არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა თვალსაზრისი გაქვს თვალთმაქცობაზე?

რა თვალსაზრისი გაქვს თვალთმაქცობაზე?

რა თვალსაზრისი გაქვს თვალთმაქცობაზე?

გეთსემანიის ბაღში იუდა ისკარიოტელი იესოს მიუახლოვდა და „ეამბორა“. როგორც წესი, ადამიანის მიმართ ასეთი სათუთი გრძნობების გამოვლენა თბილი დამოკიდებულების გამომხატველი იყო. მაგრამ იუდას ამბორს გულწრფელობის არავითარი ნიშანწყალი არ აჩნდა. იგი პირფერულად მოიქცა, რათა ღამით დასაპატიმრებლად მოსულთათვის იესოს ვინაობაზე მიენიშნებინა (მათე 26:48, 49). იუდა თვალთმაქცობის განსახიერება იყო — ადამიანი, რომელიც თავს ისეთ კაცად წარმოაჩენს, როგორიც სინამდვილეში არ არის; იგი გულწრფელობის ნიღაბს ატარებს, რომლის მიღმაც უკეთურ ზრახვებს მალავს. ბერძნული სიტყვა, რომელიც „თვალთმაქცად“ ითარგმნა, ნიშნავს „ის, ვინც უპასუხებს“; ის ამავე დროს, თეატრის მსახიობთან მიმართებაშიც გამოიყენება. დროთა განმავლობაში ამ სიტყვამ უფრო ფართო გაგება შეიძინა. იგი ნებისმიერი ადამიანის საქციელზე მიუთითებს, რომელიც ხალხს თავის ნამდვილ ზრახვებს უმალავს, რათა თვალი აუხვიოს და შეცდომაში შეიყვანოს.

როგორ რეაგირებ თვალთმაქცობაზე? ხომ არ ბრაზდები, როდესაც ხედავ, რომ სიგარეტის მწარმოებლები გაქეზებენ მოწევისკენ, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო თვალსაზრისით მათი ნაწარმი მავნებელია? იწვევს შენს რისხვას იმ ადამიანების თვალთმაქცობა, ვინც იყენებს მათ, რომლებზეც სინამდვილეში უნდა ზრუნავდნენ? გული ხომ არ გტკივა, როცა ადამიანი, რომელსაც ნამდვილ მეგობრად მიიჩნევდი, გიორგულებს? როგორ მოქმედებს შენზე რელიგიური თვალთმაქცობა?

„ვაი თქვენ... თვალთმაქცნო!“

მოდი დავფიქრდეთ, თუ როგორი რელიგიური მდგომარეობა იყო იესოს დედამიწაზე ყოფნის დროს. მწიგნობრები და ფარისევლები თავს დებდნენ, რომ ღვთის რჯულის ერთგული მასწავლებლები იყვნენ, მაგრამ სინამდვილეში ხალხს თანდათანობით აშორებდნენ ღმერთს, რადგან ადამიანურ მოძღვრებებს ახვევდნენ თავს. მწიგნობრები და ფარისევლები დაჟინებით მოითხოვდნენ რჯულის თითოეული წვრილმანის შესრულებას, მაგრამ მთავარს — სიყვარულისა და თანაგრძნობის გამომხატველ პრინციპებს — უგულებელყოფდნენ. საზოგადოებაში ღვთისადმი უერთგულეს ადამიანებად მოჰქონდათ თავი, მაგრამ დახურულ კარს მიღმა უამრავ უკანონობას სჩადიოდნენ. მათი სიტყვები და საქმეები ყოველთვის ცა და დედამიწასავით განსხვავდებოდა. მათი მიზანი იყო, „ადამიანთა მოსაჩვენებლად“ გაეკეთებინათ ყველაფერი. ისინი ჰგავდნენ „შეთეთრებულ სამარხებს, რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან, შიგნით კი სავსენია მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმიდურებით“. იესომ, რომელმაც გაბედულად ამხილა მათი თვალთმაქცობა, რამდენჯერმე ასეთი სიტყვებით მიმართა: „ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო!“ (მათე 23:5, 13—31).

შენც რომ იესოს დროს გეცხოვრა, ასეთი რელიგიური თვალთმაქცობის შემყურეს, შესაძლოა სხვა ნამდვილად წრფელი ადამიანების მსგავსად ზიზღის გრძნობა გაგჩენოდა (რომაელთა 2:21—24; 2 პეტრე 2:1—3). მაგრამ, ნუთუ მწიგნობრებისა და ფარისევლების თვალთმაქცობა იმდენად გაგაღიზიანებდა, რომ ყველა რელიგიას უარყოფდი, მათ შორის იმ რელიგიასაც, რომლის შესახებაც იესო ქრისტე და მისი მოწაფეები ასწავლიდნენ და, რომელსაც თავადვე მიჰყვებოდნენ? თუ დიახ, საზიანო ხომ არ აღმოჩნდებოდა ეს შენთვის?

