არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

განივითარე იეჰოვასადმი შიში

განივითარე იეჰოვასადმი შიში

განივითარე იეჰოვასადმი შიში

„ნეტავ ისეთი გული ჰქონოდათ, რომ შინებოდათ ჩემი და მუდამჟამს დაეცვათ ყოველი ჩემი მცნება“ (მეორე რჯული 5:26).

1. რა გვარწმუნებს იმაში, რომ დადგება დრო, როდესაც ადამიანები გათავისუფლდებიან შიშისგან?

 საუკუნეებია, რაც შიში კაცობრიობას მოსვენებას არ აძლევს. შიმშილის, დაავადების, დამნაშავეობისა თუ ომის შიში, მილიონობით ადამიანს გამუდმებით თრგუნავს. სწორედ ამიტომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულაში გამოთქმულია ისეთი მსოფლიოს შექმნის სურვილი, სადაც ყველა ადამიანი თავისუფალი იქნება შიშისგან a. საბედნიეროდ, ღმერთი გვარწმუნებს იმაში, რომ ასეთი მსოფლიო დამყარდება — თუმცა არა ადამიანური ძალისხმევის შედეგად. წინასწარმეტყველ მიქას მეშვეობით იეჰოვა გვპირდება, რომ მის სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში „არავინ იქნება დამაფრთხობელი“ (მიქა 4:4).

2. ა) რა მოწოდება გვესმის საღვთო წერილებიდან ღვთის შიშთან დაკავშირებით? ბ) რა კითხვები შეიძლება წამოიჭრას, როდესაც ღვთისადმი შიშის განვითარებასთან დაკავშირებულ ჩვენს მოვალეობაზე ვფიქრობთ?

2 მეორე მხრივ, შიში შეიძლება დადებით გავლენასაც ახდენდეს. ბიბლია ღვთის მსახურებს დაჟინებით მოუწოდებს, იქონიონ იეჰოვასადმი შიში. მოსემ უთხრა ისრაელებს: „უფლის, შენი ღმერთის, გეშინოდეს და მას ემსახურებოდე“ (მეორე რჯული 6:13). საუკუნეების შემდეგ სოლომონმა დაწერა: «ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავი და თავი [„ვალდებულება“, აქ]» (ეკლესიასტე 12:13). სამქადაგებლო საქმიანობის წყალობით, რომელსაც ანგელოზთა მეთვალყურეობით ვასრულებთ, ჩვენც მოვუწოდებთ ადამიანებს, ‘ეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგონ მას’ (გამოცხადება 14:6, 7). ქრისტიანები ღვთისმოშიშები უნდა იყვნენ და მთელი გულით უნდა უყვარდეთ იეჰოვა (მათე 22:37, 38). როგორ შეგვიძლია გვიყვარდეს ღმერთი და იმავდროულად გვეშინოდეს კიდეც მისი? რატომაა საჭირო მოსიყვარულე ღვთისადმი მოშიშება? რით არის სასარგებლო ღვთისმოშიშების განვითარება? ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად უპირველეს ყოვლისა უნდა გავერკვეთ იმაში, თუ რას ნიშნავს ღვთისადმი შიში და რა მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მას იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაში.

იეჰოვასადმი მოწიწება, მოკრძალება და შიში

3. რას ნიშნავს ღვთისადმი შიში?

3 ღვთისადმი შიში ის გრძნობაა, რომელიც ქრისტიანებს თავიანთი შემოქმედისადმი უნდა გააჩნდეთ. შიშის ერთ-ერთი განმარტებაა „შემოქმედისადმი შიშნარევი მოწიწება და მოკრძალება, აგრეთვე ჯანსაღი შიში იმისა, რომ არ აწყენინო მას“. ასე რომ, ღვთის შიში ჩვენი ცხოვრების ორ მნიშვნელოვან მხარეზე ახდენს გავლენას: ჩვენს დამოკიდებულებაზე როგორც ღვთისადმი, ისე ისეთი საქციელისადმი, როგორიც მას სძაგს. ცხადია, ეს ორივე მხარე უაღრესად მნიშვნელოვანია და ყურადღებით მოკიდებას მოითხოვს. როგორც ვაინის „ახალი აღთქმის სიტყვების განმარტებით ლექსიკონშია“ მითითებული, ეს მოკრძალებით აღსავსე შიში ქრისტიანებისთვის „ცხოვრების მთავარი წარმმართველი ძალაა როგორც სულიერი, ისე მორალური თვალსაზრისით“.

