორ გზაზე დაგვაყენეს. ჯონი სიკვდილამდე, 1980 წლის ივლისამდე, იეჰოვას ერთგული მსახური დარჩა. ესთერი კი დღემდე ერთგული მოწმეა.

დიდი სიყვარულით ვიხსენებ უამრავ შესანიშნავ მეგობარს, ერთგულ ქრისტიან ძმებსა და დებს. უკვე 67 წელზე მეტია, რაც ბეთელში ვმსახურობ. თუმცა დღემდე უცოლო ვარ, უამრავი სულიერი ვაჟი, ასული და შვილიშვილი მყავს. მიხარია ჩვენი მსოფლიო სულიერი ოჯახის ახალი წევრების ხილვა, რომელთაც ჯერ კიდევ მისაღებში ვხვდები — თვითოეული მათგანი ძვირფასია. როგორ მართლდება სიტყვები: „უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს“ (იგავნი 10:22).

[სქოლიოები]

a მოვინათლე 1932 წლის 8 მარტს. ფაქტობრივად, მოვინათლე მას შემდეგ, რაც პიონერად მსახურება გადავწყვიტე.

[სურათი 20 გვერდზე]

მარცხნიდან მარჯვნივ: მამაჩემი, მის მუხლებზე მოკალათებული ჯონი, ესთერი, მე და დედაჩემი.

[სურათები 23 გვერდზე]

1945 წელს სკოლა „გალაადში“ ინსტრუქტორად ყოფნის დროს.

ზემოთ მარჯვნივ: სკოლა „გალაადის“ ინსტრუქტორები: ედუარდო კელერი, ფრედ ფრენცი, მე და ალბერტ შრედერი.

[სურათი 24 გვერდზე]

ვფიქრობ იეჰოვას მსახურებაში გატარებულ ჩემს მდიდარ ცხოვრებაზე.