ვითომდა მორწმუნე ადამიანების თვალთმაქცური საქციელის გამო ზიზღის გრძნობით შეპყრობილნი შეიძლება განვუდგეთ სარწმუნოებას. მაგრამ ასეთი დამოკიდებულება თვალს აგვიხვევდა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების გულწრფელობაში ეჭვი შეგვეპარებოდა. თვალთმაქცობის თავიდან ასარიდებლად მსგავსი პოზიციის დაკავებამ შეიძლება ნამდვილი მეგობრებიც კი ჩამოგვაშოროს. ამიტომ გონივრულად და გაწონასწორებულად უნდა ვრეაგირებდეთ თვალთმაქცობაზე.

„იფრთხილეთ“

პირველ რიგში თვალთმაქცობის ამოცნობა უნდა ვისწავლოთ, მაგრამ ეს ყოველთვის ადვილი როდია. ერთ ოჯახს ამის სწავლა ძალიან ძვირად დაუჯდა. ერთხელ ოჯახის დედა, როდესაც საავადმყოფოში იწვა, კომაში ჩავარდა. პაციენტის მიმართ დაუდევრად მოპყრობის გამო საჩივარი რომ შეეტანათ, მათ ადვოკატი დაიქირავეს, რომელიც, ამავე დროს, ადგილობრივი ეკლესიის მღვდელი იყო. ოჯახის წევრები, მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოს მედპერსონალმა ზარალის ასანაზღაურებლად 3,4 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადა, კიდევ უფრო საშინელ მდგომარეობაში აღმოჩდნენ. დედა სიღარიბეში გარდაიცვალა და ოჯახს მისი დასამარხი ფულიც კი აღარ აღმოაჩნდა. რატომ? მიზეზი ის იყო, რომ ადვოკატმა თანხის დიდი ნაწილი მიისაკუთრა. ამ ადვოკატის შესახებ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებულ ჟურნალში აღინიშნა: «თუ ეს ადვოკატი ისეთ ყოფაქცევაზე ქადაგებდა, როგორიც თავად ჰქონდა, მაშინ მისი მოწოდება ასეთი უნდა ყოფილიყო: „მოდი ვითაღლითოთ!“». როგორ შეგვიძლია, თავი დავიცვათ ასეთი ადამიანებისგან?

„იფრთხილეთ“, — ასეთი რჩევა მისცა იესომ მათ, ვინც იმ პერიოდში აშკარად ხედავდა რელიგიურ პირმოთნეობას (მათე 16:6; ლუკა 12:1). დიახ, ჩვენ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. შეიძლება ადამიანები ამტკიცებდნენ, რომ ყველაზე კეთილშობილური მიზნები ამოძრავებთ და ძალიან გულწრფელები არიან, მაგრამ წინდახედულება უნდა გამოვავლინოთ და მყისვე ყველა არ უნდა მივიჩნიოთ უმწიკვლო ადამიანად. ნუთუ დიდი ყურადღებით არ შევამოწმებთ ჩვენს ბანკნოტებს, თუ ვიცით, რომ ყალბი ბანკნოტებია ბრუნვაში?

თვალთმაქცობა ჭეშმარიტ ქრისტიანულ კრებაშიც კი შეიმჩნა. მოწაფე იუდა აფრთხილებდა თანამორწმუნეებს: „ისინი ლაქებად არიან თქვენს სიყვარულის სერობებზე. უშიშრად ნადიმობენ თქვენთან და მასპინძლობენ თავიანთ თავს. ქარისგან მიმოფანტული უწყლო ღრუბლები არიან, შემოდგომის უნაყოფო ხენი“ (იუდა 12).

‘სიფრთხილის გამოვლენა’ ნიშნავს იმას, რომ შეცდომაში არ შეგვიყვანოს ისეთმა ადამიანმა, რომელიც თავს მოსიყვარულედ წარმოგვიჩენს, მაგრამ სინამდვილეში ეგოისტია და ღვთის სიტყვაზე დაუფუძნებელ თვალსაზრისს ანიჭებს უპირატესობას. როგორც წყნარ წლებში წყალქვეშა რიფების გამო შეიძლება დაიმსხვრეს ხომალდი, ისე ასეთმა ადამიანმა შეიძლება ვინმეს წინდაუხედაობით ისარგებლოს და მას სულიერი რწმენის ხომალდი დაუმსხვრიოს (1 ტიმოთე 1:19). თვალთმაქცი ადამიანი შეიძლება გვპირდებოდეს, რომ სულიერად დაგვეხმარება, მაგრამ მისი სიტყვები „უწყლო ღრუბლები“ აღმოჩნდება, რომლებიც არაფრის მომცემია. უნაყოფო ხის მსგავსად, მატყუარა ადამიანი არ ავლენს ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის დამახასიათებელ თვისებებს (მათე 7:15; გალატელთა 5:19). დიახ, ჩვენ უნდა ვუფრთხილდეთ ასეთ მატყუარა ადამიანებს, ოღონდ ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ყველას ზრახვებში ეჭვი არ შეგვეპაროს.