4. როგორ შეგვიძლია ჩვენი შემოქმედისადმი შიშნარევი მოწიწებისა და მოკრძალების განვითარება?

4 როგორ შეგვიძლია ჩვენი შემოქმედისადმი შიშნარევი მოწიწებისა და მოკრძალების განვითარება? ასეთი მოწიწება გვეუფლება, როდესაც მშვენიერ ლანდშაფტს, დიდებულ ჩანჩქერს ან მზის ჩასვლის შთამბეჭდავ სურათს შევცქერით. ეს გრძნობა უფრო გვიძლიერდება, როდესაც ვხვდებით, რომ ეს საქმეები ღვთის შემოქმედების ნაყოფია. გარდა ამისა, დავით მეფის მსგავსად ჩვენც ვგრძნობთ, თუ რამდენად მცირენი ვჩანვართ იეჰოვას შიშის მომგვრელი შემოქმედებითი ნახელავის ფონზე. „როცა შევხედავ შენს ცას — შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე, რა არის [„მოკვდავი“, აქ] კაცი, რომ იხსენიებ?“ (ფსალმუნი 8:4, 5). შიშნარევი მოწიწება გადაიზრდება ასეთივე მოკრძალებაში, რომელიც აღგვძრავს, ვაქოთ და ვმადლობდეთ იეჰოვას იმ ყოველივესთვის, რასაც ის ჩვენთვის აკეთებს. დავითმა ასევე დაწერა: „გადიდებ, რადგან საოცრებით ვარ შენივთული; საკვირველია საქმენი შენნი და ჩემმა სულმა იცის ეს სავსებით“ (ფსალმუნი 138:14).

5. რატომ უნდა გვეშინოდეს იეჰოვასი და, ამასთან დაკავშირებით, რა შესანიშნავი მაგალითი გვაქვს?

5 შიშნარევი მოწიწება და მოკრძალება ბადებს ჯანსაღ და პატივისცემით აღსავსე შიშს ღვთის — როგორც შემოქმედის — ძალისა და მისი — როგორც სამყაროს კანონიერი მმართველის — ძალაუფლებისადმი. იოანე მოციქულის მიერ ნანახ ხილვაში ‘მხეცზე და მის ხატებაზე გამარჯვებულნი’ — ქრისტეს ზეცად მყოფი ცხებული მიმდევრები — აცხადებენ: «დიდი და საოცარია შენი საქმენი, უფალო ღმერთო ყოვლისმპყრობელო! მართალი და ჭეშმარიტია შენი გზები, ერების [„მარადიულობის“, აქ] მეფეო! ვის არ შეეშინდება უფალო, და არ ადიდებს შენს სახელს?» (გამოცხადება 15:2—4, აფ). ღვთისადმი შიში, რომელიც მისი სიდიადისადმი მოკრძალებით აღსავსე შიშის ღრმა გრძნობიდან გამომდინარეობს, ქრისტეს ზეციურ სამეფოს თანამმართველებს აღძრავს, რომ პატივი მიაგონ ღმერთს, როგორც უზენაესი ძალაუფლების მქონეს. როდესაც ვფიქრობთ იმ ყოველივეზე, რაც იეჰოვამ გააკეთა და იმაზე, თუ რა სამართლიანად მართავს ის სამყაროს, განა მისადმი შიშის მყარი საფუძველი არ გვაქვს? (ფსალმუნი 2:11; იერემია 10:7).

6. რატომ უნდა გვქონდეს ჯანსაღი შიში იმისა, რომ არ გავანაწყენოთ იეჰოვა?

6 მაგრამ შიშნარევი მოწიწებისა და მოკრძალების გარდა ღვთისმოშიშებაში შიშის ის ჯანსაღი გრძნობაც უნდა შედიოდეს, რომ არ გაანაწყენო ღმერთი ან არ გაუჯიუტდე. რატომ? იმიტომ, რომ უნდა გვახსოვდეს — იეჰოვა არა მხოლოდ ‘სულგრძელი და დიდმადლიანია’, არამედ ‘შურისმგებელიც’ არის (გამოსვლა 34:6, 7). მართალია, იეჰოვა მოსიყვარულე და მოწყალეა, მაგრამ ის არ შეიწყნარებს უსამართლობასა და ბოროტებას (ფსალმუნი 5:5, 6; აბაკუმი 1:13). მათ, რომლებიც შეგნებულად და მოუნანიებლად განაგრძობენ იმის კეთებას, რაც იეჰოვას თვალში ბოროტებაა, და ღვთის მოწინააღმდეგენი ხდებიან, დასჯა არ ასცდებათ. როგორც პავლე მოციქულმა აღნიშნა, „საშინელებაა ცოცხალი ღვთის ხელში ჩავარდნა!“. ჯანსაღი შიში იმისა, რომ ასეთ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, საბოლოო ჯამში, გვიცავს კიდეც (ებრაელთა 10:31).

„მას მიეწებეთ“

7. რატომ გვწამს, რომ იეჰოვას მხსნელი ძალა აქვს?

7 ღვთისადმი მოკრძალებით აღსავსე შიში და სრული შეგნება იმისა, რომ ღმერთი შიშის მომგვრელ ძალას ფლობს, იეჰოვაში დაჯერებულს გვხდის და მის მიმართ ნდობას გვინერგავს. როგორც პატარა ბავშვი მამის გვერდით თავს დაცულად გრძნობს, ასევე ჩვენც თავს მშვიდად და უსაფრთხოდ ვგრძნობთ იეჰოვას ხელმძღვანელობის ქვეშ. ყურადღება მიაქციეთ, რა რეაგირება მოჰყვა იეჰოვას მიერ ისრაელების ეგვიპტიდან გამოყვანას: „იხილა ისრაელმა მაგარი ხელი, რომელიც აღმართა უფალმა ეგვიპტელებზე. შეეშინდა ხალხს უფლისა და ირწმუნეს უფალი“ (გამოსვლა 14:31). ელისეს ცხოვრებისეული შემთხვევაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ „დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა მის მოშიშთა ირგვლივ და გადაარჩენს მათ“ (ფსალმუნი 33:8; მეოთხე მეფეთა 6:15—17). იეჰოვას ხალხის თანამედროვე ისტორია და ჩვენი საკუთარი გამოცდილებაც ამტკიცებს, რომ ღმერთი თავის ძალას თავის მსახურთა სასარგებლოდ იყენებს (მეორე ნეშტთა 16:9). ამგვარად, ჩვენ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ „უფლის შიში მტკიცე იმედია“ (იგავნი 14:26).

8. ა) რატომ აღგვძრავს ღვთისადმი შიში იმისკენ, რომ მისი გზებით ვიაროთ? ბ) ახსენით, როგორ უნდა „მივეწებოთ“ იეჰოვას.

8 ღვთისადმი ჯანსაღი შიში არა მხოლოდ მასში დაჯერებულს გვხდის და მის მიმართ ნდობას გვინერგავს, არამედ აღგვძრავს კიდეც, მისი გზებით ვიაროთ. ტაძრის საზეიმო გახსნისას სოლომონმა ლოცვით მიმართა იეჰოვას: «მუდამ შენი შიში ჰქონდეთ [ისრაელებს] [„შენი გზებით სიარულისას“, აქ], ვიდრე ცხოვრობენ ამ მიწაზე, რომელიც ჩვენი მამა-პაპისთვის მიგიცია» (მეორე ნეშტთა 6:31). უფრო ადრე მოსე მოუწოდებდა ისრაელებს: „უფალს, თქვენს ღმერთს, მიჰყევით და მისი გეშინოდეთ, მისი მცნებები შეასრულეთ, მისი სიტყვა გაიგონეთ, მას ემსახურეთ, მას მიეწებეთ“ (მეორე რჯული 13:4). როგორც ამ მუხლებიდან ჩანს, იეჰოვას გზებით სიარულისა და მასთან ‘მიწებების’ სურვილი იქიდან გამომდინარეობს, რომ მას ვენდობით და მისი გვჯერა. დიახ, იეჰოვასადმი შიში აღგვძრავს, დავემორჩილოთ, ვემსახუროთ მას და მივეწებოთ ისევე, როგორც პატარა ბავშვი ეკვრის მამას, რომლისაც სჯერა და რომელსაც ენდობა (ფსალმუნი 62:9; ესაია 41:13).

