მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
როგორ შეძლო გველმა ედემის ბაღში ევასთვის იმ აზრის მიწოდება, რომ დაერღვია ღვთის კანონი კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფთან დაკავშირებით?
დაბადების 3:1-ში ნათქვამია: „გველი ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა შორის, რომლებიც უფალმა გააჩინა. უთხრა გველმა დედაკაცს: მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო?“. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოახერხა გველმა ევასთან ურთიერთობა. ერთი მოსაზრება ასეთია, რომ მან ეს ტანის მოძრაობით ან გარკვეული მიმიკებით შეძლო. მაგალითად, ინგლისელმა საეკლესიო პირმა ჯოზეფ ბენსონმა აღნიშნა: „უფრო მეტად დასაშვებია, რომ ეს გარკვეული მინიშნებებით გაეკეთებინა. ზოგს მართლა ჰგონია, რომ იმ დროს გველებს აზროვნებისა და მეტყველების უნარი ჰქონდათ,.. მაგრამ ეს აზრი არ მტკიცდება“.
მხოლოდ ტანის მოძრაობით როგორ გააგებინებდა გველი, რომ აკრძალული ხილის ჭამით ღვთის მსგავსი გახდებოდა და შეძლებდა თავად გადაეწყვიტა რა იყო კარგი და რა ცუდი? უფრო მეტიც, საუბარში ევაც ჩაება და გველის მიერ წამოჭრილ შეკითხვას უპასუხა (დაბადება 3:2—5). ის აზრი, რომ გველმა მხოლოდ ტანის მოძრაობით მიმართა ევას იმ დასკვნამდე მიგვიყვანდა, რომ ევამაც გარკვეულ ჟესტებითვე უპასუხა, მაშინ როდესაც ბიბლია ამბობს, რომ ევა ლაპარაკობდა.
მოციქულმა პავლემ ამ შემთხვევაზე მიუთითა და გააფრთხილა ახალგაზრდა ქრისტიანები: „ვშიშობ, რომ როგორც გველმა თავისი მზაკვრობით აცდუნა ევა, ასევე არ გაირყვნეს თქვენი აზროვნება“. პავლემ თქვა, რომ საშიშროება ‘ცრუ მოციქულთაგან, მზაკვარ მუშაკთაგან’ მომდინარეობდა. საშიშროება, რომელსაც „მაღალი მოციქულები“ ქმნიდნენ, მიმიკებით ან ჟესტებით არ შემოიფარგლებოდა. ისინი მსმენელებს მეტყველებით — მზაკვრული სიტყვით — აცდენდნენ (2 კორინთელთა 11:3—5, 13).
მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მეტყველება იყო გამოყენებული ედემის ბაღში ევას მოსატყუებლად, ვერავინ დაამტკიცებს, რომ გველს მბგერი იოგები ჰქონდა; მას ეს არ სჭირდებოდა. როდესაც ღვთის ანგელოზი ბალაამს სახედრის მეშვეობით დაელაპარაკა, ცხოველს არ დასჭირვებია ადამიანის მსგავსი ხორხი (რიცხვნი 22:26—31). აშკარაა, როდესაც ეს ‘უტყვი ვირი ადამიანის ხმით ალაპარაკდა’, ძალა ამისთვის ზეციდან მიიღო (2 პეტრე 2:16).
გველს ამოფარებული სულიერი ქმნილება, რომელიც ევას ელაპარაკა, ბიბლიაში ცნობილია როგორც „ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია“ (გამოცხადება 12:9). სიტყვები, რომლებიც ევას ყურს მისწვდა და რაზედაც რეაგირება მოახდინა ეკუთვნოდა სატანას, რომელიც „ნათლის ანგელოზად გარდაისახება“ ხოლმე (2 კორინთელთა 11:14).
[სურათი 27 გვერდზე]
„შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი“