არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სინდისს განსწავლა ესაჭიროება

სინდისს განსწავლა ესაჭიროება

სინდისს განსწავლა ესაჭიროება

დაუვიწყარი დღე ელოდათ ახალი ზელანდიის იმ საჰაერო ლაინერის ეკიპაჟსა და მგზავრებს, რომლებიც რეის №901-ით მიფრინავდნენ ანტარქტიდაში. თვითმფრინავში მყოფებმა კამერები მოიმარჯვეს და ყველას საზეიმო განწყობილება დაეუფლა, როდესაც თვითმფრინავი DC-10 თეთრ კონტინენტს მიუახლოვდა, დაბლა დაშვება დაიწყო და მგზავრების თვალწინ ანტარქტიდის მშვენიერი ხედი გადაიშალა.

ამ საჰაერო ლაინერის კაპიტანი 15 წლის მანძილზე პილოტად მუშაობდა და 11000-ზე მეტი საათი ჰაერში ჰქონდა გატარებული. აფრენამდე მან საგულდაგულოდ შეიტანა ფრენის გეგმა აერონავიგაციულ კომპიუტერში, მაგრამ არ იცოდა, რომ მისთვის გადაცემული საფრენი მიმართულების კოორდინატები არასწორი იყო. ჰაერში ზუსტად 600 მეტრ სიმაღლეზე DC-10 შეეჯახა მთა ერებუსის დაქანებულ ფერდობს, რის შედეგადაც თვითმფრინავში მყოფი ყველა 257 ადამიანი დაიღუპა.

როგორც აერონავიგაციულ კომპიუტერებზე არიან დამოკიდებული თვითმფრინავები, რათა მისი საშუალებით გაიკვლიონ გზა ცაში, ისე ადამიანებს სინდისი აქვთ მიცემული, რათა მთელი ცხოვრება მისით იხელმძღვანელონ. ამ საშინელი ტრაგედიიდან, რომელიც რეის 901-ის მთასთან შეჯახებამ გამოიწვია, მნიშვნელოვან გაკვეთილს ვსწავლობთ ჩვენს სინდისთან დაკავშირებით. მაგალითად, როგორც უსაფრთხოდ ფრენისთვის სწორად ამოქმედებული აერონავიგაციული სისტემითა და ზუსტი ამოსავალი პრინციპით ხელმძღვანელობაა საჭირო, ისე სულიერი, მორალური და ფიზიკური კეთილდღეობისთვის სწორი და უმთავრესი მორალური პრინციპებით განსწავლული მგძნობიარე სინდისით ხელმძღვანელობაა საჭირო.

საუბედუროდ, დღევანდელ ქვეყნიერებაში ასეთ სწორ ამოსავალ პრინციპებს სწრაფად ივიწყებენ ან უგულებელყოფენ. „ხშირად გვსმენია, თუ როგორ უძნელდება გონებადაქვეითებულ მოსწავლეს წერა-კითხვა, და დავუშვათ, რუკაზე საფრანგეთის მოძებნა, — ამბობს ამერიკელი პედაგოგი. — სინამდვილეში, მას სწორის არასწორისგან გარჩევაც უჭირს. უწიგნურობასა და გამჭრიახობის არქონას და, საერთოდ, განათლებასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ დღეს ზნეობას უზნეობისგან ვერ არჩევენ“. ამ პედაგოგმა აგრეთვე აღნიშნა, რომ „დღევანდელი ახალგაზრდები მორალურ წყვდიადში ცხოვრობენ. ერთ-ერთ მათგანს მაინც რომ ჰკითხო, შეუძლია თუ არა სწორის არასწორისგან გარჩევა, მოულოდნელად აღმოჩნდები დაბნეული, ენაჩავარდნილი, ანერვიულებული და ორჭოფი ადამიანის წინაშე. ასეთი გაორებული ადამიანების მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად უფრო გაუარესდება, როდესაც ისინი ერთ მშვენიერ დღეს კოლეჯის კარს შეაღებენ“.

ასეთი გაორების ერთ-ერთი მიზეზი ფართოდ გავრცელებული შეხედულებაა, რომ ზნეობრივი ნორმები შენი პიროვნებითა და კულტურით განისაზღვრება. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, თუ პილოტები თვითმფრინავის მართვას ზუსტი, დამონტაჟებული სისტემებით კი არ დაიწყებდნენ, არამედ სასიგნალო შუქურით, რომელიც ზოგჯერ მოულოდნელად ჩნდება, ხოლო ზოგჯერ საერთოდ ქრება! ასეთ შემთხვევაში ისეთი ავიაკატასტროფები, როგორიც მთა ერებუსთან შეჯახებით მოხდა, გარდაუვალი იქნებოდა. შუქურით მართვისა არ იყოს, დღესდღეობით უარს ამბობენ სწორი ზნეობრივი ნორმების თანახმად ცხოვრებაზე, რის გამოც კაცობრიობა ძალიან ცუდ შედეგებს იმკის: ხშირდება ტანჯვა-წამებისა და სიკვდილიანობის შემთხვევები; ღალატის გამო ინგრევა ოჯახები და მილიონობით ადამიანი იტანჯება შიდსისა და სექსუალური გზით გადამდები სხვა დაავადებებით.

ასეთი ზნეობა შეიძლება მისაღებიც კი ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში მათი მხარდამჭერნი ძველი დროის ნინეველებს ემსგავსებიან, რომლებიც ‘მარჯვენას მარცხენისგან ვერ არჩევდნენ’. ისინი, რომლებიც ასეთი პრინციპების თანახმად ცხოვრობენ, ემსგავსებიან განდგომილ ისრაელებს, რომლებიც „ბოროტებას სიკეთეს არქმევდნენ და სიკეთეს ბოროტებას“ (იონა 4:11; ესაია 5:20).

ამიტომ, სად შეგვიძლია ისეთი გასაგები, არაორაზროვანი კანონებისა და პრინციპების პოვნა, რომლებიც განსწავლიდა ჩვენს სინდისს უსაფრთხო ხელმძღვანელობისთვის? მილიონობით ადამიანმა აღმოაჩინა, რომ ბიბლიის საშუალებით თავისუფლად შეიძლება ამ მიზნის მიღწევა. ძირითადი მორალური პრინციპებიდან მუშაობის ეთიკამდე და ბავშვების აღზრდიდან ღვთის თაყვანისმცემლობამდე ბიბლია ყველაფერზე ამახვილებს ყურადღებას (2 ტიმოთე 3:16). ბიბლია საუკუნეების მანძილზე ადასტურებს, რომ სანდო წყაროა. რადგან ბიბლიაში მოცემული ზნეობრივი ნორმები უდიდესმა ავტორიტეტმა, ჩვენმა შემოქმედმა, დაადგინა, ისინი მთელი კაცობრიობისთვის სასარგებლოა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს იმის მიზეზი, რომ მორალურ წყვდიადში ვიცხოვროთ.

ჩვენს დროში თქვენს სინდისს ისე, როგორც არასდროს, საფრთხე ემუქრება. როგორ შეიძლება ეს ასე იყოს? და როგორ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ სუფთა სინდისი? დასაწყისისთვის გონივრულია, გაიგოთ, ვის აქვს ამოღებული სამიზნედ თქვენი სინიდისი და როგორ მეთოდებს იყენებს. ეს საკითხები მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.