ღვთის სიყვარულში მისადმი შიშიც იგულისხმება

9. რა კავშირი არსებობს ღვთის სიყვარულსა და შიშს შორის?

9 საღვთო წერილიდან ჩანს, რომ ღვთისმოშიშება არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავს ღვთის სიყვარულს. პირიქით, ისრაელებს ასეთი დარიგება ჰქონდათ მიცემული: ‘გეშინოდეთ უფლისა... იარეთ მის კვალზე და გიყვარდეთ იგი’ (მეორე რჯული 10:12). ასე რომ, ღვთისადმი შიში და მისი სიყვარული მჭიდრო კავშირშია. ღვთისადმი შიში აღგვძრავს, ვიაროთ მისი გზებით და ამით დავამტკიცოთ, რომ გვიყვარს იგი (1 იოანე 5:3). ეს ასეც უნდა იყოს, რადგან როდესაც ვინმე გვიყვარს, მისი განაწყენების გვეშინია. უდაბნოში ყოფნისას ისრაელებმა თავიანთი ხშირი აჯანყებებით იეჰოვას გული ატკინეს. ჩვენ ნამდვილად არ ვისურვებდით ისეთი რამის გაკეთებას, რითაც ჩვენ ზეციერ მამას დავამწუხრებდით (ფსალმუნი 77:40, 41). მეორე მხრივ კი, ვინაიდან „იეჰოვა სიამოვნებას ჰპოვებს თავის მოშიშებში“, ჩვენი მორჩილებითა და ერთგულებით მას გულს ვუხარებთ (ფსალმუნი 146:11, აქ; იგავნი 27:11). ღვთის სიყვარული აღგვძრავს იმისკენ, რომ სიამოვნება მივანიჭოთ მას, ხოლო ღვთისადმი შიში გვაკავებს იმისგან, რომ გული არ ვატკინოთ. ეს ურთიერთსაწინააღმდეგო კი არა, ურთიერთშემავსებელი თვისებებია.

10. როგორ უჩვენა იესომ, რომ იეჰოვასადმი შიშში სიამოვნებას ჰპოვებდა?

10 იესო ქრისტეს ცხოვრებიდან კარგად ჩანს, თუ როგორ შეიძლება ერთსა და იმავე დროს გვიყვარდეს ღმერთი და გვეშინოდეს კიდეც მისი. იესოს შესახებ ესაია წინასწარმეტყველი წერდა: «დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და სიმხნევისა [„ძლევამოსილებისა“, აქ], სული შეგნებისა და უფლის შიშისა. ის უფლის შიშით ისულდგმულებს [„გაიხარებს“, აქ]» (ესაია 11:2, 3). ამ წინასწარმეტყველების თანახმად, ღვთის სული აღძრავდა იესოს, თავისი ზეციერი მამისადმი შიში ჰქონოდა. გარდა ამისა, შევნიშნეთ, რომ ეს შიში, რომელიც დამამძიმებელი არ არის, კმაყოფილების წყაროს წარმოადგენდა. ურთულეს ვითარებებშიც კი იესო ღვთის ნების შესრულებასა და მისი გულის გახარებაში სიამოვნებას ჰპოვებდა. როდესაც წამების ძელზე სიკვდილი ემუქრებოდა, მან უთხრა იეჰოვას: „არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ“ (მათე 26:39). ღვთის მიმართ გამოვლენილი ამ შიშის გამო იეჰოვამ შეისმინა თავისი ძის ვედრება, ძალა შემატა მას და სიკვდილისგან გამოიხსნა (ებრაელთა 5:7).

ისწავლეთ იეჰოვასადმი შიშის გამოვლენა

11, 12. ა) რატომ უნდა ვისწავლოთ ღვთისადმი შიში? ბ) როგორ გვასწავლის იესო იეჰოვასადმი შიშს?