„ნუ განიკითხავთ“

რამდენად ადვილია არასრულყოფილი ადამიანებისთვის, სხვების შეცდომებზე ყურადღების გამახვილება, ხოლო საკუთარზე — თვალის დახუჭვა. მაგრამ, თუ ასეთი მიდრეკილება გვაქვს, ადვილად შეიძლება თვალთმაქცობამ ზიანი მოგვაყენოს. „თვალთმაქცო, — თქვა იესომ. — ჯერ შენი თვალიდან დირე ამოიღე და მერე დაინახავ, როგორ ამოიღო ბეწვი შენი ძმის თვალიდან“. ჩვენ სწორად ვიქცევით, თუ ამ რჩევას ყურად ვიღებთ: „ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხოთ. ვინაიდან რომელი განკითხვითაც განიკითხავთ და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ თქვენ. რად უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო საკუთარ თვალში დირესაც კი არ ამჩნევ?“ (მათე 7:1—5).

როცა ზოგჯერ სხვები თვალთმაქცებივით იქცევიან, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ნაჩქარევად არ მივაკუთვნოთ ისინი ამ კატეგორიის ადამიანებს. მაგალითად, მოციქულმა პეტრემ ანტიოქიაში არაიუდეველი თანამორწმუნეებისგან „დაიწყო ჩამოშორება და განზე გადგომა“, რათა იერუსალიმიდან ჩამოსული სტუმრების გული მოეგო, რომლებიც იუდაური წარმოშობისანი იყვნენ. „ბარნაბაც კი ჩაითრია მათმა [პეტრესა და სხვების] თვათლმაქცობამ“. მიუხედავად იმისა, რომ პეტრეს უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდა, არაიუდეველები ქრისტიანულ კრებაში მიეყვანა, ახლა იგი ამგვარად მოიქცა (გალატელთა 2:11—14; საქმეები 10:24—28, 34, 35). მაგრამ ბარნაბასა და პეტრეს მიერ დაშვებული შეცდომა, რასაკვირველია, არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ისინი იმ კატეგორიის ადამიანებს მივაკუთვნოთ, როგორებიც იყვნენ მწიგნობრები და ფარისევლები, ან იუდა ისკარიოტელი.

„თქვენი სიყვარული იყოს უთვალთმაქცო“

„როცა მოწყალებას გასცემ, — გვირჩევს იესო. — ნუ გაახმაურებ შენს წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა ხალხმა აქოს ისინი“ (მათე 6:2). „სიყვარული იყოს უთვალთმაქცო“ — დაწერა მოციქულმა პავლემ (რომაელთა 12:9). ის მოუწოდებდა ახალგაზრდა ტიმოთეს, რომ ჰქონოდა „წმინდა გულით... უპირფერო რწმენით სიყვარული“ (1 ტიმოთე 1:5). თუ ნამდვილ სიყვარულსა და რწმენას ვავლენთ, რომელიც არ არის დამახინჯებული ეგოიზმითა და სიცრუით, სხვების ნდობას მოვიპოვებთ; ჩვენ ნამდვილად შევძლებთ, გავამხნევოთ და გავაძლიეროთ ჩვენ გარშემო მყოფნი (ფილიპელთა 2:4; 1 იოანე 3:17, 18; 4:20, 21). და, რაც ყველაზე მთავარია, იეჰოვას მოწონებას დავიმსახურებთ.

მეორე მხრივ, თვალთმაქცობა საბოლოო ჯამში დამღუპველი აღმოჩნდება მათთვის, ვისაც ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი ეს თვისება. ბოლოს და ბოლოს თვალთმაქცობა მხილებული იქნება. „არაფერია დაფარული, რომელიც არ გაცხადდება, — თქვა იესო ქრისტემ. — და საიდუმლო, რომელიც არ შეიტყობა“ (მათე 10:26; ლუკა 12:2). ბრძენმა მეფე სოლომონმა განაცხადა: „ყველა საქმეს სამსჯავროზე მიიტანს ღმერთი, ყოველივე დაფარულს, კეთილს თუ ბოროტს“ (ეკლესიასტე 12:14).

მანამდე კი, ისე რატომ უნდა იმოქმედოს ჩვენზე სხვების თვალთმაქცობამ, რომ გულწრფელად ვეღარ შევძლოთ ნამდვილი მეგობრების სიყვარული? ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ მეტისმეტად ეჭვიანები არ გავხდეთ. მოდი, ყველანაირად ვეცადოთ, რომ ჩვენს სიყვარულსა და რწმენას თვალთმაქცობასთან საერთო არაფერი ჰქონდეს (იაკობი 3:17; 1 პეტრე 1:22).

[სურათები 22, 23 გვერდებზე]

ნუთუ მწიგნობრებისა და ფარისევლების თვალთმაქცობის გამო ზურგს შეაქცევდი იესო ქრისტესა და მის მოწაფეებს?