11 მოწიწების იმ ინსტინქტური გრძნობისგან განსხვავებით, რომელიც ბუნების ძალისა და სიდიადის ხილვისას გვეუფლება, ღვთისადმი შიში ავტომატურად არ გვიჩნდება. სწორედ ამიტომ გვიწვევს დიდი დავითი, იესო ქრისტე წინასწარმეტყველურად: „მოდით, შვილებო, მომისმინეთ: უფლის მოშიშებას გასწავლით თქვენ“ (ფსალმუნი 33:12). როგორ შეგვიძლია, იესოსგან ვისწავლოთ იეჰოვასადმი შიში?

12 იესო გვასწავლის, რომ გვეშინოდეს იეჰოვასი. როგორ? როგორ და გვეხმარება, გავეცნოთ ჩვენი ზეციერი მამის არაჩვეულებრივ პიროვნებას (იოანე 1:18). ვინაიდან იესო სრულყოფილად ირეკლავს თავისი მამის პიროვნებას, მისი მაგალითიდან ნათელი ხდება, თუ როგორ ფიქრობს ღმერთი და როგორ ეპყრობა სხვებს (იოანე 14:9, 10). გარდა ამისა, იესოს მიერ გაღებული მსხვერპლი საშუალებას გვაძლევს, ლოცვით მივმართოთ იეჰოვას და ჩვენი ცოდვების პატიება ვთხოვოთ. ღვთის გულმოწყალების ეს არაჩვეულებრივი გამოხატულება თავის მხრივ საფუძვლიანი მიზეზია იმისა, რომ ღვთისადმი შიში გვქონდეს. ფსალმუნმომღერალი წერდა: „მაგრამ შენს მიერ არის შენდობა, რათა გეკრძალონ“ (ფსალმუნი 129:4).

13. იეჰოვასადმი შიშის განსავითარებლად რა ნაბიჯებია ჩამოთვლილი წიგნ „იგავნში“?

13 ბიბლიური წიგნი „იგავნი“ გვიხსნის, თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი ღვთისადმი შიშის განსავითარებლად. „შვილო, რომ მიიღებდე ჩემს სიტყვებს და ჩემს მცნებებს დაიცავდე, ყური რომ გქონდეს სიბრძნისაკენ მიპყრობილი და გული გონიერებისკენ გეწეოდეს, რომ მოუწოდებდე ჭკუას და გონებას გააღვიძებდე... მაშინ შეიგნებ უფლის შიშს და მოიპოვებ ღვთისშემეცნებას“ (იგავნი 2:1—5). ამიტომაც, ღვთისადმი შიშის განსავითარებლად უნდა ვსწავლობდეთ მის სიტყვას, გულმოდგინედ ვცდილობდეთ, ჩავწვდეთ ღვთის სიტყვაში ჩაწერილ მითითებებს და შემდგომ, აქტიურად გამოვიყენოთ ცხოვრებაში.

14. როგორ შეგვიძლია მივდიოთ ისრაელის მეფეებისთვის მიცემულ რჩევას?

14 ძველი ისრაელის ყველა მეფეს ევალებოდა რჯულის წიგნის საკუთარი ეგზემპლარის გადაწერა და ‘კითხვა მთელი სიცოცხლის მანძილზე, რათა ესწავლა უფლის, თავისი ღმერთის შიში და დაეცვა ამ რჯულის ყოველი სიტყვა’ (მეორე რჯული 17:18, 19). ბიბლიის კითხვა და შესწავლა უაღრესად მნიშვნელოვანია, თუკი იეჰოვასადმი შიშის განვითარება გვსურს. როდესაც ცხოვრებაში ბიბლიური პრინციპებით ვხელმძღვანელობთ, თანდათანობით ღვთის სიბრძნესა და შემეცნებას ვიძენთ. როდესაც ვხედავთ, რომ უფლის შიშს ჩვენს ცხოვრებაში სასიკეთო შედეგები მოაქვს, ‘უფლის შიშის შეგნებამდე’ მივდივართ და შემდეგ ღმერთთან ჩვენს ურთიერთობას ვაფასებთ. გარდა ამისა, თანამორწმუნეებთან ერთად რეგულარულად შეკრებისას, ახალგაზრდებსაც და ხნიერებსაც ღვთისგან გამომდინარე სწავლების მოსმენა, ღვთის შიშის განვითარება და მისი გზებით სიარული შეგვიძლია (მეორე რჯული 31:12).

ბედნიერია იეჰოვას მოშიში

15. როგორ უკავშირდება ღვთისმოშიშება ღვთისადმი თაყვანისმცემლობას?

15 როგორც ზემოხსენებულიდან შეგვიძლია დავინახოთ, ღვთისადმი შიში არის ჯანსაღი გრძნობა, რომელიც ყოველმა ჩვენგანმა უნდა განივითაროს, ვინაიდან ეს იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეს შიში ღვთისადმი ნდობის განვითარებაში გვეხმარება. იგი ხელს გვიწყობს იმაში, რომ ვიაროთ მისი გზებით და მივეწებოთ მას. ისევე, როგორც იესოს შემთხვევაში, ღვთის შიშს შეუძლია აღგვძრას იმისკენ, რომ შევასრულოთ მიძღვნისას წარმოთქმული აღთქმა როგორც ახლა, ისე მარადიულად.

16. რატომ მოგვიწოდებს იეჰოვა, გვეშინოდეს მისი?

16 ღვთისადმი შიში არასოდეს არის ავადმყოფური და არც მეტისმეტად ზღუდავს ადამიანს. „ნეტარია ყოველი, რომელსაც ეშინია უფლისა და იარება მისი გზებით“, — გვარწმუნებს ბიბლია (ფსალმუნი 127:1). იეჰოვა მოგვიწოდებს, გვეშინოდეს მისი, ვინაიდან იცის, რომ ეს თვისება დაგვიცავს. მოსესადმი მიმართულ სიტყვებში მის სიყვარულით აღსავსე ზრუნვას ვხედავთ: „ნეტავ ისეთი გული ჰქონოდათ [ისრაელებს], რომ შინებოდათ ჩემი და მუდამჟამს დაეცვათ ყოველი ჩემი მცნება, რათა კარგად ყოფილიყვნენ თვითონ და მათი შვილები სამარადისოდ“ (მეორე რჯული 5:26).

17. ა) რა მხრივ არის სასარგებლო ღვთისადმი შიში? ბ) ღვთისადმი შიშის რა მხარეები იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?

17 მსგავსად ამისა, თუკი იეჰოვასადმი შიში გვექნება, ეს ჩვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება. რა მხრივ? უპირველეს ყოვლისა, ასეთი პოზიციით ღმერთს გულს გავუხარებთ და დავუახლოვდებით მას. დავითმა საკუთარი გამოცდილებიდან იცოდა, რომ ღმერთი „მის მოშიშთა სურვილს შეასრულებს და მათს ღაღადისს მოისმენს და უშველის მათ“ (ფსალმუნი 144:19). მეორე მხრივ, ღვთის შიში საზიანო საქმეებთან დაკავშირებით სწორი შეხედულებების ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება (იგავნი 3:7). მომდევნო სტატიიდან გავიგებთ, თუ როგორ გვიცავს ეს შიში სულიერი საფრთხისგან. სტატიაში აგრეთვე განხილული იქნება საღვთო წერილში მოყვანილი რამდენიმე მაგალითი ღვთისმოშიში ადამიანებისა, რომელნიც განერიდნენ ბოროტებას.

[სქოლიოები]

a 1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო.

შეგიძლიათ უპასუხოთ შემდეგ კითხვებს?

• რას ნიშნავს ღვთისადმი შიში და რა გავლენას ახდენს ის ჩვენზე?

• რა კავშირი არსებობს ღვთისადმი შიშსა და ღვთის გზებით სიარულს შორის?

• როგორ ჩანს იესოს მაგალითიდან, რომ ღვთისადმი შიშსა და ღვთის სიყვარულს შორის მჭიდრო კავშირია?

• რა მხრივ შეგვიძლია იეჰოვასადმი შიშის განვითარება?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 17 გვერდზე]

ისრაელის მეფეებს რჯულის წიგნის პირადი ეგზემპლარის გადაწერა და ყოველდღიურად კითხვა ჰქონდათ დავალებული.

[სურათი 18 გვერდზე]

იეჰოვასადმი შიში მის მიმართ ისეთივე ნდობას გვინერგავს, როგორიც შვილს აქვს მამისადმი.

[სურათის საავტორო უფლება 15 გვერდზე]

Stars: Photo by Malin, © IAC/RGO 1991